Home რუბრიკები საზოგადოება 13 წლის ქართველმა ვუნდერკინდმა მეცნიერები გააკვირვა

13 წლის ქართველმა ვუნდერკინდმა მეცნიერები გააკვირვა

926

13 წლის ქართველ ბიჭს _ ლუკა ირემაშვილს 5 სამეცნიერო ნაშრომი აქვს დაწერილი კვანტური მექანიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პალეონტოლოგიის სფეროებში. ზოგი მეცნიერი თანხმდება, რომ ის გენიოსია, ზოგი კი დუმს. ლუკა თავის ნაშრომებს თვითონ თარგმნის ინგლისურ ენაზე და საერთაშორისო სამეცნიერო ვებგვერდებზე აქვეყნებს. ლუკას თითოეული ნაშრომისაქპატენტშიარეგისტრირებული და მის სახელზე დეპონირების დამადასტურებელი მოწმობებია გაცემული.

_ ლუკა, როდის დაინტერესდით კვანტური მექანიკით, პალეონტოლოგიით, ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით? რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ამ მეცნიერებების მიმართ?

_ 4 წლიდან დავინტერესდი კოსმოსით. იმხანად ჩემთვის თქვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა დარგი უცნობი იყო და მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, რომ სამყაროში 14 მილიარდი წლის წინათ დიდი აფეთქების შედეგად წარმოიქმნა 92 ატომი. შემთხვევით შევესწარი ჩემი ძმისა და მისი მეგობრის კამათს ქრომის ატომის ჩამოყალიბებაზე. ვუსმენდი და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ისინი ჩემთვის დიდი ხნის ნაცნობ საკითხზე კამათობდნენ. იმ დღიდან მოსვენება დავკარგე, დავიწყე კვანტური მექანიკის ანაბანას შესწავლა. სწრაფად გავერკვიე კვანტური მექანიკის ძირითად დებულებებში და მეხუთე კლასში უკვე კარგად ვფლობდი კვანტური მექანიკის ენას. შემდგომ, როდესაც ჩემს კვლევებს თავი მოვუყარე და ჩემს კონსულტანტთან (გულისხმობს ბაბუას _ ილია ხითარიშვილს _ ქ.ტ.) ერთად დავიწყე შრომების გაფორმება, აღმოჩნდა, რომ ჩემი შრომები ეხებოდა არა მხოლოდ კვანტურ მექანიკას, არამედ ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და პალეონტოლოგიას.

_ რა თემაზეა თქვენი პირველი ნაშრომი?

_ ჩემი პირველი ნაშრომი ეხება სამყაროში 14 მილიარდი წლის წინათ დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დ-ელემენეტების ატომების ჩამოყალიბების მექანიზმებს. ასე აღმოვაჩინე 4შ, 5შ, 6შ და 7შ ორბიტებზე მბრუნავი მეორე ელექტრონები, რომლებიც შემდგომ ცნობილი გახდა “ლუკას ელექტრონების” სახელწოდებით. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ ოთხი ელექტრონის ქცევას მარავალელექტრონიან ატომებში. შევამჩნიე, რომ ამ ელექტრონებს აქვს ფანტასტიკური თვისებები: გამოირჩევა აზროვნების ახალი ფორმით; შეუძლია, მრავალი მილიონი წლის ინტერვალით, მრავალჯერ შეიცვალოს და აღადგინოს კვანტური რიცხვები; აქვს მეხსიერება და, რაც დაუჯერებელია, შეუძლია ეს თვისებები მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს და თაობიდან თაობას გადასცეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, დავინტერესებულიყავი პალეონტოლოგიით და დამეწყო ძვლის შესწავლა, ვინაიდან ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ძვალს აქვს უნარი, შეინარჩუნოს გენეტიკური ინფორმაცია წინაპრებზე და თაობებს გადასცეს. ვინც ჩემს ნაშრომებს გაეცნობა, მივა დასკვნამდე, რომ ძვალს ამ უნივერსალურ თვისებებს უნდა ანიჭებდეს მასში შემავალი ის ელემენტები, რომელთა ატომების ჩამოყალიბების პროცესში გადამწყვეტ როლს ჩემ მიერ აღმოჩენილი საოცარი თვისებების მქონე ელექტრონები თამაშობს.

