Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1251

კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს

მემატიანედიდი თურქობისუსაშინლეს წლებს ასე აღწერს: “არა იყო მათ ჟამსა შინა თესვა და მკა, მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა. ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნენ მას შინა და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათამოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულნი, ჭაბუკნი დაკუეთებულნი, ხოლო ჩვილნი მიმოდატაცებულნიმდინარე სისხლიანი, ნაცვლად წყლისა ნაკადულითა მრწყეველნი ქუეყნისანი”.

ამას დაერთო უძლიერესი მიწიძვრა, რომელმაც მიწასთან გაასწორა მტრისგან გადარჩენილი ქალაქები და სოფლები. ბიძგები თითქმის ერთ წელს გაგრძელებულა და ამას არნახული ნგრევა და მსხვერპლი მოუტანია: “შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქი და სოფელი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს…”

1089 წლის დასაწყისში აოხრებული და გაჩანაგებული ქვეყნის მეფე გიორგი მეორე აიძულეს, ტახტიდან გადამდგარიყო და ხელისუფლება 16 წლის ენერგიული ყმაწვილისთვის _ დავითისთვის დაეთმო. ბუნებრივია, 38-39 წლის ჯან-ღონით სავსე მეფე ნებით არ გადამდგარა, მაგრამ მისმა ვაზირებმა და პატრიოტმა ერისთავებმა ძალასაც მიმართეს და “დაარწმუნეს”, რომ ქვეყნისთვის უმჯობესი იქნებოდა მისი გადადგომა. როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, ეს იყო იმ პერიოდში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.

უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდა წილად ჭაბუკ მეფეს. მან ენერგიულად მოჰკიდა ხელი მტრისა და სტიქიისგან დაქცეული ქვეყნის აღორძინების საქმეს. დავით აღმაშენებელმაგანამრავლა სპანი”, აღჭურვა იარაღით, ცხენებითა და მათ წვრთნას შეუდგა. “უწყინოთა ლაშქრობითადა მცირე ბრძოლით უნერგავდა მებრძოლებს გამარჯვების რწმენას. ასწავლიდა ბრძოლის სტრატეგიას და ტაქტიკას და შეახსენებდა ქართველთა სახელოვან გამარჯვებებს. მეფე უმკაცრესი იყო ლაჩართა მიმართ _ მათ ქალის ტანისამოსში გამოაწყობდა და ჩამოატარებდა მოლაშქრეებში. ამ გზით თრგუნავდა მეომრებში შიშს. დავითმა აკრძალა ჯარში ბილწსიტყვაობა, უგვანი სიმღერები და იდეალური წესრიგი დაამყარა. ლაშქრის წყობაშიც ბევრი სიახლე შეიტანა, ხოლო ქვეითი ჯარი თანდათან ცხენოსანი რაზმებით შეცვალა.

პატარ-პატარა შეტაკებებში მიღწეული წარმატებების შემდეგ ბარი ნაწილობრივ გაწმინდა თურქთა ურდოებისგან, მთაში გახიზნული მოსახლეობა საკუთარ მიწას დაუბრუნა და ნასოფლარებსა და ნაქალაქარებს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა.

ამ ბრძოლებმა იმედი დაუბრუნა ხალხს და, რაც მთავარია, ყველას დაანახვა, რომ თურქების დამარცხებაც შესაძლებელია, მაგრამ სელჩუკთა საბოლოოდ დასამარცხებლად ეს არ იყო საკმარისი.

ამიტომაც, დავითმა თავისი მეფობა ძალაუფლების განმტკიცებით დაიწყო. “დიდმა თურქობამ” საფუძველი შეურყია სამეფო ხელისუფლებას, რომელიც ისე იყო დაკნინებული, რომ მისი გავლენა მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. მემატიანე წერს: საზღვარი სამეფოსა იყო მთა მცირე ლიხთა და სადგომი სამეფოსი წაღვლისთავი”. ეს იყო და ეს, დანარჩენი საქართველო სელჩუკთა და თავგასულ ქართველ ერისთავთა სათარეშო ადგილი იყო.

 ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით, მეფე ცდილობდა, ერისთავები დაექვემდებარებინა ფეოდალური მონარქიის მიერ შექმნილი სამეფო კარის ცენტრალური სამოხელეო აპარატისთვის. დავითის პერიოდში გაძლიერებულმა ვაზირის სამოხელეო ინსტიტუტმა გასაქრობად შეუტია ერისთავობის ძველ ინსტიტუტს. დავითი ერისთავობას ცენტრალიზებული სახელმწიფოსათვის შეუფერებლად თვლიდა, ყოველმხრივ ავიწროებდა და ცდილობდა მის გაუქმებას.

მოკლედ, დავითის მტკიცე ხელი თავიდანვე იგრძნეს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებულებმა. პირველი იერიში კლდეკარის ერისთავზე იქნა მიტანილი. 1093 წელს მეფემ შეიპყრო განდგომილი ლიპარიტ ბაღვაში. კლდეკარის ერისთავმა მოინანია მეფის ღალატი და პატიება ითხოვა. დავითმა დიდსულოვნად შეიწყალა იგი, კვლავ დაუბრუნა ტიტულიცა და სამფლობელოც, მაგრამ ლიპარიტმა თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავითი დარწმუნდა, რომ “კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს” და ლიპარიტი კვლავ შეიპყრო. 2 წლის განმავლობაში დაპატიმრებული ჰყავდა, შემდეგ კი საბერძნეთში გააძევა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. კლდეკარის საერისთავო გააუქმა და მისი მიწა-წყალი სამეფოს დომენად გამოაცხადა.

დავითს ერისთავებთან ბრძოლა ბაღვაშთა დამარცხებითა და კლდეკარის საერისთაოს გაუქმებით არ დაუმთავრებია. მან არც ძმები _ არაგვის ერისთავი ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები დაინდო. 1103 წელს, დავითის მიერ ზედაზნის აღების შემდეგ, ძაჰგანმა “მძლავრობით” ხელთ იგდო მცხეთის, წილკნისა და შიომღვიმის საეკლესიო მამულები. შიომღვიმე სიმაგრედ გადააქცია და თავის შეფარებაც იქ სცადა. რაც შეეხება მოდისტოსს, ძაგანმა იგი წილკნის ეპარქიის ეპისკოპოსის რანგში აიყვანა და მისი მეოხებითაც არაერთი მიწა მიიტაცა. მაგრამ მეფემ ალაგმა თავგასული აბულეთისძეების პარპაში. დამარცხებული და დევნილი ძაგანი იძულებული შეიქნა, შიომღვიმის მონასტრისთვის შეეფარებინა თავი, მაგრამ მღვდელმსახურებმა შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. მართალია, დავითმა ძაგანი სიკვდილით არ დასაჯა, მაგრამ ყველა პატივი და ღირსება აჰყარა.

სელჩუკებთან გადამწყვეტი ბრძოლების წინ მოღალატე ერისთავების დამარცხებითა და ხელისუფლების განმტკიცებით მეფე დავითმა დასაყრდენი გამოაცალა სელჩუკებს და უზრუნველყოზურგის უსაფრთხოება”. შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის წარმატებულ დასაწყისს დიდად შეუწყო ხელი გარე ფაქტორებმაც. კერძოდ, 1092 წლის დასაწყისში ასასინის ხელით იქნა მოკლული სელჩუკიანთა იმპერიის უპირველესი ვაზირი ნიზამ ალ მულკი. იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა სულთანი მალიქ-შაჰიც. ამის შემდეგ იმპერია შინაომებმა მოიცვა, რაც უზარმაზარი სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცებით დასრულდა.

