უკრაინის 24 მოქალაქე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან ამერიკელთა მითითებით უკან გააბრუნეს. ტურისტების ჯგუფი კიევიდან პარიზის გავლით ამერიკის ქალაქ მაიამიში უნდა ჩაფრენილიყო, მაგრამ უკრაინელები, მიუხედავად იმისა, რომ ვიზები გაფორმებული ჰქონდათ, აშშ–ში არ შეუშვეს.
“ასეთი დამცირება არასდროს განმიცდია. ძალიან უხეშად გვეპყრობოდნენ, თითქოს ბოროტმოქმედები ვიყავით. აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში იატაკზე დაგვყარეს. იქ მხოლოდ 9 სავარძელი იდგა, ჩვენ კი 24 ვიყავით. რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე ვიწექით. წყლის დალევის უფლება მხოლოდ 3 საათის შემდეგ მოგვცეს. 24 საათის შემდეგ კი ბადრაგის თანხლებით თვითმფრინავში ჩაგვსვეს და კიევში გამოგვაბრუნეს. აი, ასეთი საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდა”, _ განუცხადა ახალი ამბების ფედერალურ სააგენტოს ანასტასია სირენკომ, ტურისტული ფირმა Inecto tour-ის თანამშრომელმა. სწორედ ამ ფირმის ორგანიზებული იყო ტური აშშ-ში.
“როგორც კი კითხვების დასმა დავიწყეთ, თუ რატომ გამოგვამწყვდიეს პოლიციის განყოფილებაში, გვითხრეს, რომ, თუ არ გავჩუმდებოდით, ბორკილებს დაგვადებდნენ. ხშირად ვმოგზაურობ, მაგრამ ასე არასოდეს მოგვქცევიან არც ფრანგები და არც ამერიკელები”, _ განაცხადა პენსიონერმა ქალმა.
ფრანგული პრესა წერს, რომ გადაწყვეტილება უკრაინელი ტურისტების დეპორტაციაზე მიიღეს არა ფრანგებმა, არამედ აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მითითება მისცეს ფრანგ სამართალდამცველებს, უკრაინელთა დეპორტაცია განეხორციელებინათ.