Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: თუ ასე გაგრძელდა, საქართველო იქნება ტრანზიტული ტერიტორია ქართველების გარეშე

თამარ კიკნაძე: თუ ასე გაგრძელდა, საქართველო იქნება ტრანზიტული ტერიტორია ქართველების გარეშე

773

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი იყო. მთავრობა სიამაყოთ აცხადებს, რომ ჩინეთის მილიარდნახევრიან ბაზარზე შესვლის უფლება მოვიპოვეთ. რას გვარგებს და რას გაგვიფუჭებს ჩინეთის ბაზარი? _ ამ საკითხზე და საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ტრადიციულად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ ქალბატონო თამარ, გასული კვირის განმავლობაში მთავრობა ჩინურ ინვესტიციებზე და პეკინში პრემიერის წარმატებულ ვიზიტზე საუბრობდა. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “ ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ რეგიონში მილიარდ 400-მილიონიანი ბაზარი ავითვისოთ”. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინური ბაზარი და რისი გატანა შეგვიძლია მილიარდიან ბაზარზე?

_ ჩინეთი მართლაც დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. მთავარია, ურთიერთობები ჩვენთვის სასარგებლო იყოს. ბოლო ხანს ეს კავშირები გააქტიურებულია. ახლახან ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადმოგვცა 11 მილიონის ღირებულების თანამედროვე სპეცტექნიკა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოიყენებს იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაწყებულია რეგიონებში. არის შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის “ახალი აბრეშუმის გზის _ ეკონომიკური სარტყელის” გასავითარებლად თანამშრომლობის შესახებ. ჩვენ ვართ ამ პროექტის მონაწილე ქვეყანა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად საქართველო გახდება ერთადერთი უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ხიდი ევროპასა და აზიას შორის, რომ ჩვენ შეგვიძლია, 15 დღემდე შევამციროთ ჩინეთის ტვირთების ტრანსპორტირება ევროპამდე და სწორედ ამიტომ ის დერეფანი, რომელშიც ვიმყოფებით, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა მეტი მნიშვნელობა შეიძინოს ჩვენმა ქვეყანამ. ეს ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას, მეტ დაცულობას და მეტ ინვესტიციებს. ამ მიზნით ოქტომბერში ტარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და უმაღლესი დონის ვიზიტორები გვეყოლება.

ამასთანავე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო მცირერიცხოვანი, დემოგრაფული პრობლემების მქონე სახელმწიფოა, ჩინეთი კი ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკას აწარმოებს.

_ საქართველოს რა აქვს ისეთი, რისი გატანაც ჩინეთში შეუძლია? ეკონომიკის მინისტრმა ღვინოზე ისაუბრა

_ ჩინეთი უზარმაზარი ბაზარია, მაგრამ, რაც შეეხება ღვინოს, იქ ღვინის სმის ისეთი კულტურა არ არის, როგორიც ჩვენთან, მათ თავიანთი სპეციფიკური სასმელები აქვთ…

_ რამე გასატანი რომც გვქონდეს, გზა ჩინეთამდე იოლი გასავლელია?

_ საქართველო აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. რადგანაც ჩინეთის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი გადის ევრაზიის კონტინენტზე, საქართველოს მდებარეობა იძლევა მსოფლიოს ორი უმსხვილესი სავაჭრო რეგიონის დაკავშირების შესაძლებლობას. მაგრამ კარგი იქნება, ამ პროექტში მარტო დერეფნის ფუნქცია თა არ გვექნება. საქართველო ყველაფრისთვის კარგად უნდა მოემზადოს.

_ რაში მდგომარეობს საქართველოს მომზადება?

_ მეტად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ჩვენთვის სასარგებლო ინვესტიციებზე, თანაც რუსეთი და ჩინეთი კარგი პარტნიორები არიან, შეიძლება ამ ფაქტის გამოყენებაც.

_ ქვეყანაში სოციალური პრობლემებია, აქაიქ არეულობებიც იწყება. კახელი გლეხები უკმაყოფილონი არიან. პოლიტოლოგები შემოდგომის მეორე დეკადაში საპროტესტო აქციების დაწყებას ვარაუდობენ.

_ არჩევნები ახლოვდება და, ბუნებრივია, სიტუაცია დაიძაბება და არეულობებიც იქნება. სასაცილოა, როდესაცნაციონალური მოძრაობასაუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და კახელი გლეხის კეთილდღეობაზე. ყველას გვახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ვაზის გაჩეხვას აფინანსებდნენ _ 2000-2500 ლარს აძლევდნენ ადამიანებს ამისთვის.

ვაზი ქართველებისთვის გენეტიკური კოდია, “ნაციონალებიკი გენეტიკური კოდის აღმოფხვრაზე მუშაობდნენ. ოპოზიცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გვყავს, დესტრუქციული ძალაა და შეეცდება, სხვა არეულობებიც გამოიწვიოს. ისინი ქვეყნის კეთილდღეობას არად დაგიდევენ – პირიქით, რაც უფრო ცუდად იქნება საქმე, ურჩევნიათ. უბედურებაა, რომ საქართველოში “ნაციონალების” ქმედებას სათანადო შეფასება არ მიეცა და იძულებულები ვართ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილის საპირისპიროდ, მათი ქმედებები და მასმედიაში გაუთავებელი დემაგოგია ავიტანოთ.

