Home რუბრიკები პოლიტიკა აკაკი ასათიანი: ღარიბაშვილი უკვე მხოლოდ სიბრალულს იწვევს

აკაკი ასათიანი: ღარიბაშვილი უკვე მხოლოდ სიბრალულს იწვევს

948

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “ტრადიციონალისტთა კავშირის” თავმჯდომარე აკაკი ასათიანი.

_ ბატონო აკაკი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი მინისტრი გადადგა. მინისტრთა კაბინეტი 1/3-ით შეიცვალა, რის გამოც მთავრობას პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება. თქვენი აზრით, რა ხდება _ მინისტრებს მართლა მოენატრათ ოჯახები, როგორც თვითონ განაცხადეს, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

_ ვფიქრობ, თოჯინების თეატრია, ანუ ჩვენ ახლა ვართ, უკეთეს შემთხვევაში, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მაყურებლები, თანაც, სცენაზე გამოსულები თამაშობენ ძალიან უნიჭოდ. მოგეხსენებათ, მსახიობის ოსტატობა არის ის, რომ დაგარწმუნოს იმაში, რასაც ასრულებს. მაგალითად, თუ ჰამლეტის როლს თამაშობს, უნდა დაგარწმუნოს, რომ ჰამლეტია, თუ ყვარყვარე თუთაბერის როლშია, უნდა დაგარწმუნოს, რომ ყვარყვარეა. ამ შემთხვევაში უბედურება ის არის, რომ ვიცით, ვიმყოფებით თოჯინების თეატრში, რეჟისორი და ამ თოჯინების მმართველი კი გვეუბნება, არაფერ შუაში ვარო და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ამ საცოდაობის მომზირალნი, არავინ იცის.

რაც შეეხება მინისტრების გადადგომას, ვიღაცას თურმე ოჯახი მოენატრა და ამიტომ გადადგა თანამდებობიდან, კი ბატონო, გასაგები განცდაა, მაგრამ მანამდე რატომ არ იცოდა, რომ ოჯახის გარეშე ვერ გაძლებდა? ეს ერთი. სხვა მინისტრებიც ისე გადადგნენ, ნორმალური, დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოვისმინე. პრემიერმინისტრის განცხადებებზე არაფერს ვამბობ, ღარიბაშვილი უკვე მხოლოდ სიბრალულს იწვევს; ამ ქვეყანაში ისედაც ბევრია შესაცოდებელი ადამიანი და ისღა გვაკლდა, პრემიერმინისტრი და მინისტრებიც დაემატონ.

_ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნამ მითქმამოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამბობენ, რომ მისი კანდიდატურის წამოყენებას უშუალოდ ამერიკის ელჩი ლობირებდა.

_ ამერიკის მხრიდან ფორმულირება იყო ასეთი: ჩვენ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, დაინტერესებული ვართ, რომ თავდაცვის სამინისტრომ კურსი არ შეიცვალოს დასავლეთთან თანამშრომლობაში. მეტი რა უნდა გითხრან, თუ ვინმეს ეს არ ესმის, თავის თავს დააბრალოს. როდესაც გაიძახი, რომ გაქვს პროდასავლური გეზი და მომავალი განვითარების გზას ხედავ მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ცხადია, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ იგივე დასავლეთი მისთვის სანდო სუბიექტების დანიშვნას მოგთხოვს მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ეს პოლიტიკის პრინციპია და კიდევ ვიმეორებ, ვისაც ეს არ ესმის, მისი პრობლემაა. ვფიქრობ, უცნაური და ალოგიკური აქ არაფერი ხდება

_ ფაქტია, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაკავებული აქვთ რესპუბლიკელებს: თავდაცვის მინისტრი რესპუბლიკელია, რეინტეგრაციის და გარემოს დაცვის მინისტრები რესპუბლიკელები არიან…… რესპუბლიკელია პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, ანუ მათ, პრაქტიკულად, მთლიანად გადაიბარეს ხელისუფლება. სხვათა შორის, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პროგნოზირებდა ამას და ამბობდა, რომ ივანიშვილი სწორედ ამ ძალის _ რესპუბლიკელების ლოკომოტივად იყო ამერიკის მიერ მოყვანილი.

_ რესპუბლიკელების მიმართ ივანიშვილს განსაკუთრებული სიმპათია რომ აქვს და ამერიკელებსაც, ფაქტია, მაგრამ მაინც მგონია, რომ თავდაპირველად ალასანიაზე აკეთებდნენ აქცენტს. უბრალოდ, მას დიდი ამბიციები აღმოაჩნდა და ამის გამო მიუღებელი გახდა როგორც ივანიშვილისთვის, ისე ვაშინგტონისთვისაც.

