Home რუბრიკები პოლიტიკა დავით თევზაძე: “ქართული ოცნება” მხარდამჭერებს კარგავს

დავით თევზაძე: “ქართული ოცნება” მხარდამჭერებს კარგავს

1066

საქართველო ეკონომიკურ კრიზისშია, მაგრამ მოსახლეობას რატომღაც კრიზისზე უფრო ის აწუხებს, ვინ სად დაინიშნა, რატომ და რა მოსაზრებით.

ასე რომ, თუ ვინმეს საზოგადოების ყურადღების გადატანა კრიზისიდან სხვა მიმართულებით უნდოდა, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდა. “საქართველო და მსოფლიოსთავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ესაუბრება.

_ ბატონო დავით, საქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს, თანაც ქალი _ თინა ხიდაშელი, რატომ მაინცდამაინც ეს ქალბატონი, კაცი დაილია ქვეყანაში?

_ რატომ გაკეთდა ეს არჩევანი, ვერაფერს მოგახსენებთ. ქალი რომ არის მინისტრი, ნაკლი არ არის. აქ გაცილებით მნიშვნელოვანია რამდენიმე დეტალი, რომლებზეც არავინ ამახვილებს ყურადღებას ან ერიდებათ ამის თქმა: პირველი _ გარკვეულ უხერხულობას ქმნის ის, რომ ქვეყანაში ორი უმაღლესი თანამდებობა უკავია ცოლსა და ქმარს; გარდა ამისა, იმ სფეროში, რომელშიც თინა ხიდაშელი აპირებს მოღვაწეობას, არ არის არც ერთი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია მისცეს რჩევა, დაუსახოს მოქმედების სტრატეგია წარმატებული მოღვაწეობისთვის; და მესამეა, ალბათ, მისი პიროვნული თვისებები. მეჩვენება, რომ ცოტა აჟიტირებული და აჩქარებულია. ეს ყველაფერი ქმნის იმ უარყოფით აურას ხიდაშელის გარშემო, რომლის გამოც რთული იქნება მასთან ურთიერთობა.

_ ვერც იმას ვიტყვით, რომ მართალია, თვითონ არ აქვს გამოცდილება, მაგრამ გამოცდილი კადრები შეარჩია, პირიქით _ მინისტრი და მისი მოადგილეები იურისტები არიან. მათ არასდროს უმუშავიათ თავდაცვის პოლიტიკისა და გეოსტრატეგიის საკითხებზე.

_ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ის იურისტია სპეციალობით თუ ვინ, მაგრამ კარგად კი უნდა ერკვეოდეს სამხედრო მშენებლობის სტრატეგიაში. და ეს ცოდნა ჰაერიდან არ მოდის, არც იურიდიული განათლებიდან, ეს არის ძალიან სპეციფიკური ცოდნა, რომლის გარეშეც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.

_ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი ქალია, მაგრამ იქ სერიოზული საფრთხეები ჯერ არ შეინიშნება. ჩვენ კი როდის და რომელ მეზობელთან მოგვიწევს შეჯახება, პროგნოზირება არ შეგვიძლია. ხიდაშელის დანიშვნით ხომ არ ცდილობს ამერიკა, თავდაცვის სამინისტროს ჩამოაშოროს ძველი გამოცდილი კადრები და ამით, ფაქტობრივად, ბრძოლისუნარიანობა დაუკარგოს საქართველოს თავდაცვის სისტემას? არაპროფესიონალები, მოგეხსენებათ, ადვილად სამართავნი არიან

_ ხაზს ვუსვამ: ქალი თავდაცვის მინიტრის პოსტზე პრობლემა არ არის, სისტემა უნდა იყოს მზად, რომ მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა აიტანოს. ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი, მგონი, ყოველწლიურად იცვლებოდა, ეს ჯარს აზიანებს, პრაქტიკულად, გამოუსადეგარს ხდის იმ ფუნქციებისთვის, რომლებისთვისაც ის სახელმწიფოში არსებობს. იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებშიც თავდაცვის მინისტრები ქალები არიან, სისტემა ისეთია, რომ მინისტრების ცვლა რყევას არ იწვევს. უამრავი სპეციფიკური პრობლემაა შეიარაღებულ ძალებში და, თუ დაინახავს ამას ქალბატონი მინისტრი, კარგი იქნება. მე წარმატებას ვუსურვებ, რადგან ეს ქვეყანა ნამდვილად მენანება იმისთვის, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი მინისტრი ჰყავდეს.

