Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ანგრევს სააკაშვილი “ნაცმოძრაობას”?

რატომ ანგრევს სააკაშვილი “ნაცმოძრაობას”?

490

გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, კრიზისინაცმოძრაობაშიგაღრმავდა. რა გავლენას იქონიებს ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და რეალურია ყოფილი მმართველი პარტიის დაშლა მარტივ მამრავლებად?

უაზრო ტიპაჟი და ახირებული პერსონა

გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ საკმაოდ უცნაური განცხადებები გაცვალეს. ყველასათვის ცხადი იყო, რომ ერთმანეთს მიმართავდნენ, მაგრამ გვარები მაინც არ დასახელებულა. სააკაშვილმა თავის განცხადებაში ახსენა “ერთი-ორი უაზრო ტიპაჟი” და “ახირებული პერსონა”, ბოკერიამ კი _ “ზოგიერთი თანაგუნდელი, ლიდერი თუ მხარდამჭერი”.

“რაღაცებს აქვეყნებენ, თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და აქტივისტებს, რომლებიც გადაგვაკვდა და გადააკვდა თავს საქართველოს საქმეს. დაიწყეს უაზრო ლაპარაკი _ სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს”, _ განაცხადა სააკაშვილმა და გააკრიტიკა თანაგუნდელები მეორე ტურში მონაწილეობისთვის, აგრეთვე, მისი აზრით, პასიური ტაქტიკისთვის, რომელიც პარლამენტში შესვლას და ახალი არჩევნებისთვის მზადებას ითვალისწინებს. “იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ, სადღაც ხელებს იშვერენ. თურმე პრობლემაა სააკაშვილის, იმის, ამის…”, _ თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ “ახირებულ ერთ-ორ პერსონასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობაში”, საერთო არაფერი აქვს.

ამ ბრალდებებს ბოკერიამ ასე უპასუხა: “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს” (“ინტერპრესნიუსი”).

ორივე მხარე, რეპლიკების გაცვლის პარალელურად, პარტიის ყრილობისთვის ემზადება. მისი გამართვის ინიციატივით სააკაშვილი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიგი უგულავამ თანაპარტიელებს მოუწოდა, ახალი თავმჯდომარე აირჩიონ. ყრილობისთვის მზადების პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოში, რომლის 60 წევრიდან სააკაშვილი დღესდღეობით მყარად 15-20-ს თუ აკონტროლებს. ზოგიერთი შეფასებით, ბოკერიას იქ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ამასთანავე, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი მერყეობს და კრიტიკულ მომენტში შეიძლება პოზიცია შეცვალოს. ზეგავლენას მათზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს. ლიდერების ნაწილს მართლა აღიზიანებს რადიკალური იდეები, მათ ეშინიათ, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებული “რევოლუციის” გამო დაზარალდებიან. ახალაიების დაჯგუფების წევრებიც კი, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ყოველთვის ხაზგასმული ლოიალურობით გამოირჩეოდნენ, ბელადის ახალ ინიციატივებზე საკმაოდ თავშეკავებულ პოზიციას გამოხატავენ. მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვთ გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ პირებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელებმა ბოლო პერიოდში უკანა პლანზე გადაინაცვლეს და შიდაპარტიულ პროცესებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ. საერთოდ, არასწორია სააკაშვილის ყველა ოპონენტის მოხსენიება “ბოკერიას ჯგუფად”, ისინი ერთგვარ კონფედერაციას ქმნიან, რომელმაც სააკაშვილის ბოლოდროინდელი მოქმედებით უკმაყოფილოები გააერთიანა; მის წევრებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ სააკაშვილის, ბოკერიას და პარტიის მომავალზე.

