Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): დღევანდელი სკოლა არის ბავშვის გამხრწნელი. სკოლაში აღარაფერს ასწავლიან!

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): დღევანდელი სკოლა არის ბავშვის გამხრწნელი. სკოლაში აღარაფერს ასწავლიან!

798

საქართველოს განათლების სფეროში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე სასაუბროდ “საქართველო და მსოფლიოს” მამა ელიზბარი (დიაკონიძე) დაუკავშირდა, ვინაიდან მიაჩნია, რომ მომავალი თაობა დაღუპვის გზაზე დგას, ერი და ბერი კი დუმს.

_ როგორ შეიძლება, პირველკლასელს უცხო ენა მშობლიურივით ასწავლო, ასე ხომ მისი აზროვნება ინგრევა? მეხუთე კლასიდან რომ გვასწავლიდნენ კომუნისტები უცხო ენებს, სულელები კი არ იყვნენ. რა, ვერ ისწავლა იმ თაობამ უცხო ენები? ორი-სამი უცხო ენა ყველამ ვიცით. უცხო ენის ნაადრევი სწავლებით კი ის შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ინგლისური ყველა ბავშვმა იცის, ქართული _ ძალიან ცოტამ. როგორ შეიძლება პირველკლასელ ბავშვს კომპიუტერი დაუდგა კლასში, როცა ჯერ მისი აზროვნება ჩამოყალიბებული არ არის და აუცილებლად გაექცევა თვალი კომპიუტერული თამაშებისკენ?! ამიტომაც დაკარგეს ახლანდელმა ბავშვებმა სიხალისე, იუმორი, სპორტული ჟინი, მთლიანად კომპიუტერულ თამაშეებზე არიან გადართულნი, ლოგიკური აზროვნების უნარი არ აქვთ. დღეს ვერც დეკლამაციის უნარით, ზეპირსიტყვიერებით მოგაწონებთ ბავშვი თავს. წიგნებს არ კითხულობენ. მშობლებსაც იმდენი ეკონომიური პრობლემები აქვთ, ბავშვისთვის აღარ სცალიათ. მოძღვარიც კი ტაძარში ზის და ელოდება, როდის მიხვალ, რომ ორი კაპიკი წაიღოს შინ.

 დღევანდელ საზოგადოებაზე უკვე ვეღარ იტყვი, ნიჰილიზმითაა დაავადებულიო, საზოგადოება უკვე იხრწნება. სწორედ ეს უნდათ _ რაც უფრო გახრწნილია თაობა, უფრო ადვილად სამართავია.

 მოძღვარი დღეს გამოდევნილია სკოლიდან. კახა ლომაიამ თავი გაიგიჟა, _ რა უნდა მოძღვარს სკოლაშიო. არადა, თუ სასულიერო პირებს შორის ისეთები, რომლებიც ადრე პედაგოგებად მუშაობდნენ, მათ ისევ უნდა მისცენ უფლება, სკოლაში ასწავლონ.

_ სასულიერო პირებს თავისი მოვალეობები აქვთ; მათ სცალიათ, სკოლებში პედაგოგებად იმუშაონ?

_ ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთონ?! რას ვაქნევთ ტყუილად ეკლესიაში ჯდომას და ბუზების ყლაპვას!

_ რელიგიის გაკვეთილები თავის დროზე იმ მიზეზით გააუქმეს, სხვა რელიგიური მრწამსის ბავშვები თავს უხერხულად იგრძნობენო

_ როდესაც ვასწავლიდი საშუალო სკოლაში, მახსოვს, ორი ბავშვი სწავლობდა მუსლიმანური ოჯახიდან, მათ არავინ სთხოვდათ პირჯვრის გადაწერასა და ლოცვას. მყავდა იეღოვას მოწმეებიც. მხოლოდ გაკვეთილის ცოდნას ვთხოვდი მათ, ლოცვას არავინ აძალებდა.

დღევანდელ მშობლებს ჰგონიათ, რომ, თუ შვილებს აჭმევენ და ჩააცმევენ, საკმარისია, აღზრდა თუა საჭირო, აღარ ახსოვთ. არც უმაღლეს სასწავლებლებშია უკეთესი მდგომარეობა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ზაფხულობით მივყავდით და გვამუშავებდნენ _ ფიზიკურ შრომას გვაჩვევდნენ, მცირე ხელფასსაც გვიხდიდნენ. სხვათა შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტსაც ჰქონდა რამდენიმე წლის წინათ ეს პროგრამა, _ ზაფხულობით მონასტრებში აგზავნიდნენ ბავშვებს სამუშაოდ. სხვა უნივერსიტეტებმა არც კი მიბაძეს, არ დაინტერესდნენ.

მომავალი თაობის განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. იცით, რომ ჩვენს ლიტერატურაში, მაგალითად, ვაჟა ფშაველას შემოქმედებაში, წინასწარმეტყველურ ფრაზებს აღმოაჩენთ? მაგალითად, “გველისმჭამელისპერსონაჟ მინდიას ჩვენს ეკლესიასთან გავაიგივებდი, რომელმაც დაკარგა სიბრძნე.

და მეც დღესხვალეობითა, ცოტცოტა ნელაობითა,  დავიწყე თავის რწმენასთან მოქცევა მელაობითა”.

