Home რუბრიკები ისტორია ბერლინის შტურმი და ქართველთა წვლილი გერმანიის დედაქალაქის აღებაში

ბერლინის შტურმი და ქართველთა წვლილი გერმანიის დედაქალაქის აღებაში

1216

შტურმი ბერლინზე _ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ბოლო სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის დასკვნითი ნაწილია სამხედრო მოქმედებების ევროპული თეატრის სცენაზე. ამ ოპერაციის შედეგად წითელმა არმიამ დაიკავა გერმანიის დედაქალაქი ბერლინი და გამარჯვებით დაასრულა მეორე მსოფლიო ომი ევროპაში. სტრატეგიული ოპერაცია მიმდინარეობდა 23 დღის განმავლობაში _ 1945 წლის 16 აპრილიდან 8 მაისამდე, ამ პერიოდში საბჭოთა ჯარებმა დასავლეთისკენ 100-220 კმ-ის მანძილზე წაიწიეს. საომარი მოქმედებების ფრონტი 300 კმ-ს შეადგენდა. თვითონ ბერლინის შტურმი კი 1945 წლის 25 აპრილს დაიწყო და 2 მაისს დასრულდა.

1945 წლის მარტში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მდინარე ოდერისა და ნეისეს ნაპირებს მიაღწიეს. მოკლე გზით ბერლინამდე 60 კმ რჩებოდა. ბრიტანეთისა და აშშ-ის ჯარები კი მდინარე ელბის ნაპირებზე გამაგრდნენ. დიდი დანაკარგების მიუხედავად, გერმანიის შეიარაღებული ძალები მაინც მნიშვნელოვანი ძალა იყო _ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვერმახტს 223 დივიზია და ბრიგადა ჰყავდა.

სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების 1944 წლის შემოდგომის შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა საოკუპაციო ზონის საზღვარს ბერლინიდან 150 კმ-ის დაშორებით (დასავლეთით) უნდა გაევლო. მიუხედავად შეთანხმებისა, დიდი ბრიტანეთის ლიდერს _ უინსტონ ჩერჩილს განზრახული ჰქონდა, დაესწრო საბჭოთა არმიისთვის ბერლინის დაკავება.

ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობა ცდილობდა ომის გაჭიანურებას და სეპარატული ზავის დადებას ბრიტანეთთან და აშშ-თან. ამ მიზნით ფაშისტები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გაგრძელებას.

1945 წლის აპრილში შექმნილი სამხედროპოლიტიკური ვითარება საბჭოთა სარდლობისგან სამხედრო ოპერაციის უმოკლეს ვადაში შემუშავებასა და განხორციელებას მოითხოვდა ბერლინის მიმართულებით გერმანელთა სამხედრო დაჯგუფებების გასანადგურებლად, ბერლინის ხელში ჩასაგდებად, მდინარე ელბაზე გასასვლელად და ანტიჰიტლერული კოალიციის ჯარებთან გასაერთიანებლად. ამ სტრატეგიული ამოცანის შესრულებამ ჩაშალა ჰიტლერელთა მიერ ომის გასაჭიანურებლად შემუშავებული გეგმა. ოპერაციის განხორციელებაში მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შემდეგი ნაწილები: ბელორუსიის პირველი და მეორე, აგრეთვე, უკრაინის პირველი ფრონტები; შორი მოქმედების ავიაციის მე-18 საჰაერო არმია; დნეპრის სამხედრო ფლოტილია და ბალტიის ფლოტის ნაწილი.

ოპერაცია დაიგეგმა საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბში (უფროსი ალექსეი ანტონოვი) მხედართმთავარ იოსებ სტალინის მითითებებით.

ბელორუსიის 1-ელ ფრონტს ხელმძღვანელობდა მარშალი გიორგი ჟუკოვი; ბელორუსიის მეორე ფრონტს _ მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი; უკრაინის 1-ელ ფრონტს _ მარშალი ივანე კონევი; მე-18 საჰაერო არმიას _ ავიაციის მარშალი ალექსანდრე გოლოვანოვი, დნეპრის სამხედრო ფლოტილიას _ კონტრ-ადმირალი ბესარიონ გრიგორიევი; ბალტიის ფლოტს _ ადმირალი ვლადიმერ ტრიბუცი.

