Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი დაკარგული დროის ძიებაში

ბიძინა ივანიშვილი დაკარგული დროის ძიებაში

659

ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე დაბრუნდა. ის აქტიურად ჩაერთვება მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში, რაც წინასაარჩევნო სიტუაციაში საინტერესო ცვლილებებს შეიტანს.

2013-ში პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილმა ჩამოაყალიბა უცნაური სისტემა კრიპტოკრატიის ელემენტებით _ არავინ უარყოფს, რომ ხელისუფლებას კულისებიდან ივანიშვილი აკონტროლებს, მაგრამ ყველას უჭირს იმის დადგენა, რამდენად ერევა ის ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში. ბიძინა ივანიშვილი დროდადრო ჩნდებოდა მედიაში და “ქართული ოცნების” შეხვედრებს ესწრებოდა, თუმცა მომაბეზრებელი სიხშირით ეს ნამდვილად არ გაუკეთებია (ალბათ, აქვე უნდა გავიხსენოთ ტელეწამყვანის როლის ათვისების წარუმატებელი მცდელობაც; ამ შემთხვევაში ივანიშვილის ამბიციები და პოლიტიკური მიზანშეწონილობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შევიდა). მალე მას ეკრანებზე გაცილებით ხშირად ვიხილავთ _ ივანიშვილი “ქართული ოცნების” კამპანიაში ერთვება და, ალბათ, შტაბის მუშაობაშიც ისევე მიიღებს აქტიურ მონაწილეობას, როგორც 2012-ში.

ივანიშვილის გამოსვლა კულისებიდან, ირიბად მიუთითებს, რომ მმართველ პარტიას სერიოზული პრობლემები შეექმნა და მისი ლიდერი იძულებულია, სიტუაციის გამოსასწორებლად სასწორზე საკუთარი ავტორიტეტი შეაგდოს. ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო, ივანიშვილი, ალბათ, უბრალოდ დალოცავდა თავის ფავორიტებს და რამდენიმე მხარდამჭერი ინტერვიუს გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. არ იქნებოდა საჭირო ის, რასაც ივანიშვილი შემდეგნაირად აღწერს: “ვგეგმავ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს. შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტებისა და ფეისბუქმომხმარებელთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი”.

ყოველივე ეს უდავოდ წაადგება მმართველ პარტიას, მაგრამ, ამასთანავე, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოების დამოკიდებულებაში ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის მიმართ. წამით წარმოვიდგინოთ, რომ მარიონეტთა თეატრში სპექტაკლის დროს რეჟისორი სცენაზე გამოდის და მაყურებლისთვის რაღაცის ახსნას იწყებს. მან შეიძლება წარმატებას მიაღწიოს და აპლოდისმენტებიც დაიმსახუროს, მაგრამ დაიმსხვრევა აღქმის სტერეოტიპი, რომელიც ქართველ საზოგადოებაში ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრდა, და ამიერიდან ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ურთიერთდამოკიდებულებას სხვაგვარად აღიქვამს. თუ ადრე მათი რეიტინგების ცვლილების დინამიკა იდენტური არ იყო და, ასე თუ ისე, მუშაობდა ლეგენდაკეთილი მეფისა და ბოროტი ვაზირებისშესახებ, მომავალში ვითარება, დიდი ალბათობით, შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნების” “ამოსაქაჩადპირადი პოლიტიკური რესურსის დიდ ნაწილს დახარჯავს და მის მომავალ მოქმედებაზე პასუხისმგებლობას დაიკისრებს. გარკვეული (მეტწილად მოჩვენებითი) დისტანცირება პროცესებისგან, რომელსაც ადგილი 2014-15 წლებში ჰქონდა, მომავალში შეუძლებელი გახდება.

საქართველოს უახლესი ისტორია ცხადყოფს: სახელისუფლო პარტიას 10 წელიწადიც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ გაიაროს გზა დაფუძნებიდან სრულ დეგრადაციამდე. თუმოქალაქეთა კავშირისადანაციონალური მოძრაობისგამოცდილებას გავიხსენებთ დაქართული ოცნებისდღევანდელ მდგომარეობას შევაფასებთ, შეიძლება გაგვიჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგოცნებისდაღმასვლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ივანიშვილს მოუწევს ან პარტიის ძირფესვიანი რეფორმირება, ან მასთან ერთად ჩაძირვა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, აქტიური ჩართვა წინასაარჩევნო პროცესებში უფრო მჭიდროდ დააკავშირებს მის ბედსქართულ ოცნებასთან”, ვიდრე (სავარაუდოდ) სურს; რაღაც მომენტში ეს შეიძლება დაემსგავსოს ცურვას ფეხებზე მიბმული ლოდით.