თუმცა დაშლილი და დანაწევრებული სელჩუკთა სახელმწიფოებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანულ სამყაროს. სელჩუკებმა ადვილად დაამარცხეს ბიზანტიელები და სტრატეგიული ქალაქი ნიკეაც წაართვეს. ნიკეას დაკარგვით საფრთხე დაემუქრა კონსტანტინოპოლსაც. ბიზანტიის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა, სასოწარკვეთილმა ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი პირველმა 1095 წელს რომის პაპს ურბან II დახმარების თხოვნით მიმართა. პაპი გამოეხმაურა ამ თხოვნას და 1095 წლის ნოემბერში საფრანგეთის ქალაქ კლერმონში დიდი საეკლესიო კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. კრებაზე, რომელსაც უამრავი საულიერო დაესწრო, რომის პაპმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა და შეკრებილთ წმინდა ადგილების გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უმოკლეს დროში ჯვაროსანთა 6 დიდი არმია ლაშქრობის დასაწყებად იყო მზად.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096 წელს დაიწყო. საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან ჯვაროსანთა რამდენიმე ნაკადი თითქმის ერთდროულად დაიძრა იერუსალიმისკენ. ისინი კონსტანტინეპოლში შეერთდნენ და გაერთიანებული ძალით შეუტიეს თურქთა სამფლობელოებს. 1097 წლის დასაწყისში ჯვაროსნებმა ნიკეა აიღეს, შემდეგ ედესაც წაართვეს სელჩუკებს და იმავე წლის ოქტომბერში ანტიოქიას შემოარტყეს ალყა. ქალაქი ერთ თვეში დაეცა, ხოლო 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმიც გადავიდა ჯვაროსნების ხელში.

დავით აღმაშენებელმაც ისარგებლა ხელსაყრელი საგარეო ვითარებით და 1099 წელს ხარკის მიცემა შეუწყვიტა სულთანს: “განძლიერდა დავით და განაძლიერა სპანი და არღარა მისცა სულთანს ხარაჯა და თურქნი ვეღარ დაიზამთრებდნენ ქართლს”. მას შემდეგ, რაც სელჩუკებს ფეხი ამოუკვეთა შიდა ქართლიდან, დავითმა კახეთის შემოერთებაზე დაიწყო ფიქრი და 1103 წელს სელჩუკთა ვასალს, კახეთ-ჰერეთის მეფე კვირკეს ზედაზენი წაართვა: “წარუღო კვირკეს ზედაზენი”. ეს უკვე სელჩუკთა აშკარა გამოწვევას ნიშნავდა.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დავითი მაინც მოერიდა ძმათამკვლელ ომს და კახეთის უსისხლოდ შემოერთება სცადა. მან 1104 წელს, ერთგული კახელი დიდებულების _ არიშიანის, ბარამისა და ქავთარ ბარამის ძის დახმარებით შეიპყრო კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართან მეორე. დანარჩენი კახელი დიდებულები ნაცვლად იმისა, რომ ქართველთა მეფეს დამორჩილებოდნენ, დახმარების სათხოვნელად განძის ათაბაგთან გაიქცნენ.

სელჩუკებს არ შეეძლოთ, მშვიდად ეცქირათ, როგორ წაართმევდა საქართველოს მეფე ამიერკავკასიის ერთ-ერთ მდიდარ რეგიონს, რომელიც, ამასთანავე, უაღრესად ხელსაყრელ პლაცდარმს წარმოადგენდა. ბუნებრივია, ისინი ამას ვერ შეეგუებოდნენ, ამიტომ სულთან ბარქიაროკის (1094–1105 წწ.) ბრძანებით, ქართველთა მეფის დასასჯელად დიდი არმია დაიძრა. მათ განძის ათაბაგი და მოღალატე კახელი დიდებულები შეუერთდნენ თავიანთი მეომრებით. როგორც მემატიანე წერს: “ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანათა ერი მტერთავე თანა გარემოდგომილი ჩუენდა”… მტერი, რაოდენობით ძალიან აღემატებოდა დავითის მოლაშქრეებს. მეფემ მომხვდურთ კარგად გაწვრთნილი “მცირედი ლაშქარი” და “განწირული ერი” შეაგება.

ერწუხის ველზე გამართული ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი გამოდგა. აღმაშენებელი უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლაში _ თვით მეფე არათუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ვითარცა სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასი თვით წინე უვიდოდა, და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მიდამო იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სვრიდა და დასცემდა წინა დამთხვეულთა”.

