მიხეილ ჟღენტი: როდესაც ბოჭორიშვილის მსგავსი საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს საქართველოს, მზად იყავით ნებისმიერი გართულებისთვის

    ,,ვურჩევ ,,ქართულ ოცნებას”, არ იქცეს დაცინვის ობიექტად. ხელისუფლება შეიძლება აკრიტიკონ, ლანძღონ, აგინონ კიდეც, მაგრამ, თუ დასცინიან, უკვე დასრულებულია”

    მიხეილ ჟღენტი

    ,,ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ. დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში ახალ ნორმად გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.

    ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

    საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება: 

    _ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი დაახლოებით 40-47 წლისაა და საქართველოს გაუბედურებისა და გასულელების დასაწყისიდან, როდესაც ბავშვები იყვნენ, მხოლოდ ,,ევროპა” და ,,ნატო” ესმოდათ. მათ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში და იმ სამყაროს განუყოფელი ნაწილი არიან.

    ბოლო 35 წლის განმავლობაში სოდომისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ პარადიგმაში აღეზარდათ, ყველაზე დიდი ტრაგედია კი არის ის, რომ ამ თაობას გულწრფელად სჯეროდა ევროპის, ნატოსა და გეიევროპული მომავლის. ჩვენ თვალწინ თამაშდება ტრაგედია, მოტყუბულია თაობები, რომელთა წარმომადგენელიც 15 მაისს იჯდა მოლდოვის დედაქალაქში იმ საზოგადოებაში, რომელიც მისი და მისი გუნდის საოცნებო მიზანი იყო. უფრო ტრაგიკულ მდგომარეობას, როგორიც ბოჭორიშვილსა და მის გუნდს აქვს, მტერს არ ვუსურვებ. ჰპირდებოდნენ ერთს და მიიღეს მეორე _ ქალბატონი პარიზისა და ლონდონის დარბაზებზე ოცნებობდა, თეთრ სახლში მიღებაზე, დღეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ზის და ფიქრობს, როგორ გახდეს ტრამპისტიც, ევროპელიც, უკრაინელიც, ცოტა ანტირუსი, ცოტა პრორუსი, ცოტა დემოკრატი და ცოტა ღირსეული.ხელისუფლება, რომელიც სისხლხორცეულად დასავლური და ლიბერალურია, დასავლეთის მიერ უარყოფილია და იძულებულია, ხან ჩინეთს ,,ეფლირტაოს”, ხან _ არაბულ სამყაროს და, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა მისთვის, ხანაც _ რუსეთს.

    ევროპა გაიყოფა და მას გაინაწილებს ორი ზესახელმწიფო  _ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ ამ შედეგის მიღწევის მექანიზმები თანხმდება…

    _ რას ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რისთვის შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და რის საფუძველზე ამბობენ, რომ აშშ-თან ურთიერთობას მოაგვარებენ?

    _ ზოგიერთ ხელისუფლებას არ შეუძლია, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს, ასეთია დღევანდელი ,,ქართული ოცნება”, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, სად დადგეს _ ვაითუ  რუსეთმა გაიმარჯვოს ან იქნებ რუსეთი დამარცხდეს, ,,ტრამპთაუერს” თუ ავაშენებთ, იქნებ ბიძია ტრამპმა გაგვიღიმოს, იქნებ ჩინეთმა ფული მოგვცეს, იქნებ რუსეთი მოვატყუოთ, იქნებ აზერბაიჯანისა და თურქეთის თემაში ჩავჯდეთ… და ასე აღმოვჩნდით უკომპასო გემის მდგომარეობაში.

    თქვენი გამოცემის დახმარებით, მინდა ჩემი მოკრძალებული რჩევა მივცე  ხელისუფლებას: ნუ აჰყვებით  რუსეთის დასუსტებისა და მისი გარდაუვალი დამარცხების დამღუპველ რიტორიკას.50-ზე მეტი  ქვეყანა ებრძვის რუსეთს, მაგრამ ეს დაპირისპირება მაინც მოსკოვის სასარგებლოდ დასრულდება. ყველამ გაითვალისწინოს 1812 და 1941-1945 წლების ისტორიული შედეგები.

