Home რუბრიკები საზოგადოება მათთვის, ვისაც პომიდვრის მოყვანა სურს

მათთვის, ვისაც პომიდვრის მოყვანა სურს

4823

პომიდვრის მოსაყვანად ზრუნვას ფერმერი შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის პირზე უნდა იწყებდეს. მეურნე კაცის გარჯა უხვი მოსავლით დაგვირგვინდება, თუ იგი იმ რჩევებს გაითვალისწინებს, რომლებსაც დღევანდელ წერილში გთავაზობთ.

პომიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ზრდაგანვითარებისთვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურაა 22oC; 15oCზე დაბალ ტემპერატურაზე მცენარე არ ყვავილობს, ხოლო -1oC ყინვა დამღუპველია. ინტენსიური განათების მომთხოვნია, ამიტომაა, რომ ხეხილის ბაღის რიგთაშორისებში წარმოებისას დაბალ მოსავალს იძლევა. სინათლის მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ჩითილობის პერიოდში _ უმნიშვნელო დაჩრდილვაც კი იწვევს მის აწოწვას, ღეროფოთლის ეთიოლირებას და გვიან მსხმოიარობას.

პომიდვრის დამოკიდებულება ტენიანობისადმი განსხვავებულია. იგი მოითხოვს ნიადაგის მაღალ (ს.ტ. 60-70%) და ჰაერის დაბალ (60%-მდე) ფარდობით ტენიანობას. ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა არ არის ხელსაყრელი, რადგან ასეთ პირობებში ვრცელდება სხვადასხვა დაავადება: ფიტოფტორა, რუხი სიდამპლე და სხვა, ცუდად მიმდინარეობს ყვავილების დამტვერვა, რომლის გამოც მცირდება მოსავალი. პამიდორი ვერ ეგუება ნიადაგში ტენიანობის მკვეთრ რყევას, რადგან ავადდება ნაყოფის წვეროს სიდამპლით. ამ კულტურის მოსაყვანად საუკეთესოა საკმარისად განოყიერებული და ტენით უზრუნველყოფილი ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგები, ასევე, _ სტრუქტურული, ნეშომპალით მდიდარი, წყალგამტარი თვისებების მქონე მსუბუქი თიხნარები.

ნიადაგიდან გამოტანილ ცალკეულ ელემენტებს შორის ყველაზე დიდი წილი მოდის კალიუმზე, შემდეგ _ აზოტზე. მიუხედავად ამისა, პომიდვრის კვების რეჟიმში განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც ფოსფორს აქვს, რადგან მცენარე მკვეთრად და სწრაფად რეაგირებს ნიადაგში ფოსფორის ნაკლებობაზე. ფოსფორის ნიადაგში ოპტიმალური რაოდენობით არსებობა აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას და ასტიმულირებს აზოტის შეთვისების პროცესს. მისი ნაკლებობა იწვევს მცენარის ზრდის შეწყვეტას, აფერხებს ნასკვების წარმოქმნას.

აზოტით ოპტიმალური განოყიერებისას მატულობს პომიდვრის მსხმოიარობა. ამ ელემენტის სიჭარბეც და უკმარისობაც უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე, კერძოდ, პირველ შემთხვევაში გვიანდება ნაყოფის მომწიფება, მცირდება დაავადებებისა და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა, მეორე შემთხვევაში ფერხდება მცენარის ზრდა. ნაყოფი ღებულობს ღია მოყვითალო ფერს.

ფოთლების სიყვითლე იწყება მთავარი ძარღვიდან ნაპირებისკენ, შემდეგ ძარღვებიც ყვითლდება. ქვედა ფოთლები ღებულობს მორუხო-მოყვითალო ფერს და ცვივა. კარგ შედეგს იძლევა აზოტიანი სასუქების მცირე დოზებით შეტანა რამდენიმე ჯერზე, გამოკვების სახით.

კალიუმი აუცილებელია პომიდვრის ღეროსა და ნასკვების ფორმირებისთვის, აქტიური ასიმილაციისა და ნახშირწყლების წარმოქმნისთვის. ნიადაგში კალიუმის ნაკლებობისას ღეროს ზრდა ჩერდება. მცენარე იწყებს ხმობას, იხვევა ფოთოლი.

აზოტისა და ფოსფორის ან მხოლოდ აზოტის გარეშე შეტანილი კალიუმი სასურველ შედეგს არ მოგვცემს, ზოგჯერ მოსავალსაც კი ამცირებს.

