Home რუბრიკები საზოგადოება გამგებლის მოადგილეების პრემიებზე დახარჯული 535 ათასი და 160 ლარის იმედად დარჩენილი გაჭირვებული...

გამგებლის მოადგილეების პრემიებზე დახარჯული 535 ათასი და 160 ლარის იმედად დარჩენილი გაჭირვებული ვეტერანები

709

უზომოდ გაზრდილი ხარჯები, მივლინებებში, ფურშეტებსა და ტკბილეულში დახარჯული ათასობით ლარი, მაღალი პრემიების, დანამატებისა თუ სარგოების თემა საქართველოში, ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, ისევ აქტუალურია და კვლავ საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, მადას არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უჩივიან და მათ არც პრემიერის განცხადებაქამრების შემოჭერაზეარ აინტერესებთ და არც ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს თბილისის საკრებულოში 4 მილიონ ლარზე მეტი პრემია და დანამატი დარიგდა. 2012-2014 წლებში საკრებულომ 74 300 ლარის სხვადასხვა სახის პროდუქტი _ ჩაი, ყავა, ტკბილეული და უალკოჰოლო სასმელი შეიძინა, ხოლო ოფიციალური ღონისძიებებისა და ფურშეტების ორგანიზებისთვის _ 52 300 ლარი დახარჯა. 2014 წლის ოქტომბერში საკრებულოს შენობის ოფიციალური გახსნა 19 200 ლარი დაუჯდა, 55 500 ლარი დაიხარჯა საჩუქრების შესაძენად. რაც შეეხება მივლინებებზე დახარჯულ თანხებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, საკრებულომ რიგ შემთხვევებში საკმარისი მტკიცებულებებიც კი ვერ წარმოადგინა, რომ სამსახურებრივი მივლინების შესახებ გადაწყვეტილებები ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული. საკრებულოს ზოგიერთ ავტომანქანაზე გაწერილი საწვავის ხარჯი კი ექსპერტიზის მიერ დადგენილ ნორმებს 71-89%-ით აღემატებოდა.

 ინფორმაცია დედაქალაქის მერიაში არსებული არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ცოტა ხნის წინათ არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორმაც” გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მერიის შენობაში არსებული კაფეტერიის გასარემონტებლად ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო გამგებლები და მათი მოადგილეების პრემიებზე გახარჯულმა თანხამ მხოლოდ სამ თვეში 535 ათას ლარს მიაღწია. როგორც “მედიატორის” მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, 2015 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ანუ 6 თვის განმავლობაში, მხოლოდ მივლინებებისთვის 84 619 ლარი დაიხარჯა, ხოლო წყლის, ყავისა და “კოკა-კოლას” შესაძენად _ 21 ათასი ლარი.

 ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ 2011-2013 წლებში ყოველ რელიგიურ თუ საერო დღესასწაულზე თბილისის მერიის ხელმძღვანელობა 150-დან _ 450 ათას ლარამდე პრემიას ირიგებდა.

თუმცა, მერია-საკრებულოს პარალელურად, როგორც ჩანს, არც სამინისტროებისა და დეპარტამენტების მაღალჩინოსნები იკლებდნენ ფუფუნებას. ცოტა ხნის წინათ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” კორესპონდენციასთან დაკავშირებული კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან _ 2015 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო სტრუქტურებმა საქართველოს ფოსტის მომსახურებში 978 610,24 ლარი გადაიხადეს, ხოლო საბეჭდ ქაღალდში _ 524 236 ლარი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის პირველ 6 თვეში მელიორაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღებული პრემიებისა და სარგოების რაოდენობამ ნახევარ მილიონ ლარს გადააჭარბა. იგივე ვითარებაა სხვა სახელმწიფო უწყებებშიც. ამასთანავე, სტატიაში დასახელებული ციფრები არ წარმოადგენს ყველა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში დახარჯული თანხმებისა და გაცემული პრემიების სრულ სურათს, ის მხოლოდ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მონაცემებს ეყრდნობა, რაც საფუძველს გვაძლებს, ვივარაუდოთ, რომ დანახარჯები გაცილებით დიდია.