იმ დღეს სამი ცხენი მოუკლეს დავითს და მეოთხე ცხენზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა. მეფის შეუპოვრობა და სიმამაცე მთელ ლაშქარს გადაედო და, ძალთა უთანასწორობის მიუხედავად, ქართველებმა საარაკო გამარჯვება მოიპოვეს.

კახეთ-ჰერეთიდან სელჩუკების განდევნის შემდეგ დღის წესრიგში დადგა თბილისის საამიროს გაუქმების საკითხი, მაგრამ მეფე დიდი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით კარგად გამაგრებულ ქალაქზე პირდაპირ იერიშს მოერიდა. მან აქცენტი თბილისის გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაზე გადაიტანა და იერიშები მასთან ახლოს მდებარე ქვემო ქართლის სტრატეგიული დანიშნულების ციხე-ქალაქებზე მიიტანა. 1110 წელს ქართველებმა თურქებს კარგად დაცული ციხესიმაგრე სამშვილდე წაართვეს. სამშვილდის დაკარგვით თავზარდაცემულმა სელჩუკებმა ძერნაც მიატოვეს _ ღამით მთელი გარნიზონი გაიპარა.

ქართველთა წარმტებებით განრისხებულმა სულთანმა მეჰმედ პირველმა (1106 _1118 წწ.) ასიათასიანი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოს დასაჩოქებლად. ურდო ღამის გასათევად თრიალეთში დაბანაკდა. ეს ისე მოულოდნელი აღმოჩნდა დავითისთვის, რომ ვერ მოასწრო ლაშქრის შეკრება. ნაჭარმაგევში მდგარ მეფეს მხოლოდ 1500 მეომარი ედგა გვერდით. მიუხედავად ჯარის სიმცირისა, დავითმა გარისკა და გამთენიისას “უდრტვინველად” დაეცა თავს თურქებს. ამას, კი ნამდვილად არ მოელოდნენ სელჩუკები და მათ ბანაკში პანიკა დაიწყო. აღმაშენებელმა მტერს გონს მოსვლა არ აცალა, ისე გაავლო მუსრი.

1115 წელს, მას შემდეგ, რაც გიორგი ჭყონდიდელმა გაათავისუფლა რუსთავი, მუსლიმანურ სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა თბილისის საამიროს სამხრეთ-დასავლეთიდანაც მოეჭრა და, ფაქტობრივად, ალყაში მოექცა.

იმავე წლის დეკემბერში ტაოში დაბანკდა ახალი დიდი ურდო. მათ ისევ მოულოდნელად დაესხა თავს აღმაშენებელი და საქართველოს სამანებიდან გადარეკა. 1117 წელს კი დავითის დიდებულებმა ასათ დაშოთა გრიგოლის ძეებმა ივაჟკაცეს და მტერს გიშის ციხე წაჰგლიჯეს. გიშის აღებით საბოლოოდ დასრულდა ჰერეთის შემოერთება. ეს ქალაქი წუქეთის საერისთავოს ცენტრი და გრიგოლის ძეთა საგვარეულო რეზიდენცია გახდა.

ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა ქართველებმა შირვანი ამოიღეს მიზანში. დავითმა თავისი ძე დემეტრე გაგზავნა შირვანში სალაშქროდ. დემეტრემაც გაამართლა მამის იმედი, მან სელჩუკებსა და მათ ვასალ შირვანის შაჰს წაართვა ქალაძორი, გამარჯვებული და დიდი ნადავლით დატვირთული დაბრუნდა უკან.

1120 წლის დასაწყისში ახალი ლაშქრობა მოეწყო შირვანში. როგორც მემატიანე წერს: “დაარბიეს ლიჟათათ ვიდრე ქურდოვანამდე და ხიშტალანამდე”. 14 თებერვალს დაეცა ყაბალაც. ეს ქალაქიცა და მისი მიმდებარე ტერიტორიაც ქართველების ხელში გადავიდა.

