15 მაისს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მოლდოვის ოფიციოზმა ქვეყანაში არ შეუშვა სამი ქართული ტელევიზია: „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოსტვ“, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თურმე ეს ტელევიზიები რამდენიმე სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებული. ამ ამბავში ორი ტყუილია – ჯერ ერთი, რამდენიმე სახელმწიფომ კი არა, მხოლოდ ბრიტანეთმა დაუწესა სანქციები ქართულ ტელევიზიებს და მათ შორის „რუსთავი 2“ არ ყოფილა. ამის მიუხედავად, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნამუსოდ იცრუა და მას სხვებმაც თავი დაუქნიეს.
ქართული ტელევიზიებისთვის სანქციების დაწესება არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც ბოლო, როცა ევროპა ხედავს მხოლოდ იმას, რისი დანახვაც სურს, და არ აინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. იმავე ევროპის აზრით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორია, მაგრამ რეალობა სხვაა…
გასულ კვირას საქართველოში მეგობრებმა ნიდერლანდებიდან ძროხები ჩამოიყვანეს, მძღოლი კი იყო ბელარუსი სერგეი, რომელსაც „ბატკასა“ და ბელარუსში არსებულ ვითარებაზე ბევრი რამ ვკითხეთ. კაცი, რომელიც 3-4 თვის განმავლობაში ოჯახს არის მოწყვეტილი, წესითა და რიგით, ხელისუფლებით კმაყოფილი არ უნდა იყოს, რადგან ქვეყნიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ ადგილზე ვერ იპოვე საჭირო სამსახური და იძულებული გახდი, წასულიყავი.
„გახსოვთ, ალბათ, აქციები რომ იყო, ლუკაშენკოს დამხობა რომ უნდოდათ. ჩემი ქალაქი არის პინსკი (ბრესტის ოლქში – ბ.ბ.) , მინსკში არ შეგეშალოთ. პინსკში დაახლოებით 115-120 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მოვლილი ქალაქია, კოხტა. ჰოდა, იქაც მაღალი იყო პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა და ქუჩაში მეც ვიდექი. საბედნიეროდ, ღმერთმა გადმოგვხედა და პრეზიდენტი ვერ შევცვალეთ. ამას ახლა ვხვდებით, როცა ირგვლივ სამყარო ინგრევა, ბელარუსში კი სიმშვიდე და სტაბილურობაა. ახლა ქუჩაში ათი კაცი რომ იდგეს და ლუკაშენკოს შეაგინო, ცხრამ შეიძლება ხელი დაგარტყას, რადგან ლუკაშენკომ დაგვანახვა, როგორ უნდა ქვეყნის მართვა და რა ფასი აქვს მშვიდობას. ევროპამ და ამერიკამ სლავები წაჰკიდა ერთანეთს, ჩვენ კი ამ ომიდან მშრალად გამოვძვერით“, – გვითხრა სერგეიმ.
მისივე თქმით, „არცთუ დიდი ხნის წინათ ლუკაშენკომ დემოგრაფიულ პრობლემებზე დაიწყო საუბარი და ოჯახებს ბევრი შვილის ყოლისკენ მოუწოდა. მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსისთვის ოთხი შვილი უნდა გყოლოდა და სახელმწიფოსგან ბევრ შეღავათსა დახმარებას იღებდი. ამან არ იმუშავა და ერთ წელიწადში პრეზიდენტმა მრავალშვილიანის სტატუსი სამშვილიან ოჯახებს მიანიჭა. მოხდა საოცრება, ვისაც ორი შვილი ჰყავდა, მესამე გააჩინა და დემოგრაფიული პროცესი დადებითი მიმართულებით წავიდა პირველად ბოლო წლებში“. აქ გაგვახსენდა პატრიარქ ილია მეორის ინიციატივა, ოჯახში ყოველ მესამე ბავშვს მე მოვნათლავო, რომელსაც დადებითი დემოგრაფიული ეფექტი ჰქონდა…
ჩვენს ახალ ნაცნობ ბელარუსელ სერგეის 3 შვილი ჰყავს – 21 წლის ქალიშვილი, 19 წლის ვაჟი და 5 წლის გოგონა, ანუ მესამე შვილი სწორედ ლუკაშენკოს ინიციატივის შემდეგ შეემატა ოჯახს. სანაცვლოდ კი სერგეიმ პინსკის ახალ უბანში მიიღო 4-ოთახიანი ბინა, რომლის საფასურსაც 40 წლის განმავლობაში გადაიხდის – თვეში დაახლოებით 7-8 დოლარს.
