Home რუბრიკები საზოგადოება თბილისში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავი აღნიშნეს

თბილისში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავი აღნიშნეს

849

11 მარტს სასტუმრო “ვერე-პალასში” დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობისა” და “ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის” (მოსკოვი) თაოსნობით ჩატარდა. 

ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ისტორია, გაიხსენეს ომში მონაწილე ჯარისკაცების გმირობა და თავდადება და ისაუბრეს სტალინის დამსახურებაზე. მრგვალი მაგიდა ჩატარდა გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმის _ “ერთიანობით მიღწეული დიადი გამარჯვება”_ ფარგლებში და მას, ქართველ პოლიტოლოგებსა და ისტორიკოსებთან ერთად, ესწრებოდნენ რუსეთიდან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები: მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომლები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ომის ვეტერანებიც, ადამიანები, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოსცადეს მეორე მსოფლიო ომის საშინელება. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, აუცილებელია, დაღუპული გმირების თავდადება ყოველთვის გვახსოვდეს, ვინაიდან დღეს ზოგიერთი ცდილობს, გააყალბოს ისტორია და ჩრდილი მიაყენოს ფაშიზმზე მიღწეულ უდიდეს გამარჯვებას. არადა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოებიდან საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო _ ამ ომმა 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკიდრეობის” ხელმძღვანელი:

_ დღევანდელი ღონისძიება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს ეძღვნება. გამარჯვება, რომელიც სისხლითა და არაადამიანური ძალისხმევის ფასად მოვიპოვეთ, დღეს ბევრს უნდა შევახსენოთ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ზოგიერთი ამ დიდ გამარჯვებას, კერძოდ კი, დიდ სამამულო ომში გამარჯვებულთა როლს, ეჭქვეშ აყენებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი თავისი კონიუნქტურულ ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიზანმიმართულად ცდილობს ისტორიის გაყალბებას.

ამის მიუხედავად, დიდი სამამულო ომის ხსოვნა დავიწყებით არ იბინდება და მისი მონაწილეები, ადამიანები, რომლებიც ამ გამარჯვებას სჭედდნენ, დღეს აქ გვესწრებიან. მინდა, ჩემი პატივისცემა გამოვხატო და მათ მადლობა გადავუხადო, ქედი მოვიხარო მათი გმირობისა და მამაცობის წინაშე.

ოქსანა სოლოპოვა, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სწავლული მდივანი, დოცენტი:

_ მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ქართველ კოლეგებს, პირველ რიგში კი _ ომის ვეტერანებს, ადამიანებს, რომლებმაც სრულიად ახალგაზრდებმა, ბედნიერებისთვის დაბადებულებმა, იარაღი აიღეს და ომში წავიდნენ. მათ თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს გამო საფრთხეში ჩააგდეს. მე ახლა მინდა, ვისაუბრო, არა როგორც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, არამედ, როგორც დედამ. მე ბიჭი მეზრდება, ის 15 წლისაა, კიდევ ცოტაც და იმ ასაკში იქნება, როდესაც თქვენ დიდ სამამულო ომში წახვედით და მე კარგად მესმის, რას განიცდიდნენ იმხანად თქვენი მშობლები.

 ამიტომ, ჩემი, ჩემი მშობლების, ჩემი შვილის სიცოცხლის გამო, მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენდამი. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჩვენი გამარჯვებისთვის ბრძოლას განვაგრძობთ. ეს იყო დიდი გამარჯვება, რომლის ინტერპრეტაციაც სამშობლოსა და საკუთარი ხალხისადმი უპატივცემულობის გამოხატულების დამადასტურებელია.

რეზო ნაცარაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ომისა და შრომის ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე:

_ ჩვენი ორგანიზაცია 1986 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თავდაპირველად ხელისუფლება თითქოს თანამშრომლობდა ჩვენთან, მაგრამ ბოლო პერიოდში საერთოდ არ გვაქცევდა ყურადღებას და ორგანიზაცია გაუქმების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ და ვეტერანების საკითხებზე მუშაობას დღემდე განვაგრძობთ.