ღია გრუნტში პომიდორი მოჰყავთ ჩითილის დარგვით და უშუალოდ გრუნტში თესვით. ორივე შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება იწყება შემოდგომაზე ან ზამთრის პირას, მიწის ნაკვეთიდან წინამორბედი კულტურის აღებისა და ნარჩენების გაწმენდის შემდეგ ნაკვეთის აოშვით. აოშვა ტარდება 4-6 სმის სიღრმეზე. თუ ნაკვეთზე მრავალწლოვანი სარეველები იყო გავრცელებული, მაშინ _ 10-12 სმზე. მზრალად მოხვნა აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ჩატარდეს 25-30 სმის სიღრმეზე, დასავლეთ საქართველოში _ 20 სმზე.

დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან რაიონებში, სადაც გაზაფხულობით მოსალოდნელია წყალდიდობა, მზრალად მოხვნა არ არის მიზანშეწონილი და ნიადაგის ძირითადი დამუშავება გაზაფხულისთვის უნდა გადავიტანოთ.

პომიდვრის ჩითილი გამოჰყავთ როგორც ღია საჩითილე კვლებში, ისე დახურულ გრუნტში, უფრო ხშირად კი _ სათბურებში.

საადრეო მოსავლის მისაღებად პომიდვრის ჩითილი გამოჰყავთ სათბურებში, რომლის ყოველ 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე ითესება 2-3 გრამი თესლი. მწკრივებში თესლი უნდა დაითესოს ისე, რომ 1 კვადრატულმა მეტრმა უზრუნველყოს 250-300 ცალი ჩითილის გამოზრდა.

ბოლო პერიოდში ჩითილის გამოსაზრდელად თესლს ათავსებენ ნაზავნიადაგიან კასეტებში. ჩითილის გამოზრდის პერიოდში სათბურში უნდა დამყარდეს შემდეგი ტემპერატურული რეჟიმი: აღმოცენებამდე 20-25oC, აღმოცენების შემდეგ პირველი 4-7 დღის განმავლობაში, დღისით _ 12-15oC, ღამით _ 10oC-მდე. ვეგეტატური ზრდის პერიოდში, მზიან ამინდში _ 20-26oC, ღრუბლიანში _ 17-19oC ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 60-55 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს.

ქოთნებსა და კასეტებში ჩითილი შეიძლება გამოიზარდოს როგორც უშუალოდ თესლით, ასევე ნორჩი მცენარის (ერთი ნამდვილი ფოთლის ფაზა) გადაჩითილებით (პიკირებით). გადაჩითილებისას მცენარეებს რგავენ ლებან ფოთლებამდე, რწყავენ და 1-2 დღით დაჩრდილავენ. სითბოს გარდა, ჩითილის გამოზრდისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტენიანობას, რადგან ქოთნებში მიწა მალე შრება და ამიტომ უნდა მოვრწყათ 20oC-მდე შემთბარი წყლით, თანაც დღის პირველ ნახევარში.

პომიდვრის საშუალო და საგვიანო პროდუქციის მისაღებად ჩითილი გამოჰყავთ ღია საჩითილე კვლებში, რომელთა მოსაწყობად ნიადაგის მომზადება დასარგავად მთავრდება კვლების დაჭრით. ნაკვეთი 1 მეტრი სიგანის კვლებად უნდა დაიჭრას, კვლებს შორის 50-60 სმ მანძილის დატოვებით. თესლი უნდა დაითესოს მწკრივების 10 სმით დაშორებით. შედეგად მივიღებთ ზოლებრივ ნათესს, სადაც ზოლებს შორის მანძილი იქნება 50-60 სმ, მწკრივთაშორის მანძილი კი _ 10 სმ.

საჭიროების მიხედვით ნაკვეთი უნდა მოირწყას, ნათესები გამეჩხერდეს, გამოიკვებოს მინარალური სასუქებით და სხვ.

პამიდორი ირგვება როგორც ხელით, ისე სარგავი მანქანით. ხელით დარგვისას ნიადაგი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული (დაშარული). სარწყავ ადგილებში კარგ შედეგს იძლევა პომიდვრის წარმოება შემაღლებულ კვლებზე და ბაზოებზე. ამ შემთხვევაში მცენარის წყლით უზრუნველყოფა ხდება ნაღარებიდან გაჟონვით. შედეგად ნიადაგი ტენიანდება, ჰაერი კი მშრალი რჩება, რაც პამიდვრის ზრდა-განვითარებისთვის მეტად ხელსაყრელია.

