Home რუბრიკები პოლიტიკა ოპერაცია “გზა შინისაკენ”

ოპერაცია “გზა შინისაკენ”

545

ანდრეი კონდრაშოვის ფილმმა “ყირიმი. გზა სამშობლოსაკენ” ეკრანზე გამოსვლამდე კარგა ხნით ადრე ააფორიაქა საზოგადოებრივი აზრი, არნახულად დიდი ინტერესი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია სოციალურ ქსელებში. იშვიათი შემთხვევაა. 15 მარტს, ღამის 11 საათზე, ტელეარხ “როსია 1”-ის ეთერში მილიონობით მაყურებელმა იხილა ეს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც 8 თვის განმავლობაში _ შარშანდელი სექტემბრიდან წლევანდელი თებერვლის პირველ ნახევრამდე იღებდნენ სევასტოპოლსა და ფოროსში, სიმფეროპოლსა და ქერჩში, იალტასა და ბაღჩისარაიში, ყირიმის სხვა ქალაქებში.

მკითხველს უთუოდ დააინტერესებს ასეთი დეტალიც: არც ოპერატორებმა, არც სტატისტებმა ზუსტად არ იცოდნენ, რას იღებდნენ _ ტელესიუჟეტებს, დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმის მასალებს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ კი ხელი მოაწერეს დოკუმენტს ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ.

ფილმი ჯერ მხოლოდ დაანონსებული იყო, როცა “ენციკლოპედიური განათლებულობით” გამორჩეულმა აშშ ადმინისტრაციის “მოლაპარაკე თავმა” ჯენ ფსაკიმ (ფსაკი, მოგეხსენებათ, გვარია), თავისი შესაძლებლობები გამოავლინა კინომცოდნეობაში და დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს დოკუმენტური ფირი პროპაგანდისტული ოპუსია, რომელიც “სრულად ესადაგება მცდარ მიდგომას უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის მონაწილეობის უარყოფის შესახებ”.

არ ენახა, ისე ამბობდა.

ნათელმხილველი.

რატომ აჩქარდა ქალბატონი ფსაკი? იმიტომ, რომ დაავალეს, არიქაო! ეს _ ერთი. იმიტომ აჩქარდა, რომ ასე სჭირდებოდა აშშ კონტრპროპაგანდას: წინასწარ, ფილმის დემონსტრირებამდე შეექმნა მისდამი ნეგატიური დამოკიდებულების ფონი. ეს _ მეორე. და მესამე _ იმიტომ, რომ ამერიკა ყველგან და ყველაფერში მართალი უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა ბაიბურში არ არის.

ფსაკისგან გაგვკვირვებია?!

ფილმი საზოგადოებრიობამ იხილა და მას, ამ საზოგადოებრიობას აქვს შესაძლებლობა, თვითონ შეაფასოს, გაიზიაროს ან გაემიჯნოს იმ პასუხებს, რომლებიც მიიღო რუსეთის ტელეარხებით წინასწარ დაანონსებულ კითხვებზე: რით დაიწყო ყველაფერი? როგორ შეიქმნა ყირიმის მოხალისეთა ლაშქარი? ვინ იყო მისი ლიდერი? როგორ განაიარაღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 193 სამხედრო ნაწილი ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილა? რატომ გახდა აუცილებელი ცეცხლის გახსნა და შტურმი ფეოდოსიაში? სად და როგორ დაუპირისპირდა რუსეთის არმია ნატოს დანაყოფებს? რაზე ელაპარაკა იმ დღეებში ვლადიმირ პუტინი აშშ პრეზიდენტს ბარაკ ჰუსეინ ობამას?

ამ და ბევრს სხვა საკითხზეა საუბარი 50-ე მეტ ინტერვიუში, რომლებიც ფილმის ავტორებმა ჩაიწერეს, მაგრამ “მთავარი სიუჟეტი”, მათივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტისთვის “ცხელ კვალზე” ჩამორთმეული ინტერვიუა.

ერთხელ კიდევ თვალი გადავავლოთ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიურ ქარგას.