რესპუბლიკელებს რაც შეეხება, ისინი აღმოჩნდნენ უფრო მორჩილები, ამიტომ მათ დაეყრდნენ და დღეს მიმდინარე ძალაუფლების გადაბარების პროცესი სწორედ ამის შედეგია. მართალია, შიგადაშიგ წამოიკნავლებს ხოლმე ეს პარტია და სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ყველამ ვიცით, ეს რეალურად რისთვის კეთდება _ რომ შეიქმნან ობიექტურობის იმიჯი. თუმცა, ვფიქრობ, ჯამში, რესპუბლიკელები ძალიან ჭკვიანურად იქცევიან სათავისოდ და უფრო შორსაც წავლენ; ასე რომ, ბატონი ჭაჭიას პროგნოზები ყოველთვის სიზუსტით გამოირჩევა და მართლდება ხოლმე. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ზუსტად აგვიხდება…

_ ისე, ამბიცია ალასანიაზე არანაკლებ დიდი აღმოაჩნდა მარგველაშვილსაც, თავდაპირველად ის თითქოს თანახმა იყო ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შეზღუდავდა, მაგრამ დღეს ამ უფლებამოსილებებს მაქსიმალურად იყენებს. იმავე მინისტრებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესიც ერთი კვირით გადადო, ეს ყველაფერი ხომ ერთგვარი ფხის გამოჩენაა?

_ მარგველაშვილი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებებს, აბა, რა ეგონა ივანიშვილს?! ამ ადამიანის პრობლემა არის ის, რომ ჰგონია, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ანუ ის, რომ ვიღაცას ფულს მისცემს ან რაღაც კამპანიას დაუფინანსებს და ხელს შეაშველებს, ჰგონია, უკვე ნაყიდი ჰყავს და მთელი ცხოვრება მას უნდა შესციცინებდეს თვალებში. პოლიტიკაში ასე არ ხდება. აქ თუ ვიღაცას ფულს აძლევ, ესე იგი, შენ ის გჭირდება; და თუ გჭირდება, მაშინ დასამადლებელიც არაფერია _ მან სამსახური გაგიწია, შენ ფული გადაუხადე, მორჩა.

_ ეტყობა, “შეთანხმებაასეთი არ იყო.

_ ახლა ერთმანეთში არკვიონ მარგველაშვილმა და ივანიშვილმა, რა იყო და რა არა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დადიოდა ეს კაცი სოფელსოფელ და გვეუბნებოდა, ეს არის ევროპული პრეზიდენტიო; თანაც გაიძახოდა, მე შეუმცდარი ვარ, კაცს რომ შევხედავ, ეგრევე ვცნობ, რის გამკეთებელიაო. რამდენჯერ უნდა შეეშალოს ამ ადამიანს, საინტერესოა: მერაბიშვილს აქებდა _ შეეშალა; ადეიშვილს აქებდა _ შეეშალა; ახლა მარგველაშვილიშეცდომების შემდეგ ხომ უნდა ისწავლოს კაცმა ჭკუა?!

_ თუმცა ივანიშვილი თავიდანვე აღიარებდა, რომ პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკის სფეროში ბევრი არაფერი ესმის.

_ გასაგებია და ეს გულწრფელობაც გარკვეულწილად დასაფასებელია, მაგრამ ჩნდება მარტივი შეკითხვა: რაც შენი საქმე არ არის, იქ ცხვირს რატომ ჰყოფ?! ზუსტად ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა, მან გააკეთა “ქართუ ჯგუფი”, სახელმწიფო კი “ქართუ ჯგუფი” არ არის…

_ ის, რაც დღეს ხდება ხელისუფლებაში, თუნდაც მინისტრების გადაგომა და მთავრობის ხელახლა დაკომპლექტება, დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, ხომ არ მიიყვანს კოალიციას იქამდე, რომ იგი მიუღებელი გახდეს დასავლეთისთვის?