სტრატეგიულ ოპერაციაში საბჭოთა კავშირის მხრიდან მონაწილეობდა 1,9 მლნ ადამიანი, 155 900 პოლონელი სამხედრო, 6250 ტანკი, 41 600 საარტილერიო დანადგარი, 7500 თვითმფრინავი.

გერმანელები თავს იცავდნენ შემდეგი შემადგენლობით: არმიების ჯგუფი “ვისლა” (სარდალი _ გენერალ-პოლკოვნიკი გოტჰარდ ჰეინრიცი. 28 აპრილიდან _ გენერალ-პოლკოვნიკი კურტ შტუდენტი); არმიების ჯგუფი “ცენტრი” (სარდალი _ ფელდმარშალი ფერდინანდ შერნერი); მე-4 და მე-6 საჰაერო ფლოტები, საჰაერო ფლოტი “რაიხი”.

სულ გერმანელთა მხრიდან: 1 მლნ კაცი, 10 400 საარტილერიო დანადგარი, 1500 ტანკი და 3300 თვითმფრინავი.

ოპერაციის გეგმა

ოპერაციის გეგმით გათვალისწინებული იყო ბელორუსიისა და უკრაინის პირველი ფრონტების ერთდროული შეტევა 1945 წლის 16 აპრილს. ბელორუსიის მეორე ფრონტი, ძალების გადაჯგუფების შემდეგ, ოპერაციაში უნდა ჩართულიყო 20 აპრილს.

* ბელორუსიის პირველ ფრონტს მთავარი როლი მიენიჭა ბერლინზე შტურმის ოპერაციაში. მარშალმა ჟუკოვმა მთავარი მიმართულებით დარტყმის გარდა, ორი შემოვლითი ოპერაცია დაგეგმა: ბერლინის ჩრდილოეთიდან შემოვლის _ ებერსვალდედან და ზანდაუდან; და მარცხნიდან _ ბონსდორფზე.

* უკრაინის 1-ელ ფრონტის მთავარი დარტყმა მიმართული იყო შპრემბერგზე. ქალაქ დრეზდენზესთვის უნდა შეეტია 52-ე არმიას და პოლონელ სამხედროებს. ბელორუსიის მე-2 ფრონტის სარდალს კი მთავარი დარტყმა ნეისტრელიცის მიმართულებით უნდა განეხორციელებინა.

* სადაზვერვო ავიაციამ 6-ჯერ გადაუღო ბერლინისა და გერმანელთა დაცვით პოზიციებს ფოტოები _ სულ 15 ათასი ფოტო, და შეადგინა დაწვრილებითი სქემები, რომლებიც საბჭოთა არმიამ შტურმისას გამოიყენა.

* საინჟინრო ჯარებმა, რომელთაც ხელმძღვანელობდა გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ანტიპენკო, მდინარე ოდერზე 15 017 მ სიგრძის 25 საავტომობილო ხიდი ააგო; ამას გარდა, მდინარე ნეისესა და ოდერზე გადასასვლელად დაამზადა 2440 ნავი, ტივი და პონტანი.

* ბელორუსიის მე-2 ფრონტის ნაწილების გადაჯგუფებაში პოლონეთის ქალაქებიდან (დანცინგი და გდინია) მდინარე ოდერის ნაპირებთან მონაწილეობდა 1900 ავტომობილი.

