Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი ზრადა ვის პერემოგაშია*

ვისი ზრადა ვის პერემოგაშია*

613

მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს, _ გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ მკითხველები, რომლებიც გასულ კვირას უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს გაეცნენ. უფრო მეტად ვისი ეშინია მიხეილ სააკაშვილს _ უკრაინელი მინისტრების თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების? რა აკავშირებს ყოველივე ამას ქართულ პოლიტიკასთან?

უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა “korespondent.net”-მა უცნაური დოკუმენტი გამოაქვეყნა. ის შეიცავს სატელეფონო საუბრების სტენოგრამას, რომელიც თითქოს შედგა ოდესის ოლქის სამძებროს ხელმძღვანელ ანდრეი პინიგინსა და ოდესის პოლიციის ერთ-ერთი რაიგანყოფილების უფროს ვიტალი სიმონენკოს შორის. დოკუმენტი გაფორმებულია, როგორც უშიშროების თანამშრომლის (ვინმე მაიორ გრადოვის) მიერ შედგენილი პროტოკოლი. მისი ავტორი წერს, რომ თანამოსაუბრეები აპირებენ მიხეილ სააკაშვილს მკვლელობას ავტოსაგზაო ინციდენტის მოწყობის გზით და ირწმუნება, რომ ამის დამკვეთი არის უკრაინის შს მინისტრის მოადგილე სერგეი იაროვოი. ეს დოკუმენტი საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება და მისი სიყალბე ეჭვს თითქმის არ იწვევს, რადგანუშიშროების მაიორმათავის პროტოკოლში არასწორად მიუთითა კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც იწარმოებოდა სატელეფონო მოსმენა (რეალურ ცხოვრებაში ეს წარმოუდგენელია, სამართალდამცავები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან შეცდომამ შეიძლება უდიდესი პრობლემები მოუტანოს). ამასთანავე, ფიგურანტები, გამოცდილი პოლიციელები, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, არანაირ კონსპირაციას არ იცავენ, საუბრობენ, როგორც დაბალხარისხიანი ჯაშუშური სერიალის პერსონაჟები და .. უკრაინელი კომენტატორების უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ ეს პროტოკოლი ყალბია. გამორიცხული არ არის, რომ ის სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სტრუქტურაში, მაგალითად, პრესსამსახურში შექმნეს, თანაც დაახლოებულ სამართლდამცავებთან კონსულტაციის გარეშე, რადგან უხეშ შეცდომაზე ნებისმიერი ლეიტენანტი მიუთითებდა.

მოკლედ, ყველამ გადაიხარხარა და დაივიწყა ეს ეპიზოდი, თუმცა ის შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სააკაშვილი საკუთარ თავზე თავდასხმის ინსცენირებას ამზადებს, რათა იაცენიუკის მთავრობასთან (განსაკუთრებით კი შს მინისტრ ავაკოვთან) დაპირისპირების მკვეთრი ესკალაცია მოახდინოს. საზოგადოდ, ტერაქტის იმიტაცია ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტტექნოლოგიური ხრიკია. მას იშვიათად მიმართავენ, რადგან ალბათობა, რომ გამოძიების პროცესში სიმართლე დადგინდება, საკმაოდ მაღალია. უსინდისო პოლიტიკოსებმა ის შეიძლება მხოლოდ დროის მწვავე დეფიციტის, მოვლენების დაჩქარების აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ და, ალბათ, საინტერესო იქნება იმის დადგენა, რატომ ეჩქარება მიხეილ სააკაშვილს. საუბარი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი ჩქარობს, თანაც ისე, რომ პოლიტიკურ კონიუნქტურას არ ითვალისწინებს, მას შემდეგ დაიწყო, როცა მან წამოიწყო უშედეგო, აშკარად ნაჩქარევი შეტევა, რომელიც მიზნად იაცენიუკის მთავრობის გადაყენებას ისახავდა (იმ პერიოდში, როდესაც პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა). მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პარტნიორები არ ურჩევდენ პოროშენკოს გარემოცვას იაცენიუკის მთავრობის გადაყენებას და არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, სააკაშვილი მაინც ჯიუტად მიიწევდა ამ მიმართულებით და საბოლოოდ მარცხი იწვნია.

სააკაშვილი შეიძლება ჩქარობდეს რამდენიმე მიზეზის გამო და ერთერთი, ალბათ, არის ის, რომ მისი მუშაობა ოდესაში ლოგიკურ ფინალს მიუახლოვდა. მან ანონსირებული რეფორმების გატარება ვერ მოახერხა, მნიშვნელობა არ აქვს საკუთარი უთავბოლობის თუ ოპონენტების წინააღმდეგობის გამო, და ვერ შეძლო ოდესაში კაცთმოძულე ტერორისტული რეჟიმის დამყარება, როგორც თავის დროზე საქართველოში.

