ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური ესაუბრება.
_ ბატონო თამაზ, ციხის კადრებისა თუ კასრის ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგაც კი რატომ უჭერს მხარს საერთაშორისო საზოგადოება “ნაციონალებს”? არის თუ არა ეს თქვენი ხელისუფლების სისუსტის ბრალი?
_ ეს იმის ბრალია, რომ “ნაციონალები” საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით მუშაობდნენ, პიარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ამისთვის არც დიდძალ ფულს იშურებდნენ. ერთი მხრივ, გეთანხმებით. შესაძლოა, ჩვენ მართლაც დავაკელით ხელი ამ მიმართულებით მუშაობას, განსაკუთრებით _ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. თუმცა ამჟამინდელი ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად აიცილა თავიდან ესა თუ ის მცდელობა, ჩაეთრიათ ავანტიურაში ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ხელისუფლება უფრო დამოუკიდებელია გარეშე ძალებისგან, თუნდაც ფინანსურად, რაც, არა მგონია, მოსწონდეთ იმ ძალებს, რომლებიც წინა ხელისუფლების მეშვეობით საკმაოდ წარმატებით ერეოდნენ ჩვენს საშინაო საქმეებში.
_ უკრაინულმა “ვიკილიქსმა” გაავრცელა თანაგუნდელებთან სააკაშვილის საუბარი, სადაც ის თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელსა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავის მხარდამჭერებად მოიხსენიებს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ისინი მომავალში “ნაციონალების” გვერდით ვიხილოთ?
_ მოდი, ამ შეკითხვას არ ვუპასუხებ, ვინაიდან, თუ კოალიციის წევრებს შორის ეჭვი გაჩნდება, ვეცდებით, ყველაფერი კოალიციის შიგნით გავარკვიოთ.
_ რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის, განცხადებით, ის, რომ დღეს საქართველოს კოალიციური მთავრობა ჰყავს, რესპუბლიკური პარტიის დამსახურებაა და კოალიცია მის გარეშე ვერ იარსებებდა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ეს მცდარი განცხადებაა. კოალიცია ვერ იარსებებდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი “ქართული ოცნების” გარეშე, სხვა ნებისმიერი პარტიის გამოკლებით, კოალიცია მაინც გაიმარჯვებდა.
_ ვრცელდება ხმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნების შესახებ, რათა ის 2016 წელს კოალიციას სათავეში ჩაუდგეს და იმავე რესპუბლიკელებსა და კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს არჩევნებში კვლავ გაამარჯვებინოს.
_ გააჩნია, დაბრუნებაში რას ვიგულისხმებთ. დაბრუნება არ ნიშნავს მაინცდამაინც სიაში ან სიის სათავეში ყოფნას. შეიძლება იყოს კოალიციის ლიდერი, მაგრამ, გარდა პარტიული თანამდებობისა, სხვა თანამდებობა არ დაიკავოს ხელისუფლებაში და საჯაროდ გამოხატოს, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერია.
თუმცა ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება კოალიცია. დაველოდოთ, როგორ კონფიგურაციას მიიღებს.
_ ხელისუფლებაში დაპირისპირება აშკარაა _ პრემიერი და პრეზიდენტი ლამის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რადიკალურად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავენ. ცოტა ხნის წინათ კი ერთმანეთი სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულეს.
_ რბილად რომ ვთქვათ, მათი თვალსაზრისები განსხვავებულია. პრემიერი ძირითადად იმ პროგრამით ხელმძღვანელობს, რომლითაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა; პრეზიდენტმა კი მას შემდეგ, რაც ფიცი დადო, დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, რომელიც ხშირად არ ემთხვევა იმ პროგრამას, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდა. აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ვიღებთ ერთმანეთისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ წაადგება.
_ პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი, რომელიც თანამდებობის პირებისთვის პრემიების აკრძალვას ეხებოდა, ჩავარდა. რატომ ვერ ელევიან თანამდებობის პირები პრემიებს და როგორია თქვენი, როგორც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პოზიცია ამ საკითხზე?
_ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტს მე მხარი დავუჭირე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ასე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი, რომ ვიღაცას არ ელაპარაკა, მხარი არ დაუჭირაო. პირდაპირ გეტყვით: ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან შედეგს არ მოიტანდა, რადგან პრემიებს ვაუქმებდით იმ ნაწილში, რომელშიც ის ისედაც არ მოქმედებს. საშუალო რგოლში თუ გავაუქმებთ პრემიებს, მაგალითად, თუ რიგით პოლიციელს არ მივცემთ პრემიას, მას მოტივაციას დავუკარგავთ, ეს საკითხი ამ კანონპროექტში ისედაც არ ყოფილა გათვალისწინებული.
_ მოგეხსენებათ, ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანას _ რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბა. როგორ ფიქრობთ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ვის უნდა დაუჭიროს მხარი საქართველომ?
_ საქართველო ამ კონფლიქტში არ უნდა ჩაერიოს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ გახდეს მხარე. ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ნატოს წევრ ქვეყნებსაც არ აქვთ _ საფანგეთს, გერმანიას, დიდი ბრიტანეთს. ისინი საკმაოდ მოზომილ კომენტარებს აკეთებენ და რუსეთს ანტიტერორისტულ კოალიციაში ერთობლივი თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ვინმეს გაღიზიანება საქართველოსთვის სასიკეთო ნამდვილად არ იქნება.
_ ზოგი ფიქრობს, რომ ეს დაპირისპირება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსს გვაძლევს. სწორია ეს თვალსაზრისი?
_ არ მინდა, მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდეთ, ესეც კონფლიქტში ჩართვაა. ჯერ მოვლენების განვითარებას უნდა დავაკვირდეთ და ვიფიქროთ მთავარ საფრთხეზე, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიო დგას. ახლა მთავარი ამოცანა მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა და ამ საფრთხის წინააღმდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს.
_ ჩვენ ვმონაწილეობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში (ISAF) და ჩვენი ჯარი იმყოფება ავღანეთში და არა _ სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ, რომელიც, ავღანელებისგან განსხვავებით, საქართველოს უშუალოდ ემუქრება. ამ ორგანიზაციის “ბოევიკები” უმოწყალოდ ანადგურებენ ადგილობრივ მართლმადიდებლებს მხოლოდ და მხოლოდ აღმსარებლობის გამო…
_ იმ დიდ სახელმწიფოებს, რომლებიც ახლა ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან, საქართველოს ამ პროცესში ჩართვა რომ სჭირდებოდეთ, ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი იქნებოდა. ამიტომ, არა მგონია, ამ სიტუაციაში ჩვენი აქტიურობა სწორი იყოს. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება სამიზნედ ვიქცეთ, მით უმეტეს, რეგიონში არასტაბილური და დაძაბული ვითარებაა და სხვადასხვა მისიაში ჩვენი მონაწილეობა გარკვეულ ძალებს ისედაც აღიზიანებთ.
_ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლამ, ამ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ბოლო განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიწია. ამას გარდა, ნატოს წევრი ქვეყნების ბევრი წარმომადგენელი უკვე დაუფარავად გვეუბნება, რომ ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანას ნატოში არავინ მიიღებს. მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი კვლავ არწმუნებს ხალხს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ნატოს წევრი აუცილებელად გახდება.
_ ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობა და სტაბილურობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ესა თუ ის ქვეყანა პოლიტიკურ ალიანსში ერთიანდება (ნატო მაქვს მხედველობაში), ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ ალიანსი იღებს ვალდებულებას, ამ ქვეყანას მისცეს მისი ტერიტორიის დაცვის გარანტიები, და თუ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება, ალიანსმა უნდა დაიცვას აგრესიისგან. რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები მათ, ვინც თანახმაა, ნებისმიერი პირობებით შევიდეს ნატოში ისე, რომ ამ ალიანსმა ჩვენ წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ დაიკისროს. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ დებულების მეხუთე მუხლის გარეშე გავმხდარიყავით ნატოს წევრი, მაგრამ ნატოში შესვლის მთავარი აზრი სწორედ ეს მეხუთე პუნქტია, რომელიც ავალდებულებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს, დაიცვან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სამხედრო კონფლიქტის დროს მის გვერდით დადგნენ. ხოლო, თუ ნატო ამ ვალდებულებას არ დაიკისრებს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება მხოლოდ იმისთვის ხომ არ გვინდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო მისიებში მონაწილეობდნენ?!
