Home რუბრიკები პოლიტიკა ლია მუხაშავრია: არ დაისჯება არავინ არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ

ლია მუხაშავრია: არ დაისჯება არავინ არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ

576

უკვე რამდენიმე დღეა, ქართული მედიის ყველა პოლიტიკური თოქშოუ ზურაბ ადეიშვილისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის მიზეზის გარკვევას ცდილობს. საქართველოში ინტერპოლიდან მოვიდა წერილი. მასში ნათქვამია, რომ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით აღარ იძებნება. მიზეზად დასახელდა, რომ რომელიღაც ქვეყანამ ის ლტოლვილად აღიარა.

სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი საზოგადოება ამ ინფორმაციამ ძალიან გააღიზიანა, პასუხად კი იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: “ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რომელმა ქვეყანამ შეიფარა ადეიშვილი”. ის და მისი კოლეგები ამ დრომდეიხვეწებიან”, რომ ვიღაცამ გააგებინოს, ვის კისერზეა ქართველი ხალხის ცოდვა და ვინ გადაგვიწურა დამნაშავე ადეიშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში ექსტრადიციის იმედი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის _ ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 3 საქმეა აღძრული: ციხეში პატიმრის წამების, “ქართუ ბანკისგაკოტრებისა და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანიაიმედშიუკანონო შეჭრის საქმეები. ბოლო საქმეში ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს დაზარალებული ადამიანი, ბიზნესმენი იქნება ეს, მეცნიერიმუშაკი, უბრალო მოქალქე თუ კრიმინალი, რომელთა საქმეშიც, თავად ამ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ადეიშვილი არ ფიგურირებდეს, პროკურატურის გადაწყვეტილებით, აღმოჩნდა, რომ ადეიშვილი სამ საქმეზეა ბრალდებული, ისიც ირიბად დამოსყიდულიმოწმეებით.

როგორც ადეიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, ერთ საქმეში ირიბი მოწმე იყო, მეორე მოწმემ კი საჩივარი უკან გაიტანა; რაც შეეხებაქართუ ბანკისსაქმეს, გაგახსენებთ მისი მეპატრონის, ყოფილი პრემიერის _ ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის წლის 2 ოქტომბრის განცხადებას: “ზურაბ ადეიშვილი ჩემს მთავრობაში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა. წინა ხელისუფლებაში, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი იყო ზურაბ ადეიშვილი. მე რომ ვყოფილიყავი მის დროს მთავრობის ხელმძღვანელი, დარწმუნებული ვარ, ადეიშვილი ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა დღეს სახელმწიფოში”.

როგორც ჩანს, ქვეყნის პირველმა მოქალაქემაც გადაწყვიტა, ზურაბ ადეიშვილისთვის, “კარგი ჩინოვნიკის, საინტერესო და ნიჭიერი ადამიანისთვისყველაფერი ეპატიებინა.

არის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი თუ მის მიმართ ზიზღი იმიტომ აქვს ხალხს, რომ ისნაციონალური მოძრაობისდროინდელი მაღალჩინოსანია? ამ და სხვა თემაზე სასაუბროდ უფლებათა დამცველ ლია მუხაშავრიას დავუკავშირდით.

_ ქალბატონო ლია, აღმოჩნდა, რომ ადეიშვილი სამი საქმისთვის იძებნება, რომელთაგან ორი არ დაუმტკიცდა, თუმცა იმავე ბრალდებით 4 მაღალჩინოსანი უკვე საპყრობილეშია. იყო თუ არა დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი? იქნებ მოუგონეს დანაშაული და სინამდვილეში კარგი ადამიანია?

_ სწორედ მანდ არის “ძაღლის თავიცა და კატის კუდიც” ჩამარხული. ადეიშვილის მიმართ პროკურატურას ძალიან უსუსური ბრალდებები ჰქონდა, ყველა ბრალდება ნაკლებად მძიმე დანაშაულის სახეს ატარებდა. სწორედ ამიტომაც ინტერპოლს ჰქონდა მიზეზიც და უფლებაც, დაინტერესებულიყო მისი ძებნის საკითხით. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ადეიშვილს მძიმე ბრალდებები ჰქონდა, ძებნას გააგრძელებდნენ.

ადეიშვილის ძებნიდან მოხსნის საკითხი რამდენიმე დღის წინათ გახდა ცნობილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, თორემ პირადად მე, დიდი ხანია, ვეჭვობდი, რომ საქმე სწორედ ამ მიმართულებით წავიდოდა. დღეს ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ მის წინააღმდეგ რაიმეს მტკიცება არ შემიძლია. ყველამ ვიცით, რომ ადეიშვილი იყო ქვეყანაში მიმდინარე ყველა ცუდი პროცესის დამკვეთი, იდეური მამა, მაგრამ კარგი იურისტი იყო და იცოდა, როგორ გაეკეთებინა საქმე ისე, რომ მის წინააღმდეგ არაფერი ამოქექილიყო, თანაც გაითვალისწინეთ, ჩვენი უსუსური პროკურატურის მუშაობაც.

_ იშვიათია დაზარალებული ადამიანი, რომელიც ადეიშვილს არ ახსენებს, მაგრამ ის დღეს დაუსჯელიაიქნებ ვიღაც ხელს აფარებს? მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა მასზე თქვა, რომ კარგიჩინოვნიკიდა ნიჭიერი ადამიანია

_ დიახ, ადეიშვილს ხელს ბევრი აფარებს. ის გახლდათ იუსტიციის მინისტრი, მისი დანიშნული იყო ყველა პროკურორი, ისინი არსად წასულან. თითოეული მათგანი პერსონალურად, თანამდებობრივად დავალებულია ადეიშვილისგან, ისინი მას პატივს სცემდნენ, ალბათ, დღესაც ასეა…

როდესაც ადვოკატებმა დავიწყეთ საუბარი პროცესუალურ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაღალი თანამდებობის პირების (ახალაიას, მერაბიშვილის და ა.შ.) საქმეებში, ყურადღება არავინ მოგვაქცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში დამნაშავეების დიდი უმრავლესობა დაუსჯელია, დარღვევები, რომლებიც პროკურატურამ დაუშვა, გათვლილი იყო, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილიყო, რომ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდიმარეობს. მათ ეს დაიჯერეს და ამას ვეღარაფერი შეცვლის.