თუმცა ნამდვილად ცდილობს და აი მაგალითიც, რომელმაც შეიძლება ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი გამოცდილება გაგვახსენოს. ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკში (ყოფილი ილიჩევსკი) “რეფორმირებულ პოლიციელებსსამი დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ორი მოქალაქე და მათ უსასტიკესად ეპყრობოდნენ _ სცემდნენ, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით აწამებდნენ, საფლავს ათხრევინებდნენ და .. კიდევ კარგი, რომ ამ ადამიანების ნათესავებმა უშიშროების სამსახურს მიმართეს და მან უკანონოდ დაკავებულების პოვნა შეძლო. ოდესის ოლქის უშიშროების შეფმა სერგეი ბატრაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცვიფრებული იყო პოლიციელების ცინიზმით, რომლებმაც “მკითხეს, როგორ უნდა გაეხსნათ დანაშაული თუ ეჭვმიტანილებს არ სცემდნენ”. “რას უნდა ველოდეთ ასეთი სამართლადამცავებისგან, _ თქვა ბატრაკოვმა, _ თუ მათი უფროსი ლორთქიფანიძის დაცვის ყოფილი თანამშრომელია (იგულისხმება გიორგი ლორთქიფანიძე, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი, სააკაშვილის მთავარი დასაყრდენი), 28 წლის უმცროსი ლეიტენანტი, რომელსაც არასოდეს ჰქონია არაფერი საერთო ოპერატიულ მუშაობასთან და კაცმა არ იცის, რა დამსახურებისთვის დანიშნეს თანამდებობაზე”. ბატრაკოვმა ნეგატიურ კონტექსტში ახსენა ამ პოლიციელის მოადგილეც, “აგრეთვე, ლორთქიფანიძის დაცვის თანამშრომელი” (დუმსკაია.ნეტ). საგულისხმოა (და, ალბათ, სასაცილოცაა, სატირალი რომ არ იყოს), რომ გიორგი ლორთქიფანიძემ ამ ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ უშიშროების მოქმედებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გააგდო სააკაშვილმა 26 თებერვალს თათბირიდან უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი და თათბირზე სერგეი ბატრაკოვის დასწრება მოითხოვა. ყოველივე ამაში ახალი არაფერია, ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად ნაცნობი ხელწერაა, მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში მას წინააღმდეგობას ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უწევენ. ცხადია, ანგელოზები არც ისინი არიან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მათ ჩარევას სასიკეთო შედეგი მოაქვს. სააკაშვილი ოდესაში ვერც სანიმუშო რეფორმებს ატარებს და ვერცსრულყოფილ დიქტატურასამყარებს, მიუხედავად ამისა, სურს, უკრაინული პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში გადავიდეს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი გაუმართლებელი აჩქარებისთვის, შესაძლოა, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მას ვაბანკზე წასვლისკენ უბიძგებს.

უკრაინას ძალიან ცოტა აკლდა რომის სტატუსის სრულფასოვან რატიფიკაციამდე (სწორედ მის საფუძველზე მოქმედებს ჰაააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის პროკურორები 2008 წლის მოვლენებს იძიებენ), მაგრამ ბოლო მომენტში პრეზიდენტმა პოროშენკომ მიიღო უცნაური, შუალედური გადაწყვეტილება, რომელმაც რომის სტატუტის სრულფასოვანი რატიფიცირება გარკვეული დროით გადაავადა. საერთაშორისო სამართლის უკრაინელი ექსპერტი ნიკოლაი გნატოვსკი (შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი) მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს, შესაძლოა, არასწორი კონსულტაცია გაუწიეს და საერთაშორისო სასამართლოს დამახინჯებული სურათი დაუხატეს (“ბირჟევოი ლიდერ”). საინტერესოა, ამის გაკეთება სააკაშვილმა ხომ არ ურჩია; ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე სხვას პროცესის შეფერხება აინტერესებდეს.

აქ, ალბათ, რამდენიმე სუბიექტური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: სააკაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მაგრამ ძალიან ეშინია დაკითხვის და, საერთოდ, სამართალდამცავებთან ნებისმიერი ურთიერთობის, რაც ნათლად გამოავლინა 2012-13 წლებში მისი, ნერვული თუ არა, ისტერიკული რეაქციით, როცა ჟურნალისტები მისი შესაძლო დაკითხვით დაინტერესდნენ.

ამასთანავე, ხასიათის თავისებურებებიდან გამომდინარე, სჩვევია უმნიშვნელო საფრთხიდან რთული პარანოიდული თეორიების გამოძერწვა. სააკაშვილი ნამდვილად შეიძლება აღიქვამდეს 2008 წლის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებულ სიტუაციას, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო შეთქმულებას.