ასეთი განცხადებები არასწორად მიმაჩნია. თუ ვინმეს უნდა, მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენცია და ერთი–ორი სამთავრობო შენობა დაიტოვოს, რომლის უსაფრთხოების დაცვაზეც ნატო იქნება პასუხისმგებელი, და თუ ნატო გარკვეული ჯგუფების ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიისთვის გვჭირდება, სანაცვლოდ კი ნახევარი საქართველო უნდა დავთმოთ, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ჩვენ გვინდა, ქვეყანა იყოს დაცული.
_ არსებობს ასეთი სურვილი და მოსაზრება დღეს?
_ არ ვიცი, მე, უბრალოდ, ვერ ვიგებ მოტივაციას, ჩვენ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდეთ ნატოს წევრი, თუ მისი წევრობა უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე გარეთ ყოფნა. მაგრამ ყოველგვარი პირობის გარეშე ნატოს წევრობა, არასწორია. თუ სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე პასუხისმგებლობას არავინ დაიკისრებს და საფრთხის შემთხვევაში არავის ექნება ჩვენი დაცვის ვალდებულება, მაშინ ნატოს წევრობა მხოლოდ ხელისუფლების რაღაც ჯგუფის დასაცავად ყოფილა საჭირო, რაც მიუღებლად მიმაჩნია.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი
ასპროცენტიან სიმართლეს ამბობს ბატონი თამაზი..ნატოთი სპეკულირება ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ და რაში წაგვადგება ის საქართველოს ამაზე არც კი ფიქრობენ..კოალოცია აუილებლად უნდა დაიშალოს და ქართული ოცნება ცალკე ერთგულ ი ადამიანებით დაკომპლექტებულ ძალად უნდა წარსდგეს 2016 წლის არჩევნებში..ვნახოთ ის მოტრაბახე პარტიები რამდენ პროცენტს აიღებენ მარტოდ, როცა დარჩებიან..ზოგიერთებმა ბატონ ბიძინას ფეხის გულები დაუკოცნეთ და ღალატს და ორმაგი სტანდარტებით ფარულ გარიგებებს თავი დაანებეთ..ნაგვის ყუთიდან ამოგიყვანა ადამიანმა, თაფლის კასრზე დაგსვა და კიდე ვერ ხედავთ.. ღალატი და უმადურობა არავის შერჩენია..წარმატებები ქართულ ოცნებას და მის ერთგულ გუნდს…
არ ვიცი ქართულ ოცნებას თუ კიდევ შემორჩა ერთგული ადამიანები , შეიძლება ერთი ორი სადღაც მოიძებნოს, ყველამ შეირჩხვინა თავი, ყველა მარტო ფულზე და გამდიდრებაზე ფიქრობენ, არ შეასრულეს ის დაპირებები რაც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ ისე,რომ არ ვიცი ხალხი კიდევ დაუჭეერს მხარს თუნდაც ბიძინა ივანიშვილს ეჭვი მეპრება,მე პირადად საქართველოში არ ვიმყოფები, მაგრამ ცემი ოჯახი საქარტველოშია, ალბათ მე რომ არ ვეხმარებოდე ძალიან გაუჭირდებოდათ, როდედეე? ნუთუ არ დავიმსახურეთ შვილებტან დაბრუნებაა?რას იქრობენ პარლამენტარები, რატომ ჩააგდეს ქუცნაშვილის პროექტიი? არავის არ უნდა მიეცეს პრემია არაავიიიის თუნდაც აუცილებელი იყოს,ყველა იღებენ სათანადოზე მეტ ხელფასებს რა საჭიროა პრემიაა?რით ვერ გაძეხიით …ეს ნატო კიდევ სპეციალურად შემოგვიგდეს რომ რუსეთს ასეთ დღეში ჩავეგდეთ, თორემ ჩვენ ნატოს ვინ დაგვანახეებს, ან კიდევ გინდაც შეგვიყვანონ გვიღირს კიი? თუ დავკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს მე მგონი არა უკეტესი იქნება ისევ დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა და თავი დავანებოთ ამ ნატო ნატოს სკანდირებას გეყოთ ხალხის მოტყუება
იმიტომ უჭერენ მხარს ნაცებს დასავლეთში, რომ სააკაშვილში დიდი ფული ჩადეს და არ უნდათ ისე გამოვიდეს, რომ ეს ფული ტყუილად ჩადეს.
ის ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა, – ესაა დასავლეთის ლოზუნგი
тамази ковелтвис идзахис симартлес да мас ветанхмеби асети адамианеби беври ром квавдес карги икнебода.