ფულისა და კომპრომატის გარდა, რომელიც, ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, “ნაცმოძრაობის” ერთიანობას უზრუნველყოფს, არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კიდევ ერთი ფაქტორი – შიში. ლიდერების უმრავლესობას არ სურს მონაწილეობა გადატრიალების მცდელობაში, რომლის შემდეგ, დიდი ალბათობით, ციხეში აღმოჩნდებიან. სააკაშვილისგან განსხვავებით ისინი, ასე თუ ისე, აცნობიერებენ, რომ “ვარდების რევოლუცია 2”-ის მოწყობისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს.

ყველაგიგისტიროდიამიშისტი

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას განიცდის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მაშინ, როდესაც (მაგალითად) ელენე ხოშტარია, რომელიც “ნაცმოძრაობაში” არცთუ დიდი ხნის წინათ მივიდა, ამბობს, რომ “სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ, როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს”. მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ეს პარტია და წლების განმავლობაში განაგებდა, როგორც შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე მონარქი. მან უზრუნველყო უამრავი ნაციონალის კარიერული წინსვლა და გაამდიდრა ისინი, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ “ნაცმოძრაობა” ჯერ კიდევ ინარჩუნებს მხარდამჭერთა “ბირთვს” და ყოველივე ამის შემდეგ “უაზრო ტიპაჟები” ცდილობენ, პარტია წაართვან.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში” მეტწილად სპექტაკლია, რადგან მის ლიდერებს სურთ, შეინარჩუნონ როგორც რადიკალი, ისე ზომიერი მხარდამჭერები, მათი იმედგაცრუება დაძლიონ და საქმე წარმოაჩინონ ისე, თითქოს სასურველი შედეგის მიღწევას (მნიშვნელობა არ აქვს “რევოლუციური” თუ “ევოლუციური” სცენარით) ხელი მხოლოდ შიდა უთანხმოებამ შეუშალა. ხოლო შემდგომ, როდესაც ემოციები დაცხრება, მხარეები დემონსტრაციულად მიაღწევენ კონსენსუსს და მომავალი არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ. ეს ვერსია, ასე თუ ისე, ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ ორმა გარემოებამ შეიძლება საპირისპირო აზრისკენ გვიბიძგოს. ჯერ ერთი _ ბოკერიას ჯგუფის შეტევა სააკაშვილის წინააღმდეგ უკვე აღარ ჰგავს მოჩვენებითს და ძალიან აბნევს და აღიზიანებს “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთანავე, “გიგისტები” კარგად აცნობიერებენ, რომ, სანამ პარტია იზოლაციაში რჩება, ის ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. დამოუკიდებლად 50%-ზე მეტი ხმის აღება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, ალიანსების შექმნას კი ხელს “ნაცმოძრაობის” წარსული, “ 9 წლის ტვირთი” უშლის. ამ გარემოების გააზრების შედეგად, სავარაუდოდ, გაჩნდა სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ნეგატივისგან გათავისუფლებას სააკაშვილისა და სხვა ოდიოზური ფიგურებისგან დისტანცირების გზით. ზოგს ის შეიძლება ერთობ სასაცილოდ მოეჩვენოს, რადგან ვერც გიგა ბოკერია, ვერც სააკაშვილის რეჟიმის რომელიმე სხვა წარმომადგენელი საკუთარი წარსულისგან ვერასოდეს გათავისუფლდება, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ იზოლირებული პარტიის დღევანდელი მდგომარეობა სრულიად უპერსპექტივოა.

სააკაშვილი სჭირდებოდა “ბოკერიას ჯგუფს” არჩევნებამდე, როდესაც პარტიის მხარდამჭერთა მობილიზებას ახდენდა. თუ “განქორწინება” მართლაც შედგება, “გიგისტებს”, სავარაუდოდ, ეყოლება საკუთარი ფრაქცია პარლამენტში, რაც არცთუ უმნიშვნელოა ახალი არჩევნებისთვის მზადების პერიოდში. ბოკერიას ჯგუფი სააკაშვილს მხარდამჭერთა მხოლოდ მცირე ნაწილს, დიდი-დიდი, მეოთხედს თუ წაართმევს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში; მაგრამ შესაძლოა, მას ურჩევნია, საწყის ეტაპზე ჰყავდეს “ხუთპროცენტიანი” პარტია, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს და ახალი მხარდამჭერები მოიზიდოს, ვიდრე სრულიად იზოლირებული, ძველებური “ნაცმოძრაობა”, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერჯერობით მეტი ამომრჩევლის მობილიზება შეუძლია. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ძნელი წარმოსადგენია, ბოკერიას ჯგუფმა “9 წლის ტვირთისგან” გათავისუფლება მოახერხოს.

