Home რუბრიკები საზოგადოება ქართული უნივერსიტეტები სტუდენტებს გადახდილი თანხის შესაბამის ცოდნას ვერ აძლევენ

ქართული უნივერსიტეტები სტუდენტებს გადახდილი თანხის შესაბამის ცოდნას ვერ აძლევენ

787

“სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სივრცეში”, _ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიაში ქართული უნივერისტეტები ვერ ხვდებიან და, როგორც ჩანს, კარგა ხანს ასე იქნება… 

საქართველოში კვლავაც გრძელდება განათლების სისტემის რღვევა. ქართველი სტუდენტები განათლების სამინისტროს ყურადღებასა და თანადგომას სთხოვენ. უნივერსიტეტებში უამრავი წინააღმდეგობაა, რომლებიც სწავლის ხარისხზე აისახება. შესაბამისი პირობების არქონის გამო, სტუდენტების პოტენციალი შესამჩნევად მცირდება, სახელმწიფო კი ყურად არ იღებს ახალგაზრდების პრობლემებს დაგათიშე და იბატონესპრინციპით მოქმედებს. ჩვენ შევხვდით რამდენიმე სტუდენტს, რომლებმაც კონკრეტულად ისაუბრეს თავიანთ უნივერსიტეტებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

მაია ჯახაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი, საჯარო მმართველობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

_ ყველაფერი განათლების სისტემის გაუმართაობის ბრალია. პრობლემა პროფესორმასწავლებლების საკვალიფიკაციო გამოცდებშია, ვგულისხმობ იმას, რომ სერტიფიცირებისას ბევრი კარგი და მაღალკვალიფიციური ლექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ იმიტომ არის მოწვეული მოკლევადიანი კონტრაქტით, რომ მუშაობის დიდი სტაჟის მქონე ლექტორებს, რომელთა უმრავლესობაც უკვე საპენსიო ასაკისაა, სამსახურიდან ვერ ან არ ათავისუფლებენ, რაც ხშირადუხარისხოლექციასემინარების საფუძველი ხდება. ჩემი აზრით, პრობლემურია შეფასების სისტემაც, რომელიც, ძირითადად, ლექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ან სტუდენტთთან ურთიერთობაზე. საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის მაგალითზე, შემიძლია, ვთქვა, რომ ხშირად ლექცია-სემინარზე დასწრება ზოგიერთი ლექტორის მიერ კონკრეტული ქულით ფასდება. ვისურვებდი, რომ ყველა აუდიტორია აღჭურვილი იყოს ტექნიკური საშუალებებით, რომლებიც აუცილებელიაახლებურილექციების ჩასატარებლად. თუ მობრძანდებით ჩვენს ფაკულტეტზე, ნახავთ, რომ, თუმცა საკმაოდ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს აუდიტორიების მოწყობა. სამწუხაროა, რომ არ არსებობს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა. საბედნიეროდ, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, არ გვაწვიმს, არ გვათოვს და ზამთარში გათბობის პრობლემა არ გვაქვს.

გვანცა ნადარეიშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი:

_ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ნამდვილად არ გვაქვს სასურველი განათლების მიღების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის ლექტორები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციურნი და, სულ ცოტა, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ვისმენდეთ მათ მიერ ჩატარებულ საჯარო ლექციებს. შეიძლება ითქვას, რომ არც გამოცდების საკითხია მოწესრიგებული. შუალედური გამოცდების გადაბარება სტუდენტებს 3 დღის განმავლობაში შეეძლოთ, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ბოლო დღისთვის იტოვებენ საქმეს და ახლაც ასე მოხდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ყველა, ვინც გადაბარებას აპირებდა, ბოლო დღეს მოვიდა და, შესაბამისად, აუდიტორიები არ იყო საკმარისი. რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია, როდესაც 1 საათის ნაცვლად გამოცდა 3 საათზე იწყება. უნივერსიტეტის კეთილმოწყობაზე კი ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. ამ მხრივ სეუ ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია საქართველოში.

