Home რუბრიკები პოლიტიკა სტალინი და ენვერ ხოჯა

სტალინი და ენვერ ხოჯა

1651

რატომ დაუპირისპირდა ალბანეთის ლიდერი სოციალისტური სახელმწიფოების ლიდერებს

 

ვიდრე სტალინისა და ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის ლიდერის _ ენვერ ხოჯას პირად ურთიერთობებსა და შეხვედრებზე გიამბობდეთ, მოგითხრობთ ენვერ ხოჯას იდეურ რწმენაზე, ღირსებებსა და ერთგულებაზე, რომელიც მან სტალინის, როგორც უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და პიროვნების, მიმართ გამოიჩინა.

1979 წელს საბჭოთა კავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, დაეგმო ნიკიტა ხრუშჩოვის მოხსენება სტალინის კულტის მავნე შედეგების შესახებ, რომლითაც ის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე წარდგა, და ჯეროვანი შეფასება მიეცა, იმ მომაკვდინებელი შედეგებისთვის, რომლებიც სტალინის წინააღმდეგ ჩატარებულმა ამ ბინძურმა კამპანიამ გამოიწვია. არა მხოლოდ კრემლი, არამედ მოკავშირე რესპუბლიკების კომპარტიები ფარულად თუ აშკარად ემზადებოდნენ იოსებ სტალინის დაბადებიდან 100 წლის იუბილის ღირსეულად აღსანიშნავად. საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, უწინარესად, საქართველოს ტელევიზია ნათლად გამოხატავდა ქართველი ხალხის სულისკვეთებას ამ უაღრესად სასიხარულო საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მიმართ. ინტენსიურად ითარგმნებოდა და ქართულ ენაზე იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის მარშლების, საზღვაო ფლოტის ადმირალების, ფრონტის სარდლების, მამაცი გენერლებისა და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის წარმომადგენელთა მოგონებები და მემუარები. საქართველოს სახალხო არტისტ ბორის წიფურიას დავალებული ჰქონდა ქალაქ გორში გრანდიოზული ღონისძიების მოწყობა. ყველა რაიონის ხელმძღვანელმა მიიღო საიდუმლო დირექტივა, რა წვლილი უნდა შეეტანა იუბილის აღნიშვნაში და რა ფორმითა და მაშტაბით უნდა აღნიშნულიყო ეს ღირსშესანიშნავი თარიღი თითოეულ რაიონში.

 რაც უფრო ახლოვდებოდა 1979 წლის 21 დეკემბერი, მით მეტად იზრდებოდა პოლიტიკური ტემპერატურა. ეს არ იყო მხოლოდ ქართველი კაცის მიერ მეორე ქართველის ღვაწლის დაფასებისა და მადლიერების გამოხატვის მცდელობა _ ეს იყო შურისძიება ბოროტებაზე, რომელსაც პასუხი სწორედ 21 დეკემბერს უნდა გასცემოდა.

 1980 წლის 1 იანვარს კი სტარტი უნდა აეღო დიად გამარჯვებებს, ეს დღე უნდა გამხდარიყო ტრიუმფალური მსვლელობის დასაწყისი. მწერლები ადრე გამოქვეყნებულ და შემდგომში გადასწორებულ მოგონებებს ხელახლა ასწორებდნენ, პოეტები კვლავ უხმობდნენ ძველ მუზებს და სტალინთან გასარითმ სიტყვებს ხელახლა იხსენებდნენ.

საქართველო გაერთიანდა. აღარავინ იყო მენშევიკებისა და ტროცკისტების შთამომავალი, ყველას პირზე სტალინი ეკერა.

სოფელში ჩვენი მეზობელი ლოლა ბერაძე, რომლის მამა, ბიძა და ბიძაშვილები 1937 წლის მოვლენებს შეეწირნენ, საქვეყნოდ აცხადებდა:

_ ყველაფერი მიპატიებია სტალინისთვის. ბედნიერი მაშინ ვიქნები, როდესაც ჩვენი სოფლის კლუბში სკოლის მომღერალთა გუნდი კვლავ შეასრულებს სიმღერას ბელადზე, რომელსაც მე იმხანად ვმღეროდი, როდესაც მამა და ბიძები გადასახლებული მყავდა:

მყინვარს შვენის ნისლის ბადე

შევარდენი მეხთან ომობს,

სტალინ, შენი სიდიადე

ვინა სთქვას და გიგალობოს”.

