Home რუბრიკები პოლიტიკა შობა ევროპაში: ღმერთი მოკვდა, ნიცშე უკვდავია!

შობა ევროპაში: ღმერთი მოკვდა, ნიცშე უკვდავია!

729

კელნის მოვლენებმა ჯერ დაუვიწყარი რაფიკ ნიშანოვი გამახსენა (ფერგანაში არეულობებს მარწყვს რომ აბრალებდა), შემდეგ კი რუსული გამოთქმაკავკასიური ეროვნების პირი”. კელნის პოლიცია თავდაპირველად არ ახმაურებდა ძალადობის ფაქტებს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი პირდაპირ მოუწოდეს მოსახლეობას, არ დაედანაშაულებინათ მიგრანტები (მარწყვს დააბრალეთ, მიგრანტებს _ არაო). მოგვიანებით გაირკვა, რომ ძალადობასჩრდილოაფრიკული და არაბული გარეგნობის მამაკაცებიმიმართავდნენ

ჩვენს საზოგადოებაში სიტყვა “ძალადობა” პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და 170-ვე შემთხვევა გაუპატიურებად აღიქვეს. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, თუ როგორ განსხვავებულად გვესმის მოვლენები ევროპელებს და ჩვენ. ჩვენი არ იყოს, არც “ჩრდილოაფრიკული და არაბული გარეგნობის მამაკაცებს” ესმით, რატომ არის ძალადობა, თუ ქალს ეტყვი, რომ “სიკვდილამდე შეგიყვარებ”, ან ხელით შეეხები; ის ქალი ხომ მუსლიმი არ არის და არც ჰიჯაბს ატარებს, თუმცა, როგორც ირკვევა, გაუპატიურების შემთხვევებიც იყო. აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ამ ფაქტებს პოლიცია ერთი კვირის განმავლობაში მალავდა. არადა, ქალაქ ვაილ-ამ-რაინში სირიელებმა ორი არასრულწლოვანი _ 14 და 15 წლის გოგონა გააუპატიურეს!

ერთი მხრივ, დაუშვებელია ადამიანების დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, მეორე მხრივ, ევროპაში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ მიგრანტები საერთოდ არ უწევენ ანგარიშს ევროპულ ფასეულობებს. იმავე კელნში პირველად გამოვიდნენ დემონსტრაციაზე თანაბარი რაოდენობით მემარცხენეები (მიგრანტების მხარდასაჭერად) და მათი მოწინააღმდეგეები. მანამდე მოწინააღმდეგენი უმცირესობაში იყვნენ. პოლიციამ, რომელიც მიგრანტთა მიმართ უსუსური აღმოჩნდა, წარმატებით დაშალა მიგრანტთა მოწინააღმდეგეები.

ხელისუფლებამ ხულიგნების ქვეყნიდან გაძევების დაპირება გასცა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ კანონის ფარგლებში ამის გაკეთება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ მათ ლტოლვილის სტატუსი აქვთ. ანგელა მერკელმა უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე დაიწყო ლაპარაკი.

პოლიციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შიგა ინსტრუქციით მათ მიგრანტების დანაშაულზე დუმილს და გამოძიების გაჭიანურებას ავალებდნენ. მოტივი თითქოს ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივების დაუშვებლობა იყო. 1989 წლის მაისში სსრკის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარე რაფიკ ნიშანოვიც ამას ამბობდა, _ ეროვნებათა შორის შუღლი რა შუაშია, ფერგანაში უზბეკებსა და თურქ მესხებს შორის შეტაკებები ერთი თეფში მარწყვის გამო მოხდაო.

ვიზალიბერალიზაციის დაპირებით აღტყინებულ ქართველებს არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კედლების შენება აფხიზლებს და არც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის გაფრთხილება. შობა დღეს (7 იანვარს) ანტვერპენში მან განაცხადა, რომ შენგენის ზონა გარდაიცვალა: ევროკავშირს არ შესწევს უნარი, შენგენის ზონის ამ სისტემის პირობებში გაუმკლავდეს საემიგრაციო კრიზისს. შენგენის სისტემა უნდა გაუქმდეს. ევროპის კონსტიტუციიდან ქრისტიანული იდენტობის მუხლის ამოღება სილაჩრე იყო”.