საქართველოს ხელისუფლებისთვის “მთავარი პრიზი” აგვისტოს ომის გამოძიებაში იმის აღნიშვნაა, რომ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტებმა ქართველი მოახლეობის ეთნიკური წმენდა მოაწყვეს. თუ საერთაშორისო სასამართლო ამ დასკვნამდე მივა, ეს სამხრეთ ოსურ პროექტს მძლავრად დაარტყამს და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხს თვისობრივად განსხვავებულ ჟღერადობას მისცემს. მიუხედავად ამისა, არაერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ეს გამოძიება არისქუჩა ორმხრივი მოძრაობითდა შეუძლებელია ერთი მხარე 100%-ით გაამტყუნო, ხოლო მეორე სრულად გაამართლო. ასე რომ, ჰააგელ პროკურორებს რთული კითხვები, დიდი ალბათობით, ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსნებთანაც ექნებათ, მათ შორის კი “პირველი სამიზნე” სააკაშვილია.

ვითარებას ჭადრაკის ენით თუ აღვწერთ, ოფიციალურმა თბილისმა შეიძლება მიიღოს ეტლი (ეთნიკური წმენდის აღიარება) ცხენის სანაცვლოდ (იმის აღნიშვნა, რომ სააკაშვილის ცალკეული მითითებები დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა), იმის გათვალისწინებით, რომ ეს ცხენი (თუ განტევების ვაცი) იზოლირებულია დაფის შორეულ კუთხეში, სადაც მას ივანიშვილის ხელისუფლება ვერ სწვდება. ზოგს ეს შეიძლება ფრიად პრაგმატულად მოეჩვენოს. ცხადია, სააკაშვილს მსგავსიფიგურების გაცვლახელს არ აძლევს.

ჩვენ, ალბათ, ვერასოდეს შევიტყობთ, მიიღო თუ არა სააკაშვილმა მონაწილეობა უკრაინის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციის შეფერხებაში (ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მისპაემანსპროკურორებთან), მაგრამ აშკარაა, რომ ის აჩქარდა და ცდილობს, რაც შეიძლება მალე, ნებისმიერ ფასად უკრაინის ერთერთ წამყვან პოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს და, შესაძლოა, ამას მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორად განიხილავს, როგორც, თავის დროზე (2012-13), პრეზიდენტის პოსტს საქართველოში. უკრაინული პოლიტიკის “მამები” სააკაშვილს ჯერჯერობით უყურებენ, როგორც ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება გარკვეული მიზნებისთვის გამოიყენონ, და ხშირად დასცინიან, როგორც კლოუნს, თუმცა, შესაძლოა, ისინი ვერ აცნობიერებენ, რა საშიში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც ამოძრავებს არა მხოლოდ ამბიციები, არამედ უძლიერესი შიში და პრომლებისგან (რეალურია ის თუ წარმოსახვითი) გაქცევის სურვილი.

ყალბი დოკუმენტი მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე სინამდვილეში ძალიან ცუდი სიგნალია. ის შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ სააკაშვილი თავს კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობს (როგორც თავისი წარსულის, ისე აწმყოს მიერ) და ვა-ბანკის გარდა, სხვა გზას ვერ ხედავს. გამორიცხული არაა, საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა სცადოს და თავდასხმის ინსცენირება მოახდინოს. პრინციპში, როგორც განმუხურის ინციდენტის რეჟისორსა და “მოდელირებული ქრონიკის” სცენარისტს, ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

მოვა დრო, როდესაც უმრავლესობა უკრაინელებისა, ისევე, როგორც თავის დროზე ქართველების, გააცნობიერებს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომელმაც შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევა გაამართლოს. ალბათ, იმასაც მიხვდებიან, რომ რეცეპტებს, რომლებსაც სააკაშვილი სთავაზობს, ფარდობით ბედნიერებას სხვისი უბედურების ხარჯზე მიაღწიონ, ადგილი ისტორიის სანაგვეზე, ჰიტლერის, პოლ პოტისა და სომოსას რეცეპტების გვერდით უნდა მიუჩინონ. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ სანამ ამას გააკეთებენ, შეიძლება ბევრი სისხლი დაიღვაროს, თუმცა ბოლოს, ალბათ, მაინც სამართლიანობა გაიმარჯვებს ჰააგაშიც, თბილისშიც, ოდესაშიც და კიევშიც.

დიმიტრი მონიავა


* ზრადა უკრაინული სიტყვაა და ნიშნავს ღალატს, პერემოგა _ გამარჯვებას.


1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here