თავის ბოლო მიმართვაში ივანიშვილმა ბევრი დრო დაუთმო იმის მტკიცებას, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებთან შედარებით სიტუაცია სერიოზულად გაუმჯობესდა. ეს უდავოდ ასეა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მაგრამ ივანიშვილის შეფასება _ “ავტორიტარული ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე გადავიყვანეთ” _ მეტისმეტად თამამად გამოიყურება. გაცილებით სწორი იქნება იმის თქმა, რომ სადისტური, უტვინო და შიზოფრენიული რეჟიმი ფრთხილმა, გაწონასწორებულმა და ცბიერმა რეჟიმმა ჩაანაცვლა. რთულია საუბარი კლასიკურ დემოკრატიაზე იქ, სადაც საბოლოო სიტყვა ნებისმიერ საკითხზე არაფორმალურ მმართველს ეკუთვნის, ადგილი აქვს საგარეჯოს არჩევნების მსგავს სამარცხვინო ეპიზოდებს, ხოლო კანონის უზენაესობა ექვემდებარება პოლიტიკურ კონიუნქტურას (ამის მთავარ, მაგრამ არა ერთადერთ ილუსტრაციას წარმოადგენს სამართლიანობის არაღდგენა კოაბიტაციიდან გამომდინარე). ქართული ოცნებაც”, მისი საკადრო პოლიტიკით თუ გადაწყვეტილებების მიღების სისტემით, აშკარად არადემოკრატიული ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენებული ფენომენია და მისი გაჯანსაღების პერსპექტივა ფრიად სათუოა.

ივანიშვილის მიმართვაში ერთ-ერთ ადგილს იკავებს საფრთხე, რომელიც ქვეყნის სიღარიბიდან მომდინარეობს: “დღევანდელ საქართველოში პოლიტიკურ პრობლემებს მნიშვნელოვანწილად ქმნის ის, რომ, ერთი მხრივ, გვაქვს მაღალი ხარისხის დემოკრატია და, მეორე მხრივ, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკის განვითარება. ასეთი განსხვავება დემოკრატიისა და ეკონომიკის დონეებს შორის იშვიათია და ძნელად თუ სადმე მოიძებნება. როგორც წესი, დემოკრატიის ხარისხი შეესაბამება ეკონომიკის განვითარებას. დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ავტორიტარიზმში დაბრუნების ნიადაგს ქმნის, ხოლო ქვეყნის მომავალი დემოკრატიის განუხრელად განვითარებას მოითხოვს”. აქ პრობლემის არსი მონიშნულია სწორად, მაგრამ, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ რამდენიმე გარემოება:

1. ეს არ არის “მაღალი ხარისხის დემოკრატია”. შესაძლოა, ეს არ არის დემოკრატია საერთოდ, არამედ _ ჰიბრიდული რეჟიმი დემოკრატიის ელემენტებით მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებშიც მართვისა და კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენება შეუძლებელი ან ნაკლებად ეფექტურია;

2. დემოკრატიული რეფორმები ვერ შეჩერდება და ვერ დაელოდება ეკონომიკის გაძლიერებას (სააკაშვილის რეჟიმი სწორედ ამის “აუცილებლობას” ქადაგებდა;

3. რაღაც მომენტში “ქართული ოცნების” არადემოკრატიული ბუნება რეფორმების აუცილებლობასთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შევა (თუ ეს უკვე არ მოხდა).

ვასილი გროსმანის რომანში “ცხოვრება და ბედისწერა”, ყველა მისი მინუსის მიუხედავად, არის ერთი კარგი მონაკვეთი ადამიანისა და ეპოქის ურთიერთდამოკიდებულებაზე: სამეფო დარჩა, მისი დრო კი წავიდა. ადამიანი არის, მისი დრო კი გაქრადროს უყვარს მხოლოდ ის, ვინც შვასაკუთარი გმირები, საკუთარი მშრომელები. ის არასოდეს შეიყვარებს ძველი დროის გმირებს, არც ქალებს უყვართ ძველი დროის გმირები და არც დედინაცვლებს _ გერები. აი, ასეთია დროყველაფერი მიდის, ის კი რჩება. ყველაფერი რჩება, დრო კი მიდის. ასე მსუბუქად, უხმაუროდ მიდის დრო. ჯერ კიდევ გუშინ ასეთი თავდაჯერებული, მხიარული, ძლიერი იყავი: დროის შვილი. დღეს კი მოვიდა სხვა დრო, მაგრამ შენ ეს ჯერ ვერ გაიგე”.