აი, მაშინ იქნება ბედნიერი ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ოჯახიც.

ლოლას მსგავსად, მენშევიკებისა და ტროცკისტების ყველა შთამომავალი სწორედ ამ განწყობით ელოდებოდა 1979 წლის 21 დეკემბერს _ სტალინის დაბადებიდან 100 წლისთავის იუბილეს.

 1979 წლის 19 დეკემბერს, ღამის 12 საათსა და 30 წუთზე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძის კაბინეტში “ვე-ჩემ” (მაღალსიხშირიანი სატელეფონო კავშირი _ გრ. ონიანი) დარეკა. ასეთ დროს ამ კაბინეტში, ამ აპარატზე მხოლოდ ორი მისამართიდან შეეძლოთ დაერეკათ _ საკავშირო ტელერადიო კომიტეტიდან ან საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კაბინეტიდან.

 შეშფოთებულმა ნუგზარ ფოფხაძემ ყურმილი აიღო.

_ ამ დრომდე მუშაობ, ნუგზარ აკაკის ძევ? _ გაისმა ედუარდ შევარდნაძის ხმა.

_ მანამდე, ვიდრე თქვენ მუშაობთ, _ უპასუხა თავმჯდომარემ.

_ თუ არ დაიზარებთ, სასწრაფოდ ჩემთან მოდით.

_ ხომ მშვიდობაა, ედუარდ ამბროსის ძევ?!

_ ამოდით!

 ასეთ ცივ პასუხსა და გამოძახებას ნამდვილად არ ელოდა ნუგზარ ფოფხაძე, მაგრამ, საქმე უაღრესად რთულ საკითხს რომ ეხებოდა, მისთვის დღესავით ნათელი იყო.

რამდენიმე წუთის შემდეგ საქართველოს ტელევიზიის თავმჯდომარე პირველს ეახლა. მიუხედავად იმისა, რომ წესად ჰქონდათ, ერთმანეთს ყოველთვის თბილად მისალმებოდნენ, რაც ზოგჯერ მეგობრულ მიმართვებშიც გადადიოდა, ამჯერად მსგავსი არაფერი მომხდარა. სახეგათეთრებულმა შევარდნაძემ (შენიშვნა ჩემია _ გრ. ონიანი) თვალით მიანიშნა სტუმარს სავარძლისკენ, მასპინძელს არც უფიქრია სტუმართან სასაუბროდ გადაჯდომა, მზერა ჯიუტად ჰქონდა მიპყრობილი ტელეფონის აპარატისკენ, რომლითაც ახლახან მას სულ პირველი ელაპარაკა.

 ნუგზარი რის ნუგზარი იყო, არ მიმხვდარიყო, რომ ახლა რა განკარგულებასაც მიიღებდა, არა შევარდნაძის, არამედ სსრკ-ის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის _ ლეონიდ ბრეჟნევის იყო. ნუგზარ ფოფხაძემ იცოდა, რომ ასეთ ვითარებაში შევარდნაძესთან შეხუმრება ცეცხლთან თამაში იყო. კარგა ხნის დუმილი შევარდნაძემ დაარღვია:

_ ნუგზარ, საქმე იმაზე გაცილებით ცუდადაა, ვიდრე შენ ფიქრობ, ეს-ეს არის, ლეონიდ ბრეჟნევმა დამირეკა. მან დანანებით, მაგრამ მაინც კატეგორიულად განმიცხადა, რომ სტალინის 100 წლისთავის იუბილე არ გაიმართება. პოლიტბიურო, რომელიც ბოლო დეტალებს აზუსტებდა, ფაქტის წინაშე დააყენეს სოციალისტური ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის, რუმინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ, რომელმაც განაცხადა, თუ სტალინის რეაბილიტაცია მოხდება, რუმინეთი დატოვებს სახალხო-დემოკრატიული ქვეყნების რიგებს და გავა ვარშავის ხელშეკრულებიდანო. “პრავდის” მოწინავე სტატია, რომელიც საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ხელმოწერით უნდა გამოსულიყო 21 დეკემბერს, უკან გამოვითხოვეთ. ასე რომ, თქვენვთის მეტად ძნელია ამ სიტყვების მოსმენა და შემდეგ მისი შესრულება, მაგრამ სხვა გზა არ არის. დარწმუნებული ვარ, კომუნისტური სერიოზულობით მოეკიდებით ამ დელიკატურ და მეტად მძიმე შემთხვევას”, _ ასე დამემშვიდობა ლეონიდ ილიჩი. რა გავაკეთოდ, რა ვიღონოთ, რა ვუთხრათ ხალხს, რომელიც ასე ელოდება სტალინის 100 წლისთავის იუბილეს?