_ ითქვა, რომ ხიდაშელის გამინისტრება იყო ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის კონსულტაციების შედეგი. გარდა ამისა, საინტერესოა, როგორ აისახება ქართულრუსულ ურთიერთობაზე ეს ფაქტი?

_ არ ვიცი, ამერიკის საელჩოდან არავინ მაწვდის ინფორმაციას, არც _ ბატონი ბიძინას აპარატიდან. რუსეთთან ურთიერთობა კი პრაქტიკულად არ გვაქვს, მხოლოდ აბაშიძე და კარასინი ხვდებიან ერთმანეთს. რუსეთის მიმართ ჩვენს სახელმწიფოს პოლიტიკა არ აქვს.

რუსეთმა დღეს აჩვენა, რომ შეუძლია, აგრესიულად დაიცვას თავისი ინტერესი. აი, ამან, შესაძლოა, დიდ ომამდე მიგვიყვანოს. ჩვენ უნდა მოვნახოთ რაღაც ფორმა, რათა ჩვენი სახელმწიფო შევინარჩუნოთ. მე ხშირად არ ვლაპარაკობდი ამ თემებზე, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დახურულ ფორმატში უნდა გვარდებოდეს. დღეს კი საჯაროდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მინდა, გამოვჩნდე პოლიტიკურ ასპარეზზე. დიახ, ეს ამბიცია მაქვს.

ფაქტია, ყველაფერი რიგზე რომ ყოფილიყო, ბოლო სამ წელიწადში მთავრობა მესამედ არ შეიცვლებოდა. არ ვიცი, ვინ უნდა წასულიყო ან ვინ უნდა მოსულიყო, მაგრამ ვიცი, რომ არაკომპეტენტურობის სერიოზული პრობლემა არსებობს მთავრობაში; ამას ემატება წესიერების პრობლემაც. ასე რომ, თინა იქნება რაღაცის მინისტრი თუ, ვთქვათ, კოტე ყუბანეიშვილი, მნიშვნელობა არ აქვს.

_ რიგის სამიტმაც გვიჩვენა, რომ საქართველომ სერიოზულად უნდა გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას

_ რიგის სამიტი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. უბრალოდ, ესეც კომპეტენციის ამბავია. მან, ვინც მიაწოდა პრემიერს შარშან ის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ განაცხადა, დათვური სამსახური გაუწია. მიმაჩნია, რომ პრემიერს გულწრფელად სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა. ამ კონტექსტში ჩვენი უკრაინასთან ბმაც ძალიან ხელოვნურია. ევროპის ყველა ნაბიჯი ლოგიკურია, ამიტომ აქაური ფსევდომიღწევებით ევროპას ვერ აღვაფრთოვანებთ, საზღვარი რომ გაგვიხსნას და ეკონომიკური ბარიერებიც გაგვიუქმოს. კობახიძემ განაცხადა, 2015 წელს ვიზების ლიბერალიზაციას მივიღებთო. მისი ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ჯერჯერობით აქვს. სამწუხაროდ, როცა ამას ამბობ, მტერი ჰგონიხარ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ყველაზე დიდი ნაკლია ის, რომ პრობლემის დანახვას და გამომზეურებას მისი შეფუთვა ურჩევნია.

