Home რუბრიკები პოლიტიკა ნიაზ ბოლქვაძე: აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის და თურქეთის ჩაის პლანტაციებში სხვადასხვა...

ნიაზ ბოლქვაძე: აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის და თურქეთის ჩაის პლანტაციებში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს, ვინაიდან თავის გადარჩენის ერთადერთ გზას ამაში ხედავს

686

აჭარის მამულიშვილთა კავშირისთავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს; მიაჩნია, რომ აჭარის რეგიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტას ასე უკეთ მოახერხებს. ბატონი ნიაზი სამომავლო გეგმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება.

_ ბატონო ნიაზ, ახლახან გაავრცელეთ მიმართვა, რომელშიც ქვეყანაში შექმნილ სამწუხარო რეალობაზე საუბრობთ. რამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?

_ ხელისუფლება ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ამ მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ რეგიონში, ჩვენი ხალხის ინტერესებს ვერ იცავს და ეროვნულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. ყველა მიმართულებით იმდენი პრობლემაა როგორც აჭარაში, ასევე სრულიად ქვეყანაში, რომ აუცილებლობად მივიჩნიეთ, მონაწილეობა მივიღოთ მომავალ არჩევნებში, გავიმარჯვოთ და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე, საქართველოს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენელი გვყავდეს, რათა თავად მოვახერხოთ იმ საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. უამრავი პრობლემის გადასაწყეტად მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენი ყველა მიმართვა თუ თხოვნა უყურადღებოდ დარჩა.

სახალხო შემოწირულობებით თანხა შევაგროვეთ, აჭარაში ოსმალთაგან გათავისუფლების მემორიალი რომ დაგვედგა, მაგრამ მთავრობამ დაპირება მაინც არ შეასრულა და ეს მაშინ, როცა ბათუმში მამათმავლების ძეგლი დგას. როდესაცქართულმა ოცნებამგაიმარჯვა, შევთავაზეთ ამ სკულპტურის აღება, მაგრამ ამის ნაცვლად ჩამტვრეული გული შეაკეთეს. არადა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი საჯაროდ დაჰპირდა ხალხს, რომ აჭარაში ოსმალთაგან გათავისუფლების მემორიალი აღიმართებოდა, შემდეგ კი სიტყვა უკან წაიღო, რადგან, როგორც ჩანს, საქმეში ჩაერივნენ როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე თურქეთის წარმომადგენლები. არ მინდა, ისე გამოჩნდეს, თითქოს მხოლოდ ძეგლებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ქვეყნის იდეოლოგიას ეხება.

ისეთი მამულიშვილური ინიციატივები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება, ყველგან იბლოკება. დღეს ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ ჩვენი მიმართვის მთავარი მიზანია, პოლიტიკოსებმა შეწყვიტონ იმ მეთოდების გამოყენება, რომლებითაც დღეს მოქმედებენ. პოლიტიკური პარტიები, იქნება ეს სახელისუფლო თუ ოპოზიციური, მოსახლეობას ანგარიშს არ უწევენ. ვინაიდან სასურველ კანდიდატს ვერ ხედავს, ხალხი არ მიდის არჩევნებზე. საბოლოოდ ვიღებთ ისეთ პარლამენტსა თუ საკრებულოს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. სინამდვილეში პარლამენტი, საკრებულო, აჭარის უმაღლესი საბჭო თუ სხვა სახელმწიფო ორგანოები ბრძენთა კრებულს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ისეთი მეთოდებით, როგორითაც დღეს კანდიდატებს არჩევენ, მოლაყბეთა და უსაქმურთა კრებულს ვიღებთ, ეს სამწუხარო რეალობაა. ამას თავი რომ დავაღწიოთ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ვაიძულოთ, ანგარიში გაუწიოს ხალხის ინტერესებს. არ შეიძლება, ჯარიმებით აიძულო მოსახლეობას არჩევნებზე მისვლა.

