Home რუბრიკები პოლიტიკა საფრანგეთის ისლამიზაცია: საფრთხე იზრდება

საფრანგეთის ისლამიზაცია: საფრთხე იზრდება

852

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მოქმედებით კმაყოფილია გამოკითხულთა მხოლოდ 4%, ხოლო უკმაყოფილო _ 70%. ეს შედეგები, რომელიც ანალიტიკურმა ცენტრმა ,,ცევიპოფმაახლახან გამოაქვეყნა, ოლანდისთვის საკმაოდ საგანგაშო სიგნალია, მით უმეტეს, რომ 2017 წლის 23 აპრილამდე, როდესაც საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, არც ისე ბევრი დრო რჩება. რა არის ოლანდის რეიტინგის კატასტროფული ვარდნის მიზეზი?

ახალგაზრდები მომავლის გარეშე

ოლანდის პოპულარობის შემცირებას ფრანგი ექსპერტები, უპირველესად, მის არათანმიმდევრულ სოციალურ პოლიტიკას უკავშირებენ. მან დააფრთხო მემარცხენეები, მაგრამ ვერ მოხიბლა მემარჯვენეები. თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ყველა ექსპერტი საჯაროდ არ საუბრობს და მხოლოდ მინიშნებებით შემოიფარგლება. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ყურადღებას მასზე მხოლოდ “ეროვნული ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი ამახვილებს. აშკარაა, რომ ფრანგ საზოგადოებაში მიგრანტების ინტეგრაციის პროცესი ჩიხში შევიდა, ფაქტობრივად, შეჩერდა. მთელ რიგ რაიონებში უკონტროლო ისლამისტური ანკლავები, ერთგვარი მინისახელმწიფოები ყალიბდება, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ თემაზე საუბარს გაურბიან.

სორენ კერნი, ექსპერტი, რომელიც საფრანგეთის ისლამიზაციის პროცესს სწავლობს, სიტუაციას ასე აღწერს: “უამრავი ახალგაზრდა მუსლიმი გაუცხოებას გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, საფრანგეთში რეალური მომავალი არ აქვთ. რადიკალური ისლამი მათთვის ასეთი მიმზიდველი იმიტომაა, რომ ცხოვრების აზრს უბრუნებს”.

გასულ წელს “ფიგარომ” გამოაქვეყნა ნაწყვეტები ფრანგული სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენებიდან. მასში ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხედ განიხილებოდა ისლამისტების მიერ განათლების “პარალელური” სისტემის შექმნა, მას საფრანგეთის განათლების სისტემასთან და მის ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ფართო დისკუსია ამ თემაზე არ დაწყებულა, თემა ტაბუდადებულია, სერიოზული სირთულეები იმ სოციოლოგებსაც ექმნებათ, რომლებიც საკითხის შესწავლას ცდილობენ.

აკრძალული სოციოლოგია

ახლახან გამოქვეყნდა ორი საინტერესო კვლევის შედეგი, რომლებიც საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების მდგომარეობასა და განწყობას ასახავს. ერთი ჩაატარა დამოუკიდებელმა საექსპერტო ორგანიზაცია “მონტენის ინსტიტუტმა”, ხოლო მეორე _ “რანდსტადის ინსტიტუტმა” (კადრების სააგენტო) და კვლევითმა ორგანიზაციამ “რელიგიური გამოცდილების ლაბორატორია”. საფრანგეთი, სოციოლოგიის განვითარების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყანაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ სტატისტიკა, რომელიც რასობრივ, ეროვნულ თუ რელიგიურ სხვაობას ასახავს, ხშირად ფორმალური აკრძალვების ქვეშ ექცევა. ის, აგრეთვე, შეიძლება გააკრიტიკონ, როგორც არატოლერანტული, ამიტომ მსგავსი კვლევები, განსაკუთრებით ავტორიტეტული ორგანიზაციების მონაწილეობით, არც ისე ხშირად ტარდება. ოფიციალური სტატისტიკის გამოყენებით შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი მუსლიმი ან კათოლიკე, შავკანიანი თუ თეთრკანიანი და ა. შ. ცხოვრობს საფრანგეთში, რადგან შესაბამისი კითხვები ანკეტებიდან ამოღებულია. ეს მიდგომა წარსულიდან, იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც ხდებოდა იმიგრანტების აქტიური ასიმილირება და ინტეგრაცია ფრანგულ საზოგადოებაში. იმხანად ფრანგული სახელმწიფო საჭიროდ არ თვლიდა მათ წარმომავლობაზე ყურადღების გამახვილებას, მაგრამ, როდესაც ეს პროცესი შეწყდა და საფრანგეთის შიგნით ისლამისტური ანკლავების შექმნა დაიწყო, მკვლევარები სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, მათ პრობლემის მასშტაბის დადგენა უჭირთ.

