Home რუბრიკები საზოგადოება იური მეჩითოვი: თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნაც მიუთითებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა...

იური მეჩითოვი: თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნაც მიუთითებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის

707

მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 24 წლის წინათ ნანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან? რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 24 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. რუბრიკის სტუმარია ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი.

_ უკვე 24 წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა?

_ ჩვენს ქვეყანას არ მოუპოვებია რეალური დამოუკიდებლობა, ჩვენ მხოლოდ ფორმალური დამოუკიდებლობა გვაქვს, ამიტომ იმის თქმა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ვფიქრობ, მცდარია. მესმის, რომ დღეს სრულიად დამოუკიდებელი მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის და ყველა მეტნაკლებად დამოკიდებულია ვიღაცაზე, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით დამოკიდებულია ყველასა და ყველაფერზე.

ეს წლები, შეიძლებოდა, ქვეყნისთვის უკეთესად გამოგვეყენებინა. არადა, ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც არც ერთი პარამეტრით არათუ აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნებს, არამედ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მას. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. მხოლოდ მოსახლეობის ერთი პროცენტი, ე.წ. ელიტა არ უნდა ცხოვრობდეს კარგად.

_ რატომ მოხდა ასე, რატომ მივიღეთ ასეთი ქვეყანა და არა რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო?

_ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ თავიდანვე არასწორი გზით წავედით. ეს იყო გზა არაფრისკენ. ნუ ეწყინება ირაკლი წერეთელს და მე ამ გზას ირაკლი წერეთლის გზას ვუწოდებ. ემოციური საუბრები, რომ აი, ჩვენ ბალახს შევჭამთ, ნატოში შევალთ, ყველაფერი კარგად იქნება და აშ., არაფრის მომცემი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ჩვენ ახლაც ვერ ვახერხებთ, დავსხდეთ, დავფიქრდეთ და გონივრულად გავაანალიზოთ მოვლენები. მაგალითად, თოქშოუებშიც ყველა საუბარი ერთმანეთისთვის მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მიწებებით სრულდება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით აზროვნების გზას _ მერაბ მამარდაშვილის გზას. აზროვნება კი ცოდნასაც მოიცავს, ანალიზსაც და შედეგსაც. “შაბლონებით აზროვნებამკი ასეთდამოუკიდებლობამდედა, რეალურად, ქვეყნისდაქცევამდემიგვიყვანა.

_ ხელისუფლება თუ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

_ რა თქმა უნდა, არ არის. სამარცხვინო თავდაცვის მინისტრი გვყავს, რომელმაც ახალხან “ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურმე ჩვენ, ყველანი, გმირულად უნდა დავიღუპოთ. თვითონ არ დაიღუპება, ჩვენ კი ყველას დაგვღუპავს. თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა მიუთითებს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის. როგორ დაინიშნა ის მინისტრად? _ ამერიკის ელჩი მივიდა ბიძინა ივანიშვილთან და მათი საუბრის შემდეგ ხიდაშელი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანას არ ვმართავთ.

ეს ხელისუფლება შეზღუდულია წინა ხელისუფლების ვალებით, ჩვენ 12-13 მილიარდი აშშ დოლარის ვალი გვაქვს და ქვეყანა, რომელსაც ამხელა ვალი აქვს, დამოუკიდებელი ვერ იქნება.

_ ბატონო იური, ბრძანეთ, რომ საქართველო დღესაც არ არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა, მაგალითად, ხელოვნება ხომ გათავისუფლა ცენზურისგან?