_ მოსახლეობის დიდი ნაწილი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. ასეთი მნიშვნელოვანია, რას ჩაწერენ ევროსაბჭოს რეზოლუციაში?

_ დიახ, მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც პოლიტიკური დევნა აღინიშნება, დაკავებულების ექსტრადირება არ ხდება. ქვეყანას, არც ერთ დამნაშავეს არ გადმოსცემენ. ადეიშვილის მაგალითი ამის ნათელი დასტურია. იგივე მოხდა დათა ახალიას, დავით კეზერაშვილისა და სხვა უამრავი დამნაშავის შემთხვევაშიც.

_ როგორ ფიქრობთ, რეალურად რაც ხდება, დევნაა? ნებისმიერი ქართველი იტყვის, რომ დევნა კი არა, სამართლიანობის აღდგენაა

_ ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში დევნა არ არის. შესაძლებელია, ადამიანი წინასწარ პატიმრობაში გყავდეს ათი წელი, ვერც ერთი ბრალდება ვერ დაუდასტურო, შემდეგ ყველაში გამართლდეს, მაგრამ ეს ათი წელი ციხეში რომ ზის, დადგენილებით უკანონო პატიმრად ითვლება. სწორედ ასეთი ამბავია უგულავას, მერაბიშვილისა და ახალაიას თავს. 9-თვიანი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ახალ ბრალს უყენებენ და ისევ 9 თვეს უმატებენ, ბრალს კი ვერ უმტკიცებენ.

ასეთ გახმაურებულ საქმეებზე რომ ასეთი დარღვევაა, პროკურორებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კარგად იციან. იციან ისიც, რომ ქვეყანაში უმაღლესი რანგის იურისტები ჩამოდიან ამ პროცესების მონიტორინგისთვის და ანგარიშებს წერენ, რომლებიც ქვეყნისთვის სავალალო შედეგის მომტანია.

უგულავამ იცის და ამტკიცებს კიდეც, რომ 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება, ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იყოს. ეს წერია კანონში. ამ პროცესს პროკურატურა შეგნებულად არღვევს, რადგან ხელს უწყობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავამ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ამის შემედეგ კი მისი გამამართლებელი განაჩენი გავრცელდება ყველა იმ მაღალჩინოსან პატიმარზე, რომლებიც დღეს ციხეში სხედან.

_ გამოდის, მერაბიშვილი, უგულავა და ახალია არ დაისჯებიან?

_ არა, რა თქმა უნდა, არ დაისჯებიან. არ დაისჯება არავინ არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. ამისთვის ყველამ თავის საქმე აკეთა _ ახალმა ხელისუფლებამაც და ძველმაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, დაუსჯელი დარჩენილიყო პროცესუალური დარღვევები, რომლებიც ამ პროკურატურამ მაღალჩინოსნების დაკავებისას ჩაიდინა. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება რომ მოეხდინა, საერთაშორისო ორგანიზაციებს პასუხს გასცემდა, იტყოდა, რომ დარღვევებისთვის ყველამ პასუხი აგო, მაგრამ ეს არ გააკეთეს.

მაგალითისთვის გეტყვით: ბაჩო ახალაია საღამოს 9 საათზე მივიდა პროკურატურაში და შეუშვეს. რა საჭირო იყო მისი შეშვება არასამუშაო დროს, თანაც გაითვალისწინეთ, ის ძალით არ მიუყვანით, თავისი ფეხით მივიდა. არჩილ კბილაშვილს მისთვის უნდა ეთქვა: “მობრძანდი ხვალ, დილის საათებში” და ბრალი წაეყენებინათ არა ღამის 3 საათზე, არამედ დღის 3 საათზე. ეს ფაქტი უკვე იყო დარღვევა, რომელსაც შედგომში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი პატარპატარადარღვევები აიკინძა და დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნიან ხალხს.

_ საქმე თუ ასე ცუდად მიდის, აღდგება სამართლიანობა?

_ სამართლიანობა არ აღდგება. ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მესამე წელს პროკურატურა სამართლიანობის აღსადგენად დეპარტამენტს ქმნის, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ისინი ჯადოქრები არ არიან, ვერ გამოიძიებენ საქმეებს და არც სურთ ამის გაკეთება, უბრალოდ, ხალხის თვალის ასახვევად გაკეთდა.

_ ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარით ძებნიდან მოხსნის შედეგ ხალხი ამბობს, რომ წინა და ახალი ხელისუფლება გარიგებულები არიან.

_ დიახ, გარიგებულები არიან. ზემოთ რაც მოგიყევით, როგორ ფიქრობთ, ეს ნათელი მაგალითი არ არის იმისა, რომ გარიგებულები არიან? კბილაშვილს, რომელსაც გამოცდილება არ ჰქონდა, მთავარ პროკურორად რომ დანიშნავ და მოადგილედ ნაცვლიშვილს მიუსვამ, იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე ბრიყვი ხელისუფლება გვყავდა ან უარესი _ თავიდანვე ყველაფერი დაგეგმილი იყო და ქონების გადანაწილების პროცესში არჩევნებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here