Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნების” სიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით...

თამაზ მეჭიაური: “ქართული ოცნების” სიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით აღმოჩნდნენ

605

კოალიციაქართული ოცნებისწევრი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური, რესპუბლიკური პარტიისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებს გამო საკუთარი გუნდიდან, ფაქტობრივად, გარიყული აღმოჩნდა. ის არც რამდენიმე დღის წინათ გამართულქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს ყრილობას დასწრებია და უკვე პარტიის დატოვებაზეც ალაპარაკდა. მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე თამაზ მეჭიაურისაქართველო და მსოფლიოსესაუბრა.

_ ბატონო თამაზ, თქვენ არ ესწრებოდითქართული ოცნებისპოლიტიკური საბჭოს ყრილობას, შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან გუნდის წევრი აღარ ხართ?

_ ასე კატეგორიულიც არ მინდა ვიყო. რა თქმა უნდა, ბევრ საკითხში ამ გუნდის თანამოაზრე ვარ, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჩვენი აზრები გაიყო, მათ შორის, მთავარია ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ მიგვიღებს ნატოში, თუ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე და, აქედან გამომდინარე, ნატოში შესვლა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ უნდა მოხდესო. როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა ეს განცხადება ასეთი მიუღებელი თქვენი გუნდისთვის, ხელისუფლების მთავარი მიზანიც ხომ სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს?

_ როგორც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ასევე, შემდგომაც ჩვენთან რატომღაც ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ნატოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ხელშეუხებელია. ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ყველაფრის, მათ შორის, ყველაზე წმინდა ფასეულობების, პატივსაცემი პიროვნების კრიტიკაც კი დასაშვებია და ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით აიხსნება, მაგრამ ტაბუდადებული და ხელშეუხებელია მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ, თუ ნატოს მიმართ ეჭვი გაგიჩნდა და კრიტიკული მოსაზრება ირიბად მაინც გამოთქვი, მაშინვე კრემლის აგენტად და სამშობლოს მოღალატედ შეგრაცხავენ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მძევალი ახალი ხელისუფლებაც გახდა.

საქართველოში მოდურია ასეთი ტენდენცია _ იქმნება რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინვე იწყებს სხვებთან შეჯიბრებას, რამდენად უფრო ევროატლანტიკურია, თუმცა მათი მხრიდან, ვინც საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამის სურვილსა და მზადყოფნას ვერ ვხედავ. ნატოს ძირითადი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები დელიკატურად, მაგრამ მაინც ხაზგასმით გვეუბნებიან, უახლოეს მომავალში ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრების საკითხი არ განიხილება და, საერთოდ, ნატოს გაფართოება შეჩერებულიაო. ის ადამიანები კი, რომლებზეც ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული არ არის, აქტიურობენ და ჩვენს მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდებაო.

_ როგორც აღნიშნეთ, ნატოს წევრი არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველოს ჯერჯერობით ნატოში არ მიიღებენ. ამის მიუხედავად, ყველა ხელისუფალი საპირისპიროში რატომ არწმუნებს მოსახლეობას?

_ არ ვიცი, არა მგონია, ხელისუფლებაში ისეთი გულუბრყვილოები იყვნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ, რა ხდება სინამდვილეში. თუ პოლიტიკოსების ერთ ნაწილს, მაგალითად, ნაციონალებსა და რესპუბლიკელებს, შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები აქვთ ქვეყნის გარეთ არსებულ პოლიტიკურ ძალებთან, ვინაიდან სწორედ მათი წყალობით მოხვდნენ ხელისუფლებაში, მიკვირს, რატომ არის ანალოგიურ აზრზე ეს ხელისუფლება…

_ მაგრამ დამოუკიდებელია კი ხელისუფლება? რაზე მიანიშნებს თუნდაც ის, რომ ნატოსადმი კრიტიკული განცხადების გამო გუნდის წევრებმა, ფაქტობრივად, გაგრიყეს

_ მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლებაც არ არის სრულიად დამოუკიდებელი და ზუსტად იმისთვის, რომ დამოუკიდებელი გახდეს ხელისუფლება, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ. ყველა გემოვნების ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება, რადგან პარლამენტი სწორედ მოსახლეობის განწყობას უნდა ასახავდეს. დღეს კი ასე არ არის. “ქართულ ოცნებაში” შეიყვანეს ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ, მაგრამ უცხოელი ლობისტების წყალობით ისინი არა მხოლოდ პარტიულ სიაში და,შესაბამისად, პარლამენტში მოხვდნენ, არამედ უზარმაზარი სახელისუფლო ბერკეტები ჩაიგდეს ხელთ და ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას, ფაქტობრივად, ისინი მართავდნენ.

_ ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ხალხის იმედები არ გამართლდა და პრეზიდენტი თუ კოალიციაში შემავალი პარტიები, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ხალხმა მხოლოდ ერთი ადამიანის _ ბიძინა ივანიშვილის გამო აირჩია?

_ პოლიტიკურ შეცდომებზე, რომლებსაც სერიოზული დანაშაული არ მოჰყოლია, პოლიტიკოსი ან პოლიტიკური გუნდი პასუხს აგებს არჩევნებზე, სადაც ის ხალხის, ამომრჩევლის მხარდაჭერას ვეღარ მიიღებს.

_ რაც შეეხება რესპუბლიკელებს, თქვენ ხომ თავიდანვე იცოდით, რომ კოალიციაში იქნებოდნენ რესპუბლიკელები, მაგრამ დათანხმდით მათთან ერთ გუნდში მუშაობაზე. ისინი კარგა ხნის განმავლობაში არ გაგიკრიტიკებიათ. რატომ იყავით ჩუმად და რა მოხდა ბოლო პერიოდში ისეთი, რამაც თქვენი აღშფოთება გამოიწვია?

_ კენჭს, თავდაპირველად, მაჟორიტარ დეპუტატად ვიყრიდი, შემდეგ მთხოვა ბატონმა ბიძინამ და მოვხსენი ჩემი კანდიდატურა ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მომითხოვია. სიაშიც სადღაც სამოცდამეერთედ ჩამსვეს. კრიტიკას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ კოალიციისა თუ ფრაქციის დახურულ შეკრებებზე ერთმანეთისთვის კრიტიკა არ დაგვიკლია. სხვათა შორის, ჩემზე ღია თავდასხმები პირველად სწორედ რესპუბლიკელების მხრიდან დაიწყო. ერთი წლის წინათ, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი გავაკრიტიკე, რესპუბლიკელები დამესხნენ თავს და შეურაცხმყოფელი გამოთქმები სწორედ მათგან წამოვიდა. ბოლო პერიოდში კი ჩვენი დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები გავაკრიტიკე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს წვრთნები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია და შეიძლება სერიოზული პროვოცირების მიზეზიც გახდეს. სწორედ ჩემს ამ განცხადებას მოჰყვა რესპუბლიკელების მკვეთრი რეაქცია.

_ თუ პარტიას ჩამოაყალიბებთ, რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტული საგარეოპოლიტიკური მიმართულებით?

_ თუ საკუთარ პარტიას ჩამოვაყალიბებ, ამით მოსახლეობას მივცემ არჩევანის უფლებას. ეს არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი იმის გასაგებად, _ რა სურს მოსახლეობას. იმ ამომრჩეველსაც უნდა ჰქონდეს სასურველი პოლიტიკური გუნდის არჩევის საშუალება, რომელსაც ნატოს მიმართულებით უნდა სვლა; იმასაც, ვინც მოსკოვში ხედავს ხსნას; და იმასაც, ვისაც ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული ხელისუფალის არჩევა სურს. და თუ ხალხის ნება იქნება, მომავალ პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრო ეროვნულ ფასეულობებზე იქნებიან ორიენტირებულნი. წინა პლანზე ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს წამოწეული (და არა სხვა დანარჩენი, დასავლეთი იქნება ეს, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი) და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თვითმყოფადობისა და ფასეულობების შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს.

ამერიკასთან, რუსეთთან თუ ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა უნდა იყოს მხოლოდ საშუალება მიზნის მისაღწევად, თორემ ზოგიერთს პროდასავლელობა ნატოს მხარდაჭერად წარმოუდგენია და ჰგონია, რომ მაინცდამაინც იქიდან ვიღაცამ იძულებით უნდა მოახვიოს თავს ხელისუფლებას, სიებში მათთვის სასურველი პოლიტიკოსები შეიყვანოს, როგორც 2012 წელს მოხდა. დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნებისსიაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები უცხოელი ლობისტების მეშვეობით აღმოჩნდნენ, რომლებიც შემდგომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უცხოელი ლობისტების წინაშე ვალში იყვნენ, ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკას ატარებდნენ და გარედან თავს მოხვეული გადაწყვეტილებების მიღებას ლობირებდნენ.

 ასევე დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, არჩევნების ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება ქართული სინამდვილისთვის შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის პატიოსნებაში, ის მოსახლეობას თავისი ნების გამოხატვის საშუალებას მისცემს.

_ საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღებთ?

_ დიახ, გადაწყვეტილება თითქმის მიღებული მაქვს, მაგრამ ვაპირებ, ბოლომდე გავარკვიო ურთიერთობები ყოფილ და ახლანდელ პრემიერებთან. ეს პროცესი, ფაქტობრივად, დაწყებულია. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები დავამთავრე და ახლა ვაპირებ, გიორგი კვირიკაშვილს შევხვდე, რადგან მას დიდ პატივს ვცემ და ამას გარდა, არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც თანაგუნდელები ერთმანეთს ლანძღვითა და ქვების სროლით შორდებიან. გავესაუბრები და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ.

_ ბიძინა ივანიშვილმა როგორ შეაფასა თქვენი ბოლოდროინდელი განცხადებები?

_ ზრდასრული ადამიანები ვართ და ერთმანეთის მოსაზრებებს პატივს ვცემთ მაშინაც კი, თუ ეს მოსაზრებები განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ის ცდილობდა, დაესაბუთებინა, რომ ჩემს აზრს არ აქვს პერსპექტივა; მე კი, მიუხედავად ჩემი მისდამი პატივისცემისა, ვერ მივიღე ყველა კითხვაზე ისეთი პასუხი, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ნატოს წევრობა უახლოეს მომავალში შესაძლებელია…

და მოდი, ისიც ვთქვათ, რომ წევრობასაც გააჩნია. როდესაც თავის დროზე, პლებისციტის შედეგად, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ნატოს წევრობას, იგულისხმებოდა, რომ საქართველო ყველა თავისი ტერიტორიით უნდა ყოფილიყო ნატოს წევრი. და, თუ ახლა ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა გახდეს ნატოს წევრი, ამაზე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, არ მიუცია მანდატი ხელისუფლებისთვის. ამიტომ ასეთ საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქართველოს ნატოს წევრობაზე საუბარი. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელი განწყობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთ გადაწყვეტილებას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

_ პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლების მწვავე კრიტიკა დაიწყო და ახალი გუნდითა და სერიოზული მიზნებით მოდის პოლიტიკაში. მასთან თუ ითანამშრომლებთ?

_ პაატა ბურჭულაძესთან თანამშრომლობა დაახლოებით ნიშნავს “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და, ალბათ, მასთანაც ისევე ვითანამშრომლებთ, როგორც ნაციონალებთან. პაატა ბურჭულაძის პარტია ნაციონალების ერთ-ერთი განშტოებაა.

_ “ქართული ოცნებისპოლიტსაბჭოს სია ცნობილია. როგორ შეაფასებთ ახალ შემადგენლობას?

_ კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან ნაკლებად ვიცნობ ახალ სახეებს. ისინი რატომღაც არ მახსოვს იმ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

  1. მართალია ეს კაცი, მოღალატე სააკამ და სხვა მოღალატეებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ
    ნატოს კარები დახშულიყო სამუდამოდ, სანამ ძლიერი რუსეთი იარსებებს, ხოლო თუ
    რუსეთი დაინგრა ჩვენ ნანგრევებში მოვყვებით და დედა აღარ გვეყოლება. ლეკიანობა
    მერე ნახეთ.

  2. მეჭიაური მართალს ბრძანებს,ქართველ ხალხს არ უნდა ნატო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს(და არა სამხრეთ ოსეთის)გარეშე.ერთსაც შეგახსენებთ:კიპროსის რესპუბლიკა ნატოს წევრიც იყო და ახლა ევროკავშირისაც,მაგრამ ორმოცი წლის წინ მისთვის თურქეთის მიერ წართმეული ტერიტორია არავის არ დაუბრუნებია.ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის მაგალითი უნდა იყოს.

  3. მხარს დავუჭერ იმ პოლოტიკურ ძალას რომელიც საქმით გააკეტებს რამეს ნათოში შესასვლელეადდა არა ჭორებიტ, რადგან ისინი ვინც მართლა გადაწყვეტილებებს ღებულობს ნატოში ამბობენ ნატოს გაფართოება არ იგეგმებაო და ვისაც ხმების უნდა არცევნებში ალბატ გვატყუებენ დადეთ შედეგი და გაძლევთვ ხმას ტუ არადა არა

  4. ჩემინ აზრიტ მეჭიაური გულწრფელია სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებიტ ის ამბობს იმას რასაც ფიქრობს

  5. მეჭიაური ნამდვილად გულწრფელია და ნამდვილად კარგი მთიულია თავისი მთიულური თვისებებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here