_ პატარა მაგალითს მოვიყვან: ლევან ბერძენიშვილმა იკითხა, _ რატომ არის ბერძნული ტრაგედიები ფანტასტიკური და ერთმანეთზე უკეთესიო. იმიტომ, რომ იქ ძალიან მკაცრი კანონიკა იყო, არსებობდა კანონები, რომლებიც უნდა დაგეცვა, ანუ, ფაქტობრივად, ეს ცენზურა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ცენზურა არ არის ისეთი სახიფათო. სწორედ ცენზურის დროს შექმნა ქართველმა ერმა ბრწყინვალე ნაწარმოებები მუსიკაში, კინემატოგრაფიაში, მწერლობაში და .. არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც ელემენტარული ცენზურა მაინც არ არსებობს. თვითცენზურა მაინც აქვს ადამიანს. აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს და ქადაგება აბსოლუტური თავისუფლებისა არის ქადაგება არაფრისა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში რა შეიქმნა და რით შეიძლება ვიამაყოთ? ამიტომ ცენზურაზე საუბარი სასაცილოა. არ ვამბობ, რომ დღეს სპეციალურად უნდა შემოვიღოთ ცენზურა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ცენზურის პერიოდში ცენზურა გიბიძგებდა ალეგორიული აზროვნებისკენ, სხვანაირად თქმისკენ. ხელოვნებაც ეს არის _ სხვანაირად, სხვაგვარად თქმა. ვისაც სურს, თავის სათქმელს ყველა ამბობს; ხოლო ვისაც სათქმელი არაფერი აქვს, აბსოლუტურად თავისუფალია, უნაყოფოა. აი, ასეთ უნაყოფობაში ვართ ახლა ჩვენ, რადგან დღეს რეალურად ხელოვნებაც არ არსებობს.

_ ვითარებიდან გამოსავალს ხედავთ?

_ მსოფლიოში მიმდინარეობს დესუვერენიზაცია, ის სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც მეტი საშუალება ჰქონდათ და მეტი მოსახლეობა ჰყავდათ, კარგავენ სუვერენიტეტს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ გერმანიაც კი არ არის სუვერენული სახელმწიფო, ვინაიდან იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის არსებობას, მოსახლეობის ინტერესებს და სუვერენიზაციის შანსი, რომელზეც ილია ჭავჭავაძე საუბრობდა, როდესაც “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, ჩვენ 25 წლის წინათ დავკარგეთ. გონივრულად რომ მოვქცეულიყავით, გვქონდა შესაძლებლობა, დღეს მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა გვქონოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ და ამას დღესაც ვერ ვაცნობიერებთ. როგორ შეიძლება, ადამიანი გამოჯანმრთელდეს, როდესაც დიაგნოზის გაგონებაც არ სურს?! ჩვენი საქმეც ასეა.

ჩვენ მოსახლეობის 1/3 დავკარგეთ, რისი აღიარებაც არ გვინდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა, ამიტომ არჩევნებით ვერაფრის შეცვლას ვერ შევძლებთ. ან არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, ხალხი დათვლილი არ გვყავს?! საარჩევნო სისტემა მოსაწესრიგებელია. ქვეყანაში შეიქმნა კლანური მმართველობა, რომლის მოშორებაც არჩევნებისა და დემოკრატიული გზით შეუძლებელია და რომელიც სხვა პარტიებს საშუალებას არ აძლევს, ხმა ამოიღონ, თავისი სიტყვა თქვან. თითქმის ყველა ტელეკომპანია სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციისა და უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ იმყოფება.

 ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგად გრძნობს თავს და, როცა ადამიანი კარგადაა, მას ნაკლებად ესმის იმ ადამიანის, რომელიც ცუდადაა. ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ამის ბერკეტები არ აქვს და ვართ ასე ხელფეხშეკრულები.

 მართალია, ძალიან ცუდი სურათი დაგიხატეთ, მაგრამ სჯობს, სიმართლე ითქვას. მე ჭეშმარიტებაზე არ ვდებ თავს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და შემიძლია, რასაც ვამბობ, ყველაფერი დავსაბუთო, რადგან ამაზე ბევრი მიფიქრია. გული მტკივა, ასეთ დღეში რომ აღმოვჩნდით. თუმცა, როცა აბსურდული ლოზუნგებით მოვდიოდით და სისულელეებს ვლაპარაკობდით, ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო. როდესაც მცდარ გზას დაადგები, როდესაც საპირისპირო მხარეს მიდიხარ, როგორ მიხვალ ჭეშმარიტებამდე? ვერც მივდივართ. საქართველოში, ფაქტობრივად, ახლაც ლიბერალურად შეფუთული ტოტალიტარული რეჟიმია.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here