პარადოქსია, მაგრამ ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის არაერთი ხელისუფალიც მონდომებით გვიმტკიცებდა, რომ მთავარია მონდომება და სახელმწიფოს მიერ დადგენილი 150-ლარიანი საარსებო მინიმუმითაც მშვენივრად იცხოვრებ, თავად კი, რატომღაც, მაღალი ხელფასებიც არ ჰყოფნით. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები, დიდი ხელფასების პარალელურად, არათუ მოზრდილ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს იღებენ, თავსაც გვამადლიან და აცხადებენ, რომ ამაში გასაკვირი არაფერია და მათი ფასდაუდებელი შრომა დაღვაწლისამშობლოს წინაშე, დიახაც, სათანადო ანაზღაურებით უნდა დაფასდეს. ბუნებრივია, გვესმის, რომ შრომას დაფასებაც სათანადო სჭირდება და მაღალი თანამდებობის პირს ხელფასიც მაღალი უნდა ჰქონდეს და პრემიაც, მაგრამ საკითხავია, რამდენად გამართლებულია საკუთარ თავს ასეთი ხარჯებისა და პრემიების გამოწერის ფუფუნების უფლება მისცე, როცა ჯერ ხალხისთვის მიცემული დაპირებები არ შეგისრულებია და როცა ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 150 ლარს შეადგენს?! ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაკლები დამსახურება მიუძღვით სამშობლოს წინაშე, შენ გვერდით საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობენ?! თვალსაჩინოებისთვის დღეს რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ

 სამამულო ომის ვეტერანი, იოსებ ტუხაშვილი 92 წლისაა, ის მარტოხელა მოხუცია და მისი ერთადერთი შემოსავალი 160-ლარიანი პენსიაა: _ “პენსიის გარდა, სხვა შემოსავალი არ მაქვს. მეუღლე და შვილი დამეღუპა. პროფესორი იყო ჩემი შვილი. 14 წლის ობოლი შვილიშვილი მყავს, რომელიც რაიონში მეუღლის ძმასთან ცხოვრობს, რადგან მე არ შემიძლია მისი შენახვა და დღეს, ოროთახიან ბინაში ასე მარტო ვცხოვრობ.

_ როგორ ირჩენთ თავს, დღეს ამ თანხით თავის გატანა ხომ შეუძლებელია?

_ რა თქმა უნდა, შეუძლებელია. რამდენიმე თვის პენსიას წინასწარ ერთად ვიღებ, რომ საჭმელი ვიყიდო. დღეში ერთხელ ვჭამ, მეტი არ მინდა. ისეთი დაავადებები მაქვს, რომ მუდმივი მკურნალობა მჭირდება, მედიკამენტების გარეშე ვერც დავიძინებ. თვეში, დაახლოებით, ასი ლარის წამალი მაინც მჭირდება. ავად რომ გავხდი ამას წინათ, მეზობლებს ვუთხარი, აღარ მინდა აღარც მკურნალობა, აღარც სიცოცხლე-მეთქი. დავიღალე მარტოობით, გაჭირვებით…

 ქერჩის ბრძოლის მონაწილე და 414-ე ქართული დივიზიის ყოფილი ოფიცერი ვარ, ასეულის მეთაური ვიყავი, რამდენჯერ სიკვდილს თვალებში ჩავხედე. ქერჩში სამი დივიზიიდან ორი დივიზია განადგურდა და მე მესამე დივიზიაში ვიყავი და ასე გადავრჩი. ალბათ, ღმერთს სურდა, აქამდე მეცოცხლა და იცით, რისი მრცხვენია? იმისთვის ვიბრძოლე, რომ ბოლოს ასეთ პირობებში მეცხოვრა? ფილმები გადაიღეს ჩემზე, ინტერვიუებს იღებენ და ჩემი ეკონომიურ მდგომარეობა მაინც ვერ უმჯობესდება…”

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი კავკასიის ბრძოლების მონაწილე, პროფესორი შოთა ბუაძე 90 წლისაა და შვილებთან ერთად ცხოვრობს: _ “კარგს ვერაფერს გეტყვით, ჩვენი მთავრობის ძალიან უკმაყოფილო ვარ, პირველ რიგში, უყურადღებობის გამო. ჩვენთვის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა და სასაცილო თანხას _ 160 ლარს ვიღებთ. ომში მონაწილეების პენსიას, რაღაც კაპიკებს ვიღებდით და სააკაშვილმა ისიც წაგვართვა. არც ეს ხელისუფლება ფიქრობს ჩვენზე. ვუყურებ, ახლა სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდინარეობს მსჯელობა და ჩვენ, იმ ომის ვეტერანებს, საერთოდ არც კი გვახსენებენ. ორ ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ და ასე გაგვაქვს თავი, თორემ ამ თანხით თავის რჩენა წარმოუდგენელია.