უკანასკნელი ბენეფისი ოდესაში

ორ ფრონტზე ბრძოლა რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიის იმპერიამაც კი ვერ შეძლო და სააკაშვილის მარცხში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. ის ცდილობდა, ერთდროულად ემოქმედა არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაში, არამედ ორი სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, მას სურდა, უკრაინაში წარმატებული რეფორმატორის როლი შეესრულებინა და, პრეზიდენტი პოროშენკოს დახმარებით სისტემის შიგნით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გამხდარიყო. მეორე მხრივ, ცდილობდა, ოპოზიციისთვის განკუთვნილ სივრცეშიც ეთამაშა – საფუძველი ჩაეყარა ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის და ქულები იმავე სისტემასთან დაპირისპირების ხარჯზე აეკრიფა. მთლიანობაში ეს ძალიან ჰგავდა პიროვნების გაორებას და სააკაშვილმა წარმატებას ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია.

ოდესაში რეფორმები ჩაფლავდა, მეტიც, კრიმინოგენული ვითარება ოლქში კატასტროფულად გაუარესდა, ხოლო სააკაშვილის როლს “საპორტო ქარხნის” პრივატიზების საქმეში ახლა უკრაინის გენპროკურატურა სწავლობს. პოროშენკოს ჯგუფმა, მას შემდეგ, რაც გამოიყენა სააკაშვილი პრემიერმინისტრ იაცენიუკთან და შს მინისტრ ავაკოვთან დაპირისპირებაში, რომ იტყვიან, “არ დააფასა” მისი ოპოზიციური მისწრაფებები და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა. ამის შემდეგ ამერიკელი ექსპერტის, ლინკოლნ მიტჩელის, ირონიული კომენტარის თანახმად, სააკაშვილი დაემსგავსა “ტროცკის, რომელიც პერმანენტული რევოლუციისკენ მოუწოდებს” (თანაც, ერთდროულად ორ ქვეყანაში).

დღეს, როდესაც სააკაშვილი პოროშენკოსთან დაპირისპირებას და კიევში “მაიდანის” მოწყობას გეგმავს (გამოუვა თუ არა ეს, ცალკე საუბრის თემაა), სავსებით ლოგიკური იქნებოდა მის მიერ ძალთა კონცენტრირება ერთი მიმართულებით, “ნაცმოძრაობის” საქმეებში ნაკლებად ჩარევა და იქ დროებით “საკონსტიტუციო მონარქის” როლით შემოფარგლა. შემდგომ კი, როდესაც არჩევნების წინ მისი, როგორც “ნაციონალების” კერპის, როლი ისევ გაიზრდებოდა, შეტევაზე გადასულიყო. მაგრამ ის, ყველა ავტორიტარი ლიდერის მსგავსად, როგორც ჩანს, ვერ ეგუება ხელქვეითთა არათუ დაუმორჩილებლობას, არამედ განსხვავებული აზრის გამოხატვასაც კი. დღეს სააკაშვილი მოწადინებულია, შური იძიოს და, ალბათ, იმ შემთხვევაშიც არ გაჩერდება, თუ დაინახავს, რომ მისი მოქმედება “ნაცმოძრაობას” სრული კრახით ემუქრება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დიქტატორი ნებისმიერ სიტუაციაში დიქტატორად რჩება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here