რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ოფიციალური თბილისის მხრიდან “ანტირუსული გამოხდომების მკვეთრი გააქტიურება” შეინიშნება.
“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრაზე პრაღაში ჩვენ მოვუწოდეთ პარტნიორებს, დაიცვან ზომიერება საკუთარ პიარვარჯიშებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესისთვის”, _ ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ქართული კონფრონტაციული პროპაგანდა უარყოფითად მოქმედებს ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროზე და ამავე კონტექსტში განიხილავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. რუსეთის საგარეო უწყება ამ ანგარიშებს უწოდებს “აშკარა ცილისწამებას” აფხაზეთის, “სამხრეთ ოსეთისა” და რუსეთის მიმართ.
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კონსტრუქციულ ჭრილში გაიმართება, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია კვლავ წამოწევს საკითხს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების გაფორმების შესახებ.