Home რუბრიკები პოლიტიკა პრეზიდენტის აჩრდილი

პრეზიდენტის აჩრდილი

561

დღეს ყველა ლაპარაკობს აშშში დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, თურმე ყველამიცოდა”, რომ ტრამპი გაიმარჯვებდარაც კი ამ თემაზე დაიწერა ქართულ პრესაში, ყველაზე ღირებულად ბატონი ჰამლეტ ჭიპაშვილის მოსაზრებები მიმაჩნია. ეს მოსაზრებები, როგორც ყოველთვის, უტყუარ ფაქტებს ემყარება და ღრმა ანალიზით გამოირჩევა. შესაბამისად, ამ თემაზე მკითხველის ყურადღებას აღარ გავამახვილებ. წინამდებარე წერილი ეძღვნება არა დონალდ ტრამპს, არამედ არჩეულ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს.

 შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, ასე ვიტყოდი, პრეზიდენტის ერთგვარი აჩრდილია იმ გაგებით, რომ ის ყოველთვის დგას პირველი პირის _ პრეზიდენტის ჩრდილში. ვიცეპრეზიდენტს კონსტიტუციით არ აქვს ფართო უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მისი საქმიანობის მთავარი სფერო სენატის თავმჯდომარეობაა სენატის წევრობისა და სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლების გარეშე. სამაგიეროდ, ვიცეპრეზიდენტს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება, თუკი რომელიმე საკითხზე სენატორების აზრი თანაბარ ნაწილად გაიყოფა. სხვა მხრივ, ვიცეპრეზიდენტს ცერემონიული უფლებამოსილება ენიჭება, თუმცა, ამასთანავე, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრია, მონაწილეობს მთავრობის სხდომებში და, სახელმწიფოში მეორე პირის სტატუსთან ერთად, მიიჩნევა პრეზიდენტის უახლოეს მრჩევლად (1961 წლიდან ვიცეპრეზიდენტს ოფისი, პრეზიდენტთან ერთად, ვაშინგტონში, თეთრ სახლში აქვს).

 მაგრამ ვიცეპრეზიდენტის, როგორც პრეზიდენტის “აჩრდილის”, მეტაფორა შინაარსობრივად იცვლება, თუ დავაკვირდებით ამერიკის პოლიტიკურ პრაქტიკას. ვიცეპრეზიდენტის ფიგურა იძენს დემონურ ელფერს, როდესაც ვაცნობიერებთ შემდეგ სტატისტიკას: შეერთებული შტატების 44 პრეზიდენტიდან ოთხი _ უილიამ ჰარისონი, ზაქარია ტეილორი, უორენ ჰარდინგი, ფრანკლინ დელანო რუზველტი _ ამ თანამდებობაზე ყოფნისას ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, კიდევ ოთხი _ აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი, უილიამ მაკკინლი, ჯონ ფიტცჯერალდ კენედი _ სიცოცხლეს მკვლელებმა გამოასალმეს; ერთმა პრეზიდენტმა _ რიჩარდ ნიქსონმა იმპიჩმენტის საფრთხის გამო დატოვა თანამდებობა. ყოველი გარდაცვლილი, მოკლული თუ გადამდგარი პრეზიდენტის ადგილი, კონსტიტუციის მიხედვით, ვიცეპრეზიდენტებმა დაიკავეს. გარდა ამისა, ვიცეპრეზიდენტთაგან ხუთი პრეზიდენტად აირჩიეს _ ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, მარტინ ვან ბურენი, რიჩარდ ნიქსონი და ჯორჯ ბუშიუფროსი. განსაკუთრებით დემონურ მისტიკას წააგავს ფაქტი, რომ 1865 წელს მოკლული აბრაამ ლინკოლნისა და ამ ფაქტიდან თითქმის ასი წლის თავზე, 1963 წელს, მოკლული ჯონ ფიცჯერალდ კენედის მომდევნო პრეზიდენტების (ანუ ყოფილი ვიცეპრეზიდენტების) გვარი ჯონსონი იყო _ ენდრიუ ჯონსონი _ 1865 წელს და, შესაბამისად, ლინდონ ჯონსონი _ 1963-ში.

 ისეთი ზეავტორიტეტული პრეზიდენტი, როგორიც ფრანკლინ დელანო რუზველტი გახლდათ, თავს უფლებას აძლევდა, ვიცეპრეზიდენტი ერთგვარად უგულებელეყო. მაგალითად, რუზველტმა თავის ვიცეს _ ჰარი ტრუმენს, არ გაანდო ატომურ იარაღზე მუშაობის დაწყების ფაქტი. ტრუმენი რუზველტს თავისი პარტიის “ეროვნული ყრილობის” მიერ ჰყავდა თავს მოხვეული. საუბარია აშშ-ის ერთ-ერთ ავტორიტეტულ პრეზიდენტზე _ რუზველტზე. სწორედ მის გვერდით იყო ისეთი ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არ სურდა, ჰყოლოდა. თუნდაც ამ ფაქტით უნდა დავასკვნათ, რომ ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა არის აშშ-ის პოლიტიკური სისტემის პროდუქტი პრეზიდენტის დასაბალანსებლად. ასეა თუ ისე, რუზველტი სიკვდილის შემდეგ სწორედ ტრუმენმა შეცვალა. შეიცვალა აშშ-ის პოლიტიკაც საბჭოთა კავშირის მიმართ…