ბერლინის ციტადელი

გერმანიის მხედართმთავრობა გულმოდგინედ მოემზადა საბჭოთა არმიის შეტევის მოსაგერიებლად. მდინარე ოდერიდან ბერლინამდე აიგო ეშელონირებული თავდაცვითი ნაგებობები, თვითონ ბერლინი კი გადააქციეს მძლავრ ციტადელად. თავდაცვის წინა ხაზი შეივსო ახალი ძალებითა და ტექნიკით. ბერლინში და მის ახლომდებარე ტერიტორიებზე ტოტალური მობილიზაციის შედეგად შეიქმნა ბატალიონ ფოლკსშტურმის (სახალხო ლაშქარი) 700-მდე ბატალიონი. დაცვაში მონაწილეობდნენ ჰიტლერიუგენდის რაზმებიც. ქალაქში აიგო ბარიკადები, გაჩნდა რამდენიმეზონიანი საცეცხლე წერტილები, რომლებშიც გამოყენებული იყო ტყვიამფრქვევები, საარტილერიო დანადგარები, ნაღმსატყორცნები, ტანკები. მთავარი თავდაცვითი ზოლი, რომელიც 30-40 კმ სიღრმის იყო, ხუთი ტრანშეისგან შედგებოდა და მისი წინა ხაზი მდინარეების _ ოდერისა და ნეისეს ნაპირებზე გადიოდა. 10-15 კმ-ის დაშორებით იყო თავდაცვის მეორე ზოლი, რომელიც საინჟინრო ნაგებობებით იყო გამაგრებული. მესამე ზოლი წინა ხაზისგან 30-40 კმ-ით იყო დაშორებული. ამასთანავე, გერმანელები ბუნებრივ წინაღობებსაც იყენებდნენ _ ტყეებს, ტბებს, არხებს. ბერლინის გარშემო არსებული ყველა დასახლებული პუნქტი მძლავრ საცეცხლე პუნქტად იქცა. ყველაზე მეტი გერმანელი ჯარისკაცი განლაგებული იყო ბელორუსიის პირველი ფრონტის პირისპირ _ 175 კმ-იან ზოლზე, ბელორუსიის მეორე ფრონტის შეტევის მოსაგერიებლად 120 კმ სიგანის ზოლზე გერმანელთა 7 დივიზია და 13 პოლკი განლაგდა, უკრაინის პირველი ფრონტის წინააღმდეგ კი 390 კმ სიგანის ზოლზე _ გერმანელთა 25 დივიზია.

საომარი მოქმედებები

16 აპრილს, 5 საათზე, გათენებამდე 2 საათით ადრე, ბელორუსიის პირველი ფრონტის საარტილერიო დანადგარებიდან 25 წუთის განმავლობაში იბომბებოდა გერმანელთა მოწინავე პოზიციები, შემდეგ საბჭოთა არმიამ ცეცხლი გადაიტანა გერმანელთა თავდაცვის სიღრმეში, შეტევის შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა 147 საზენიტო პროჟექტორის დამაბრმავებელ შუქზე, გერმანელთა თავდაცვის ხაზი 27 კმ-ზე გაირღვა.

ალყის შემორტყმის რეალური საფრთხის გამო გერმანელთა არმიამ უკან დაიხია _ ბერლინის მისადგომებთან.

შტურმი

1945 წლის 25 აპრილს, 12 საათზე, უკრაინის პირველი ფრონტის მე-6 გვარდიული მექანიკური კორპუსის მე-4 სატანკო არმიამ მდინარე ჰაფელი გადალახა და ბელორუსიის პირველი ფრონტის 47- არმიის ნაწილებს შეუერთდა, ამით ბერლინი საბჭოთა ჯარების ალყაში მოექცა.

25 აპრილს ბერლინის გარნიზონი მხოლოდ 325 კვ.კმ-ს იცავდა. ფრონტის ხაზის სიგრძე 100 კმ-ს შეადგენდა.

ბერლინში გერმანელთა სამხედრო დაჯგუფება დაახლოებით 200 ათას ჯარისკაცს შეადგენდა, მათ შორის იყვნენ ფოლკსშტურმისა და ჰიტლერიუგენდის (ფაშისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია) წარმომადგენლები. ისინი თავს იცავდნენ 3000 საარტილერიო დანადგარითა და 250 ტანკით. ქალაქის დაცვა გულმოდგინედ იყო მოფიქრებული და კარგად ორგანიზებული, მის საფუძველში იდო ძლიერი ცეცხლი საყრდენი პუნქტებიდან და წინააღმდეგობის კვანძებიდან. ქალაქის ცენტრში კი თავდაცვა უფრო მჭიდრო და მტკიცე იყო, რომელსაც ხელს უწყობდა სქელკედლიანი მასიური ნაგებობები. თითქმის ყველა სახლის ფანჯარა და კარი საცეცხლე ამბრაზურად იყო ქცეული.