    34 დღის განმავლობაში იჯდა იმპერატორი ნაპოლეონი მოსკოვში და 500 000-იანი არმიიდან საფრანგეთში მხოლოდ 23-25 ათასი დაბრუნდა, რუსეთის იმპერატორის ცხენის ფლოქვების ხმა კი პარიზის ქუჩებში ისმოდა, ისევე, როგორც 1945 წლის მაისში _ საბჭოთა ტანკის მუხლუხოების გრუხუნი ბერლინის ქუჩებში…

    შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებდეს ვითარების სიმძიმეს, არჩევანის გაკეთების აუცილებლობას, მაგრამ… მას აქვს პრობლემები, რომელთა დაძლევაც საკუთარი ძალებით შეუძლებელია. საქართველოს მიმართ საყოველთაო უნდობლობა ურთულეს მდგომარეობაში გვამყოფებს.

    დასავლეთი უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვართ პრორუსები, რაც სიმართლეა. რუსეთს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ, როდესაც  ჩადიხარ ერევანში და იცი, რომ იქ ზელენკი დაგხვდება, მერე თავის მართლება, რომ ის თვითონ ,,გვეხვეწებოდა” შეხვედრაზე, ჩვენ კი წყალობა გავიღეთ, არასერიოზულია.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ,,სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობებიო”, წითელი ხაზი გადაიკვეთა, რადგან რუსეთის მტერთან იწყებ მოლაპარაკებას. კი ბატონო, მეორე დღეს თბილისიდან გალანძღეს ის და ესეც გარკვეული ,,დიპლომატიაა”.

    გამაოცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, უკრაინასთან ყოველგვარი წინა პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ დიალოგიო. 3 წელიწადზე მეტია, მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ხშირად გვითვლიან, მოდით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთო, თბილისიდან პასუხობენ, _

    ჯერ დააბრუნეთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მერეო. გამოდის, რუსეთთან სუფთა ფურცლიდან არ შეიძლება საუბარი პრობლემებზე, უკრაინასთან კი შეიძლება. უკრაინა და ევროპა მოგვიგვარებს ტერიტორიულ პრობლემებს,  თუ სოხუმი და ცხინვალი უკვე ზედმეტი ტვირთია? დასავლეთი ხომ არ გვკარნახობს, დაივიწყეთ ეს ორი რეგიონი და მერე მიგიღებთო?

    კი ბატონო, ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი არ მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დოკუმენტს, მაგრამ იქ რა უნდოდა საერთოდ, როდესაც იცოდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა?

    ახლა ვერც ევროპას ვასიამოვნეთ და რუსეთიც მიხვდა, რომ საქართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ შიშის გამო არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, თორემ ბოჭორიშვილიც დიდი სიამოვნებით დასვამდა თავის ,,ძვირფას” ხელმოწერას.

    ზელენსკისთან შეხვედრა დასავლეთის მოთხოვნა-დავალება იყო. ამასთანავე, ხელისუფლებამ იფიქრა, იქნებ დასავლეთმა და მრავალჯერ გალანძღულმა ზელენსკიმ აშშ-თან სიტყვა შეგვაწიოსო…

    ზუსტად ახლა წყდება ძალიან დიდი გეოპოლიტიკური საკითხები. როგორი იქნება მსოფლიო და აქ აშშ-ის როლი. საქართველო მესამე-მეოთხე ხარისხოვანია. ეს ჩვენ გვგონია, რომ დედამიწის ჭიპი ვართ. უკრაინა და ირანი _ აი ორი მთავარი თემა…  კავკასია უკრაინის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია რუსეთისთვის, მისი მთლიანობისა და ძლიერებისთვის. ძალიან ცოტაა ალბათობა, რომ ვაშინგტონმა ჩვენთვის მოიცალოს. ჩამოვა სახელმწიფო მდივნის მეორე თანაშემწის მეხუთე მოადგილე, მესამე მოადგილის მესამე თანაშემწე და ვიქნებით ბედნიერები, რომ ,,ძია სემს” კიდევ ვახსოვართ… აი, ეს არის კოლონიური აზროვნების ტიპური მაგალითი.

    ვურჩევ ,,ქართულ ოცნებას”, არ იქცეს დაცინვის ობიექტად! ხელისუფლება შეიძლება აკრიტიკონ, ლანძღონ, აგინონ კიდეც, მაგრამ, თუ დასცინიან, უკვე დასრულებულია. 

    კომუნისტურ პარტიას 1990-91 წლებში არ დაუკარგავს ხელისუფლება, მას მაშინ გამოეცალა მართვის ბერკეტი, როდესაც დასაცინი გახდა…

    ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი დაცინვაა და, როდესაც ბოჭორიშვილის მსგავსი საგარეო საქმეთა  მინისტრი წარმოადგენს საქართველოს, მზად იყავით ნებისმიერი გართულებისთვის…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here