თუმცა ჩვენთან საახალწლოდ სულ სხვა თემამ მიიღო გლობალური მნიშვნელობა: ქართველმა და უკრაინელმა პროამერიკელებმა ერთდროულად გვამცნეს ქრისტეშობის დასავლურად აღნიშვნის აუცილებლობის შესახებ. ჯერ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ტურჩინოვმა შესთავაზა უკრაინის ქრისტიანულ ეკლესიათა საბჭოს, “შობა აღნიშნონ, როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ, 25 დეკემბერს”, შემდეგ ილიას უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემ სოციალურ ქსელში ჩვეული პირდაპირობით გვამცნო, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ოკუპანტის მხარდაჭერის ტოლფასია: “არ გეწყინოთ, მაგრამ დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ”.

მოგვიანებით თევზაძემ “ტაბულაში” უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა, რომლითაც ასაბუთებს, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები დაჟინებულად აღნიშნავდნენ შობას 7 იანვარს სსრკ-ის არსებობის პერიოდში, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა საბჭოთა იდეოლოგიური მოთხოვნა, გაზრდილიყო ბარიერი არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორისაც არსებულიყო გაუგებრობისა და ურთიერთმიუღებლობის საფუძველი.

თევზაძე: “ცხადია, მკითხველს შეუძლია მიმითითოს, რომ არა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები აღნიშნავენ 7 იანვარს შობას, არამედ სხვებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ისაა, რომ ეს ორივე ეკლესია 1923 წელს შეუერთდა მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობის გადაწყვეტილებას. რაც მათ აკავებდა ამ გადაწყვეტილების განხორციელებისაგან, საბჭოთა ხელისულების უშიშროების სამსახური იყო. ის ეჭვიც არსებობს, რომ რუსეთის ეკლესიის მიერ იულიანური კალენდარის შესწორებულ ვერსიაზე გადასვლის შემდეგ, იმავე წელს, რუსეთის პატრიარქის _ ტიხონის შინაპატიმრობიდან განთავისუფლების ერთ-ერთი პირობაც ე.წ. ძველ სტილზე დაბრუნება იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ტრადიციის გაგრძელება, საბჭოთა კავშირის (რუსეთის საბჭოთა იმპერიის) მიერ დადგენილი წესის გაგრძელებაა”.

აქ ნუ შევეხებით საკითხის ისტორიას, უფრო მნიშვნელოვანია, რა ხდება დღეს აქ. ისე კი _ შეხსენებისთვის: ბოლშევიკები შობის აღნიშვნას არც დეკემბერში მიესალმებოდნენ (რბილად რომ ვთქვათ!) და არც _ იანვარში.

ტურჩინოვი ბაპტისტია და “სიცოცხლის სიტყვის” ეკლესიის მრევლს განეკუთვნება. მისთვის შობის თარიღი არ შეიცვლება. ბაპტისტები ისედაც 25 დეკემბერს აღნიშნავენ ქრისტეშობას. ისე, სხვათა შორის, ტურჩინოვი სკკპ-ის წევრი 1990 წელს გახდა და კომპარტია ერთ წელიწადში დატოვა (ეს ისე, “საბჭოთა კავშირის (რუსეთის საბჭოთა იმპერიის) მიერ დადგენილი წესის გაგრძელებაზე”). რაც შეეხება მის მოსაზრებას უმრავლესობის შესახებ, მაშინ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელოთ და ახალი წლის თარიღიც შევცვალოთ; იქნებ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას _ ჩინეთს მივბაძოთ და ახალი წელი მთვარის კალენდრით თებერვალში აღვნიშნოთ? ან მუსლიმებს და იუდეველებს (ისინიც ბევრნი არიან) _ და სექტემბერ-ოქტომბერში ვიზეიმოთ? ან სულაც, რაკი გვკარნახობენ, რა როდის აღვნიშნოთ, ვისარგებლოთ უმცირესობის უფლებით და მსოფლიოს მოვუწოდოთ, ძველი ქართული კალენდრით ახალი წელი მარტში აღნიშნოს.