დიდი სამამულო ომი მე-20 საუკუნის მთავარი მოვლენა იყო არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, თუმცა, ასე თუ ისე, ამ ომში გამარჯვება საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს ძლიერებასთან ასოცირდებოდა. სამამულო ომის განსაკუთრებული სიმბოლო არის “გეორგიევსკის ლენტი”, როგორც ნიშანი სამამულო ომში თავდადებულთა ხსოვნისა, პატივისცემისა და სოლიდარობისა. ადამიანები ამ ლენტს იმაგრებდნენ სამამულო ომის ხსოვნის პატივსაცემად, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა. მაგალითად, ახლა “გეორგიევსკის ლენტს” ოფიციალურად მხოლოდ რუსეთში უჭერენ მხარს. უკრაინაშიც ასე იყო 2014 წლის ცნობილ მოვლენებამდე, ახლა კი უკრაინელებისთვის გამარჯვების სიმბოლოდ წითელი ყაყაჩო იქცა, დასავლეთის სახელმწიფოების გამარჯვების სიმბოლო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.

მაია ბობენკო, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასისტენტი:

_ მინდა, გიამბოთ საბჭოთა სივრცეში არსებულ იმ ახალ სიმბოლოებზე, რომლებიც მოგვითხრობენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებასა და მიღწევებზე. წითელი დროშა, გამარჯვების აღლუმი, “გეორგიევსკის ლენტი”, წითელი მიხაკები, გამარჯვების სალუტი და ა. შ. _ ეს სიმბოლოები დაკავშირებულია დიდ სამამულო ომში გამარჯვებასთან. ჩვენში ადრეული ბავშვობიდან არის გამჯდარი ამ სიმბოლოებისადმი ხსოვნა და დღესაც ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის განუყოფელ ნაწილად სწორედ ეს სიმბოლოები უნდა იყოს. ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ახალგაზრდობამდე მივიტანოთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების მნიშვნელობა. რაც მეტი დრო გადის, მით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ამ დიდი გამარჯვების ხსოვნა, რომელიც აყალიბებს პატივისცემას საკუთარი გმირების, საკუთარი ისტორიისა და სამშობლოსადმი და დღეს ამ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა დიდი სამამულო ომში გამარჯვების ხსოვნას.

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია “სტალინის” თავმჯდომარე:

_ ბოლო ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო, მათ შორის, 40 ქვეყანა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ომის პერიოდში სამხედრო ფარაჯა ჩაიცვა ას ათმა მილიონმა ჯარისკაცმა, მათგან 12 მილიონი საბჭოთა კავშირიდან იყო. ჯერ მსოფლიოში არც ერთ მხედართმთავარს არ გამოუყვანია ამდენი ჯარისკაცი საომრად.

დღეს ბევრს საუბრობენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებაზე, თუმცა იშვიათად იხსენებენ ამ გამარჯვების სულისჩამდგმელს _ იოსებ სტალინს.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ათასი ჯურის ნაძირალას იცავენ და მე არავინ მიცავს. ჩემს ინტერესებს, ადამიანისა, რომელსაც უნდა, თავის ფესვებს დაუბრუნდეს, ჩემი ქვეყანა არ იცავს. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ახლა ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, რომლის ფურცლებზე ყველას, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს, ადგილს უთმობენ. მე მაქვს მასალები, რომლებიც გმირ ქართველებს ეხება და სწორედ ამ გაზეთის საშუალებით მალე ყველა გმირის ბიოგრაფიას გამოვაქვეყნებ, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი საქმე იქნება.

რა თქმა უნდა, დიდი სამამულო ომის ყველა ასპექტის დანახვა ძალიან რთულია, ვინაიდან მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ იმუშავა, რუსებისთვის ეს დიდი გამარჯვება რომ წაერთმიათ და ღრმად დაემარხათ მისი მთავარსარდალი, მაგრამ სამამულო ომი მაინც ისე წარმოჩინდება, როგორც საჭიროა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს, განსაკუთრებით _ ბატონ ტარიელ გაგნიძეს.