ქუჩები გადაკეტილი იყო 4 მ სისქის ბარიკადებით. გერმანელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწისქვეშა ნაგებობებსაც, რომლებსაც მანევრირებისთვის იყენებდნენ, აგრეთვე, _ თავის შესაფარებლად საავიაციო და საარტილერიო დაბომბვებსაც.

26 აპრილს ბერლინის შტურმში მონაწილეობდა ბელორუსიის პირველი ფრონტის 6 (47-, მე-3, მე-5, მე-8 გვარდიელი, პირველი და მეორე სატანკო არმიები) და უკრაინის პირველი ფრონტის 3 არმია (28-, მე-3 და მე-4 სატანკო).

27 აპრილს ამ ორი ფრონტის არმიები ღრმად შეიჭრნენ ბერლინში. ბრძოლები დღე და ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაარღვიეს ფაშისტების თავდაცვა და 28 აპრილს რაიხსტაგს (გერმანიის პარლამენტი) მიუახლოვდნენ.

29 აპრილის ღამეს მოწინავე ბატალიონებმა კაპიტან სტეპან ნეუსტროევისა და უფროსი ლეიტენანტის _ კონსტანტინე სამსონოვის მეთაურობით ხელში ჩაიგდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოლტკეს ხიდი; 30 აპრილს _ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა, რომელიც რაიხსტაგის გვერდით მდებარეობდა.

30 აპრილს, 21 საათსა და 30 წუთზე, 150- მსროლელი დივიზიის ნაწილებმა გენერალმაიორ ვასილ შატილოვის მეთაურობით და 171- მსროლელი დივიზიის მეომრებმა პოლკოვნიკ ალექსეი ნეგოდას მეთაურობით შტურმით აიღეს რაიხსტაგის ძირითადი ნაწილი. გადარჩენილი ჰიტლერელები შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა არმიელებს, რომლებსაც ხელჩართული ბრძოლა უწევდათ თითოეული შენობის დასაკავებლად.

გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე

1945 წლის 1 მაისს, 3 საათზე, კუტუზოვის II ხარისხის ორდენოსანი 151- მოიერიშე მსროლელი დივიზიის მებრძოლებმა _ მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ _ რაიხსტაგის გუმბათზე გამარჯვების დროშა ააფრიალეს.

151-ე მსროლელი დივიზიის დროშა, რომელიც შემდეგ გამარჯვების დროშად იქცა, მეოთხე იყო იმ დროშებს შორის, რომლებიც რაიხსტაგის სხვადასხვა ადგილას აფრიალდა. სამი დროშა გერმანელების საარტილერიო ცეცხლის შედეგად ჩამოაგდეს, მეოთხე _ ეგოროვმა და ქანთარიამ, თავდაპირველად, რაიხსტაგის მთავარი შესასვლელის ფრონტონზე აიტანეს და გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I ცხენიან სკულპტურაზე მიამაგრეს, 2 მაისს კი, დღის მეორე ნახევარში, დროშა რაიხსტაგის გუმბათზე გადაიტანეს.

ამჟამად გამარჯვების დროშა მოსკოვში სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მუზეუმში ინახება.

1 მაისის ღამეს მე-8 არმიის შტაბში მივიდა გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი კრებსი, რომელმაც საბჭოთა არმიის სარდალს, გენერალ ვასილ ჩუიკოვს ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ აცნობა და გერმანიის ახალი მთავრობის სახელით ზავის დადება შესთავაზა. ეს ამბავი გადასცეს მარშალ გიორგი ჟუკოვს, რომელმაც მყისვე სტალინს დაურეკა. სტალინმა გერმანელებისგან უპირობო კაპიტულაცია მოითხოვა, მაგრამ გერმანელებმა უარყვეს ეს მოთხოვნა, რის შემდეგაც საბჭოთა ჯარებმა განაახლეს შტურმი.