_ თქვენი პენსია რაზე გყოფნით?

_ არაფერზე. ვარსებობთ, როგორც იტყვიან… ფაქტობრივად, მიტოვებულები ვართ და არავის ვახსოვართ. არც ერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან ვეტერანებს, როგორც ჩვენთან. არადა, ძალიან ცოტანიღა დავრჩით, ათას კაცზე ცოტა მეტია საქართველოს მასშტაბით ცოცხალი და ჩვენც ასეთ პირობებში ვართ”.

სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ჩახმახაშვილი ოჯახთან ერთად, ქირით ცხოვრობს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და სოციალურად დაცველთა კატეგორიას განეკუთვნება. მისი ერთადერთი შემოსავალი ვეტერანის პენსია და სოციალურად დაუცველისთვის დაწესებული დახმარებაა. დაახლოებით სამას ლარამდე თანხით ოჯახი თვიდან-თვემდე თავს ირჩენს: _ “თანხას ასე თუ ისე ვანაწილებთ, ქირას ვიხდით და, მშიერი რომ არ ვიყოთ, საჭმელს ვყიდულობთ, თორემ ეს ფული სხვა რაში უნდა გვეყოს? ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, ყველა ბრძოლაში ვმონაწილეობდი, ყაზბეგში პირველი მესაზღვრეები რომ წავიდნენ, იმ 17 კაცს შორის მეც ვიყავი. პირველი გვარდია რომ შეიქმნა, იქაც ვიყავი, ორლულიანი თოფები გვქონდა და იმით ვიცავდით სამშობლოს. ხომ შეიძლება, ჩვენსკენაც ვიღაცამ გამოიხედოს და ყურადღება მოგვაქციოს. გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს ათას ლარს აძლევენ, მაგრამ ცოცხლებსაც ხომ გვინდა ყურადღება? იქნებ კომუნალურ გადასახადებზე მცირედი შეღავათები დაგვიწესონ. ბევრს არ ვითხოვთ.

 ჯერ ხომ სააკაშვილმა შეაჯავრა ყველას ჩვენი თავი, ხან ყაჩაღებსა და მკვლელებს გვეძახდნენ და ხან _ რას. 2007 წელს ვეტერანების პენსიაც მოგვიხსნეს და სამოქალაქო კატეგორიას მიგვაკუთვნეს, ეს ვითარება არც ახალი ხელისუფლების პირობებში შეცვლილა. ძლიერ სახელმწიფოებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც კი, სომხეთსა აზერბაიჯანში, ვეტერანები ბევრად კარგად გრძნობენ თავს.

 ერთი შვილი ჯარშია, მეორე სკოლაში სწავლობს, ამიტომ, ბუნებრივია, ჯერჯერობით ვერ იმუშავებენ. მე 44 წლის ვარ. რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანს უნდა სამსახური, მაგრამ სად ვიმუშავებ, აბა, ვეტერანები ვის რაში ვჭირდებით?! ცალი თვალით ვერ ვხედავ, ცალი ფეხითაც მიჭირს სიარული. თავს მხოლოდ პენსიითა და სოციალურად დაუცველის დახმარებით ვირჩენთ.

 22 ლარს რომ აძლევ პენსიას ვეტერანს, სამარცხვინოა. კი, ვეტერანებს ოპერაციებს უფინანსებენ, ამ მხრივ ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა ვეტერანს შერყეული აქვს და კვირაში სამ მკვდარს ვასაფლავებთ…

ვეტერანები ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, ეს ხომ სახელმწიფოს სირცხვილია?! ვიფიქროთ, მომავალ თაობას რა მაგალითს ვაძლევთ”.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

P.S. იქნებ სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარი პრემიების გამოწერამდე, უფრო მეტი გულისხმიერება გამოიჩინონ და დაინახონ, როგორ უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ მათ გვერდით, მათზე არანაკლებ პატივსაცემი ადამიანები.

1 COMMENT

  1. აქ მარტო კომენტარს კი არ უნდა ვაკეთებდეთ მთელი ხალხი უნდა დავირაზმოთ და მოვთხოვოთ პასუხი მაგ უპასუხისმგებლო ხალხს,თუ არ ყოფნით ხელფასი გადადგნენ და სხვა მივა სამუშაოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here