არსებული ვითარება მომავლის იმედს არ გვაძლევს. უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას. აზროვნების ეკოლოგია კაცობრიობის ხსნის მთავარი საშუალებაა. ახლა ამ საარჩევნო პროცესს სწორედ ეს აზროვნების ეკოლოგია სჭირდება.

_ თქვენი ორგანიზაცია არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რის შეცვლას აპირებთ პოლიტიკაში და რა სიახლეს შესთავაზებთ ხალხს, რომელიც, როგორც მიმართვაში აღნიშნავთ, დაიღალა და აღარ ენდობა პოლიტიკოსებს?

_ დღეს ხელისუფლებას მთავარ პრიორიტეტად აჭარაში ტურიზმის განვითარება აქვს დასახული, რაც შეცდომაა. არ შეიძლება, ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარების დასახვა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნა უნდა იყოს, ამიტომ აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება. არ შეიძლება, აჭარას თავისი პორტი არ ჰქონდეს. იტალიის მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, იქ ტურიზმთან ერთად სოფლის მეურნეობის განვითარებაც პრიორიტეტულია. ტურიზმი მაშინ არის კარგი, როცა ტურისტს ადგილობრივი სოფლის მეურნოების პროდუქციას შევთავაზებთ. ჩვენთან კი რა გამოდის? პროდუქციის დიდი ნაწილი მეზობელი თურქეთიდან შემოდის. აჭარაში ყოველ ფეხის ნაბიჯზეა თურქული კაფებარი და, რომ შეამოწმოთ, იქ ისევ თურქული პროდუქციაა წარმოდგენილი. ხომ შეიძლება, ქართულმა პროდუქციამ თურქულს გაუწიოს კონკურენცია? მაგრამ ამისთვის ქართული პროდუქცია სახელმწიფომ უნდა დაიცვას.

ჩვენი ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში კულტურის, განათლების, სოფლის მეურნობის განვითარება. სოფლებში განადგურებულია ძველი კულტურის ცენტრები, ბიბლიოთეკები. თუ მიგრაციული პრიცესების შეჩერება და სოფლის განვითარება გვსურს, იქ ნორმალური პირობები უნდა შეიქმნას.

_ თქვენ თუ შეგითავაზებიათ რეგიონის განვითარების პროექტები ხელისუფლებისთვის?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ ორგანიზაციაში ყველა დარგის საუკეთესო სპეცალისტები გვყავს. როდესაც არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა, მიმიწვია, შევხვდი და გავაცანი ჩემი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ არაფერი გაუთვალისწინებიათ.

 ჩვენ ვიბრძოდით ხელისუფლების შესაცვლელად, შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ ვითარების ცვლილება არ იგრძნობა. ნაციონალური რეჟიმისთვის მიუღებელი ვიყავით, მაგრამ ამ ხელისუფლებისთვისაც მიუღებლები აღმოვჩნდით.

როგორც კი ეს ხელისუფლება მოვიდა, ვთხოვეთ, სარფის ტერიტორია მოეწესრიგებინათ, ვინაიდან საქართველოს მხარეს ეკლესია კაზინოებისა და სასტუმროების რეკლამებითაა აჭრელებული, მაგრამ ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ ფირმებთან გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულებები და ვერ გავაუქმებთო. ამდენი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულებებიც გააგრძელეს. უნდა იაქტიუროს ეკლესიამ, მრევლმა, ხალხმა; წესიერ ქვეყანაში ყველა ერთსულოვანი უნდა იყოს, როდესაც საქმე ქვეყნის იმიჯს, მომავალსა და ღირსებას ეხება.