იაკობ მურადაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი:

_ უმთავრესი პრობლემა აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეფერხებაა. ამასთანავე, უკმაყოფილო ვარ ინვენტარით, რომელიც საკმაოდ მოძველებულია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს ფინანსური სახსრები ისეთი ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც სტუდენტს მეტ გამოცდილებასა და განათლებას შესძენს. მხოლოდ რამდენიმე კორპუსი თუ აკმაყოფილებს სტანდარტებს უნივერსიტეტის კორპუსების უმეტესობა გასარემონტებელია; დიდი ხანია, უნივერსიტეტი ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

მანანა ნიკოლაიშვილი,

ექსპერტი განათლების საკითხებში:

_ დღეს საქართველოში განათლების დონე კატასტროფულად დაბალია. უმაღლესი სკოლა არაკონკურენტუნარიან განათლებას აძლევს ახალგაზრდობას, სტუდენტები ჩართულნი არ არიან სამეცნიერო კვლევებში. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში არსებული ტექნიკური ბაზა არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებს და პედაგოგები მაღალკვაფიციურნიც რომ იყვნენ, თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება არ მოხდა, შედეგს ვერ მივიღებთ.

_ ქალბატონო მანანა, რა სახის კაპიტალდაბანდებაა დღეს განათლებაში ჩადებული?

_ “ქართული ოცნების” მთავარი შეცდომა იყო ის, რომ პრემიებზე კი არ უნდა დახარჯულიყო ამდენი თანხა, არამედ ქამრები უნდა შემოგვეჭირა ყველას და განათლების ფონდი უნდა შექმნილიყო. ქველმოქმედების შესახებ კანონი უნდა არსებობდეს. რიგები უნდა იყოს ქველმოქმედებაზე, ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ ბიზნესმენები თუ სხვა შემომწირავები, როგორც უცხოეთიდან ასევე საქართველოდან, რათა განათლების ფონდში ჩაიდოს ფული და აღდგეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რომელ ხარისხზეა საუბარი, თუ სტუდენტთა დასაოსტატებლად არ გვაქვს საკვლევი ცენტრები, ლაბორატორიები, მხოლოდ დაფითა და ცარცით წახვალ შორს 21- საუკუნეში?

_ ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 120 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ხომ არ თვლით, რომ ქვეყანაში საჭიროზე მეტი სტუდენტისა და უნივერსიტეტის არსებობა ქმნის სწორედ ამ პრობლემებს?

_ არა, რასაკვირველია. იაპონიაში სავალდებულოა უმაღლესი განათლება, არაფერი შავდება იმით, რომ თითოეულ ადამიანს აქვს სწავლის შესაძლებლობა. უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირებაზე არ არის დამოკიდებული ხარისხის დონე, ეს ნურავის ნუ შეაშინებს, პირიქით _ ეს სასიხარულოა.

_ სტუდენტების თქმით, ისინი ვერ იღებენ სწავლის საფასურის შესაბამის ცოდნას. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

_ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაინერგა მავნე პრაქტიკა: სკოლებში ვაუჩერული დაფინანსება და უმაღლესებში _ გრანტული. მე ამას თავის დროზე სასიკვდილო მარყუჟივუწოდე. ამ პრაქტიკამ მოგუდა, მოახრჩო როგორც საშუალო, ისე უმაღლესი სკოლაც. ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და პეტრე მელიქიშვილი რომ წამოვაყენოთ და შევიყვანოთ უნივერსიტეტებში, შედეგს მაინც ვერ მიაღწევენ, თუ უნივერსიტეტს საბაზისო დაფინანსება არ ექნება. სასკოლო განათლების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. შეფასების სისტემა არის აბსურდული და გამოცდებიც არ ტარდება რეგულარულად. სკოლა ბავშვს კონკურენტუნარიან გარემოს უნდა უქმნიდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების დონემ უნდა აიწიოს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდოს. უმაღლეს სასწავლებელში მისულ სტუდენტს უნდა დაახვედრონ 21-ე საუკუნის შესაფერისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, კაბინეტ-ლაბორატორიები. სტუდენტებს უნდა ასწავლიდნენ მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. დღეს კი ჩვენი უმაღლესი სკოლა მეცნიერებისგან დაცლილია, არც სტუდენტის ასაკობრივი ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული, არც პედაგოგიკის საფუძვლები, და აი, ასე არაადამიანურად ექცევიან სტუდენტებს. სტუდენტის მიერ გადახდილი ფულით, მის მიერ აღებული გრანტით ფინანსდება უმაღლესი სკოლა, მაშინ, როდესაც უმაღლეს სასწავლებელს უნდა ჰქონდეს საბაზისო დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აუცილებელად უნდა არსებობდეს დაფინანსების ფონდი.

