Home რუბრიკები პოლიტიკა სიმართლე ნატოში (არ)შესვლის შესახებ _ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

სიმართლე ნატოში (არ)შესვლის შესახებ _ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

750

ორიოდე კვირის წინათ გამოვაქვეყნე წერილი “მარტივი ტესტი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის”, რომელშიც უკვე მერამდენედ ვწერდი გაუაზრებელი საგარეო ვექტორისა და ნატოსკენ სწრაფვის დემონსტრირების შესახებ. ის წერილი ამ სიტყვებით დავასრულე: “ღიად განაცხადეთ, რომ ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე აპირებთ შესვლას! ღიად თქვით და კარგად დაითვალეთ, რამდენ ხმას მიიღებთ ვადამდელ თუ ვადიან საპარლამენტო არჩევნებში!”


პოლიტიკურ ლიდერთა უმრავლესობა ერთმანეთს ასწრებს, რომ დასავლეთს დაანახვოს, რარიგ ერთგულია ევროატლანტიკური იდეებისა. ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ხალხი უსმენს (განსაკუთრებით _ 2008 წლის აგვისტოში “ქმედითი” დახმარების შემდეგ) ამ რიტორიკას და უყურებს ათჯერ უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი უკრაინის შემზარავ მოვლენებს. დასკვნების გამოტანას ხალხი უკეთ ახერხებს, ვიდრე პოლიტიკოსები. ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს. ნინო ბურჯანაძე: “ნატოში ვერ შევალთ, სანამ რუსეთის ჯარი დგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. ან მაშინ უარი უნდა ვთქვათ ამ ტერიტორიებზე და ისე შევიდეთ ნატოში”.

გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. ეს განცხადება ზემოთ ნახსენებმა პოლიტიკურმა ელიტამ მუქარად შეაფასა, თუმცა არავის უხსენებია კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლავროვმა ილაპარაკა: ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საჭიროა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტის გაფორმება ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რაც 2008 წლის მოვლენების გამეორებას თავიდან აგვაცილებს”.

რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებისკენ.

“ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრება დღის წესრიგში არ დგას. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება”, _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აქაც, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ყურადღება არ მიაქცია აბაშიძის განცხადების მეორე ნახევარს და გნიასი იმაზე ატეხა, ჯერ ერთი, რატომ “გამოტყდა” პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი იმაში, რომ დღეს და ხვალ ნატოში არ გვიღებენ და მეორე – რატომ უარყო ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება საქართველოშიო!

ნაციონალური მოძრაობისრეაქციაზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ ბოლო ხანს მის რიტორიკასთან ერთობ დაახლოებულითავისუფალი დემოკრატებითითქოს ხელის აქნევას ელოდნენ და ისევ ამოაწყვეს სკივრიდან ნაფტალინიანი თეზისი: “საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება!” დიპლომატების პარტია ღიად აბეზღებს საქართველოს ხელისუფლებას და რუსეთს ატყობინებს: “ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრების ხელშეწყობას”.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საგანგებოდ განმარტა, რომ ზურაბ აბაშიძე გულისხმობდა საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსებას, რაც არ იგეგმება. “საქართველოში იგეგმება წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, მათ ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ა.შ. ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც აქვს სამხედრო მიზნები და ამოცანები, არამედ აქვს წვრთნისა და შეფასების ფუნქცია”, _ განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

იგივე დაადასტურა სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემაც: “სამხედრო ბაზაზე საუბარი არ არის, არის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც განსაზღვრულია არსებით ღონისძიებათა პაკეტით”. დავით ბაქრაძეცა და მინდია ჯანელიძეც განმარტავენ, რომ იქმნება ნატოსაქართველოს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოს (და არა ნატოს) ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

კაცმა რომ თქვას, ეს აჟიოტაჟი თავის დროზე ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებებს მოჰყვა, რომელიც ამ “ბაზაზე” სირიელი ამბოხებულების წვრთნასაც აპირებდა. მაგრამ არა _ თავისუფალი დემოკრატებიმიზეზს სხვაგან ეძებენ: “საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე–კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი”.

სინამდვილეში სულ სხვა რამ გამოაშკარავდა: ამ პარტიასა და მის ლიდერს გაცილებით მეტად ადარდებთ საკუთარი პოლიტიკური მომავალი, ვიდრე საქართველოს მთლიანობა და ხვალინდელი დღე. ამ “კეთილ საქმეში” მათ პრეზიდენტიც შეიპატიჟეს და საჯარო განცხადების გაკეთება მოთხოვეს, ხოლო საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინათ თთვითონ ხელმძღვანელობდნენ, მოუწოდეს, გამიჯვნოდნენ ზურაბ აბაშიძის განცხადებას და გამოეხატათ “ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრებისადმი”. ბოლოს კი მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, “გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან”.