მაგალითისთვის სოფლის მეურნეობა ავიღოთ. ამ დარგის განვითარება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. შარშან შეკრება გვქონდა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც მივიწვიეთ, რათა გაეცა პასუხი ჩვენს კითხვებზე, გაგვეცნო მისთვის ჩვენი იდეები, მაგრამ არ მოვიდა, მეორე დღეს დარეკა, მოგვიბოდიშა და გვითხრა, ჩვენ ვზრუნავთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეო, თუმცა ამ მიმართულებით ვერანაირ ზრუნვას ვერ ვხედავთ. ზრუნვა მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ.

გაზაფხულზე აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიდის და თურქეთის ჩაის პლანტაციებში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს, ვინაიდან თავის გადარჩენის ერთადერთ გზას ამაში ხედავს. დიდმა ფრანგმა მოაზროვნემ და განმანათლებელმა ჟან ჟაკ რუსომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ თქვა, როდესაც ქვეყნიდან მოსახლეობა სხვა სახელმწიფოებში გაედინება ლუკმაპურის საშოვნელად, შეუძლებელია ამ ქვეყნის წარმატებაზე ლაპარაკიო.

მთავრობამ ბათუმის ბულვარის მესამე ზოლის აღსადგენად ათი მილიონი ლარი გამოყო, როდესაც საქართველოში ჩაის განვითარებისთვის მხოლოდ სამ მილიონ-ნახევარია გათვალისწინებული. დასკვნა თავად გამოიტანეთ…

_ თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებთ, ვინ მიგაჩნიათ ნათელ წერტილად ქართულ პოლიტიკაში, ვისთან ითანამშრომლებდით?

_ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ჭეშმარიტად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ითანამშრომლოს ყველა სახელმწიფოსთან თუ ორგანიზაციასთან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა თუ ნატო. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება. ეს შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, გვაქვს ამის სურვილი თუ არა. ნამდვილი პოლიტიკოსისთვის უპირველესი საკუთარი ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქროს სხვა სახელმწიფოებთან მეგობრობაზე, დღეს კი ჩვენ თავს გვახვევენ სხვა სახელმწიფოებთან მეგობრობას, თითქოს ამ სახელმწიფოებს არაფერი უნდოდეთ ჩვენგან, სინამდვილეში, ყველაფერი წაიღეს _ მატერიალურიც და სულიერიც.

_ თურქეთს გულისხმობთ?

_ არამხოლოდ თურქეთს, ყველას… სამწუხაროდ, საქართველოს ღუპავს ფსევდოპატრიოტიზმი, რომელსაც ძალიან ბევრია ამოფარებული. ქვეყანას ღუპავს ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის გულგრილობაც.

ამიტომ დროა, ყველაფერს ფარდა აეხადოს. მივმართავ მოსახლეობას: არჩევნებში ყურადღება უნდა მივაქციოთ კანდიდატის ბიოგრაფიას. მხოლოდ არჩევნების წინ გაიგებს ხოლმე ხალხი, ვინ არის სიაში ან რამდენიმე წელი გავა და მერე ვიგებთ, ვინ არიან ჩვენი დეპუტატები. პარტიის ლიდერს ისე შეჰყავს სიაში ადამიანები, რომ მოსახლეობის აზრს საერთოდ არ ითვალისწინებს. ჩემი მიზანია, გამოვავლინოთ ეს ადამიანები და არ დავუშვათ მათი მოხვედრა პარტიულ სიებსა და საკანონმდებლო ორგანოებში.

არაერთ პარტიას მივმართეთ, მაგრამ აჭარის რეგიონში ჩვენთვის პარტიების კარი დახშული აღმოჩნდა. ხელს გვიშლიან ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ, შემდეგ კი “ქართულ ოცნებაში” აღმოჩნდნენ და მომავალში კიდევ სხვა პარტიებში იქნებიან. ეს უნდა დასრულდეს. თუ მოსახლეობა ერთსულოვანი არ იქნება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, არაფერი შეიცვლება. გამოსავალი, ქვეყნის გადარჩენა და ღირსეული მომავალი მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე, მართალი, ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანების მხარდაჭერაშია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here