_ თქვენი აღმოჩენებიდან განსაკუთრებით რომელს გამოჰყოფთ?

_ მე ორი აღმოჩენით ვამაყობ: პირველი არის სამყაროს უნივერსალური კანონი, ანუ კანონი განწყობის შესახებ, რომლის საშუალებითაც პირველად მექანიკაში დ-ელემენტების ატომების ჩამოყალიბების პროცესში ჩემ მიერ აღმოჩენილი ელექტრონების ქცევა ავხსენი და ფსიქოლოგიაში პირველმა შევქმენი ახალი მიმართულება, რომელიც შეისწავლის ელემენტარული ნაწილაკების ფსიქოლოგიას; მეორე აღმოჩენაა ელექტრონის ახალი კვანტური რიცხვი _ ელექტრონის თავისუფალი ნება. ეს არის კვანტურ მექნიკაში ახალი სიტყვა. ელექტრონი თავის ქმედებაში თავისუფალია, თვითონ წყვეტს, რომელ ორბიტაზე რომელ დროში იმყოფებოდეს, რომელი ატომების ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა. ადამიანებისგან განსხვავებით, მისი ქცევა თვითნებობაში კი არ გადადის, არამედ სრულ ჰარმონიაშია სამყაროს ძირითად კანონზომიერებასთან, რომლის მიხედვითაც პროცესები მიმდინარეობს უმოკლესი გზებით, ნაკლები ენერგიის ხარჯვითა და მიზნის მიღწევით.

_ ერთერთი ნამუშევარი ასეთი სათაურით გამოაქვეყნეთ: “12 წლის ქართველი ბიჭი საქართველოდან კამათში იწვევს მსოფლიო მეცნიერებს კვანტურ მექანიკაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და პალეონტოლოგიურ მეცნიერებაში”. რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენს განცხადებას?

_ დიახ, ცნობილ სამეცნიერო ვებგვერდზე განვათავსე 26-გვერდიანი შრომა ინგლისურ ენაზე სათაურით “12 წლის ქართველი ბიჭი საქართველოდან კამათში იწვევს მსოფლიო მეცნიერებს კვანტურ მექანიკაში, ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიასა და პალეონტოლოგიურ მეცნიერებაში”, იმ მიზნით, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულ მეცნიერებს მოეცათ შენიშვნები. ინტერნეტში რამდენიმე მეცნიერმა ნახა და გადაწერა ჩემი ნაშრომები. ვიჯერებდი, რა სისწრაფით იზრდებოდა ჩემი ნაშრომების გადამწერი მეცნიერების რაოდენობა. ჩემს ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ შეფასებისგან თავს იკავებენ ფიზიკოსები, მაშინ, როდესაც ფილოსოფოსები აღფრთოვანებულები არიან ჩემი ნაშრომებით.

_ ვიცი, რომ შეხვედრა გქონდათ ქართველ მეცნიერებთან, რომლებიც გაკვირვებას გამოხატავდნენ, როდესაც ეცნობოდნენ თქვენს ნაშრომებს. რომელ შეხვედრას გამოჰყოფთ და გაძლევდნენ თუ არა ისინი შენიშვნებს?