_ თქვენთან ერთად ამ საკითხზე ვერ ვიფიქრებ, ედუარდ ამბროსის-ძევ, წავალ სამსახურში და იქ ჩამოვაყალიბებ ჩემს თვალსაზრისს. ძალიან გთხოვთ, გახვიდეთ ამ თამაშიდან და მარტო დამტოვოთ… საკითხებს თქვენ არ შეგითანხმებთ, რადგან პიროვნულად მართალი უნდა ვიყო ყველასთან და, უპირველესად, საკუთარ თავთან, რომ ამაში ბრალი მხოლოდ და მხოლოდ მე მიმიძღვის.

_ ნუგზარ, მე ყველაფერში თქვენთან ერთად ვიქნები, მაგრამ გთხოვთ, ნუ გადააჭარბებთ, ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა მოექცეს.

_ ნახვამდის, ედუარდ ამბროსის ძევ! _ დაემშვიდობა სტუმარი მასპინძელს.

ჩიტაძის ქუჩიდან ტელევიზიამდე არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ ნუგზარ ფოფხაძემ შუაღამისას თბილისის დაცლილ ქუჩებში, სულ 5-6 წუთის სავალ გზაზე, უამრავი ლაბირინთი გაიარა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა. საქართველოს ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის მისაღებში მთვლემარე მორიგე ნუგზარ ფოფხაძის დანახვაზე მყისვე გამოფხიზლდა და სასწრაფოდ ჩაიწერა გვარები თანამშრომლებისა, რომლებიც განგაშის წესით უნდა გამოცხადებულიყვნენ თავმჯდომარესთან.

თათბირი ღამის 2 საათზე დაიწყო. თავმჯდომარის კარნახით, თათბირის ყველა მონაწილემ ჩაიწერა, ვისი მოყვანა ევალებოდა ერთი საათის განმავლობაში ტელევიზიაში, მათთვის გაეცნოთ ის პროგრამა, რომლითაც უნდა გამოსულიყვნენ როგორც 20 დეკემბრის საღამოს, ასევე 21 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში. ერთი საათის შედეგ საქართველოს შემოქმედებითი ინტელიგენცია ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში ისმენდა ნუგზარ ფოფხაძის ინფორმაციას სტალინის იუბილის აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებებში ახალი გარემოებების გაჩენის შესახებ. თავმჯდომარემ დავალების მიმცემად საკავშირო ტელერადიო კომიტეტი დაასახელა და განაცხადა:

“მიღებული ინფორმაციის ერთი-ერთზე გადაცემა ხალხში გამოიწვევს უდიდეს სტრესს ან უდიდეს აღშფოთებას. ჩვენ არც ერთი გვაძლევს ხელს და არც _ მეორე, ოქროს შუალედი უნდა მოვძებნოთ. ისტორიკოსებმა პირუთვნელად უნდა ასახონ სტალინის მოღვაწეობა როგორც სოციალისტური სამშობლოს მშენებლობლის, ასევე ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, ელექტროფიკაციის, განათლებისა და კულტურის განვითარების საქმეში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამამულო ომის ამსახველი მასალების დემონსტრირებას; დოკუმენტური და მხატვრული ფილმების დირექციებმა ყოველგვარი ცენზურის გარეშე უნდა შეარჩიონ სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ფილმები და რეგულარულად აჩვენონ მაყურებლებს იუბილის დღეებში. პოლიტიკურად როგორი წამგებიანიც უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ეროვნული და ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ეს გასაკეთებელია და უნდა გაკეთდეს”.