ვლადიმერ სიმინდეი, აქტუალური ისტორიული კვლევების მხარდამჭერი ფონდის _ “ისტორიული მეხსიერების” _ საკვლევი პროგრამების ხელმძღვანელი:

_ პოსტსაბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში, როგორც აქ უკვე ითქვა, სახელმწიფო დონეზე ეთმობა ყურადღება სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ იუბილეებსა და ვეტერანებს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ნაცისტების მხარდაჭერა ღიად მიმდინარეობს. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლ ვეტერანებს არათუ უთანაბრებენ ფაშისტების მხარეს მებრძოლებს, არამედ ამბობენ, რომ, ვინც ჰიტლერს უჭერდა მხარს, ის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა. არადა, ჰიტლერი და ფაშისტები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ არც ერთი ერის ნაციონალურ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. ამიტომ ვფიქრობ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიკოსებმა ყურადღება მიაქციონ სარწმუნო ისტორიულ ფაქტებს, რათა საზოგადოებამდე, ახალგაზრდობამდე მიიტანონ სიმართლე, რომელსაც დღეს ზოგიერთი მიზანმიმართულად ამახინჯებს. საზოგადოებამდე სიმართლის მიტანის საქმეში ისტორიკოსებსა და ჟურნალისტებს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ომის გაკვეთილები და ომის ხსოვნა რომ არ დაიკარგოს.

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ რატომ სურს ზოგიერთს სტალინიზმი ჰიტლერიზმთან გააიგივოს? ეს ტყუილუბრალოდ არ ხდება და ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სწორედ სტალინი იყო მთავარი პირი, რომლის წარმატებული მოღვაწეობის წყალობითაც გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველო მონაწილეობდა. ამ სახელმწიფოებს და მათ ლიდერებს შორსმიმავალი გეგმები აქვთ და სტალინის ფიგურის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის გასაგებია, ვინაიდან სტალინმა გლობალისტებს გეგმები ჩაუშალა. ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან უარყოფითად არის განწყობილი, როგორც საბჭოთა კავშირისადმი, ასევე სტალინის ფიგურისადმი. დღეს საქართველოში პროდასავლური ელიტაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ისტორიას ისეთ შეფასებას აძლევს, რომელიც მომგებიანია მისთვის და დასავლეთისთვის. ჩვენი ახალგაზრდობა იზრდება დასავლური ფასეულობებით, რომლებიც ჩვენი ფასეულობებისა და რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

_ საქართველოში არის აგრესიული უმცირესობა, რომელიც ძალიან აქტიურია და ფინანსდება დასავლური ორგანიზაციების მიერ. რამდენიმე ხნის წინათ ისინი აჩერებდნენ მანქანებს, რომლებსაც “გეორგიევსკის ლენტი” ეკეთათ და აძრობდნენ მათ, პოლიციამ კი არ იცოდა, რა რეაგირება მოეხდინა, ვინაიდან, “ნაციონალებმა” და მათთან დაკავშირებულმა ორგანზაციებმა, აგრეთვე, მასმედიამ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს “გეორგიევსკის ლენტი” ოკუპაციის სიმბოლოა. ჩვენთან კი მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას და ის ფაშისტურ სიმბოლიკასთან არის გაიგივებული. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია და ვერ დავმალავ.

 ჩვენს ორგანიზაციას დიდი შესაძლებლობები არ აქვს, ამიტომ მადლობელი ვარ ტარიელ გაგნიძის, მისი ორგანზიაცია “ისტორიული მემკვიდერობის”, რომელიც რეგულარულად გამოსცემს ჟურნალს, სადაც სიმართლე იბეჭდება ისტორიული მოვლენების შესახებ.

 რაც შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებს, ხელთ მაქვს მე-12 კლასის სახელმძღვანელო, რომელშიც იმ ქართველების შესახებ, რომლებიც წითელ არმიაში ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, ერთ გვერდზეა მოთხრობილი, ხოლო იმ ქართველებს, რომლებიც გერმანელების მხარეს იბრძოდნენ, 3 გვერდი აქვთ დათმობილი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ არა შემთხვევითი.

არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სამამულო ომში მიღწეულ ამ დიდ გამარჯვებას არაფრად მიჩნევენ, იმ ომში ხომ ყველა მათგანის წინაპარი იბრძოდა?!