2014 წლის 22 თებერვალს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული შეიქნა, სასწრაფოდ გახიზნულიყო კიევიდან: უკრაინის უმაღლესმა რადამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. იანუკოვიჩმა თხოვნით მიმართა პუტინს, გადაერჩინა უეჭველი დაღუპვისგან. ფილმში პუტინი დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ გადაარჩინეს უკრაინელი კოლეგა აშკარა სიკვდილს.

“ეს იყო 22 და 23 თებერვალს შორის ღამეს, დავამთავრეთ დილის 7 საათისთვის, ყველა გავუშვი და დასაძინებლად წავედი… ვიდრე დავიშლებოდით, არ დაგიმალავთ, ყველა ჩემს კოლეგას, ისინი კი ოთხნი იყვნენ, _ აზუსტებს პუტინი, _ ვუთხარი, რომ სიტუაცია უკრაინაში იმგვარად განვითარდა, რომ იძულებული ვართ, დავიწყოთ მუშაობა ყირიმის რუსეთთან შემოსაერთებლად”.

ეს ითქვა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის წინა ღამეს, და პირველი განკარგულება, რომელიც პუტინმა გასცა, სპეცსამსახურებსა და თავდაცვის სამინისტროს კი არ ეხებოდა, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის სპეციალისტებმა სოციოლოგებთან ერთად ყირიმში ჩაატარეს დახურული გამოკითხვა. გაირკვა, რომ რუსეთთან შეერთებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 75 პროცენტი.

ეს კი ნიშნავდა, რომ “რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნება” ჯერ კიდევ გამოკითხვის ჩატარებამდე იყო დაწყებული, მაგრამ იმხანად “შემოერთებაზე” ლაპარაკი არ ყოფილა.

მხოლოდ ვითარება შეისწავლეს.

ასე განაცხადა ვლადიმერ პუტირნმა 4 მარტს ნოვო-ოგარევოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ყირიმის პრემიერმინისტრმა სერგეი აქსიონოვმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, დახმარებოდა ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში.

იმავე დღეს პუტინი მიმართავს ფედერაციის საბჭოს და ითხოვს ნებართვას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციამდე. უმაღლესმა პალატამ დადებითი გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

რეფერენდუმზე, რომელიც 16 მარტს გაიმართა, ყირიმის მოქალაქეთა 96,77 პროცენტმა, სევასტოპოლის მოქალაქეთა 95,6 პროცენტმა მხარი დაუჭირა რუსეთთან შეერთებას.

17 მარტს ყირიმის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სუვერენიტეტის შესახებ. იმავე დოკუმენტით უმაღლესმა საბჭომ თხოვნით მიმართა რუსეთს, მიეღო ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ახალ სუბიექტად რესპუბლიკის სტატუსით.

2014 წლის 18 მარტს პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ. “რა თქმა უნდა, ჩვენ უარს ვერ ვეტყოდით ამ თხოვნაზე, ვერ დავტოვებდით ყირიმსა და მის მცხოვრებლებს უბედურების მოლოდინში, ეს იქნებოდა ღალატი”, _ განაცხადა პუტინმა.

თუმცა, როგორ დაეხმარა რუსეთი ყირიმს, იმ დროს არ გაცხადებულა.

ისიც სათქმელია, რომ 2014 წლის 24 ოქტომბერს საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ “ვალდაიში” სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ ყირიმში “უკრაინის სამხედრო დანაყოფების ბლოკირებისთვის” გამოყენებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები.

საინტერესოა, რომ პუტინის განცხადება კიევში შეაფასეს, როგორც “გულწრფელობის იშვიათი გამოვლენა”.

ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან, ეს “საკვანძო სიუჟეტი”, არის ღერძი, რომელზეც აგებულია ეს ორსაათ-ნახევრიანი დოკუმენტური ფილმი, ხოლო ფაქტობრივი მასალა (მოვლენების მონაწილეებთან საუბრები, რეკონსტრუირებული მოვლენები და ა.შ.) რესპონდენტის პოზიციის, მისი დასკვნებისა და დებულებების ილუსტრირებაა.

შეიძლება, პირიქითაც ითქვას, იმდენად ორგანულად არის წარმოდგენილი უახლესი ისტორია “ცხელ კვალზე”: ასე იყო!