თუ ამ ციტატას თანამედროვე ქართული პოლიტიკის კონტექსტში განვიხილავთ, უპირველესად, ალბათ, მიხეილ სააკაშვილი გაგვახსენდება, რომელმაც, უბრალოდ, “გამოტოვა” ის მომენტი, როდესაც მისი ეპოქა დასრულდა. მისი რეჟიმის რესტავრაცია რომც მოხდეს (ძნელი წარმოსადგენია, თუმცა წამით დავუშვათ), 99%-იანი ალბათობით, ისეთივე უნაყოფო და უსახელო იქნება, როგორც ბურბონების რესტავრაცია 1814-ში, სწორედ იმიტომ, რომ ამ ტიპის რეჟიმისთვის განკუთვნილი ისტორიული დრო დასრულდა, საზოგადოება კი წინ წავიდა და სხვა ეპოქაში გადაინაცვლა.

საგულისხმოა, რომ “წარსულში დაბრუნების საფრთხე” ივანიშვილის მიმართვის ერთ-ერთი ქვეთავის სათაურია, რომელშიც ის “ნაციონალებისგან” მომდინარე საფრთხეზე საუბრობს ჰქვია. ეჭვგარეშეა, რომ “ქართული ოცნება” გამოიყენებს სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხობელას, რათა ელექტორატის მობილიზება მოახდინოს.

დროებით თავი დავანებოთ სააკაშვილს, რომელიც, უკრაინულ მედიას თუ დავუჯერებთ, ისევ კორუფციულ ჭაობში ჩაეფლო (ამჯერად ოდესაში) და საქმე შეიძლება დასაჭერად გაუხდეს.

საქმე ისაა, რომ ასევე სწრაფად და ულმობლად იწურება “ქართული ოცნებისთვის” და მისი ლიდერისთვის განკუთვნილი დრო. თუ ივანიშვილის რწმენას გავიზიარებთ და დავუშვებთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით დაემსგავსება საშუალო ევროპულ (კი, ბატონო, აღმოსავლეთევროპულ) ქვეყნას, მასში აღარ დარჩება ადგილი არც არაფორმალური ავტოკრატიული მმართველობისთვის, არც ბელადის ერთგულებაზე ორიენტირებული პარტიისთვის, არც მახინჯი კლანური და ნეპოტისტური ტრადიციებისთვის.

წინა პლანზე “ნაცმოძრაობასთან” ბრძოლის წამოწევით მმართველი პარტია, პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ალბათ, გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და უბიძგებს მოქალაქეების ნაწილს “ნაკლები ბოროტება” (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”) აირჩიოს. მაგრამ ამით ის აკეთებს არჩევანს წარსულის (მასთან დაკავშირებული პრობლემების, პოლიტიკის, ეთიკის და ა.შ.) სასარგებლოდ და საკუთარ თავს შესაძლებლობას უზღუდავს, მომავალში შეაბიჯოს. მართალია, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების, მათ შორისნაცმოძრაობისდასამარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას წარსულზე მუდმივი ფიქრი სწყურია.

საუკუნეებია, გრძელდება კამათი იმის თაობაზე, რატომ არ შეუშვა უფალმა მოსე აღთქმულ მიწაზე, არამედ მხოლოდ შორიდან დაანახვა ის, მაგრამ პასუხი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, დღემდე ვერ მოიძებნა. ნებისმიერ ადამიანს, უპირველესად კი მმართველს, დიდი სულიერი ძალა და გონიერება სჭირდება იმისთვის, რომ წინასწარ განჭვრიტოს თავისი ეპოქის გარდაუვალი დასასრული, არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და პროგრესულ ცვლილებებს გზა არ გადაუღობოს. სააკაშვილმა ეს ვერ შეძლო და მისი რეჟიმის გაჭიანურებულმა აგონიამ ქვეყანას ბევრი, განვითარებისთვის აუცილებელი დრო დააკარგვინა. მოახერხებს თუ არა ამას ივანიშვილი? აცნობიერებს თუ არა ის, რომ ახალი რეჟიმი, მიუხედავად იმისა, გაცილებით სჯობს ძველს, მალე სრულ ანაქრონიზმად გადაიქცევა, ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის სტილი. ამას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო ციკლებთან ან კალენდარულ პერიოდებთან _ საუბარია საზოგადოების განვითარებაზე და ცალკეული ადამიანების ადგილზე ამ პროცესში. ოქტომბრის არჩევნები ამ კონტექსტში ყველაზე მცირე პრობლემაა და მას ივანიშვილი “ქართულ ოცნებასთან” ერთად, დიდი ალბათობით, მოიგებს. ყველაზე საინტერესო პროცესები კი ამის შემდეგ, ალბათ, ერთ წელიწადში დაიწყება, როდესაც ხელისუფლება მოულოდნელად მიხვდება, რომ საზოგადოებას რაღაც სხვა, მისთვის ამოუცნობი სურს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here