_ მქონდა შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე, მრავალი შეხვედრა _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთმა ფიზიკოსმა შენიშვნა მომცა, _ ლუკა, შენ კი საუბრობ ახალ კვანტურ რიცხვზე, მაგრამ შენს შრომებში ახალი კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვნელობები არსად ჩანსო. იმ დღის შემდეგ მოსვენება დავკარგე, ღამეებს ვათენებდი და მივაგენი უნივერსალურ ფორმულას, რომლის საშუალებითაც ახლა ნებისმიერ ჩემს ოპონენტს შეუძლია ნებისმიერ ატომში, ნებისმიერი ელექტრონის მეხუთე კვანტური რიცხვის რიცხობრივი მნიშვენლობა დაადგინოს. ამის შემდეგ მივიღე საავტორო მოწმობა. სწორედ ამიტომ ვთხოვ ყველა მეცნიერს, წაიკითხონ ჩემი შრომები, მომცენ შენიშვნები და არა მხოლოდ გავითვალისწინებ მათ, არამედ ახალ აღმოჩენებსაც ვპირდები. მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი გია დვალის ლექციას და პირადად მესაუბრა მასთან. ხანმოკლე საუბრის შემდეგ მან მირჩია, რომ საზღვარგარეთ გამომექვეყნებინა ჩემი ნაშრომები. მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა თემურ ლომთაძემ, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს, თვითონ მოინდომა ჩემთან შეხვედრა. მან ორი საათი დამითმო, კარგად მომისმინა და მითხრა, ეს საკმაოდ რთული საკითხებია, მე ექსპერიმენტატორი ვარ და თეორიულ ფიზიკაში არ ვმუშაობო.

_ როგორც ვიცი, წიგნის გამოცემას აპირებ.

_ ერთი წელია, ვმუშაობ წიგნზე, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ჩემი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი შრომები. წიგნი აღსავსეა ემოციებით და მასში ნათლად ჩანს კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის, ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის _ ერვინ შრედინგერის განტოლებების ფილოსოფიური ფესვები და სამი მიმართულება:

* დღევანდელ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში მიღებული ფორმულები და ძირითადი დებულებები არასრულყოფილია, მას რაღაც აკლია;

* ჩვენს პლანეტაზე მეცნიერება არასწორი მიმართულებით ვითარდება. ექსპერიმენტული მეცნიერება გახდა მუხრუჭი მეცნიერების განვითარების;

* თუ ჩვენს პლანეტას გადარჩენა უწერია, მას ბავშვი გადარჩენს.

წიგნში სწორედ ამ სამ ფენომენზე იქნება საუბარი. წიგნი დაეხმარება იმ მეცნიერებს, რომლებმაც წაიკითხეს ჩემი შრომები, შემხვდნენ, მაგრამ თავი შეიკავეს შეფასებისგან. მისი წაკითხვა ფართო აუდიტორიასაც შეეძლება, რადგან ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება გამოცემული.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. რა გჭირთ? უკვე მეორე წელია ამ ბავშვს აპიარებთ.
    რამე რომ შექმნა, ჯერ არსებული უნდა იცოდე.. ამ ბავშვს, ვიღაცამ არასწორედ ასწავლა ატომის ფიზიკა, მისი ნაზი სტრუქტურა…
    აქ ალბათ დამნაშავე მისივე ბაბუააა… რომელმაც როგორც ქიმიკოსმა თვითონ არ იცის ატომის სპექტრალური ფიზიკა…
    არ ვიცი რა პრობლემა ჰქონდა თემურ ლომთაძეს…. ატომის ნაზი სტრუქტურის ცოდნა, ყველასთვის სავალდებულოა, ექსპერიმენტატორი ხარ თუ თეორეტიკოსი…

  2. ის პირველი 4 კვანტური რიცხვი რომელია? ასეთი ლაპარაკით რა უნდა გავიგო? სად დევს ეს ნაშრომები?

  3. გააგრძელე სწავლა და მიაღწევ მწვერვალებს! ვისაც შენი არ სჯერა ან გაკრიტიკებს არასრულფასოვანი ცოდნის გამო, ან ავიწყდებათ რომ ჯერ მხოლოდ 13 წლის ხარ ან სამწუხაროდ შური ალაპარაკებთ. მჯერა, წინ დიდი აღმოჩენები გელოდება. გისურვებ წარმატებებს

  4. ჯობია ვუნდერკინდის წოდება მაშინ მიანიჭოთ როცა მისი რომელიმე მოსაზრება მაინც დამტკიცდება თორე ეხლა ჯერჯერობით ფანტაზიის დონეს ვერ სცდება ამ ბიჭის აზრები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here