ფილმი იწყება მწვავე სიუჟეტით, თუ როგორ იყო ორგანიზებული უკრაინის ჯერ კიდევ ლეგიტიმური პრეზიდენტის _ იანუკოვიჩის გადარჩენის ოპერაცია.

22 თებერვალს იგი ხარკოვში გაიქცა, საიდანაც ტელეეთერში განაცხადა, რომ კიევში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომ არ აპირებს გადადგომას და რადას გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ არალეგიტიმურია. ხარკოვიდან დონეცკში გადავიდა, იქიდან რუსეთში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ უკრაინელმა მესაზღვრეებმა არ გაატარეს ქვეყნის საზღვარზე.

იგი საშველად მიმართავს ვლადიმერ პუტინს.

ჩატარდა ოპერაცია, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება ისტორიაში: მეზობელი ცეცხლმოდებული ქვეყნიდან საიდუმლოდ იქნა ევაკუირებული პრეზიდენტი.

_ რადიოდაკვირვების ჩვენი სამსახურები კვალში ჩაუდგნენ მის კორტეჟს, _ იხსენებს ვლადიმერ პუტინი, _ ნათელი გახდა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი მალე ჩასაფრებულთა ალყაში მოექცეოდა. მას მოკლავდნენ.

მისი გადარჩენის ოპერაციის დეტალები მთელი წლის განმავლობაში მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ეს ვირტუოზული ოპერაცია, პუტინის თქმით, 23 თებერვლის დილის 7 საათისათვის დასრულდა. იმ ღამესვე უთხრა მან “ღამის შეხვედრის” მონაწილეებს, რომ უნდა დაიწყონ მუშაობა ყირიმის დასაბრუნებლად რუსეთის შემადგენლობაში. (ჩვენს მკითხველებს, ალბათ, არ სჭირდებათ იმის გახსენება, თუ როგორ გადასცა საბჭოთა კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, ვოლუნტარისტმა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. ამით ნიკიტა შეეცადა უკრაინის ცეკას პირველი მდივნობისას ჩადენილი თავისი დანაშაულის _ მასშტაბური რეპრესიების _ გადაფარვას და უკრაინელების გულის მოგებას).

პუტინი: _ ჩვენ ვერ მივატოვებდით ამ ტერიტორიას და ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ბედის ანაბარა, ნაციონალისტების სატკეპნი მანქანის გადასავლელად. შესაბამისი ამოცანები დავუსახე. ვუთხარი, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. იქვე ხაზი გავუსვი, რომ ამას გავაკეთებდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტურად დავრწმუნდებოდით, რომ ასე სურდათ ადამიანებს, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ. მათ უნდა მიეცეს თვითგამორკვევის, თავიანთი აზრის გამოხატვის საშუალება. ასეთი იყო ჩვენი მიზანი. აბსოლუტურად გულახდილად, პატიოსნად გეუბნებით. ვიფიქრე, თუ ადამიანები ასე მოისურვებენ, ასეც უნდა მოხდეს. ექნებათ მეტი ავტონომია, რაღაც უფლებები, მაგრამ უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში დარჩებიან. მაგრამ, თუ სხვანაირად მოისურვებენ, მაშინ ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ.

კიევში ვითარება უკიდურესად რთულდება, იღუპებიან ადამიანები. ანდრეი კონდრაშოვი ეკითხება პუტინს:

_ იანუკოვიჩი, ალბათ, გირეკავდათ და შეხვედრას გთხოვდათ?

_ დიახ, დიახ! პირველად მან 21 თებერვლის საღამოს დამირეკა. მითხრა, რომ აპირებდა ხარკოვში გამგზავრებას რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. არ დაგიმალავთ, რომ ამის თაობაზე ჩემი მოსაზრება პირდაპირ ვუთხარი _ ასეთ სიტუაციაში უმჯობესია დედაქალაქში დარჩენა. მიპასუხა, რომ კიდევ დაფიქრდებოდა და კვლავ დამირეკავდა.

