გიორგი ხარიბეგაშვილი: სტალინის სახელის დაკნინებაში რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ვერც იმას ვხედავთ, რომ ისტორიის წაშლის მცდელობებს განსაკუთრებული ძალისხმევით ეწინააღმდეგება

    დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, 9 მაისს, ყურადღების ცენტრში წითელი მოედანი იყო. იქ აღლუმი ძველებურად ჩატარდა _ ფაშიზმზე გამარჯვების სულისჩამდგმელ სტალინის ხსენების გარეშე. ამან კვლავ გამოიწვია ,,სტალინელების” უკმაყოფილება და დაიწყო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პროდასავლურობაზე და იმაზე, რომ მას, როგორც რუსეთის მმართველს, თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია დიდი ბელადის, მხედართმთავარ სტალინის სახელი…

    რატომ ვერ ბედავენ სტალინის სახელის ხსენებას რუსეთსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში? _ ამ საკითხზე გვესაუბრება ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” ხელმძღვანელი გიორგი ხარიბეგაშვილი:

    _ რუსეთში განსაკუთრებით თვალში საცემია საბჭოთა პერიოდის ძეგლების, რევოლუციონერთა ქანდაკებებისა და ქუჩების საბჭოური დასახელებების უცვლელად დატოვება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სახელმწიფო, ჩვენგან განსხვავებით, არა მხოლოდ პატივს სცემს თავის დიად წარსულს, არამედ პასუხისმგებლობასაც იღებს მის ბნელ მხარეებზე, მაგრამ ეს ყველაფერი თანმიმდევრულად არ გამოიყურება, რადგან ლენინის ძეგლების სიუხვის ფონზე სტალინის ქანდაკებას ვერ იპოვით.

    ცხადია, ეს ხრუშჩოვის მემკვიდრეობაა. სტალინის სახელის დაკნინებაში რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ ვერც იმას ვხედავთ, რომ ისტორიის წაშლის მცდელობებს განსაკუთრებული ძალისხმევით ეწინააღმდეგება.

    _ ვინ ებრძვის გენერალისიმუსს? რატომ აღარ ახსენებენ სტალინის ტიტულს?

    _ ფაქტია, რომ რუსეთში სტალინი საკადრისად რეაბილიტირებული არ არის. პირად საუბრებში სტალინის რეაბილიტაციის წინააღმდეგი თითქოს არავინ არის, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებზე ეს თემა, სამწუხაროდ, ისევ ტაბუდადებულია. ჩვენთან არის მოსაზრება, რომ რუსები ამას სტალინის ქართველობის გამო აკეთებენ, რაც აბსურდია, უწინარესად იმიტომ, რომ რუსეთში მსგავსი ეთნონაციონალიზმი წარმოუდგენელია და ამასთანავე, ქართველების მიმართ რუსული საზოგადოებრივი აზრი კეთილგანწყობილია.

    მეორე მოსაზრებით, ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ ,,სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა” შთამომავლების წყენას ერიდებიან, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ მოსაზრებას, პირველისგან განსხვავებით, რაღაც საფუძველი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მდიდარ რუს ლიბერალურ წრეებში დამკვიდრებული თვალსაზრისია. მათი პოლიტიკური ნებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე წარმოჩინდეს ანგარიშგასაწევ ძალად, ოღონდ სტალინისა და იმპერიული სტატუსის გარეშე. როცა რუსეთი ბოლომდე მოიშორებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ,,ლიბეროზავრულ” ბალასტს და საერთაშორისო კაპიტალზე დამოკიდებულების შემცირებით სუვერენიტეტს გაიმყარებს, მაშინ დაბრუნდება სტალინის სიმბოლური სახეც, მაგრამ ეს სხვა რუსეთი იქნება, რუსეთის იმპერია, ამ სიტყვის საკრალური გაგებით…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here