ამით მთლად “ნაციონალებივით” ღიად არა, მაგრამ სახალხო მღელვარების შესაძლებლობაზე ირიბად მინიშნება სცადეს, თუმცა აშშის საელჩოსმნიშვნელოვან პარტნიორებს” _ სამ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციას სახალხო მღელვარების ორგანიზება რომ არ შეუძლია, ეს ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც კარგად იცის. ამიტომაც განაცხადა ხაზგასმით: “ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ნატო არავის ჩათრევას არ გეგმავს ალიანსში. ქვეყნები თვითონ ითხოვენ წევრობას. ნატოს თითოეული წევრი სუვერენული ქვეყნაა, რომელიც თითონ წყვეტს ნატოში შესვლისა თუ მეზობლებთან ურთიერთობის საკითხებს. რაც შეეხება არსებით პაკეტს და სამხედრო ინფრასტრუქტურას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოშია, ეკუთვნის საქართველოს, მის ხელისუფლებას. ეს არ არის ეგრეთ წოდებული ნატოს ინფრასტრუქტურა”.

მაინც რა თქვა ასეთი ზურაბ აბაშიძემ ისეთი, რაც ისედაც ძალიან კარგად არ ვიცოდით? ან რა იყო ამ განცხადებაში იმგვარი, რაც პირდაპირ არ უთქვამთ აშშისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, გერმანიის კანცლერს, საქართველოში აკრედიტებულ დასავლეთის სახელმწიფოთა ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს? _ რომ არაფერი, ამას რამდენიმე ციტატითაც დაგიდასტურებთ:

*”ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსის უახლოეს გეგმებში არ არის, არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან” (აშშის პრეზიდენტი ბარაქ ობამა).

*”გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების პირველი საფეხურისსამოქმედო გეგმის (MAP) მიცემაზე უარის თქმის შესახებ სწორი გადაწყვეტილებაა და დღესაც უცვლელი რჩება” (გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი).

*”მინდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ ნატოში იმ ქვეყნების მიღებას ვცდილობთ, რომელთაც საზღვრების პრობლემა მოგვარებული აქვთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ნატოში პრობლემების იმპორტი მოვახდინოთ” (საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი).

*”ახლა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანებაზე საუბრის დრო არ არის” (ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი).

*”ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ _ სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც, უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრების მოთხოვნა კონფლიქტის გაღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოადგებათ. უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობებისთვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისთვის” (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე შტეფან შენახი).

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც კი, რომლის პროდასავლურობაშიც ეჭვს თვით “ნაციონალური მოძრაობაც” ვერ შეიტანს, მკვახედ შეუძახა “ნატოში საქართველოს გაწევრებისადმი ერთგულებს”: “დილით, შუადღესა და საღამოს იმის თქმა, “ხვალვე მიგვიღეთ ნატოში” საქმეს რომ შველოდეს, გაძლევთ პირობას, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას დღეში სამჯერ იტყვის”!

ასეა თუ ისე, ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნების მსურველებს თუ არ ჩავთვლით (ასეთი კი მხოლოდნაციონალური მოძრაობაროდია _ “თავისუფალი დემოკრატებიცრევანშის წყურვილს ჰყავს ატანილი), ყველას კარგად ესმის, რომ ეს ბავშვური თამაში უნდა დასრულდეს და საქართველომ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები უნდა დააყენოს ყველაფერზე მაღლა.

ქართულ მედიაში იწერება იმის შესახებ, რა უთხრა “ნაციონალებს” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქალბატონმა ნულანდმა. მოკლე შინაარსი ასე გამოიყურება: ძალიან მალე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხელისუფლება გადადგამს მკვეთრ პრორუსულ და ანტიდასავლურ ნაბიჯებს, რაც პროდასავლურ პარტიებს საშუალებას მისცემს, თუნდაც ქუჩის აქციები დაიწყონ ხელისუფლების შესაცვლელად… თუ ეს პროცესები დროში გაიჭიმა, მაშინ “ნაცმოძრაობას” ამერიკის დიდი მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ვიდრე რუსეთი უკრაინის პრობლემებშია ჩაფლული, ვიდრე რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია, პროდასავლურმა ძალებმა ამ პერიოდში უნდა იაქტიურონ, თორემ, თუ რუსეთმა თავი დააღწია “უკრაინულ ჭაობს”, მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო აშშ-ს ძალიან გაუჭირდება (თითქოს მანამდეც და ახლაც სულ საქართველოს გამო ეპაექრებოდნენ!).

“მაიდნის” მოსურნეთა საყურადღებოდ: დღევანდელმა ხელისუფლებამ გვიან, მაგრამ მაინც თქვა სიმართლე ნატოში “ხვალ-ზეგ” შესვლის პერსპექტივაზე; გვიან და ძნელად, მაგრამ მაინც დაიწყო სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრი; გვიან და რთულად, მაგრამ საგადასახადო შეღავათებსა და დავალიანებების ჩამოწერაზე გააკეთა განცხადება. ახლა “მაიდანზე” ორი პარტია თუ გავა მხოლოდ და ისინიც ვერ შეაგროვებენ იმდენ ადამიანს, რომ ნულანდმა ორცხობილები უზიდოს ამერიკიდან! დაივიწყეთ ეგ დადგმული “რევოლუციები” და მოეშვით იმის ძახილს, რომ “ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთ”!

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. ნატოში არ მიგვიღებენ ხააააალ ხოოოოო, ჩვენი ნატოში მიღება და ომი მსოფლიო გარდაუვალია, ვისმეს უნდა ახლა ეგ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here