_ ქალბატონო თამარ, თუ გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ საქართველოში სახლებს, ბინებს ინტენსიურად ყიდულობენ ჩეჩნები, ინგუშები, აზერბაიჯანელები და .. ჩვენ მოვიკითხეთ, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტს ასეთი ინფორმაცია არ აქვს

_ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გაღატაკებულია. მას არ აქვს ინვესტირებისა და უძრავი ქონების შეძენის საშუალება. ქართული აქტივები დოლარის კურსის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაუფასურდა, რაც ხელოვნურ პროცესად მიმაჩნია. მოსახლეობას ამ გაუფასურებული აქტივების ყიდვაც არ შეუძლია, ამიტომ საქართველოში ძალიან კარგი პირობებია უცხოელებისთვის. ეს არის გლობალიზაციის ქართული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რაც შეიძლება მძიმე ვითარება იყოს, რომ საქართველოს მოქალაქები ქვეყნიდან წავიდნენ, ხოლო მათ მაგივრად სხვა ქვეყნის მოქალაქები ჩამოვიდნენ.

ზოგიერთი ქვეყანა ახერხებს, გვერდი აუაროს გლობალიზაციის დამანგრეველ პროცესებს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებები ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკას არ ატარებენ და შედეგიც ძალიან მძიმეა. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო იქნება ტრანზიტული ტერიტორია ქართველების გარეშე.

_ წინასაარჩევნო მარათონი მალე დაიწყება. ბევრი პოლიტიკური ძალა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაზე საუბარს და ამ მოტივით რუსეთშიც მიდის. როგორ ფიქრობთ, ვისზე გააკეთებს არჩევანს რუსეთი?

_ რასაც ახლა ვხედავ, არის ის, რომ რუსეთი მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენს საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. მათ დღეს თავისივე პრობლემები ჰყოფნით. გარდა ამისა, ისინი კარგად ხედავენ, რომ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება, ამიტომ თავის დროს ელოდებიან. რაც უფრო ცუდად იქნება საქართველოში სიტუაცია, მით ხელსაყრელი იქნება რუსებისთვის ჩვენთან მოლაპარაკება. დღეს დასავლეთსა და რუსეთს შორის არის დაპირისპირება. ჩვენც ჩაბმული ვართ ამ პროცესში დასავლეთის მხარეს. ხელისუფლების ზომიერი ფრთა ცდილობს, ლავირების პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ პროდასავლური ფრთა ქართველებისთვის ჩვეული მაქსიმალიზმით ასრულებს რუსეთის გამაღიზიანებლის ფუნქციას. თუ ვინმე მრავალვექტორიანი, კონსტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე ლაპარაობს, მას პრორუსად აცხადებენ და მის მარგინალიზებას ცდილობენ.

_ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ წვრთნები, რომლებიც მიმდინარეობს, არის იმისთვის, რომ გავიგოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოშისოციალურ ქსელში უპასუხეს, რუსები უფრო სწრაფად ჩამოვლენო

_ თინა ხიდაშელი ასე რატომ ლაპარაკობს და რა მოტივაცია აქვს, არ ვიცი, მაგრამ ასეთი განცხადებები საღ აზრს არის მოკლებული. საქართველოს კეთილდღეობისთვის არც ერთი ქვეყანა ნაბიჯს არ გადადგამს, თუ ეს მის ინტრესებში არ შედის. ჩვენც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, როდესაც ქვეყნის ერთ ნაწილში ერთი სახელმწიფოს ბაზა დგას და მეორეში სხვა სახელმწიფოსი, ეს პოლიგონია. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკოსების რწმენა ეკარგებათ, ქვეყნიდან გადიან ლუკმაპურის საშოვნელად, რაც ძალიან ცუდია.

_ თქვით, რომ რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია. სამაგიეროდ, პუტინმა დანარჩენი მსოფლიოსთვის მოიცალა _ სირიაში შეიარაღებული ძალები შეიყვანა.

_ დასავლეთისთვის ბაშარ ალ ასადის შეცვლის გეგმა არ შეცვლილა. რუსებმა რაღაც ეტაპზე გაიმარჯვეს, მაგრამ, დასავლეთმა თუ ჩაიფიქრა, შეეცდება, გეგმა ბოლომდე მიიყვანოს. არ გამოვრიცხავ, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება, ახსნა ის, რომ ისინი ცივილიზაციას ანადგურებენ. იმის ნაცვლად, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს, საჰაერო დარტყმები, რომელსაც მათზე ახორციელებენ, უეფექტოა.

რუსეთი თავის ინტერესებს იცავს, მას სირიაში სამხედრო ბაზა აქვს. ასადის ხელისუფლების დამხობა რუსეთის დამარცხებას ნიშნავს, თანაც გეოპოლიტიკურად ის კედელთან არის მიყენებული, ამიტომ სხვა გზა არ აქვს.

_ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია

_ ამის შესახებ, სხვათა შორის, რომის პაპმა განაცხადა. მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, მას ჰიბრიდული ხასიათი აქვს. ზოგიერთი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს ომი ჰგავს 30-წლიან ომს, რომელიც მე-17 საუკუნეში მოხდა და ვესტფალიის ზავით დასრულდა 1648 წელს. ეს იყო გადამწყვეტი პროცესი, რომლის შემდეგაც რუკაზე წარმოიქმნა ახალი სახელმწიფოები. დღესაც საქმე გვაქვს მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან. ჩვენ საომარ პროცესში ვართ. მსოფლიოს ერთ ბოლოში მიმდინარე პროცესი მეორე ბოლოში მყოფ სახელმწიფოზე მოქმედებს. ჩვენი ამოცანა თავის გადარჩენაა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here