Home რუბრიკები საზოგადოება პომიდვრის მოყვანა ზამთრის სათბურებში

პომიდვრის მოყვანა ზამთრის სათბურებში

5635

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ზამთრის სათბურებში პომიდორი მოჰყავთ სამ პერიოდში: ზამთარგაზაფხულის, შემოდგომაზამთრისა და გარდამავალ ბრუნვებში.

ზამთარ-გაზაფხულის ბრუნვის დასაწყისში განსაკუთრებით არახელსაყრელი პირობებია სინათლის ისეთი მოყვარული კულტურისთვის, როგორიც პომიდორია. ეს ბრუნვა (ჩითილის გამოყვანა) იწყება სინათლის დაბალი ინტენსივობისა და შემოკლებული დღის პირობებში. შემდგომ თანდათან ძლიერდება მზის რადიაციის დაძაბულობა და უმჯობესდება სითბოსა და სინათლის რეჟიმები. ამიტომაა, რომ ეს ბრუნვა მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა და მოსავლიანობით მნიშვნელოვნად უსწრებს შემოდგომა-ზამთრის ბრუნვაში წარმოებულს.

* ჩითილის გამოზრდა იწყება ნოემბრის მესამე დეკადიდან, ირგვება დეკემბრის ბოლოს, პროდუქცია შემოდის აპრილის მე-3 დეკადიდან და გრძელდება ივლისის მე-3 დეკადამდე. მსხმოიარობა სამ თვემდე გრძელდება.

ზამთრის სათბურებში მის მოყვანას წინ უძღვის სათბურის დეზინფექცია, საჭიროების შემთხვევაში _ გრუნტის გაუსნებოვნება, დამუშავება და თესლის მომზადება დასათესად.

* დასათესად იყენებენ მაღალი ხარისხის 2 წილ ტორფს ან ამავე რაოდენობის ნეშომპალას, თითო წილ თიხნარ მიწას და მსხვილ ქვიშას. ამ ნაზავის ყოველ 1 3- უმატებენ 150 გრამ ამონიუმის გვარჯილას, 250 გრამ ორმაგ სუპერფოსფატს და 200 გრამ კალიუმის სულფატს.

ითესება დაკალიბრებული და გაუსნებოვნებელი თესლი. გაუსნებოვნებისთვის გამოიყენებენ 2%-იან მარილმჟავას ხსნარს, რომელშიც თესლს აყოვნებენ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ რეცხავენ.

* თესლი ითესება 50X35 სმ ზომის ყუთებში, 2-3 გრამი ერთ ყუთზე. დათესვიდან აღმოცენებამდე 8-12 დღეა საჭირო, დაახლეობით სამი კვირის შემდეგ, როდესაც მცენარე გამოიტანს ერთ ნამდვილ ფოთოლს, და აწარმოებენ აღმონაცენის პიკირებას. ერთი ყუთიდან დაახლოებით 500 აღმონაცენი მიიღება.

აღმონაცენის პიკირება ხდება სხვა ყუთებში (4X5 სმ-ზე) ან ქოთნებში, კუბურებში, უფრო ხშირად კი _ სპეციალურ კასეტებში. ბოსტნეულის ჩითილის დიდი მასშტაბით საწარმოებლად არსებობს სპეციალური კომპიუტერული მართვის დანადგარი, რომელიც კასეტებში ავტომატურ რეჟიმში თესავს თესლს. ცარიელი კასეტები კონვეიერულად მიეწოდება დანადგარს. დანადგარს ემსახურება რამდენიმე მუშა და ოპერატორი.

იმ შემთხვევაში, თუ ნაზავი ნიადაგი საკმარისად არ არის უზრუნველყოფილი საკვები ელემენტებით, ჩითილი ერთიორჯერ უნდა გამოიკვებოს მინერალური სასუქებით. პირველ გამოკვებას ატარებენ პიკირებიდან 10 დღის შემდეგ: 15 გრამი ამონიუმის გვარჯილა, 40 გრამი სუპერფოსფატი და 20 გრამი კალიუმის სულფატი 10 ლიტრ წყალზე; ან სპეციალურ, წყალში ხსნად კომპლექსურ სასუქებს.