დავითს საქმე გაუადვილა დარუბანდის მმართველმა, ვინაიდან დარუბანდელებთან ბრძოლაში დაიღუპა შირვანის შაჰი. ტახტზე ასული ახალი შაჰი კი ქართველთა მეფისთვის სასურველი კანდიდატურა იყო.

თურქები მაინც არ ეხსნებოდნენ ჩვენს ქვეყანას. 1118 წელს, გაზაფხულზე, ბზობის დღესასწაულს ზეიმობდა ნახიდურს მდგარი მეფე, როდესაც თურქთა ახალი ლაშქრის შემოჭრისა და ერისთავ ბეშქენის მოკვლის ამბავი მოახსენეს. დავითი არაქსის პირას წამოეწია სელჩუკებს და მუსრი გაავლო მათ: “მოსრა სიმრავლე მათი და წამოიღო ტყვე და ალაფი ურიცხვი”.

1118 წლის ივლისში თურქებს ჯერ სტრატეგიული ციხექალაქი ლორე, ხოლო შემდეგ აგარანი წაართვეს. განსაკუთრებით წარმატებული აგარანზე ლაშქრობა გამოდგა, მის ასაღებად ერთი დღეც არ დასჭირვებიათ ქართველებს. აღმაშენებელმა ლორე ამირსპასალარს გადასცა და აქედან მოყოლებული ლორე საკმაოდ დიდხანს იყო ამირსპასალართა რეზიდენცია.

ერთი სიტყვით, დავითმა შეუძლებელი შეძლო _ გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე დააყენა, ააღორძინა და იმჟამინდელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და მოწინავე სახელმწიფოდ აქცია. 1089-დან 1119 წლამდე აღმაშენებელმა თითქმის მთელი საქართველო გამოიხსნა თურქთა კლანჭებიდან (მხოლოდ თბილისი რჩებოდა აუღებელი). დავით აღმაშენებელი, ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ, მსოფლიო ისტორიაში მეორე ადამიანი იყო, რომელმაც ყველა ბრძოლა მოიგო. სელჩუკებმა დიდი კატასტროფა განიცადეს საქართველოში და უმძიმეს დღეში ჩაცვივდნენ.

თუმცა, საქართველოში განცდილი მარცხის “კომპენსირებას” თურქები პალესტინაში ახდენდნენ. ისინი დიდ წარმატებებს აღწევდნენ “წმინდა მიწაზე” ევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. მათმა ძლევამოსილმა სარდალმა ილღაზიმ ზედიზედ დაამარცხა ჯვარონები და დაათმობინა სტრატეგიული ციხესიმაგრეები.

ჯვაროსნების მდგომარეობა კრიტიკული იყო. ისინი ევროპიდან ვეღარ იღებდნენ იმ აუცილებელ დახმარებას (ფინანსები, საომარი აღჭურვილობა, ცოცხალი ძალა), რომელიც საკმარისი იქნებოდა მუსლიმანური კოალიციის დასამარცხებლად. 1119_1120 წლების მიჯნაზე იერუსალიმის ჯვაროსანთა მეფე ბალდუინ II საიდუმლო ვითარებაში ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა დავით მეფეს და ერთად დასახეს სამომავლო გეგმები. ბუნებრივია, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მეფეებმა. ამის თაობაზე ჩვენ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. ქართველთა მეფეს საათივით აწყობილი მსტოვართა ინსტიტუტი ჰყავდა, რომელიც ინტენსიურად იღებდა ინფორმაციას სელჩუკთა სულთნებისა თუ ამირების სასახლის კარიდან. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გაცნობა ჯვაროსანთა მეფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ საუბარი ჯვაროსნებისთვის ფულითა და საომარი აღჭურვილობით დაეხმარების გაწევას შეხებოდა. შესაძლოა, დავითმა პირობა მისცა ბალდუინს, რომ თურქთა მთელ ძალებს თავისკენ მიიზიდავდა და ამით განსაცდელისგან იხსნიდა პალესტინელ ჯვაროსნებს.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here