“მონტენის ინსტიტუტი” მიიჩნევს, რომ მუსლიმთა რაოდენობა საფრანგეთის მოსახლეობის 5,6%-ს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს შეადგენს (66,6 მილიონიდან). სხვა მეცნიერიებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები 5-დან 15 მილიონამდე მერყეობს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა _ ისლამისტური ტერორიზმის საფრთხის წინაშე მდგომმა სახელმწიფომ არ იცის, მოსახლეობის რა ნაწილს განიხილავენ ტერორისტები თავიანთი პროპაგანდის სამიზნედ _ ხუთ მილიონს თუ თხუთმეტს.

ჰიჯაბი, როგორც იდენტობის სიმბოლო

“მონტენის ინსტიტუტის” ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილი ეფუძნება გამოკითხვას, რომელიც საფრანგეთის “საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა” ჩაატარა. მისი შედეგები პრემიერმინისტრ ჟანპიერ რაფარენის (2002-05) ყოფილმა მრჩეველმა ჰაკიმ ელკარუმ შეაჯამა. მასში აღწერილია საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების სამი “პროფილი”. უმრავლესობა, 46%, საკუთარ თავს “სრულიად საერო” ადამიანად განიხილავს და თვლის, რომ რელიგია მათ ცხოვრებაზე განმსაზღვრელ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უმრავლესობა მომხრეა, ქალებმა ჰიჯაბი ატარონ, მათ შორის, სკოლებში. საზოგადოდ, ჰიჯაბის ტარებას მხარს უჭერს კვლევის ფარგლებში გამოკითხული მუსლიმი მამაკაცების 58% და ქალების 70%, ხოლო 60% ემხრობა მის ტარებას სკოლებში. გამოკითხულთა 70% პროცენტი ე.წ. ჰალალ საკვებს ყიდულობს (არასოდეს ყიდულობს მხოლოდ 6%).

საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების მეორე ნაწილს ელ-კარუმ “ისლამური სიამაყის ჯგუფი” უწოდა, რომელსაც გამოკითხულთა 25% მიაკუთვნა. ისინი მხარს უჭერენ ჰიჯაბს და “ჰალალს” და ამაყობენ თავიანთი კულტურული ტრადიციებით, თუმცა, ამასთანავე, მზად არ არიან, მიიღონ მრავალცოლიანობა და ქალების მიერ ე.წ. ნიკაბის ტარება.

28% კი განწყობილია რადიკალურად და აცხადებს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის ღირებულებები მათთვის უცხოა. ისინი მხარს უჭერენ შარიათის ნორმების დამკვიდრებას, მრავალცოლიანობას, ნიკაბს, ფარანჯასა და ყველა ძველი ტრადიციის საყოველთაო დანერგვას. საგულისხმოა, ამ რადიკალების ნახევარი 25 წლამდე ახალგაზრდაა.

რაც შეეხება მეორე კვლევას, ის აღწერს რელიგიური გრძნობების გამოვლენას ოფისებსა და საწარმოებში, მათ შორის, სამსახურის გაცდენას რელიგიური დღესასწაულების გამო, ლოცვას შესვენებაზე, რელიგიური სიმბოლოების გამოყენებას, აგრეთვე, უარს ამბობენ ქალებთან და სხვა რელიგიის მიმდევრებთან ერთობლივ მუშაობაზე. ასეთი ინციდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა, ხოლო 2013 წელთან შედარებით თითქმის გაოთხმაგდა. გამოკითხული მენეჯერების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ “რელიგიურმა დემონსტრაციებმა” მნიშვნელოვნად იმატა. კონფლიქტების 6% დაიწყო სამუშაო ადგილზე რელიგიური ქადაგების გამო, 6% _ ქალთან მუშაობაზე უარის თქმის გამო, 1% _ მხოლოდ მუსლიმებთან ერთად მუშაობის მოთხოვნის გამო და ა.შ.

შერშე ლა ფამ

თავისი კომენტარის დასკვნით ნაწილში ელ-კარუ წერს: “საფრანგეთის მუსლიმები მრავალრიცხოვანი კრიზისების შუაგულში ცხოვრობენ. სირია, რა თქმა უნდა, სულისშემძვრელია, მაგრამ, ამასთანავე, არსებობს არაბული სამყაროს ტრანსფორმაცია, რომელშიც ქალი ახალ ადგილს იკავებს. სტუდენტი ქალი უფრო მეტია, ვიდრე სტუდენტი მამაკაცი, ეს გოგონები უფრო განათლებულები არიან, ვიდრე მათი მამები. რელიგია, მის ავტორიტარულ ვერსიაში, ასეთი ევოლუციის წინააღმდეგ მიმართული რეაქციის იარაღია”.

აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალთა განათლებასა და საზოგადოების განვითარებას უკავშირდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა _ დემოგრაფიული. ისლამურ სამყაროს “დემოგრაფიული ზამთარი”, შობადობის მკვეთრი შემცირება უახლოვდება და, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ის დაახლოებით ორ საუკუნეს გაგრძელდა, მყისიერი იქნება. დღეს მაჰმადიანურ სამყაროში 20-30 წლის ადამიანებს 5-6 და-ძმა ჰყავთ, მაგრამ ისინი არ აპირებენ, 1-2 შვილზე მეტი გააჩინონ. ირანელი ქალი აჩენს ექვსი შვილით ნაკლებს, ვიდრე 50 წლის წინათ, თურქი _ ხუთით, ეგვიპტელი და ინდონეზიელი _ ოთხით. ახლო მომავალში ეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს მოიტანს _ პენსიონერთა უზარმაზარი არმია დამოკიდებული იქნება შეზღუდული რაოდენობის შრომისუნარიან მოქალაქეებზე, თანაც იმ ქვეყნებში, რომლებშიც, დასავლეთისგან განსხვავებით, არ არსებობს განვითარებული საპენსიო სისტემა და ასწლეულების განმავლობაში დაგროვებული სიმდიდრე, რომელსაც ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის შერბილება შეუძლია. “არაბულმა გაზაფხულმა” იმედგაცრუებული ახალგაზრდების ენერგია გამოიყენა და მთელი რეგიონი ქაოსში ჩაძირა. როგორი იქნება “არაბული ზამთარი”, როდესაც, კომპლექსური ეკონომიკურ-დემოგრაფიული პრობლემის გამო, ისლამური ქვეყნები გარანტირებული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან? საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ “ქაოსის ზონა” კიდევ უფრო გაფართოვდება და ლტოლვილები ისევ ევროპას მიაწყდებიან.

ისლამურ სამყაროში ორი ტენდენცია გამოიკვეთა, რომლებიც ქალთა ემანსიპაციასა და მათი ხელახალი დამონების მცდელობას უკავშირდება. ფსონი მაღალია _ დემოგრაფიული უპირატესობა, რომელიც ბოლო პერიოდამდე ითვლებოდა აღმოსავლეთის მძლავრ იარაღად დასავლეთთან ბრძოლაში.

იმპერიის მემკვიდრეობა

როდესაც საფრანგეთში რადიკალი ისლამისტი სასულიერო ლიდერების მზარდ გავლენაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროცესის სათავეებთან არა არაბები, არამედ ფრანგები იდგნენ. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მათ ჩაიყვანეს საფრანგეთში ალჟირელი ჯარისკაცებისა და მუშების “პირველი ტალღა”. საწარმოთა მეპატრონეები ალჟირელი მუშებისთვის სამლოცველოებს ხსნიდნენ და სასულიერო პირები ჩამოჰყავდათ, რადგან ისინი ხელს უწყობდნენ დისციპლინის შენარჩუნებას და ანეიტრალებდნენ ეროვნულ-გამათავისუფლებელ და კომუნისტურ პროპაგანდას. საგულისხმოა, რომ პარიზის დიდი მეჩეთის აგება 1926-ში არა მუსლიმური საზოგადოების, არამედ საფრანგეთის ხელისუფლების ინიციატივით მოხდა. იმ წლებში ფრანგული ელიტა აღიქვამდა მუსლიმ სასულიერო პირებს, როგორც მნიშვნელოვან დასაყრდენს კოლონიების დამორჩილების საქმეში. ისინი ხელისუფლების მიმართ ლოიალურები დღესაც არიან, მაგრამ აღარ შეუძლიათ რადიკალი მქადაგებლების გავლენის შეზღუდვა და შედეგიც აშკარაა – ფრანგი ძალოვანების შეფასებით, სირიაში საფრანგეთიდან დაახლოებით 5 ათასი მებრძოლი გაემგზავრა, კიდევ 15 ათასი მზადაა, მათ შეუერთდეს. ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ მათი აქტიური გულშემატკივრების რიცხვი ძალიან დიდია, თუმცა ზუსტ ციფრებს ამ შემთხვევაშიც ვერ ასახელებენ.

დასკვნები საქართველოსთვის

საქართველოში ქრისტიანებისა და მუსლიმების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. აქ, საფრანგეთთან შედარებით, დაძაბულობა გაცილებით მცირეა, მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ბოლო წლებში საქართველოში ერაყიდან, სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან ბევრი მუსლიმი ჩამოვიდა, მნიშვნელოვანი როლი ამაში სააკაშვილის ხელისუფლების “ღია კარის” პოლიტიკამ შეასრულა. ადგილობრივი მუსლიმებისგან განსხვავებით, ამ ადამიანების უმრავლესობა არ არის ინტეგრირებული საზოგადოებში და მასთან საერთო ინტერესები არ აქვს, შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ აქ, ისევე, როგორც საფრანგეთში, საკუთარი დახურული მინისამყარო შექმნან, რომელშიც საკმაოდ მაღალი იქნება რადიკალური იდეებს გავრცელების საფრთხე. ამიტომ სასურველია, ქართველებმა არ გაიმეორონ ფრანგების შეცდომა და მკვლევარებს ხელოვნური შეზღუდვები არ დაუწესონ _ მათ აქტიურად უნდა შეისწავლონ მიგრანტების მდგომარეობა და მათი განწყობა, რათა ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცეს, პოლიტიკა ამ სფეროში ზუსტ სოციოლოგიურ მონაცემებზე დააფუძნოს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here