რუზველტისა და ტრუმენის დუეტის შემდეგ ვიცეპრეზიდენტის პოლიტიკურმა წონამ და გავლენამ შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო მოიმატა. დღეს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასასრულს, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდ გავლენას ახდენდა ობამას საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. თუნდაც უკრაინა ავიღოთ: აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ამერიკული პოლიტიკის უმთავრეს ფიგურად მოგვევლინა უკრაინის საქმეებში, იყო უკრაინის საკითხების კურატორი, შვილი დაასაქმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში და პირადი სარგებელიც ნახა ამ ქვეყანაში 2014 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შედეგად. ბაიდენი გამოირჩევა რუსეთისადმი აგრესიული მიდგომით და სწორედ მისი გავლენის შედეგია აშშ-რუსეთის ურთიერთობის გართულება. დემოკრატიული პარტიის წევრი ბაიდენი აქტიური გამტარებელია წინა, რესპუბლიკური ადმინისტრაციის აგრესიული საგარეო-პოლიტიკური კურსისა და ამ კურსის გაგრძელების გარანტი აღმოჩნდა ობამას ადმინისტრაციაში _ შეიცვალა მხოლოდ მეთოდი. ობამას პრეზიდენტობისას აშშის შეიარაღებული ძალები, განსხვავებით ბუშიუმცროსის პერიოდისგან, იშვიათად მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ერაყსა და ავღანეთში, სამაგიეროდ, აშშ აქტიურად ახალისებს სხვადასხვა ექსტრემისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებას ამ ქვეყნებში, თვითისლამური სახელმწიფოსჩათვლით, ოღონდ კი დაამხონ აშშის ელიტისთვის მიუღებელი რეჟიმები და მუდმივი ქაოსით მართონ მსოფლიოს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონები.

ობამა არ ეწინააღმდეგებოდა ბაიდენის მოსაზრებებს და მეტწილად იზიარებდა მათ _ ეს ასეა შედეგების მიხედვით, მაგრამ საკითხავია, ჰარმონიული თუ იქნება დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის თანამშრომლობა მათი არჩევის შემდეგ. ჯერ კიდევ გაგანია წინასაარჩევნო კამპანიისას პენსმა გამოხატა ტრამპისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია სირიის საკითხზე, რომელიც დიდ ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, ამიტომ ეს არ შეიძლება შემთხვევითობად განვიხილოთ. მეტიც, პენსის მოსაზრებები ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ გამოცხადებულ გეგმებს რუსეთთან ურთიერთობაზე.

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა პენსმა თავის ვიზავისთან, “დემოკრატ” კანდიდატ ტიმ კეინთან, სატელევიზიო დებატებში განაცხადა, რომ იგი შესაძლებლად მიიჩნევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარების პოზიციების დაბომბვას შეერთებული შტატების მიერ. პენსის ეს განცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ტრამპი საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამბობდა სირიის კონფლიქტზე. ტრამპს კლინტონთან ქალაქ სენტ-ლუისში გამართულ სატელევიზიო დებატების ფარგლებში მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემა _ ეთანხმებოდა თუ არა პენსს ამ საკითხში. ტრამპმა არ დამალა, რომ იგი პენსს არ ეთანხმება და მისი პოზიცია ურყევია _ სირიაში ბაშარ ასადი, რუსეთი და ირანი ებრძვიან ამერიკის მტერს _ “ისლამურ სახელმწიფოს”. შემდგომ პენსმა ეს გაუგებრობა ტელეწამყვან მართა რადაცს გადააბრალა, თითქოს ჟურნალისტმა მისი სიტყვების გაზვიადებული ინტერპრეტაცია მოახდინა, მაგრამ, როგორც რუსები იტყვიან, “სიტყვა ბეღურა არ არის, გაფრინდება და ვერ დაიჭერ”. აქ, სულ მცირე, აშკარაა შეუთანხმებლობა აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს შორის უმნიშვნელოვანეს საგარეო-პოლიტიკურ საკითხზე, უარეს შემთხვევაში კი _ ურთიერთწინააღმდეგობა.