 1979 წლის 21 დეკემბერი გორში სტალინური ეპოქის დარად აღინიშნა, მოსახლეობის 90% მასპინძლობდა დედაქალაქიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ათიათასობით სტუმარს. ქალაქში გუგუნებდა სტალინის საყვარელი ქართული ჰანგები, იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ყველაფერს აკეთებდნენ სტალინის სახელის უკვდავსაყოფად, ყველა ამ ორგანიზაციის ფლაგმანი იყო საქართველოს ტელერადიოკომიტეტი ნუგზარ ფოფხაძის მეთაურობით, რომელიც დირიჟორის როლს ასრულებდა რესპუბლიკაში.

რა ხდებოდა სხვაგან? _ არც არაფერი.

 ქვეყნის პირველმა პირმა ბრეჟნევმა, როგორც საქართველოში, ჩიტაძის ქუჩაძე, ასევე დარეკა დანარჩენი 14 რესპუბლიკის პირველ პირებთან და პირადად სთხოვა მათ, არ აღენიშნათ სტალინის იუბილე.

ბრძენ ბელადსა და მასწავლებელს პლანეტაზე მხოლოდ ერთმა ქვეყანამ და მისმა დედაქალაქმა მიაგო სათანადო პატივი _ ალბანეთმა. იქ გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს მსოფლიოს პროლეტარიატის დიდ ბელადს, მამასა და მასწავლებელს _ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს.

ტირანას რადიოსადგურმა მსოფლიოს გასაგონად გადასცა ალბანეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მსოფლიოში უდიდეს და ულამაზეს სტალინის ძეგლთან, ტრიბუნაზე ასული ალბანელი ხალხის შვილისა და მისი მეთაურის _ ენვერ ხოჯას მოხსენება, რომლის ჩახშობასაც ყველაზე აქტიურად საბჭოთა კავშირი ცდილობდა. მაგრამ სიმართლის ხმას ვერავინ ჩაახშობს _ ამ აკრძალულმა მოხსენებამ მაინც შემოიარა პლანეტა და ურიგო არ იქნება, მისი ზოგიერთი ფრაგმენტი თქვენც გაგაცნოთ, ძვირფასო მკითხველო:

“ვიხსენებთ რა სტალინსა და მის საქმეს მისი დაბადებიდან 100 წლის თავზე, ჩვენ არ შეგვიძლია, უშუალოდ არ მივმართოდ საბჭოთა კავშირის ხალხებს და სრულიად გულწრფელად და გულახდილად არ ვუთხრათ მათ:

თქვენ, ვინც სტალინის სახელით ეკვეთეთ კაცობრიობის ყველაზე საშიშ მტრებს და დაამარცხეთ ისინი, რას იზამთ ახლა? ნუთუ ამ დიდებულ იუბილეზე დუმილს ამჯობინებთ? ხრუშჩოველ რევიზიონისტებს, რომლებმაც რა აღარ თქვეს სტალინზე, რომ რამდენადმე მაინც მიეჩქმალათ მისი სახელი და საქმეები, ახლაც შეუძლიათ, რაღაც უღიმღამო ტექსტები შეთხზან მასზე, მაგრამ თქვენ _ ოქტომბრის რევოლუციის შემოქმედნი, ხომ ხართ ვალდებულნი, რომ ღრმა პატივისცემით გაიხსენოთ თქვენი გამოჩენილი ბელადი?! ვალდებულნი ხართ, დაამარცხოთ ფაშისტური რეჟიმი, დიქტატორული რეჟიმი, რომელიც ცდილობს, თაღლითურად ამოეფაროს სიტყვიერ ოინბაზობას. უნდა იცოდეთ, რომ ისინი, ვინც თქვენ გმართავენ, ფაშისტები, შოვინისტები და იმპერიალისტები არიან. ისინი თქვენგან საზარბაზნე ხორცს ამზადებენ იმპერიალისტური ომისათვის, იმ ხალხების გასანადგურებლად, იმ ქვეყნების დასანგრევად, რომლებსაც სტალინის იდეების იმედი აქვთ. მსოფლიო ხალხებს არ სურთ, თქვენ ასეთები იყოთ. და თუ თქვენ კვლავ ასეთად დარჩებით, ისინი უკვე ვეღარ შეძლებენ თქვენს პატივისცემას, ისინი თქვენ შეგიძულებენ! …თქვენ უნდა გაათვითცნობიეროთ, რომ მტრებმა უკვე დიდი ხანია, გადაგახვევინეს რევოლუციური გზიდან. იმ მიზნით, რომ თქვენს სულში სხვებზე ბატონობის სურვილი გააღვიძონ. ხრუშჩოველი რევიზიონისტები ამტკიცებენ, თითქოს თქვენი ძალები ამერიკის იმპერიალიზმის წინააღმდეგ უნდა გამოიყენონ, მაგრამ ეს ცრუ მტკიცებაა. თქვენი ხელისუფალნი ამერიკის იმპერიალიზმთან და მსოფლიო კაპიტალიზმთან კავშირში იმყოფებიან, არა რევოლუციის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმპერიალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად _ ხალხებზე ბატონობისა და გავლენის სფეროების გადასანაწილებლად.