_ პრინციპში, უკვე მიუღებლებიც არიან, მაგრამ ეს არ გამწვავდება და რატომ: დასავლეთში, განსაკუთრებით _ ამერიკაში, არ უყვართ იდეის მიმდევარი ადამიანები, როგორიც ზვიად გამსახურდია იყო; ფულსა და ძალაუფლებაზე დახარბებულებთან კი გაცილებით იოლად პოულობენ საერთო ენას. ეს გასაგებიც არის _ ვისთვისაც მთავარია პირადი კეთილდღეობა, მისი მართვა გაცილებით იოლია. თუ გზიდან გადაუხვევს, ეტყვიან, მილიონებს დაემშვიდობეო და მორჩა, ყურით ჰყავთ დაჭერილი. აი, ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რომლითაც ამათი კონტროლი ადვილია; და ეს ამათაც არ უქმნით დისკომფორტს იმიტომ, რომ არ აქვთ არანაირი მრწამსი, ფასეულობა, იდეოლოგია, მათ აქვთ მხოლოდ ერთი სიხარული, რომ ვიღაცას კაბინეტში შეასწრონ, გახდნენ მინისტრები, თავმჯდომარეები და ა.შ. ამის იქით არაფერი აინტერესებთ, არაფერს დაეძებენ.

_ კაბინეტში შესწრებას რაც შეეხება, ღარიბაშვილმა სამი მინისტრი ისე დანიშნა, რომ მთელი რიგი საკონსტიტუციო ნორმებისა დაარღვია, არ დაელოდა პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე?

_ საქმე ის არის, რომ კონსტიტუცია და კანონი დღეს ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს, არ აქვთ სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა, თორემ, რეალურად, მინისტრები აღარ არიან და მათ მოვალეობას მოადგილეები უნდა ასრულებდნენ. არც ღარიბაშვილს და არც არავის აქვს რომელიმე უწყების ხელმძღვანელის დანიშვნის უფლება, ვიდრე მას პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს; სწორედ ამიტომ თითოეული კანდიდატი, მათ შორის, თვითონ ღარიბაშვილიც, უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე და იყვნენ კიდეც ყველანი ქუთაისის გზაზე შემდგარი, მარგველაშვილს რომ არ მოებრუნებინა. ვფიქრობ, ეს ძალიან ბოროტი ხუმრობა იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში არის რაღაც დასაფასებელიც… ვიღაცისთვის ეს შეიძლება, გამაღიზიანებელი ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფო ხომ ვიღაცის ნება-სურვილები არაა, ქვეყანას, პირველ რიგში, უნდა მართავდეს კანონი და კონსტიტუცია და ამ ნორმებს პატივს უნდა სცემდეს ყველა.

_ დასასრულ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტზეც შეგეკითხებით. მარგველაშვილთან შეხვედრაზე მან თქვა ასეთი რამ: “არ არსებობს წინააღმდეგობები ბელარუს, ქართველ და რუს ხალხებს შორის. არსებობს მხოლოდ გაუგებრობები პოლიტიკურ დონეზე. ისინი დაიძლევა. უნდა მოხდეს პოზიციების დაახლოება, რომ ისევ ერთ დიდ ოჯახში ვიცხოვროთ, როგორც ეს ადრე იყო”. ამასნაცმოძრაობისმხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ხელისუფლებას, ფაქტობრივად, თავის მართლების რეჟიმში მოუხდა ახსნაგანმარტებების კეთება. თქვენ როგორ აღიქვით ეს განცხადება და, საერთოდ, რა დატვირთვა ჰქონდა ლუკაშენკოს ვიზიტს?

_ ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, რომელიც უფრო ადრეც უნდა შემდგარიყო და სრულიად ნორმალურია ისიც, რომ ბატონ ლუკაშენკოს გარკვეული საშუამავლო მისია ჰქონდა დაკისრებული რუსეთ-საქართველოს შორის.

რაც შეეხება ისტერიკას, რომელიც მის განცხადებას მოჰყვა, ეს ახალი არ არის, ჩვენ ასეთი ისტერიკა გვესმოდა ცხრა წლის განმავლობაში და ამან სად მიგვიყვანა, ყველამ ვნახეთ. მთავარი აქ ახლა ის არის, რომ ხელისუფლებასაც არ გადაედოს ეს ისტერიკა და არ დაიწყოს საუბარი წინამორბედის რიტორიკით. არაფერი შესაცხადებელი შინაარსი დიდ ოჯახზე გაკეთებულ განცხადებაში არ დევს. ასე რომ, დიდი ერთობის დრო უკვე მოსულია. ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობის პარალელურად, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმ რიტორიკის გამორიცხვით, რომ რუსეთი დაუძინებელი მტერია და ამ ულმობელი, ბოროტი იმპერიისგან მხოლოდ ნატო თუ გვიხსნის. ასეთი საუბრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და უნდა შევიგნოთ, რომ ამგვარი მიდგომით ჩვენთვის სასიკეთო არაფერი მოხდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here