ხუმრობა იქით იყოს და, ტურჩინოვისა და თევზაძის “რომის პაპზე მეტი კათოლიკობის” მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შობა ამერიკელ და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს სწორედ 7 იანვარს მიულოცა: “მიშელი და მე შეერთებულ შტატებისა და მსოფლიოს მართლმადიდებელ ქრისტიანებს ბედნიერ შობას გისურვებთ. ამ ამაღლებულ დღეს ვზეიმობთ იესო ქრისტეს დაბადებას და ვლოცულობთ მშვიდობისთვის დედამიწაზე. დღევანდელი დღე გვანიჭებს განსაკუთრებულ საშუალებას, პატივი მივაგოთ ამერიკელი მართლმადიდებელი ლიდერების ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, აგრეთვე, ხაზი გავუსვათ ჩვენ ვალდებულებას, რომ დავიცავთ რელიგიურ უმცირესობებს, მათ შორის, ქრისტიან უმცირესობებს, რომლებიც ხშირად განიცდიან ძალადობასა და დევნას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დღეს და ყოველდღე ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც იტანჯებიან თავდასხმებისა და დისკრიმინაციისაგან, რადგან გვჯერა, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ყოველი ადამიანისათვის დაბადებიდან მინიჭებული უფლებაა და ის სამართლიანი საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია.

ვუერთდებით ჩვენი მართლმადიდებელი ძმებისა და დების სიხარულს და მათ იმედით აღსავსე ლოცვას მშვიდობისა და სამართლიანობისათვის მთელ მსოფლიოში!” _ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა ახალი წელი “მრავალჟამიერით” მოგვილოცეს. მონდომებით ნამღერს მინაწერიც ახლავს: “რადგან ყველას საახალწლო ბარათს ვერ გიგზავნით, გიძღვნით ამ ვიდეოს. გილოცავთ ახალ წელს, საქართველო! გთხოვთ, კომენტარებში ძალიან ნუ გაგვაკრიტიკებთ! ქართული მრავალხმიანი სიმღერა ადვილი არ არის”!

საზოგადოდ, ქართველობა არ არის ადვილი. მგონი, ჩვენი ამერიკელი მეგობრები დასკვნებს აკეთებენ, ჩვენი ადგილობრივი პროამერიკელებისგან განსხვავებით. მათი უნებლიე მოძრაობები დასავლეთისკენ არც პარადოქსულია და არც მოულოდნელი; ეს ის კასტაა, რომლისთვისაც ღმერთი მოკვდა, ხოლო ნიცშე უკვდავია. “ღმერთის სიკვდილისშედეგია ის, რაც დღეს ევროპაში ხდება და სანამ საკუთარ იდენტობას უღმერთობაში ეძებ, ძალიან არ უნდა გადარდებდეს, როდის აღნიშნავენ შობას ისინი, ვისთვისაც ღმერთი ცოცხალია!

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს სწორედ იმ პირებმა არ აპატიეს ნიცშეს კრიტიკა, რომლებიც მონდომებით აკრიტიკებენ პატრიარქს, ეკლესიას, ყველაფერს მართლმადიდებლურს. ნინია კაკაბაძე: “9-10 წლის ვიქნებოდი, ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია, მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს, სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს, დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ჰქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა.

ჰოდა, მადლობა დედას, სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვნებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და “ხრუსტალის” ნივთები უზნეობაა, არამედ ის, რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო. ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება”.