აქ ჩავთვალე, რომ აუცილებელია ენვერ ხოჯას ნათქვამის შეფასება:

ენვერ ხოჯას ამ გამოსვლიდან 36 წელიწადი გავიდა და დღეს უკვე ნათლად ჩანს ალბანელთა ლიდერის სიტყვების სიმართლე: ამერიკულმა იმპერიალიზმმა 1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ხელმძღვანელების, კერძოდ, მიხეილ გორბაჩოვის, მოღალატეობრივი საქმიანობით შეძლო სტალინის მიერ აშენებული ზემძლავრი სახელმწიფოს დანგრევა-დანაწევრება და საბჭოთა ხალხების საზარბაზნე ხორცად ქცევა _ ამის ნათელი მაგალითია ძმათამკვლელი ომი უკრაინაში და ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა ე.წ. სამშვიდობო მისიებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაჩაღებულ კონფლიქტებში, სადაც უკვე ათეულობით ქართველი ბიჭი დაიღუპა. გარდა ამისა, დასავლელი “დემოკრატები”, თავიანთი მძლავრი პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით, ცდილობენ, მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვება თვითონ მიიწერონ, ამ ომში გამარჯვების სულისჩამდგმელის _ იოსებ სატალინის როლი დააკნინონ და მსოფლიოს ხალხები რუსეთის წინააღმდეგ აამხედრონ.

კიდევ რამდენიმე ამონარიდი ენვერ ხოჯას გამოსვლიდან:

“მსოფლიოს ხალხები შეშფოთებულნი არიან: ნუთუ თქვენ _ იმ დიდებულ მეომართა შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია რომ მოაწყვეს, თქვენ _ საბჭოთა კოლმეურნეები, ჯარისკაცები და ინტელიგენტები კვლავ განაგრძობთ ხალხთა სამტროდ მიმართულ იმ გზაზე სიარულს, რომელზეც უკვე გადაგიყვანეს თქვენმა ხელმძღვანელებმა _ ცრუ კომუნისტებმა, რომლებიც ჩვეულებრივ ექსპლუატატორებზე მეტად გჩაგრავენ, თუ კვლავ აღდგებით სტალინის სახელით და წახვალთ შეტევაზე რევოლუციის გზით? მსოფლიოს სურს, რომ თქვენ კვლავ რევოლუციის გზით წახვიდეთ, გასწიოთ წინ, თქვენს წინამორბედთა მსგავსად, შეძახილით: “სტალინისათვის!” ნამდვილი სოციალიზმისთვის _ იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რევიზიონიზმის წინააღმდეგ.

 …თქვენ დიდი ძალა ხართ, მაგრამ უკვე ხელახლა უნდა მოიპოვოთ მსოფლიო პროლეტარიატის ნდობა, მსოფლიოს ხალხების ნდობა _ ის დიდი ნდობა, რომელიც სტალინმა ბრძოლითა და შრომით მოიპოვა. თქვენ სასწრაფოდ უნდა დაფიქრდეთ და ღრმად გააანალიზოთ მომავალი. დროა, გახდეთ ისეთები, სტალინის დროს რომ იყავით_ პროლეტარული რევოლუციის შემოქმედნი, ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება, რევოლუციისა და ხალხის მტრების უღლის ქვეშ დარჩეთ, სახელმწიფოების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მტერთა უღლის ქვეშ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეთ იარაღად იმპერიალიზმის ხელში, რომელიც, დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული ხალხის დამონებას ესწრაფვის.