_ რა რესურსია საჭირო იმისთვის, რომ უნივერსიტეტებმა სტუდენტებს გადახდილი თანხის შესაბამისი განათლება მისცენ?

_ ამ ხელისუფლებამ, თუ უნდა ქვეყნის სათავეში დარჩენა, რადიკალურად უნდა შეცვალოს განათლების სისტემა. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კონკურსები ტარდებოდა არა პროფესიონალიზმის მიხედვით, არამედ პოლიტიკური ნიშნით. “ქართულმა ოცნებამ” რა გააკეთა? _ მან სწორედ ეს პოლიტიკური ნიშნით მოყვანილი ხალხი შეინარჩუნა. ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ უმაღლესი განათლების კანონი არ შეცვლილა, რატომ არ გაკეთდა ეს? თქვენი გაზეთის საშუალებით ვეკითხები კოალიციაში მყოფ პარტიებს: რატომ დაუჭირეთ მხარი ნაციონალების მიერ გატარებულ განათლების რეფორმას, როდესაც მოხვედით ხელისუფლებაში? როდესაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცვლილებების პაკეტი შემოიტანა იმისთვის, რომ გარადამავალი პერიოდი გამოცხადებულიყო და განათლების კანონი საერთოდ შეცვლილიყო, რატომ არ მოხდა ასე? გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” პლატფორმისგან შორს რომ იდგა, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ის განათლების მინისტრი იყო. სწორედ ამ პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერების ხარჯზე არიან ესენი მოსულები. ჩვენ სწორედ ამ კანონებს ვეწინააღმდეგებოდით და, ეს კანონები რომ არ გვინდოდა, ამიტომ გამოვედით ქუჩაში, თორემ ისეთ ურეიტინგო პარტიებს, რომლებიც მოვიდნენ, ვინ აჰყვებოდა? ბატონმა კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ თქვა, განათლების სისტემაში სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელიო. როდესაც მიშა მოვიდა, როგორც განათლების ექსპერტი, ყოველთვის ვეუბნებოდი “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებს: თქვენ დაიწყეთ განათლების დამანგრეველი რეფორმების გატარება ყველა საფეხურზე და მალე მოგიწევთ ხელისუფლებიდან წასვლა-მეთქი. ეს “ქართულ ოცნებას” უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ მათ ერთგულად განაგრძეს “ნაციონალური მოძრაობის” რეფორების გატარება. დაჯდეს ბატონი ივანიშვილი თავის მრგვალი მაგიდის გარშემო და ჰკითხოს თავის კოალიციას, _ ვინ გადაწყვიტა, არ დაწყებულიყო სისტემური ცვლილებები განათლების სისტემაში. თუ ცვლიებებს არ განახორციელებენ, ხანმოკლე იქნება მათი ბოგინი ხელისუფლებაში.

მოამზადა ქრისტინე ტოგონიძემ

1 COMMENT

  1. უვიც, ბრიყვ, არაპროფესიონალურ და ხარბ ხელისუფლებას, რატომ მოესურვება მათზე გა-
    ნათლებული ახალგაზრდების მოსვლა? მერე ხომ ვერ იბოგინებენ.

  2. ისევე როგორც ყველა სფეროში აქაც საჭიროა ჯერ კონცეფცია და შემდეგ კანონმდებლობა რომელიც დაარეგულირებს სისტემას. მაგრამ უნდა ვინმეს?…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here