_ მაინც მგონია, რომ ჯარს უხერხულობა შეექმნება ქალითავდაცვის მინისტრის გამო, სამხედრო სალმის მიცემისას მაინცახლახან ისეთ ფორმაში იდგა მწყობრის წინ, რომ ნამდვილად არ ჰგავდა სამხედრო წესების მცოდნე პირს

_ რაც შეეხება მწყობრის წინ დგომას, ეს იმათ გამო მოხდა, ვინც იქ მიიყვანა, მაგრამ შემდეგ, რაც თვითონ განაცხადა, უკვე მისი ბრალი იყო. სამოქალაქო მინისტრის მოსვლასთან ერთად სამხედრო სისტემას ექმნება პრობლემა, ყველამ სცადა ფორმის ჩაცმა, მთავარსარდლობა ან მთავარსარდლობაში ჩარევა. ხიდაშელი თუ იტყვის, არ ვიომებო, ეს არაფერს ნიშნავს, ხვალ შეიძლება აიძულოს ვიღაცამ და იომოს. რისთვის უნდა იყოს მზად, ამაზე ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ, ამას მხოლოდ გენშტაბის ინტელექტი ვერ გასწვდება.

_ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნელა, მაგრამ ჯიუტად იგდებენ ხელში რესპუბლიკელები. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა. ექსპერტები პროგნოზირებენ ლევან ბერძენიშვილის დანიშვნას საგარეო საქმეთა მინისტრად; ასევე მოსალოდნელია, შეიქმნას საარჩევნო ბლოკი _ რესპუბლიკელებიმარგველაშვილიალასანია და ამ ბლოკსნაციონალები”, ალბათ, არც კი დაუპირისპირდებიან _ ხმებს მოლაპარაკების გზით გაიყოფენ და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარჩება მოტყუებული

_ “ქართული ოცნება” კარგავს მხარდამჭერებს. ეს ბუნებრივია, რადგან გამარჯვებისთვის მოუმზადებელ იყო. აი, აქედან წამოვიდა ის პრეფერენციები და აღმოჩნდა, რომ იმან არ გაამართლა, ამან არ გაამართლა და ეს ყოველთვის ასე იქნება. როდესაც მოდიხარ მხოლოდ იმით, რომ, უბრალოდ, ვიღაც შეცვალო, ბუნებრივია, უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, აი, ეს არის პოლიტიკის ანაბანა. ამიტომ, როცა ხდება რევოლუციური ცვლილება, ჭკვიანები ცდილობენ, მართვისგან თავი შორს დაიჭირონ, ანდა ხდებიან დიქტატორები, რაც დაემართათ ბოლშევიკებს თავის დროზე, აგრეთვე, “ნაციონალურ მოძრაობასდა აუცილებლად დაემართებათ ამათაც იმიტომ, რომ, როგორც კი დასჭირდებათ, მზად იქნებიან სახელმწიფოს რესურსის გამოსაყენებლად. რაც შეეხება შესაძლო ბლოკს, ეს კონფიგურაცია გამოჩნდა იმ კვლევების ანალიზიდან, რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა. ეს უფრო კარნახი და სურვილია, ვიდრე რეალობა. განხორციელდება თუ არა, რთული სათქმელია.

_ დასასრულ, რა გეგმები გაქვთ, ბატონო დავით?

_ ამ არაკომპეტენტური მმართველობის ჩანაცვლება უნდა მოხდეს კომპეტენტურით. ისეთი სივრცე უნდა შევქმნათ, რომ ეს პარტიები 2016 წლისთვის ჩავაჩოჩოთ. ყოველ შემთხვევაში, შევეცდები, ეს გავაკეთო. პოლიტიკური სპექტრის კონფიგურაცია, რომელიც არჩევნების წინ შეიკვრება, დამანახვებს, მარტო უნდა ვიყო თუ ვინმესთან ერთად. ბრძოლა ბრძოლაა, ბრძოლას თავისი კანონები და წესები აქვს და არ მგონია, ეს სხვაზე ნაკლებად ვიცოდე.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ვინმე უსმენს როდისმე ჭკვიანურ შენიშვნებს და რჩევებს? რადგან მთავრბაში მოხვდა, ყველას სხვაზე ჭკვიანი გონია თავი, არა და რამდენი სერიოზული და აზრიანი წინადადება მომისმენია მთიანი სოფლის მაცხოვრებელი ხალხისგან, მოხუცი ქალბატონებისაგან, წუნს ვერ დასდებ მათ ნათქვამს და წერილის სახით მიმართვას ქვეყნის მმართველების მისამართით, იმიტომ რომ ისინი ნამდვილი გულშემატკივრები არიან ქვეყნისა., მაგრამ ვინმე ითვალისწინებს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here