Home რუბრიკები საზოგადოება პომიდვრის მოყვანა უშუალოდ გრუნტში თესვით

პომიდვრის მოყვანა უშუალოდ გრუნტში თესვით

5467

(პომიდვრის უჩითილო კულტურა)

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ჩითილის მეთოდი პომიდვრის მოყვანის ძირითადი მეთოდია, მაგრამ მას რიგ უპირატესობასთან ერთად აქვს ნაკლიც. კერძოდ ის, რომ ჩითილის დარგვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. გარდა ამისა, დაბალია შრომის ნაყოფიერება. საუკეთესო სარგავი მანქანის (6-რიგიანი ჩითილის სარგავი მანქანა) გამოყენების შემთხვევაშიც კი მისი წარმადობა ერთ სამუშაო დღეში 6 ჰა არ აღემატება. ამასთანავე, მანქანას ემსახურება, სულ ცოტა, 15 კაცი. ცხადია, დიდ ფართობზე თესვა გაცილებით იოლია და შრომის ნაყოფიერებაც _ მაღალი, შესაბამისად დაბალია ფულადი დანახარჯებიც. აქედან გამომდინარე, დაბალი იქნება მიღებული პროდუქციის თვითღირებულება.

ზოგიერთი მონაცემით, პომიდვრის უჩითილოდ მოყვანისას თვითღირებულება 1,2-2-ჯერ მცირდება.

გარდა ამისა, როგორც ექსპერიმენტულად არის დადგენილი, პომიდვრის უშუალოდ გრუნტში მოყვანისას მცენარე უფრო გამძლეა დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ.

პომიდვრის უშუალოდ გრუნტში თესვით წარმოების დადებითი მხარეები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

* მოსავალი მიიღება არა ნაკლები, ვიდრე ჩითილით მოყვანისას;

* ნაყოფი შეიცავს მეტ მშრალ ნივთიერებებს;

* ფართობის ერთეულზე საჭიროებს ნაკლებ შრომით და ფულად დანახარჯებს;

* მცირდება სტოლბურით დაავადება, რაც მეტად მნიშვნელოვანია;

* უჩითილო კულტურა უფრო გვალვაგამძლე და სიცივის ამტანია. ზრდისა და განვითარების ტემპი იცვლება, კერძოდ, აღმოცენებიდან ყვავილობამდე და მსხმოიარობამდე პერიოდი 15-20 დღით მცირდება;

* ჩითილით მოყვანასთან შედარებით, გრუნტში ნათესი პომიდორი უფრო გვიან მწიფდება, მაგრამ მასობრივი სიმწიფე უფრო ადრე დგება;

* უჩითილო კულტურის მოსავლიანობა ავსებს და აგრძელებს პროდუქციის შემოსვლას, რაც ხელს უწყობს საკონსერვო ქარხნის ნედლეულით მომარაგების რიტმს (შემოდგომაზე);

* უჩითილო კულტურა პომიდვრის ნედლეულს მნიშვნელოვნად აიაფებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდს აქვს სუსტი მხარეებიც. კერძოდ ის, რომ განვითარების პირველ პერიოდში, როდესაც მცენარე უფრო მგრძნობიარეა გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი, მოვლა გაძნელებულია ნათესი ფართობის სიდიდის გამო. განსაკუთრებით ძნელდება ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ. საჩითილეებში მცენარეებს უკავია დაახლოებით 200-ჯერ ნაკლები ფართობი, ვიდრე მუდმივ ადგილზე დარგვისას, ცხადია, რომ მცირე ფართობზე მოვლა ნაკლებ შრომით და მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეთოდი ძირითადად გამოყენებული უნდა იქნას მანქანით ასაღები ჯიშებისთვის, ე.ი., ძირითადად, მოსავლის ერთჯერადი აღებისას. ამ შემთხვევაში ფართობის ერთეულზე ამ კულტურის ტრადიციული სიხშირე (40 000 ძირი ჰა-ზე) გამოიწვევს მოსავლიანობის კლებას, რადგან ერთჯერადი აღებისას მცენარეს მისი პოტენციური შესაძლებლობის სრული გამოვლენის საშუალება არ ეძლევა.

მანქანით დარგვისას მცენარეთა დგომის სიხშირე შეზღუდულია. მწკრივში მცენარეთა შორის მანძილის შემცირება 30 სმზე ნაკლებ პრაქტიკულად შეუძლებელია.

* გრუნტში თესვით მოყვანის წესი გავრცელებულია წყალტუბოს რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში კი _ ქვემო ქართლში. ასეთი წესით და ადრეული ჯიშების შერჩევით პომიდვრის მოყვანა საქართველოს ბარის პირობებში (ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე) ყველგან შეიძლება.

* გრუნტში თესვით მოყვანისას, მაღალი მოსავლის მისაღებად საჭიროა: თესვის ჩატარება კარგად დამუშავებულ და მომზადებულ ნიადაგზე, აღმონაცენის დროული გამეჩხერება, საჭიროების მიხედვით მორწყვა, დამატებითი გამოკვება მინერალური სასუქებით, ნიადაგის გაფხვიერება და სარეველებთან ბრძოლა (ფიზიკური და ქიმიური მეთოდებით).