ანზორ დანელია, სამამულო ომის ვეტერანი:

_ მიმაჩნია, რომ რუსეთს სამი დიდი ხელმძღვანელი ჰყავდა: პეტრე პირველი, იოსებ სტალინი და ახლა _ ვლადიმერ პუტინი. ეს ჭეშმარიტებაა. დღეს არ სურთ დიდ სამამულო ომში სტალინის როლისა და დამსახურების აღიარება, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ჩვენ, ვეტერანები, მივდივართ და, სამწუხაროდ, ახალგაზრდებს არ ესმით და არ იციან სიმართლე, მათ რუსული ენაც კი არ იციან, რუსული სიმღერებიც კი აკრძალა სააკაშვილმა, ეს ჩემთვის გაუგებარია.

შოთა ბუაძე, სამამულო ომის ვეტერანი:

_ მინდა, მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც დღეს ამ შეკრებაში მონაწილეობს, განსაკუთრებით _ “ისტორიულ მემკვიდრეობას”, რომელიც ვეტერანებს არ ივიწყებს. არადა, დრო გადის და ვეტერანები ცოტანი რჩებიან. შეიძლება ითქვას, რელიქვიასავით შემოვრჩით. საქართველოში სულ 1500 ვეტერანიღა დარჩა ცოცხალი, მათგან 500 თბილისში ცხოვრობს.

ეს ჭორები სტალინისა და დიდი სამამულო ომის შესახებ ვრცელდება ახლა, როდესაც ჩვენ, ამ ომის უშუალო მონაწილეები, ჯერ კიდევ ცოცხალი ვართ და ვიცით, რაც ხდებოდა სინამდვილეში და ჩვენ შემდეგ რა იქნება?!

როდესაც დიდ სამამულო ომზე ვლაპარაკობ, შეუძლებელია, გვერდი ავუარო სტალინის პიროვნებას. სტალინი ეპოქალური მოვლენა იყო, დადგება დრო და სტალინის პიროვნებით საქართველო აუცილებლად იამაყებს. რამდენიმე წლის წინათ ტუაფსეში ვიმყოფებოდი ფორუმზე, სადაც 39 მოხსენება მოვისმინე, ისაუბრეს დიდი სამამულო ომის მნიშვნელობაზე, სხვა სახელმწიფოების როლზე ფაშისტური გერმანიის დამარცხების საქმეში და არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ დიდი სტალინის შესახებ. მხოლოდ ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა და იკითხა, ნუთუ ამ ომს მხედართმთავარი არ ჰყოლიაო?! მხოლოდ მაშინ მოეგნენ გონს და მთელი დარბაზი გაიტრუნა. არ შეიძლება, დიდ სამამულო ომზე სიტყვა დავძრათ და სტალინი არ გავიხსენოთ. ვინაიდან სტალინი იყო ამ გამარჯვების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი. “ისტორიული მემკვიდრეობის” ამოცანაა, დავამკვიდროთ სიმართლე სტალინის შესახებ. როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტალინსა და ჰიტლერს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს დანაშაულია. ისტორიის დამახინჯება არ შეიძლება, რადგან ისტორია რეალობას უნდა ასახავდეს.

სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის წევრებმა არ იციან და ვერც წარმოუდგენიათ ის უბედურება, რომელიც იმ ომში ხდებოდა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არიან ასე უყურადღებოდ ვეტერანები მიტოვებულნი, როგორც საქართველოში. დიდი სამამულო ომის მონაწილეებს პენსიაც კი გაუუქმეს. აი, სადამდე მივიდა ჩვენი მთავრობის უყურადღებობა.

ტარას იჩქიტიძე, სამამულო ომის ვეტერანი:

_ როდესაც ომი დაიწყო, მეორე დღესვე გამოვიდა სტალინი და განაცხადა, ჩვენი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა და ყველა უნდა დავირაზმოთ სამშობლოს დასაცავადო. იმხნად ჩვენი სამშობლო საბჭოთა კავშირი იყო და დავიწყეთ ბრძოლა ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად, ამიტომ არ შეიძლება სამამულო ომში გამარჯვების ხსოვნა დავიწყებას მიეცეს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

P.S. უახლოეს მომავალში, “დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი” ღონისძიებები მოსკოვსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა ქალაქებშიც გაიმართება. სხვადასხვა ქვეყნის ვეტერანები პირადად მიაგებენ პატივს დაღუპულ თანამებრძოლებს და ომში გამარჯვებას კიდევ ერთხელ იზეიმებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here