საქართველოში მესაქონლეობა, როგორც დარგი, უკან-უკან მიდის

    მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გარდა, წლიდან წლამდე მცირდება ღორისა და ცხვრის რაოდენობაც

    მსოფლიო ბაზარზე საქონლისა და ღორის ხორცი  ყოველდღიურად ძვირდება და არავინ მალავს, რომ წლის ბოლოს  მათი ფასი შეიძლება ისეთი იყოს, საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენლებსაც კი გაუჭირდეთ  ყიდვა. ამის მიზეზებია რეგულაციები და დაავადებები. რეგულაციებს, ძირითადად, ევროკავშირი აწესებს, აქაოდა, ჩვენმა მოქალაქეებმა  ჯანსაღი პროდუქტი უნდა მიირთვანო. ამასობაში ხორცი ისე ძვირდება,  ყიდვა შეუძლებელია.

    ამას წინათ ერთ-ერთი ნიდერლანდელი ფერმერი ჩიოდა  სატელევიზიო ეთერში: გამორიცხულია, საქონლის მოშენება კიდევ განვაგრძო, რაც მყავს, გავყიდი და შევეშვებიო. მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ საქონლისთვის  ჩვეულებრივი ბალახის მიცემაც კი აღარ შეიძლება, რადგან ბალახი, რომელიც გზის პირას იზრდება, თურმე ავტომობილების გამონაბოლქვით ზიანდება და შემდეგ ეს ყველაფერი ხორცსა თუ რძეზე აისახება. დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ მართლაც შეუძლებელია, ათასობით პირუტყვი ისე გამოკვებო, გზის პირას ამოსული ბალახი არ შეყვეს, მაღალმთიან ზონებში კი მათი შენახვა და რჩენა გარემო პირობების გამო ძნელია და ძვირი. გასაგებია, რომ უნდა აიკრძალოს ის ქიმიური დანამატები, რომლებიც რძესა და ხორცს უბრალოდ კი არ აფუჭებს,  სპეციფიკურ სუნსაც აძლევს, მაგრამ… ჩვენი ბებია-ბაბუების პერიოდში სოფლის  გზის პირასაც აძოვებდნენ საქონელს და შაბიამნითაც წამლავდნენ ბაღ-ვენახებს,  მაგრამ იმდროინდელ რძის პროდუქტებსა და ხორცს საოცარი გემო ჰქონდა.

    საქართველოში, სამწუხაროდ,  გზის პირას ამოსული ბალახი კი არა, ისეთი ქიმიკატები არ კონტროლდება, ხელთათმანისა და სახის დამცავის გარეშე რომ არ უნდა შეეხო… ხორცი ძვირდება ჩვენთანაც და, რაც მთავარია, საქართველოში მესაქონლეობა, როგორც დარგი,  ყოველწლიურად უკან მიდის. რაც  უნდა ამტკიცონ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თუ სხვა უწყებებმა, რომ ვვითარდებით, რეალობა სხვაგვარია – ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გარდა წლიდან წლამდე მცირდება ღორისა და ცხვრის რაოდენობაც. აბა, წლების წინათ ვინ იფიქრებდა, რომ სვანეთში, რაჭაში, ფშავში, გაყინული ხორცისგან დამზადებულ კერძებს შემოგთავაზებდნენ, მაგრამ დღეს ასეა, დღეს ხორცის 80%-ზე მეტი სწორედ გაყინული და იმპორტირებულია.

    შესაბამისად, საქართველოში გაყინული საქონლის ხორცის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს, მხოლოდ იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 395 ტონა (6, 330 მლნ აშშ დოლარის) გაყინული ხორცი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 1 129 ტონა ( 4,895 მლნ დოლარის).  საქონლის გაყინული ხორცის მთავარი  იმპორტიორი ბრაზილიაა, რომელზეც მთლიანი იმპორტის თითქმის 79% მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 3 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი გაყინული ხორცი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: ბრაზილია1097 ტონა (4.463 მლნ აშშ დოლარი), უკრაინა – 194 ტონა (938.7 ათასი აშშ დოლარი), ლიეტუვა – 60.3 ტონა (648.1 ათასი აშშ დოლარი), არგენტინა – 28 ტონა (91.7 ათასი აშშ დოლარი), ბელარუსი – 8 ტონა (58.7 ათასი აშშ დოლარი). გამოდის, რომ ქვეყანას ერთი კგ გაყინული ბრაზილიური ხორცი საშუალოდ 4 დოლარი უჯდება. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე არის უკრაინა – სახელმწიფო, რომელიც მეხუთე წელია ომობს და, წესით, მეცხოველეობისთვის არ უნდა ეცალოს, მაგრამ უკრაინელებიც კი ხვდებიან, რომ გამოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაშია და ყველაფერს აკეთებენ, ეს დარგი ომის პირობებშიც კი აცოცხლონ. სამწუხაროდ, ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების გამო, სიაში არ არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისა  და ევროპის ათეულობით ქვეყნისთვის საქონლისა და ღორის (ძირითადად, ცოცხალის) მთავარი მიმწოდებელი იყო. გარდა იმისა, რომ რუსეთი ცხოველთა დაავადებებს ებრძვის,  ლამის 30%-მდე  შემცირებული საქონლის გამრავლებაც დასჭირდება,  რასაც ერთი წელი არ ეყოფა.

    მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან  გამომდინარე, ყველა ქვეყანა ცდილობს,  ხორცზე გადასახადები შეამციროს. საქართველოს ხელისუფლება ამაყად აცხადებს, რომ საქართველოში ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა, მაგრამ ნურას უკაცრავად – თუ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გასამრავლებლად შემოგყავს, გადასახადს მართლაც არ გახდევინებენ (იხდი, მაგრამ, როცა ნახევარი მილიონი ლარის საქონელი შემოგაქვს  და განბაჟებაში 400-500 ლარს ხარჯავ, ეს თანხა სათვალავში ჩასაგდები არ არის), ხოლო, თუ დასაკლავად შემოგყავს ცოცხალი პირუტყვი (ეს განსაკუთრებით ეხება ღორებს, რომლებსაც გასამრავლებლად, უბრალოდ, ვერ შემოიყვანთ), საბაჟოზე განბაჟების გადასახადის გარდა, 18%-იანი  დღგ-ც გადასახდელია,  თანაც მერე გამოწმებენ, ნამდვილად  დაკალი თუ არა. ანუ: შემოყვანილი ცოცხალი საქონლის ფასი ასეთ შემთხვევაში ზედ საზღვარზე დაახლოებით 20%-ით მატულობს და, როგორ  მოქმედებს ეს ხორცის საბოლოო ფასზე, თავად განსაჯეთ. თანაც ცოცხალი საქონელი დაკვლის შემდეგ 47%-დან 55%-მდე ხორცს ტოვებს (გააჩნია ჯიშს) და განბაჟება ხომ ცოცხალზე ხდება, ანუ მთლიან მასას ემატება ფასი და იმ მთლიანიდან საბოლოოდ გასაყიდად ნახევარი გადის, ანუ ფასი ლამის 40%-ით იზრდება.

    შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლები, მოკლედ, ის ადამიანები, რომლებსაც სოლიდური შემოსავალი აქვთ, არ დაჰკვირვებიან და ამიტომ  არ იციან, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხორცს მხოლოდ ქორწილებსა და ქელეხებში მიირთმევს, რადგან მისი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ადრე, ჩვენს ბავშვობაში,  საქორწილო სუფრა რომ იშლებოდა, მეორე დღისთვის იმდენი საკვები რჩებოდა, ლამის იმავე რაოდენობის ადამიანებს დააპურებდა. ახლა კი მხოლოდ ფხალი და მწნილის ასორტი თუ რჩება სუფრაზე, დანარჩენს ითვისებს ხალხი იმიტომ, რომ…  მშიერია. ჰო, საქართველოში მოსახლეობას ფინანსურად  ისე უჭირს, რომ ადამიანების ნახევარზე  მეტი სრულფასოვნად ვერც თვითონ იკვებება და ვერც შვილებს კვებავს. ამას არც  კვლევა სჭირდება და არც გამოკითხვის ჩატარება – უბრალოდ, სამეზობლოში, სამეგობროში, სანათესაოში გაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს მწარე რეალობაა.  ვიღაც იტყვის: სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გადასახადები რომ შევამციროთ, ბიუჯეტი როგორღა შევავსოთო?! აგერ, ბატონებო, ხომ მოიმატა  ჯარიმებმა, ავტომობილით მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბებაზე, სიმთვრალეზე და ა.შ. ასწიეთ კიდევ, რადგან ამან არ იმუშავა, პირიქით – უფრო მეტი დარღვევა აღირიცხა, ამიტომ  დააწესეთ 5 და 10 – ათასლარიანი  ჯარიმა სიმთვრალეზე, ნარკოტიკულ თრობაზე, გვერწმუნეთ, ვერავინ გააპროტესტებს. სამაგიეროდ, ეს ის თანხაა, რომლის გადახდაზე ბევრი დაფიქრდება და არც ნასვამი დაჯდება საჭესთან და არც კაიფში, თორემ გასულ კვირას  არ იყო, პოლიციის შენობის წინ რომ „დრიფტაობდა“ (დრიფტი – ავტომობილის მართვა მოცურების მეშვეობით, მოსახვევების მაქსიმალურად ჩქარა გავლით) ორი ახალგაზრდა,  მერე კი   ორივე ამაყად გადმოვიდა ავტომობილიდან და  ამაყადვე ჩაიბარეს 300-ლარიანი ჯარიმის ქვითარი?! როგორ გგონიათ,  ჯარიმა 300 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი რომ ყოფილიყო, ასე მოიქცეოდნენ? რა თქმა უნდა, არა, რადგან სოლიდური თანხაა. თანაც დრიფტისა თუ სიჩქარის გადაჭარბების სიჩქარის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა.  რამდენიმე დღის წინათ რვა ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ავტოავარიამ. როგორ გგონიათ, ჯარიმა ოთხნიშნარიცხვიანი თანხა  რომ ყოფილიყო, გარისკავდნენ? რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ვინმე, ვინც გარისკავს კიდეც და გადაიხდის კიდეც, მაგრამ პროცენტულად ეს ძალიან მცირე რაოდენობა იქნება…

    ისევ ხორცს დავუბრუნდეთ. ეს პროდუქტი ადამიანმა  კვირაში ორჯერ მაინც აუცილებლად უნდა მიიღოს, ამიტომ ან ცხოვრების დონემ უნდა მოიმატოს  ისე, რომ მოსახლეობას არ ადარდებდეს პროდუქტების გაძვირება, ან ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს იმდენი, რომ ხორცის ფასი, თუნდაც გადასახადების შემცირების ხარჯზე, უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. სხვაგვარად არაფერი გამოვა, თორემ  ბოლოს ხორცის სანახავად ადამიანებმა შეიძლება  მუზეუმში იარონ. ჰო, ეს ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ,  აბა, იმ ხალხს ჰკითხეთ, ეცინებათ თუ არა, როცა კონკრეტული საკვები უნდათ და უფულობის გამო  ვერ ყიდულობენ.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here