* დასათესად ნიადაგი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: მზრალად მოხნული ნიადაგი სასუქების შეტანის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ უნდა გადაიხნას ან ჩატარდეს კულტივაცია და დაიფარცხოს. თესვა, უმჯობესია, ჩატარდეს გაღივებული თესლით, რისთვისაც იგი ორი დღით ადრე უნდა დავასველოთ და ამის შემდეგ ოდნავ უნდა შევაშროთი ისე, რომ თესლები ერთმანეთს არ ეკვროდეს. თესვა უნდა ჩატარდეს ადგილობრივი პირობების შესაბამისად, ჩითილით დარგვისათვის განკუთვნილ ვადამდე 15-20 დღით ადრე. თუ ნიადაგი მშრალია, საჭირო იქნება თესვამდე 2-3 დღით ადრე თესვისწინა მორწყვის ჩატარება.

* პომიდვრის გრუნტში თესვა შეიძლება მწკრივად და ბუდობრივად. მწკრივად თესვა, სასურველია, ჩატარდეს სათესი მანქანით. მწკრივებს შორის მანძილი ამ შემთხვევაში 70 სმ უნდა იყოს. თესლის საჭირო რაოდენობა ერთი ჰექტარისათვის 2 კგ-მდეა.

ნათესის მოვლა უფრო გაადვილდება, თუ მცენარეებს კვადრატულ-ბუდობრივად დავთესავთ 70X70 სმ-ზე. წინასწარ ამოღებულ ორმოებში იყრება გადამწვარი ნაკელი, თითოეულში _ 0,5-1 კგ, რომელიც მიწაში კარგად უნდა აირიოს და დასველდეს, შემდეგ 5-7 ცალი თესლი ჩაითესოს არა უღრმეს 0,5 სმ-ზე და ზემოდან დაეყაროს 2-3 სმ სისქის მშრალი მიწა. ღივების ამოსვლის შემდეგ ბუდნები უნდა მოირწყას და გამეჩხერების შემდეგ ყოველ ბუდნაში უნდა დარჩეს 1-2 კარგად განვითარებული მცენარე. დანარჩენი მოვლითი ღონისძიებები ჩითილის მეთოდით მოყვანის ანალოგიურია.

მოსავლის აღება

წითელნაყოფიანი პომიდვრის ნაყოფის სიმწიფე ხასიათდება სიმწიფის ოთხი ფაზით:

* მომწვანორძისებური, როდესაც ნაყოფის მწვანე შეფერვა გამკრთალდება და მოყვითალო ფერს იღებს;

* ჟღალი, როდესაც ყვითელ ფერს შეეპარება ვარდისფერი;

* ვარდისფერი, როდესაც ნაყოფი ვარდისფერ შეფერვას მიიღებს;

* სრული სიმწიფე, როდესაც ნაყოფი სავსებით გაწითლდება.

პომიდვრის ნაყოფის მოკრეფა ტარდება დანიშნულების მიხედვით.

შორეული ბაზრისათვის პომიდორი, როგორც წესი, მწიფობის ადრეულ ფაზაში იკრიფება. მაგალითად, როდესაც დანიშნულების ადგილზე მისატანად 10 დღეზე მეტია საჭირო, ნაყოფი იკრიფება სიმწიფის პირველ ფაზაში, ხოლო როდესაც გზაში საჭიროა 3-4 დღე _ მეორე ფაზაში. ადგილობრივ მოსახმარებლად პომიდორი იკრიფება სიმწიფის მესამე და მეოთხე ფაზებში.

პომიდვრის ინდუსტრიული ტექნოლოგიით წარმოება ითვალისწინებს მოსავლის აღების მექანიზაციას სპეციალური კომბაინებით. მოსავლის აღების წინ სარწყავ არხებს ასწორებენ. ხელით იღებენ კომბაინის საბრუნ ზოლში მოქცეულ მოსავალს (თავში და ბოლოში). მოსავლის აღება წარმოებს ერთ ჯერზე, როდესაც მცენარეზე მწიფე ნაყოფების რაოდენობა 75-80%-ს მიაღწევს. მოსავლის აღების შემდეგ ახდენენ მის დახარისხებას. პროდუქცია გადასამუშავებელი მიმართულებისაა და ძირითადად ბარდება საკონსერვო ქარხნებს.

პომიდვრის ხელით კრეფა საქართველოს ბარის პირობებში ივნისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ნაყოფი იკრიფება 4-5 დღეში ერთხელ. დასუფთავებისა და დახარისხების შემდეგ დაკრეფილ ნაყოფს ათავსებენ ყუთებში და გზავნიან სარეალიზაციოდ.

ვაჟა ჯაფარიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

1 COMMENT

  1. ბატონო ვაჟა,ასეთი წესით,კახეთში,კერძოდ ხაშმში თუ შეიძლება პომიდორის მოყვანა,თქვენი ოფისის მისამართი,ან მობილური

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here