შემდეგ მართლაც დამირეკა და მითხრა, რომ მაინც გადაწყვიტა გამგზავრება. ვურჩიე, რომ დამატებით არ გაეყვანა სამართალდამცველები. ეს კარგად მესმისო, მიპასუხა, გაემგზავრა და სამართალდამცველი ყველა ძალა მაინც გაიყვანა…

იმავე დღეს ოპოზიციამ, როგორც იცით, ხელთ იგდო პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაცია. 22-ში კვლავ დამირეკა (იანუკოვიჩმა) და მითხრა, რომ ხარკოვში იმყოფება, ჩემთან შეხვედრა და კონსულტაციის გამართვა სურს… რა თქმა უნდა, ვუთხარი: მზად ვარ, შეგხვდეთ, სადაც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება.

როგორც კი იანუკოვიჩმა კიევი დატოვა, ერთმანეთის მიყოლებით უკრაინის დედაქალაქში ჩადიან: რადოსლავ სიკორსკი _ პოლონეთიდან, ოლივიე ბაი _ ევროკომისიიდან, ლიტვიდან კი _ დალი გრიბაუსკაიტე და სამივე ერთ ხმაში განაცხადებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირი ხელს მოაწერს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან.

ლეგიტიმური და მოქმედი პრეზიდენტი კიევის გადატრიალების ორგანიზატორებისთვის აშკარად ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა.

პუტინი: _ ჩვენთვის აშკარა გახდა, ინფორმაციასაც ვიღებდით, რომ ამზადებენ არა მხოლოდ მის (იანუკოვიჩის) ხელში ჩაგდებას, არამედ მოსპობას. არ არის ადამიანი, _ როგორც ცნობილი ისტორიული პერსონაჟი ამბობდა, _ არ არის პრობლემები. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, რომ თუ იგი არ იქნებოდა, ოპოზიციურ ძალებს გაუადვილდებოდა მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება.

22 თებერვალს იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტს დონეცკიდან ურეკავს და შეხვედრას სთხოვს.

პუტინი: _ შევთავაზე, თუნდაც როსტოვში შევხვედროდით ერთმანეთს, გადაფრენისთვის დრო რომ არ დაეკარგა, მზად ვიყავი, ჩავსულიყავი. კიდევ ერთი ზარი გაისმა და ვიქტორ ფიოდოროვიჩის დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ დიდი პრობლემები აქვთ და გამოფრენა არ შეუძლიათ. მართალი გითხრათ, მივხვდი, რომ ისეთი ექსტრაორდინალური რამ ხდებოდა, რომელიც ჩვეულებრივი სიტუაციის ჩარჩოებს სცილდებოდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ იანუკოვიჩის კორტეჟს უკვე ესროლეს, ესროლეს უკრაინის გენერალურ პროკურორსაც და მისი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს.

სახელმწიფო გადატრიალება ამ დროისთვის უკვე მომხდარი ფაქტია და ოპოზიციურ ძალებს დაწყებული აქვთ ოპერაცია მისი (იანუკოვიჩის) ხელში ჩასაგდებად ან მოსასპობად.

რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს მთავარსარდალმა უბრძანა, გადაერჩინათ ვიქტორ იანუკოვიჩი. მას სხვა სპეცსამსახურებიც ეძებდნენ, მაგრამ იანუკოვიჩის კორტეჟი, როგორც ფილმშია ნათქვამი, “თითქოს გაქრა აღმოსავლეთ უკრაინის სივრცეში”.

პუტინი: _ დონეცკიდან იგი ყირიმში წავიდა, მაგრამ მისი მოძრაობის რუკა რომ მაჩვენეს…

კონდრაშოვი: _ თქვენ თვალს ადევნებდით მის მოძრაობას?

პუტინი: _ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა დამირეკა, რადიოთვალთვალის სამსახური კვალში ჩაუდგა მის კორტეჟს. მუდმივად ვიცოდით მისი ადგილსამყოფელის. მაგრამ, როცა რუკა მაჩვენეს, აშკარა გახდა, რომ იგი მალე წააწყდებოდა ჩასაფრებას. უფრო მეტიც, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩასაფრებულ ტერორისტებს დადგმული ჰქონდათ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, “საუბარი” მოკლე რომ ყოფილიყო.