თუ თქვენ რევოლუციისა და სტალინის გზით წახვალთ, თუ მჭიდროდ დაუკავშირდებით მსოფლიო პროლეტარიატს, მაშინ ამერიკული იმპერიალიზმი და, საერთოდ, ხრწნადი კაპიტალიზმი საფუძვლიანად აღმოიფხვრება, მსოფლიო სახეს შეიცვლის, სოციალიზმი გაიმარჯვებს!

სოციალიზმმა შეძლო, შეექმნა საბჭოთა კავშირის ხალხთა ძმური ერთობა, რევიზიონიზმი კი პირიქით მოიქცა _ გათიშა საბჭოთა ხალხები, გააღვივა შოვინიზმი, დანერგა ერთა შორის მტრობა, მოძმე ერებს ჩაუნერგა რუსებისადმი სიძულვილი, სიძულვილი ერისადმი, რომელმაც სტალინის ხელმძღვანელობით მთავარი როლი შეასრულა.

ნუთუ კვლავაც მისცემთ უფლებას, ფეხქვეშ გაგთელონ? ნუთუ კვლავაც დაუშვებთ, რომ გაღრმავდეს ბურჟუაზიის განვითარების პროცესი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში? დაიდგამთ ახალი კაპიტალის უღელს? კაპიტალისა, რომელიც ცრუ სოციალიზმის ტოგაშია გახვეული.

…ჩვენ, ალბანელ კომუნისტებს, ალბანელ ხალხს, როგორც მსოფლიოს ყველა კომუნისტსა და თავისუფლების მოყვარე ადამიანს, გვიყვარდა სტალინის იდეებზე აშენებული ნამდვილი სოციალისტური საბჭოთა კავშირი, ჩვენ მტკიცედ მივყვებით სტალინის გზას და გვჯერა, საბჭოთა ხალხის რევოლუციური ძლიერებისა, საბჭოთა პროლეტარიატისა, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი თანდათან გამოავლენენ თავიანთ ძალებს თავგანწირულ ბრძოლაში.

…რევოლუცია და მსხვერპლი, რომელსაც გაიღებთ, კი არ დაასუსტებს თქვენს ქვეყანას, არამედ ხელახლა წარმოქმნის სოციალისტურ საბჭოთა კავშირს, დაამხობს იმპერიალიზმის დიქტატურას. საბჭოთა კავშირი ამ რევოლუციიდან უფრო ძლიერი გამოვა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ დიდებულ საქმეში მსოფლიოს პროლეტარიატი, სრულიად მსოფლიოს ხალხები დაგიჭერენ მხარს. სწორედ ამ რევოლუციურ გარდაქმნაშია სოციალიზმისა და კომუნიზმის იდეის ძლიერება და არა _ თქვენზე გაბატონებული ხროვის უმსგავსო, ფუჭ სიტყვებში. ნამდვილი კომუნისტები, სტალინელები მსოფლიოში ყველგან სძლევენ იმპერიალიზმსა და კაპიტალიზმს. ისინი დაეხმარებიან მსოფლიოს ხალხებს, ერთმანეთის მიყოლებით გათავისუფლდნენ. დაეხმარებიან დიდ ჩინეთს, რომ ჭეშმარიტი სოციალიზმის გზას დაუბრუნდეს და არ იქცეს მსოფლიოზე გაბატონებისთვის მოწოდებულ სახელმწიფოდ, რომელიც იმ დამპყრობლურ ომებში, რომლებსაც ამერიკის იმპერიალიზმი, საბჭოელი იმპერიალისტ-სოციალისტები და ჩინეთში გაბატონებული ხუა გოფენის ხროვა ამზადებენ.