ჩვენს პირობებში პომიდორი ხშირად ირგვება მწკრივებად (70X35X40 სმ). ამ შემთხვევაში ჰექტარზე დაახლოებით 40 ათასი მცენარე თავსდება. დარგვისას ძლიერი ზრდის ჯიშები შეიძლება დაირგოს შემდეგი სქემით: ((90-120+50):2)X35 სმ, სადაც ზოლებს შორის მანძილი არის 90-120 სმ, ზოლში მწკრივებს შორის _ 50 სმ, მწკრივებში მცენარეთა შორის _ 35 სმ, მწკრივების რაოდენობა ზოლში _ 2.

პომიდვრის მოვლის ძირითადი სამუშაოებია: ნიადაგის გაფხვიერება, მორწყვა, მიწის შემოყრა, სარეველა ბალახების მოსპობა, გამოკვება, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა. ნიადაგის გაფხვიერება და სარეველა მცენარეების მოსპობის მიზნით თოხნაკულტივაცია სეზონის განმავლობაში საშუალოდ 4-ჯერ ხდება. ნიადაგის გაფხვიერება უნდა ჩავატაროთ ქერქის გაჩენისთანავე, მორწყვისა და დიდი წვიმების შემდეგ.

მშრალ სარწყავ რაიონებში მძიმე ნიადაგებზე დამატებითი ფესვების განვითარების მიზნით მიმართავენ მიწის შემოყრას 8-10 სმ სიმაღლეზე, მეორე საყვავილე მტევნებზე კუკურების გამოჩენის დროს. სარწყავ ფხვიერ ნიადაგებზე მიწის შემოყრა საჭირო არ არის.

მოსავლიანობის გაზრდის ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის მცენარეების გამოკვება ორგანული და მინერალური სასუქებით. პირველი გამოკვება ტარდება დარგვიდან 10-15 დღის შემდეგ, მეორე _ პირველიდან 20-25 დღის შემდეგ, მესამე _ მეორე გამოკვებიდან 20-25 დღის შემდეგ. სასუქების შეტანის ნორმები დგინდება სათანადო აგროქიმიური ანალიზის ჩატარების შედეგად მიღებული მონაცემების შესაბამისად.

პომიდვრის უხვი მოსავლის მისაღებად მორწყვა არა მხოლოდ მშრალ რაიონებშია საჭირო, არამედ გვალვის დროს ყველა ზონაში. პირველი მორწყვა ტარდება ჩითილის მუდმივ ადგილზე დარგვისთანავე.

მშრალ რაიონებში გვალვისას ნათესები უნდა მოვრწყათ: მსუბუქ ნიადაგებზე _ ყოველ 4-7 დღეში, მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე _ 10-14 დღეში ერთხელ. ამაზე მეტი ინტერვალით პომიდვრის მორწყვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ასეთ შემთხვევაში ადგილი ექნება ნიადაგში წყლისა და ჰაერის მკვეთრ მერყეობას, რაც იწვევს ნაყოფის დახეთქვას. ამიტომ ნიადაგში შედარებით თანაბარი ტენის შესანარჩუნებლად ამ პერიოდში პომიდორი, უმჯობესია, მოირწყას მცირე ნორმებით და ხშირად. ჩვენი პირობებისთვის მორწყვის საორიენტაციო ნორმა ჰექტარზე 400-500 კუბური მეტრის ფარგლებშია.

პომიდვრის ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორიცაა ბამბის ხვატარი, ბაღჩის ბუგრი, კოლოფა ჭია, კოლორადოს ხოჭო, გამოიყენება კონფიდორმაქსი, პრეპარატის ხარჯვის ნორმაა 0,04-0,05 კილოგრამი ჰექტარზე.

სოკოვან დაავადებებს ებრძვიან ბორდოს 0,5-პროცენტიანი ხსნარით, ფიტოფტორისა და ალტენარიოზის წინააღმდეგ _ ანტრაკოლით, ნორმა _ 1,5-2 კილოგრამი ერთ ჰექტარზე. პომიდვრის ფიტოფტორისა და მიკროსპოროზის წინააღმდეგ გამოიყენებენ პრეპარატ მელოდი დუოს – 2,0 კილოგრამი ერთ ჰექტარზე.

ვაჟა ჯაფარიძე,

პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here