მეორე გამოკვება ტარდება პირველიდან 10-15 დღის შემდეგ. იმის გამო, რომ ზამთარ-გაზაფხულის ბრუნვაში ჩითილის გამოზრდა ემთხვევა სუსტ ბუნებრივ განათებას, შესაბამისად, უნდა რეგულირდებოდეს ჰაერის ტემპერატურაც, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღება აწოწილი და სუსტი მცენარეები.

* სათბურში ჰაერის ტემპერატურა ჩითილის გამოზრდისას ღრუბლიან დღეს უნდა იყოს 19-220, ნათელ მზიან დღეს _ 25-280, ღამით _ 150. მუდმივ ადგილზე დარგვის შემდეგ პირველი 3-5 დღის განმავლობაში ტემპერატურა უნდა გაიზარდოს 3-50-ით. თუ მზიან ამინდში ტემპერატურა გადასცდა 280-, სათბური უნდა განიავდეს (ვენტილაცია). ამ პერიოდში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60-70% უნდა იყოს.

მცენარეების გამორჩევა ხდება ჯერ პიკირებისას, შემდეგ კი მუდმივ ადგილზე დარგვისას. არჩევენ მხოლოდ ჯანსაღ, მუხლმაგარ, ფენოტიპურად სრულყოფილ მცენარეებს.

* ჩითილის ოპტიმალურ ხნოვანებად ითვლება დათესვიდან 50 დღე. დასარგავ ჩითილს უნდა ჰქონდეს 7-8 ფოთოლი, იყოს საშუალოდ 25 სმ სიმაღლის, ფორმირებული უნდა ჰქონდეს პირველი საყვავილე მტევანი და კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა.

მცენარეებს რგავენ მწკრივებად. დარგვის დროს გრუნტი უნდა დატენიანდეს ზღვრული წყალტევადობის 75-80%-ის ფარგლებში.

რგავენ ორ მწკრივიან ზოლებად: 100+60X45-50 სმ, ზოლებს შორის მანძილი 100 სმია, მწკრივებს შორის მანძილი _ 60სმ, მწკრივებში მცენარეთა შორის მანძილი _ 45-50 სმ.

ზოგიერთი ჯიში შეიძლება დაირგოს უფრო დიდი სიხშირით, დარგვიდან 2-3 დღის შემდეგ მცენარეებს აკრავენ სათბურის ზედა ნაწილში გაჭიმულ მავთულის ჰორიზონტალურ შპალერზე.

მცენარის ღეროს ფრთხილად შემოახვევენ ჰორიზონტალური შპალერიდან ჩამოშვებულ ზონარებზე. შემდეგში ამ ოპერაციას კვირაში ერთხელ, ნამხრევების შეცვლასთან ერთად ატარებენ.

მცენარეებს აფორმებენ ერთ ღეროზე. მცენარის მიერ დაგროვილი ასიმილატების არამიზნობრივი ხარჯვისგან აცილების მიზნით ნამხრევებს წარმოქმნისთანავე აცლიან. ამ ღონისძიების დროულად ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხმოიარობის დაწყებამდე.

ნამხრევების შეცლა იწყება დილიდან. ჭრილობის ადგილები უფრო სწრაფად ხორცდება და მცირდება დაავადების რისკი. ნამხრევებს აცლიან ფუძესთან. გადაზრდის შემთხვევაში, უმჯობესია, შეიჭრას დანით ფუძესთან 1-1,5 სმ-ის დატოვებით.

მცენარეზე დატოვებული მტევნების რაოდენობა დამოკიდებულია კულტურის წარმოების ხანგრძლივობაზე. ზედა შპალერამდე (2,0-2,1 ) მცენარე ივითარებს 8-9 მტევანს. როდესაც მთავარი ღერო მიაღწევს ზედა შპალერის მავთულს, გადმოკიდებენ, 40-500-იანი კუთხით ჩამოუშვებენ, მიაკრავენ მეზობელ მცენარეს და მიწიდან დაახლოებით 50 სმ სიმაღლემდე (6-10 მტევანი) წვეროს წააკვეცავენ.

ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურა რეგულირდება განათების ინტენსივობის შესაბამისად. შესუსტებული განათებისას რეკომენდებულია ტემპერატურის რეგულირება ღრუბლიან ამინდში 20-220, მზიან ამინდში 24-250, ღამით 15-160-ის ფარგლებში.

ნიადაგის ტემპერატურა არ უნდა ჩამოვიდეს 16-180-ზე დაბლა. ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 60-65%-ის ფარგლებშია. დაუშვებელია, როგორც ტემპერატურის, ისე ჰაერის ტენიანობის მკვეთრი მერყეობა.