2 მაისს, ღამით, ბელორუსიის პირველი ფრონტის რადიოსადგურებმა მიიღეს ცნობა რუსულ ენაზე: “გთხოვთ, შეწყვიტოთ ცეცხლი. ვგზავნით წარმომადგნლებს პოტსდამის ხიდზე”. დანიშნულ ადგილას მისულმა გერმანელმა ოფიცრებმა ბერლინის დაცვის სარდლის, გენერალ ვეიდლინგის სახელით, წინააღმდეგობის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნა გამოთქვეს. 2 მაისს, 6 საათზე, გენერალი ვეიდლინგი სამ სხვა გერმანელ გენერალთან ერთად საბჭოელ მეომრებს ტყვედ ჩაბარდა. ერთი საათის შემდეგ კი კაპიტულაციის შესახებ ბრძანება დაიწერა, რომელიც გაამრავლეს და ბერლინის ცენტრის დამცველებს თვითმფრინავებიდან გადაუყარეს. დღის ბოლოს მე-8 არმიამ თითქმის მთლიანად გაწმინდა ბელინის ცენტრალური ნაწილი.

ბერლინის დაცემამ ფაშისტების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა უპირობო კაპიტულაციის გამოცხადებამდე ლოკალური შეტაკებები მაინც ხდებოდა.

1945 წლის 7 მაისს რეიმსში (საფრანგეთი) 2 საათსა და 41 წუთზე გენერალმა იოდლმა გენერალ ივანე სუსლოპაროვის (საბჭოთა სარდლობის წარმომადგენელი), გენერალ ბრედელ სმიტისა (მოკავშირეთა ძალების წარმომადგენელი) და გენერალ ფრანსუა სევეზის (საფრანგეთის არმია) თანდასწრებით ხელი მოაწერა გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტს.

8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით, 22 საათსა და 43 წუთზე (მოსკოვის დროით 0 საათი და 43 წუთი) გენერალფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა, გენერალპოლკოვნიკმა შტუმპფმა და ადმირალმა ჰანს ფონ ფრიდებერგმა ხელი მოაწერეს გერმანიის უპირობო კაპიტულაციის კიდევ ერთ აქტს, რომელიც ძალაში შევიდა 9 მაისის 1 საათიდან (მოსკოვის დროით).

ქართველების წვლილი ბერლინის შტურმში

ბერლინისთვის სსრკ-ის სხვა ხალხებთან ერთად გმირულად იბრძოდნენ ქართველებიც. განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა ტანკისტმა ამირან დანელიამ, მას ფაშისტებმა ტანკი აუფეთქეს, 4 მებრძოლი მოუკლეს, მაგრამ დაჭრილმა ტყვიამფრქვევით 70-მდე მოწინააღმდეგე გაანადგურა. გმირულად იბრძოდა უფროსი სერჟანტი ვალერიან ოსეფაშვილი, რომელმაც პეტრე ბელიკოვთან ერთად აღმართა საბჭოთა დროშა ბრანდერბურგის კარიბჭეზე.

ბერლინის სხვადასხვა რაიონში იბრძოდნენ ძმები უჩუმბეგაშვილები _ ტანკისტი მიხეილი და მეზენიტე ვასილი.

ბერლინისთვის ბრძოლაში თავიანთი სახელები უკვდავყვეს გენერალ-ლეიტენანტებმა ვლადიმერ ჯანჯღავამ, ვასილ მჟავანაძემ, ვლადიმერ ნანეიშვილმა; გენერალ-მაიორებმა: კირილე ჯახუამ, ნიკოლოზ კალაძემ, ერმოლოზ კობერიძემ, ილია რაზმაძემ; პოლკოვნიკებმა: გარი მერკვილაძემ და იოსებ ბაჩაკაშვილმა; მაიორებმა: ალექსანდრე ბუკიამ; კირილე უკლებამ და ოთარ ჩეჩელაშვილმა. ბერლინისთვის ბრძოლებში დაეცნენ მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი კონსტანტინე ცუცქირიძე და კაპიტანი ივანე დემეტრაშვილი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. ბერლინისთვის ბრძოლაში, ბელორუსიის ფრონტში, იბრძოდა თავადი ივანე ანტონის ძე ფალავანდიშვილი, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია სპეციალური ორდენებით "ბერლინის ბრძოლის
    თვის".

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here