კონტრაშოვი: _ მის შეჩერებას, ჩანს, არც არავინ აპირებდა…

პუტინი: _ საფუძველი გვქონდა, გვევარაუდა, რომ მას, უბრალოდ, მოსპობდნენ. მისი დაცვის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძრაობის გაგრძელება არ შეიძლებოდა! საკმაოდ საინტერესო დიალოგებია, რადგან ღია კავშირით მიმდინარეობდა და ჩვენც ამით ვსარგებლობდით, რათა გაგვერკვია, სად იმყოფებოდა. მაგრამ იქამდე, ვიდრე მის ადგილსამყოფელს ტექნიკური საშუალებებით გამოვთვლიდით, მოვემზადეთ დონეცკიდან მის გამოსაყვანად _ ხმელეთით, ზღვით და ავიაციის მეშვეობით.

კონდრაშოვი: _ ესე იგი, თქვენ უბრძანეთ სხვადასხვა დანაყოფს, გადაერჩინათ იანუკოვიჩი?

პუტინი: _ დიახ. რადგან იგი დონეცკიდან შორს იყო უკვე გამგზავრებული, კატარღებს 5-6 საათი დასჭირდებოდათ ნაპირთან მისაახლოვებლად.

კონდრაშოვი: _ თქვენ უთხარით, ნაპირისკენ წასულიყვნენ (იანუკოვიჩი და მისი თანმხლებნი), ანუ გააფრთხილეთ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ელოდა?

პუტინი: _ დიახ. ისინი შემობრუნდნენ. ჩვენ ვუთხარით, ნაპირთან სად უნდა გასულიყო კორტეჟი და გავგზავნეთ ვერტმფრენების ჯგუფი, სპეცდანიშნულების მებრძოლებით ბორტზე.

რომელიღაც მომენტში აშკარა გახდა, რომ (საათნახევრიანი ამაო ძებნის მიუხედავად) ვერტმფრენები ვერ პოულობდნენ კორტეჟს და მათ (ვერტმფრენებს) უმთავრდებოდა საწვავი. ისინი ბაზირების აეროდრომზე უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ სწორედ ამ დროს მფრინავებმა დაინახეს, რომ შორს ერთდროულად აენთო რამდენიმე ავტომანქანის ფარები, რომლებითაც თავიანთ ადგილსამყოფელზე მიანიშნეს.

კონდრაშოვი: _ როგორ მიხვდნენ, რომ ეს კორტეჟის ავტომანქანები იყო?

პუტინი: _ უკარნახეს.

კონდრაშოვი: _ უკარნახეთ თქვენ ან თქვენმა კოლეგებმა?

პუტინი: _ რა თქმა უნდა, ასე იყო. მფრინავებმა შეამჩნიეს ისინი და აიყვანეს… მაგრამ ეს ისტორია ამით არ დასრულებულა, რადგან ვიქტორ ფიოდოროვიჩმა არ ისურვა რუსეთში გახიზნვა და ითხოვა, ყირიმში გადაგვეყვანა. გაემგზავრა კიდეც ნახევარკუნძულზე. ასე რომ, ვიდრე გადატრიალებასთან დაკავშირებული მოვლენები ვითარდებოდა, იგი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ კიევში მოლაპარაკება უკვე არავისთან აღარ შეიძლებოდა, კვლავ გვთხოვა და იგი რუსეთის ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ.

კონდრაშოვი: _ როცა მისი გადარჩენის შესახებ მოგახსენეს, რა განცდა დაგეუფლათ?

პუტინი: _ (ამოიოხრებს) განცდა, რომ გადავარჩინეთ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ ეს კეთილი საქმეა, კეთილშობილური. არ მინდა, შევაფასო იანუკოვიჩის მოქმედება, მისი საქმიანობა. მან თქვა, რომ არ შეეძლო, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის იარაღის გამოყენების შესახებ… მაგრამ ამის გამო შეიძლება თუ არა მისი გაკიცხვა, არ ვიცი. უფლებამოსილი არ ვარ, ეს გავაკეთო. უმოქმედობის შედეგები რომ მძიმეა, აშკარაა.

P.S. ჯენ ფსაკისა და მისნაირებისთვის ფილმის დემონსტრირებას ინგლისური თარგმანი მიჰყვებოდა.

საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here