„ვიღაცისთვის, შესაძლოა, ეს არარეალური ციფრებია, მაგრამ ასეა. მე მახსოვს საბჭოთა პერიოდი. 48 წლის ვარ და ზუსტად ისე რიგდება ჩვენთან ბინები, როგორც საბჭოეთის პერიოდში. ახალი უბნები ახლაც შენდება, ვისაც დამსახურება დ სტაჟი აქვს, რიგში დგას და ბინას იღებს, მაგრამ არა საჩუქრად, არამედ ყიდულობს, თუმცა ამას ყიდვა არ ჰქვია. თვეში 7, 8 ან თუნდაც 10 დოლარის გადახდა პრობლემა არავისთვისაა, თანაც თუ 3 და მეტი შვილი გყავს. ბინის რიგში უპირატესობა, აგრეთვე, ენიჭება მას, ვისაც მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი აქვს. ვითარდება ქვეყანა და ეს ყველაფერს ეტყობა…“

ბელარუსშიპენსიაზე გასულ ადამიანს, თუ აქვს 20 წლის ან მეტი მუშაობის სტაჟი, პენსია დაახლოებით 400 ევრო ეძლევა, ანუ ჩვენზე სამჯერ მეტი. აღსანიშნავია, რომ ბელარუსში უმუშევრობა ისჯება. როგორც სერგეი ამბობს, არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც აკონტროლებს, არიან თუ არა ქუჩაში მათხოვრები. ვინმეს თუ ხელი აქვს გაშვერილი, მიდიან, ეკითხებიან მათხოვრობის მიზეზს, თუ ავად არის, მკურნალობენ, თუ არა და მიჰყავთ უახლოეს კოლმეურნეობაში ან ქარხანაში და სამსახურს აწყებინებენ. საქმე ყველასთვის მოიძებნება და, თუ მაინც უარს ამბობს შრომაზე, პრევენციის მიზნით ერთ თვეს აკავებენ, უხსნიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს… ბელარუსიდან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლა დანაშაული არ არის, მაგრამ ერთი საინტერესო პირობაა – თუ ერთი თვის შემდეგ დაბრუნდები, ვალდებული ხარ, საზღვარზე, სულ ცოტა, 1 000 დოლარი დაახურდავო, ორი თვის შემდეგ დაბრუნების შემთხვევაში – 2 000 დოლარი, სამი თვის შემდეგ – 3 ათასი და ა.შ. ეს ხელს უწყობს ქვეყანაში ვალუტის შემოსვლას და, თუ თანხა არ გაქვს, მაშინ რისთვის წახვედი ქვეყნიდან, თუ ერთ თვეში 1 000 დოლარი ვერ იშოვე, ბელარუსში იმუშავე, იქ შექმენი დოვლათი – 1 000 დოლარს ხელფასად იქაც მოგცემენ.
ცალკე ამბავია ის, რომ ლუკაშენკო ადგილობრივ წარმოებასა და, რაც მთავარია, ხარისხს, უდიდეს ყურადღებას უთმობს. რიგით მოქალაქესაც კი შეუძლია სამთავრობო ცხელ ხაზზე დარეკვა, კონკრეტულ პროდუქტზე დაჩივლება და, თუ დადასტურდება, რომ რაღაც ისე არ არის, მწარმოებელს კარგი დღე არ დაადგება. საუკეთესო შემთხვევაში, სამსახურის დატოვება მოუწევს, ხოლო უარესში პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით აგებს, რადგან ხარისხიანი საკვები პროდუქტი არ დაამზადა. საინტერესოა ბელარუსის საგადასახადო სისტემაც. თუ ოფიციალურად მუშაობ, გადასახადს იხდი ჩვეულებრივად, როგორც ყველა, მაგრამ, თუ ვერ ასაბუთებ შემოსავალს, ამბობ, რომ თვითდასაქმებული ხარ ან რაღაცას „ჩალიჩობ“, რის თქმაც არ გინდა, პრობლემა არაა, ოღონდ ასეთ შემთხვევაში გადასახადი სამმაგია და არც ამას აპროტესტებს ვინმე. არადა, შეგიძლია თქვა, რომ შემოსავალი თუნდაც ავტოფარეხის გაქირავებიდან გაქვს და გადასახადს არ გაასამმაგებენ.
ყველაზე საინტერესო მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებაა. ვინც შემოდის ქვეყანაში, ვალდებულია, დაასახელოს შემოსვლის მიზანი და პერიოდი, რომელსაც ბელორუსში გაატარებს. ასევე ვალდებულია, საზღვარზე აცნობოს ის სასტუმრო ან ნაქირავები ბინა, რომელშიც ბელარუსში ყოფნის პერიოდში იცხოვრებს. როცა ქვეყანაში ყოფნის ვადა იწურება, უცხო ქვეყნის მოქლაქეს ტელეფონით აცნობებენ, რომ ბელარუსში მისი ყოფნის ვადა იწურება და ან ქვეყანა უნდა დატოვოს, ან ვიზა გაახანგრძლივოს და თან ახსნას, რატომ ვერ ჩაეტია მოცემულ დროში, რა პრობლემები შეექმნა და შეუძლია თუ არა სახელმწიფოს დახმარება მათ მოგვარებაში. თუ შემოსული პირი უჩინარდება, საქმეში სამართალდამცველები ერთვებიან და მასზე ძებნა ცხადდება. ვინმესთვის ეს, შესაძლოა, ტოტალური კონტროლი იყოს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ ბოლო პერიოდში უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე დააკავეს ნარკოტიკების შემოტანა-გასაღების ბრალდებით, რამდენი ევროპელი „მეგობარი“ ჩამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის აქტივისთვის ესწავლებინა, როგორ დაემხოთ მთავრობა. ეს ნამდვილად საშური საქმეა. ანალოგიური რამ ხდებოდა ბელარუსშიც და ეს ყველაფერი საჭიროებამ მოიტანა – სიმშვიდის განცდამ და არა იმან, რომ ყველაფერი აკონტროლონ. ბელარუსებს ღამით ქუჩაში გასვლის არ ეშინიათ, კრიმინალის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა და დასაქმებულთა რაოდენობაც, ფურცელზე კი არა, საქმით ჩანს.
„ლუკაშენკო შეგიძლია ქუჩაში ფეხით მიმავალი დაინახო და, მართალია, დაცვა ყოვეთვის ახლავს, მასთან მისვლისა და პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობა ყველას აქვს. თუ მოქალაქეს პრეზიდენტთან მისვლა უნდა, ბარიერს არავინ უქმნის“, – გვითხრა სერგეიმ და ახლა, გნებავთ, დიქტატორი დაუძახეთ ამ კაცს და გნებავთ – კაციჭამია. ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ბელარუსიდან საზღვარგარეთ წასული ადამიანები მაინც დაიწყებდნენ წუწუნს, არიქა, გვიშველეთო, მაგრამ არა – ისინი მიდიან და ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში.
ბესო ბარბაქაძე