პენსი არის ულტრაკონსერვატიული რესპუბლიკური ძალების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ევანგელიკალი ქრისტიანი, რომლის რადიკალური თვალსაზრისი მორალური ფასეულობების საკითხებზე ცნობილია. ეს მხარე მაიკ პენსის პიროვნებისა ტრადიციების დაცვის მომხრე ქართული საზოგადოებისათვის მისაღები და მისასალმებელია. მეტიც, ინდიანას შტატის გუბერნატორმა, პროფესიით იურისტმა პენსმა მის მიერ მართულ შტატში აბორტების უკიდურეს შეზღუდვას მიაღწია. ჩვენ, სიტყვით მართლმადიდებელი ქართველები, სხვისი განკითხვა და განქიქება აგრერიგად რომ შეგვყვარებია, ამ საკითხში და ზოგ სხვა საკითხშიც მაგალითს უნდა ვიღებდეთ არამართლმადიდებელი პენსისგან. ინდიანას შტატში, მართალია, ძალაში უცვლელი სახით ვერ შევიდა, მაგრამ მაინც იქნა მიღებული პენსის მიერ ინიცირებული კანონირელიგიის თავისუფლებისშესახებ, რომელიც, ჩვენი ტვინნაღრძობიუფლებადამცველებისგანგანსხვავებით, ადამიანის რელიგიურ თავისუფლებასა და ღირსებას რეალურად იცავს. პენსის მოსაზრებით, რელიგიურ ადამიანებს უფლება უნდა ჰქონოდათ, არ მოერიდონ იმ პირთა დისკრიმინაციას, რომლებიც მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფენ. კერძოდ, კანონპროექტი პრაქტიკაში დაუშვებდა, რომ, მაგალითად, თუ ქრისტიან მცხობელს ჰომოსექსუალური წყვილი “საქორწილო” ტორტს შეუკვეთდა, მცხობელს, სურვილის შემთხვევაში, უარის თქმის ლეგალური უფლება ექნებოდა ასეთი ტორტის გამოცხობაზე. დიდი ხმაურის შემდეგ კანონი შეარბილეს, თუმცა პირადად პენსს პოზიცია არ შეუცვლია.

დიახ, ყოველივე ამის გამო, “ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი _ სწორედ ასეთი თანმიმდევრობით”, როგორც მაიკ პენსი ამბობს საკუთარ თავზე, სიმპათიას იმსახურებს. მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ კონსერვატორი და რელიგიური პოლიტიკური მოღვაწე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში აუცილებლად დადებითი შედეგების მომტანია. ჩვენ კარგად გვახსოვს ასევე მორწმუნე ბუშის ადმინისტრაცია, რომელმაც სისხლისმღვრელი ომები გააჩაღა მსოფლიოში, საქართველოში კი მხარს უჭერდა გათახსირებულ რეჟიმს, თანაც ყოველთვის აქეზებდა ამ რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენთვის სავალალო შედეგებით. ევანგელიკალ ამერიკელებს ვრცელი საინფორმაციო სტატია მივუძღვენი, ჩემს მიერვე გამოცემული წიგნში, დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ, ინტერნეტში გაეცნოს ამ სტატიას _ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა (ჟურნალი “სამი საუნჯე”, #2, 2012 წ.). “ევანგელიკალების” რელიგიური წარმოდგენები საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობას, ამიტომ პენსის ვიცეპრეზიდენტობა შეიძლება კარგიც აღმოჩნდეს და ცუდიც ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის. პენსი გავლენიანი ფიგურაა, მართალია, ტრამპის ქარიზმასა და ენერგიას ვერ დაჩრდილავს, მაგრამ პენსს აქვს დიდი კავშირები და პოლიტიკური გამოცდილება, მას ზურგს უმაგრებს ამერიკელი ულტრაკონსერვატორების, ევანგელიკალების ბირთვი და ეს მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. ტრამპი დღეს პოპულარულია, მაგრამ ეს ცვალებადი პოპულარობაა _ ის არ დგას მყარი ფასეულობების პოზიციებზე, განსხვავებით პენსისგან. მაგალითად, პენსისა და მისი მხარდამჭერებისთვის წარმოუდგენელია, რომ მას ლგბტ-აქტივისტებმა თავიანთი “დროშა” შეაჩეჩონ ხელში, როგორც ეს ტრამპს გაუკეთეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისას, და მან ეს დროშა ააფრიალოს. პენსს ნაკლები პოპულარობა, მაგრამ მეტი სტაბილობა აქვს. დღეს პოპულარული ტრამპი და სტაბილური პენსი ერთმანეთს ავსებენ და აძლიერებენ, მაგრამ დრო გვიჩვენებს, თუ შეინარჩუნებს ტრამპი დაპირებულ მიმართულებას საგარეო პოლიტიკაში და მზად თუ იქნება ამერიკელი კონსერვატული საზოგადოება, გადახედოს თავის ჩამორჩენილ წარმოდგენას მსოფლიოში ამერიკის “განსაკუთრებულობის” თაობაზე, იმ “განსაკუთრებულობისა”, რომელიც საბაბს აძლევს ამერიკას, აწარმოოს ექსპანსიონისტური, ნეოკოლონიური და, უბრალოდ, მავნე საგარეო პოლიტიკა. იმედი ვიქონიოთ, რომ ტრამპი იქნება სისტემის შემცვლელი, თავისი ამომრჩევლის ერთგული პრეზიდენტი, ხოლო პენსი, სისტემის მიერ მოვლენილი “აჩრდილი” კი არა, პრეზიდენტის მყარი დასაყრდენი იქნება ეპოქალურ საქმეში.

გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here