გავავლოთ პარალელი ეკლესიასთან. საკუთარ რწმენასთან ცბიერი მოპყრობით იგივე დაემართა ეკლესიასაც.

“ამნაირ ყოფას მერჩივნა, გავთლილიყავი მეხითა, დაკარგულ ვეღარ მიუხვდი ვერანაირი ხერხითა”.

საბრძოლველად გასულ ხევსურებს მინდიამ რჩევა ვეღარ მისცა, არ გაგონებთ დღევანდელ სიტუაციას, როდესაც სიბრძნე და სიწმინდე დაკარული ეკლესია ერს რჩევას ვეღარ აძლევს?

კიდევ ერთი მაგალითი ლიტერატურიდან: ყამარს მამა ეუბნება:

“უყურეთ კახპა ქალასა, ქმარი ირჩია მამასა,

ტყვილა გაგზარდა დედამა, ტყვილა გეტყოდა ნანასა”.

ყამარის პასუხი:

არცრა გამზარდა დედამა, არცრას მეტყოდა ნანასა, მიმაგდის სახლის ყურეში თაგვების ანაბარასა”.

21- საუკუნეშიც მივაგდეთ ჩვენი შვილები ყამარივით თაგვების, ანუ კომპიუტერულიმაუსებისანაბარა.

სახელმძღვანელოებიდან ვაჟას, ილიას, აკაკის ნაწარმოებები ამოიღეს, სკოლებში ჩვენი გენიოსი მწერლებისა და პოეტების სურათები ჩამოხსნეს. ჩვენი შვილები კი დადიან სკოლებში, მაგრამ დღევანდელი სკოლა არის ბავშვის გამხრწნელი. სკოლაში აღარაფერს ასწავლიან!

სამაგიეროდ, თანამედროვე სტილის საკონცენტრაციო ბანაკები გვაქვს დღეს, ისეთები როგორიცაა “ფეისბუქი”, “ოდნოკლასნიკი” და ა.შ.

_ სასულიერო პირებიც ხომ აქტიურად სარგებლობთ სოციალური ქსელებით?

_ დიახ, გონებადამჯდარი ადამიანი თავის სასიკეთოდ იყენებს ამ ყველაფერს, მაგრამ ბავშვის გონება ამას ვერ ხვდება.

_ თქვენ აკრიტიკებთ საზოგადოებას, რომელმაც უკვე შეცვალა ხელისუფლება. ახლა რას ითხოვთ საზოგადოებისგან?

_ საზოგადოებას ვთხოვ, გამოფხიზლდეს. საუკეთესო მმართველიც რომ მოიყვანო ხელისუფლებაში, არაფერი გამოვა, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა. საზოგადოება უფრო მომთხოვნი უნდა იყოს მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. მეფის მიმართ თუ ვიყავით მომთხოვნები ქართველები, “მეფე ხარ და ხამს, მეფე ხარ და გევალება”, ახლა რა დაგვემართა?!

არც ტელევიზიებშია უკეთესი მდგომარეობა. დღევანდელ ტელევიზიებში ათასი სულელური გადაცემები გადის: “რუთავი 2”-ზე _ “გააცინე და მოიგე”, “იმედზე”_ ჯაჯანიძის გადაცემაგარყვენი და ძალიან მოგებული დარჩები”, პლუს პოლიტიკური თოქშოუები. შემეცნებითი გადაცემები საერთოდ არ არის. აი, რას უყურებს და რაზე იზრდება ჩვენი მომავალი თაობა.

_ ამ ტელეგადაცემების ავტორები კრიტიკოსებს უპასუხებენ, რომ მათი გადაცემები რეიტინგულია და ხალხი უყურებს.

_ მათ ტვინგამორეცხილი თაობა უყურებს და არა გონებანათელი საზოგადოება, ამიტომაცაა რეიტინგული.

სამშობლოს ვკარგავთ, ღირსებას ვკარგავთ, რწმენას ვკარგავთ, ასეთ ქვეყანას კი რა მომავალი აქვს?! ერი იღუპება და ჩვენ, ერიც და ბერიც, ამას ვეგუებით და დუმილით ვხვდებით.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ძალიან მკაცრი ბრძანდებით. სწორედ პატარაობიდან უნდა ისწავლონ და რაც შეიძლება მეტი, მათ დრო არ უნდა ჰქონდეთ სხვა რაიმეზე ფიქრისა გარდა დავალების შესრულებისა. მღვდელი და სკოლა არ გამოვა. რელიგიის ისტორიაა სასწავლებელი და არა მოძღვრება და მხოლოდ ქრისტიანობა. ჩემის აზრით ყველაზე ცუდი ვითარებაა ქართული ენის სწავლებაში, აქ ბევრი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნაკლი გვაქვს. ქართული ენა უნდა იყოს და არის კიდეც მშობლიური , მხოლოდ გამართული ქართული. უცხო ენაც უნდა ისწავლონ და სწორედ აი აქ ხდება დაუგებრობა, ვინაიდან ძალიან ბევრ უცხო სიტყვას არ უძებნით შესატყვის ქართულს. ტელევიზიას რაც შეეხება ეს ოჯახის საკითხია და არა სკოლის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here