 ჩვენ, ალბანელი კომუნისტები, სტალინის ერთგული მოწაფეები და რევოლუციის ჯარისკაცები ამ დიდებულ იუბილეზე მოგიწოდებთ, რომ დაფიქრდეთ თქვენთვისა და სრულიად მსოფლიოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ საკითხზე, ვინაიდან ჩვენ თქვენი ძმები, თქვენი ამხანაგები ვართ პროლეტარული რევოლუციისა და ხალხთა გათავისუფლების დიდ საქმეში. თუ თქვენ დამპყრობლურ-იმპერიალისტური ომის გზას დაადგებით, საითაც მიჰყავხართ კიდეც თქვენს რენეგატ ხელმძღვანელებს, მაშინ ჩვენ, უეჭველად, თქვენი სისტემისა და თქვენი კონტრრევოლუციური ქმედებების მტრებად დავრჩებით. ეს დღესავით ნათელია. სხვაგვარად არ შეიძლება”.

სტალინის დაბადების 100 წლისთავზე ენვერ ხოჯას მოხსენების ტექსტი და მოგონებები სტალინთან შეხვედრებისა ალბანეთში 1980-იან წლებში გამოიცა ალბანურ და რუსულ ენებზე. წიგნი არც ერთ ქვეყანაში არ გავრცელებულა, რომ არაფერი ვთქვათ საბჭოთა კავშირზე, სადაც აკრძალულ ლიტერატურად ითვლებოდა.

ძნელბედობის ჟამს ქართველები ლუკმაპურის საშოვნელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტნენ და, ოღონდ ოჯახი გამოეკვებათ, სულაც არ აინტერესებდათ ეროვნული ინტერესები. თუმცა, ქვეყნისა და ხალხის საბედნიეროდ, მაინც შემორჩენ ადამიანები, რომლებსაც არ დაუკარგავთ ეროვნული სიამაყე და თავმოყვარეობა.

გასული საუკუნის დასასრულს, საბერძნეთში მყოფმა ძმამ საქართველოში დარჩენილ ძმას _ ნუგზარ თედიაშვილს ალბანელთა მიერ ნაჩუქარი წიგნი გამოუგზავნა _ რომელიმე გამომცემლობაში მიიტანე, იქნებ ვინმემ თარგმნოს და გამოსცესო.

ამ რუსულ ენაზე დაწერილმა სქელტანიანმა წიგნმა ბევრი იარა, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა, ვიდრე გაჭირვების ჟამს, ისედაც შეჭირვებულმა ოჯახმა და იმხანად თითქმის უხელფასოდ მომუშავე გაზეთ “კომუნისტის” მთავარმა რედაქტორმა მზია ჩხეტიანმა არ “იშვილა”. მან ეს ვეება წიგნი კალთით ატარა გამომცემლებთან თუ ბიზნესმენებთან. ჩემდა სამრცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ქალბატონი მზია ჩხეტიანი _ შესანიშნავი პოეტი ქალი _ ჩემთანაც მოვიდა, მაგრამ ვერ დავეხმარე… უფრო ზუსტად, არ დავეხმარე, რადგან, არა პირადად ქალბატონ მზიაზე, არამედ გაზეთ “კომუნისტზე”, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძალზე განაწყენებული ვიყავი და გაზეთის ჯავრიც, რატომღაც, ამ შესანიშნავ წიგნზე ვიყარე.

ქალბატონ მზიას უდიდესი მონდომების შედეგად, ქართულ სტალინიადას შეემატა საბჭოეთის ბელადზე შექმნილი მემუარული ლიტერატურის უპოპულარესი წიგნი _ “ენვერ ხოჯა _ შეხვედრები სტალინთან”, რომელიც მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი მემუარული წიგნისა, რომელიც ენვერ ხოჯამ დაუტოვა არა მხოლოდ ალბანეთს, არამედ მსოფლიოს.

რარიტეტადქცეული ენვერ ხოჯას მემუარების ეს ნაწილი, ქალბატონი მზია ჩხეტიანის დიდი ძალისხმევით გამოცემული, დღეს ჩემი სამაგიდო წიგნია, რომლის ყოველ დანახვასა და გადაშლაზე სიხარულსა და სიამოვნებას განვიცდი, თუმცა _ სირცხვილსაც და სინდისის ქენჯნასაც.

ბოდიში, ქალბატონო მზია, ჩემი დაუდევრობისთვის და უღრმესი მადლობა იმ საჩუქრისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე, თუმცა ამის ღირსი არ ვიყავი!

გრიგოლ ონიანი

P.S. ენვერ ხოჯასა და სტალინის ხუთ შეხვედრაზე მომავალ წერილებში ვისაუბრებ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here