ღამის ტემპერატურა. ღამის ტემპერატურული რეჟიმის დღისაზე გადასვლას არ უნდა მოჰყვეს მცენარეზე კონდენსატის წარმოქმნა, რისთვისაც ფრამუგებს აღებენ ისე, რომ არ შეიქმნას ცივი ჰაერის მიწისპირა დინება.

პომიდვრის დასამტვერიანებლად აუცილებელია ჰაერის სიმშრალე, რადგან ყვავილის მტვერი მხოლოდ ასეთ პირობებში ადვილად სცილდება მტვრიანას და ხვდება ბუტკოს დინგზე.

საყვავილე მტევნებს, ნაყოფების გამონასკვის ხელშესაწყობად კვირაში ორჯერ დილაობით სპეციალური ვიბრატორით ამუშავებენ. ამ მიზნით გამოიყენებენ მცენარეზე შესასხურებელ სპეციალურ პრეპარატებს ან დამმტვერავ მწერებს.

პომიდორი ზომიერად წყლის მოყვარული კულტურაა. ხშირი მორწყვის შედეგად სათბურში იზრდება ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, რაც კარგ პირობებს ქმნის დაავადებების გასაჩენად და აფერხებს ყვავილების დამტვერიანებას. ამიტომ პომიდორი, კიტრისგან განსხვავებით, უმჯობესია, მოირწყას უფრო იშვიათად და უხვად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველ ოთხ მტევანს ნაყოფების დამსხვილების პერიოდში. ამ დროს მცენარე ხარჯავს წყლის მაქსიმალურ რაოდენობას. წყლის უთანასწორო ან ნაკლებად მიწოდებისას აღინიშნება ყვავილებისა და ნასკვების ცვენა, ნაყოფების დასკდომა და ნაყოფის წვეროს სიდამპლის გაჩენა. მორწყვისას ცდილობენ, რომ მცენარეებს ფოთლები არ დაუსველოთ. ამ მხრივ უპირატესობა ენიჭება წვეთოვან მორწყვას.

* დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის ნახშიროჟანგით გამოკვებას, რომელიც ტარდება დილის საათებში. აუცილებელ აგროტექნიკურ ღონისძიებად ითვლება ქვედა ფოთლების თანდათანობით მოცილება. ამ ღონისძიებას იწყებენ დარგვიდან 45-50 დღის შემდეგ.

* ფოთლების შეცლა, სჯობს, ჩატარდეს დილის საათებში, კვირაში ერთხელ, უნდა მოვაცილოთ არა უმეტეს 2-3 ფოთოლს მე-5, მე-6 მტევნამდე. ამ ოპერაციის ჩატარების დღეს მორწყვა არ არის მიზანშეწონილი.

მტევნებიდან ყველაზე სუსტად განვითარებულ ბოლო 2-5 საყვავილე კუკურის შეცლა ხელს უწყობს დარჩენილი ნასკვების უკეთ ზრდას.

თუ სათბურის გრუნტი კარგ მდგომარეობაშია, ნიადაგს ჩვეულებრივ არ აფხვიერებენ. იმ შემთხვევაში, როდესაც მწკრივთაშორისებში მიწა ძლიერადაა გამკვრივებული (დამჯდარი), იგი უნდა გავაფხვიეროთ, რათა წყალმა და ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს ნიადაგში.

დაავადებებიდან ყველაზე საშიშია ფიტოფტოროზი, ფუზარიოზული და ვერტიცილოზური ჭკნობა, მურა ლაქიანობა, რუხი სიდამპლე, მაკროსპორიოზი, ფესვების გაკორპება, თამბაქოს მოზაიკით გამოწვეული დაავადებები, სტრიკი.

მავნებლებიდან უმთავრესია ნემატოდები და ფრთათეთრა, შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია ბუგრები და ტკიპები.

პომიდვრის მოსავლის აღება დარგვიდან 2-2,5 თვის შემდეგ იწყება. იღებენ ჟღალ სიმწიფეში, რაც ხელს უწყობს მცენარეზე დარჩენილი ნაყოფების დამწიფებას. გაზაფხულზე ნაყოფი იკრიფება 2-3 დღეში ერთხელ, ზაფხულში _ ყოველდღიურად.

ვაჟა ჯაფარიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here