პარადოქსია, მაგრამ ერთი დედ-მამის შვილებს შორის კომუნიკაციას სწორედ პატრიარქი ამყარებს. მან ირაკლი კაკაბაძეს ნინიასთან დააბარა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს _ მე არც შვილი მყავს, რომ ქონება დავუტოვო _ ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი, რაც აქ არის, საპატრიარქოში, ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია, ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს”.

კერძო საკუთრების ბოროტება იმთავითვე ცნობილი იყო, მაგრამ სოციალიზმიდან კაპიტალიზმში შებიჯებულ საქართველოში ყველა მარქსისტი ლიბერალი გახდა, მოსახლეობა კი მოსალოდნელი კაპიტალისტობის ხიბლში ჩავარდა. ცხადია, არავის ეგონა, რომ უქონელი პროლეტარის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ახალ წელს ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისიის თავმჯდომარემ გიუნტერ ეტინგერმა პოლონეთზე ევროკომისიის “ზედამხედველობის” საჭიროების შესახებ განაცხადა. პოლონეთის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო მედიასაშუალებების ხელმძღვანელთა მთავრობის მიერ დანიშვნის შესახებ, რაც ეტინგერმა ცენჰზურის ნიშნად შეაფასა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზებრომ ფიცხი პასუხი გასცა ეტინგერს: “თქვენ გინდათ პოლონეთის ზედამხედველობის, მეთვალყურეობის ქვეშ ჩაყენება. გერმანელი პოლიტიკოსის ასეთი სიტყვები პოლონელებში, მათ შორის ჩემშიც, ყველაზე ცუდ ასოციაციებს აღძრავს. მე იმ ოფიცრის შვილიშვილი ვარ, რომელიც “არმია კრაიოვას” რიგებში სწორედ “გერმანული ზედამხედველობის” წინააღმდეგ იბრძოდა”. ზებრომ ეტინგერს ისიც შეახსენა, რომ კელნში მომხდარ ამბებს გერმანული მედია ერთი კვირა საერთოდ არ აშუქებდა: მე ასეთი დასკვნა გამომაქვს: თქვენთვის უფრო იოლია პოლონეთის მედიის თავისუფლების გამოგონილ საფრთხეებზე ლაპარაკი, ვიდრე საკუთარ სამშობლოში არსებული ცენზურის დაგმობა”.

ჩვენ ერთხელ უკვე დავუშვით შეცდომა, როცა მივიჩნიეთ, რომ საბჭოთა კავშირის მიღმა სიკეთის, სათნოებისა და კაცთმოყვარეობის სამყარო იყო. აღმოჩნდა ის, რაც დღეს არც საქართველოში მოგვწონს. ჩვენი პროდასავლელი სახეები ძალიან ცდილობენ, დასავლეთი პრიალა საშობაო ღია ბარათად დაგვიხატონ, მაგრამ სინამდვილეში ევროპაც და დასავლეთიც დუღს. იგი საკუთარ, უარყოფილ იდენტობას ეძებს. ამ მტკივნეულ ძიებაში დანაკარგებიც იქნება და, იმედია, მონაპოვარიც.

უკეთესი ყოფისთვის სხვის სახლში უნებართვოდ შესვლა კი არ უნდა გინდოდეს, საკუთარი სამშობლო უნდა მოაწესრიგო. ეს ერთნაირად ეხება ქართველებსაც და არაბებსაც, ამერიკელებსაც და გერმანელებსაც, უკრაინელებსაც და რუსებსაც.

ეს ისე, თანასწორობისთვის, თორემ პრორუსულობას მაინც დამაბრალებთ და მაგ სიმართლით იარეთ, ვისაც ეს სიტყვები გეკუთვნით!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ტურჩინოვი და თევზაძე ერთი ცომის პროდუქტია-უღმერთოებს რაში აინტერესებთ შობა
    რომელ რიცხვში იქნება?

  2. პროპუსულობა სულაც არ არის სათაკილო…!!!
    მაინც გაბრალებენ ქალბატონო ნანა და თავის მართლების საჭიროება რაღას ემსახურება, ვერღარ მივხვდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here