Home რუბრიკები პოლიტიკა ნორლანდი ნულანდთან ახლოს ვარდება

ნორლანდი ნულანდთან ახლოს ვარდება

538

ბოდიში უნდა მოვუხადო მკითხველებს ცნობილი რუსული ანდაზის “Яблоко от яблони недалеко падает” (ნაყოფი ხესთან შორიახლოს ვარდება) თავისუფალი გადმოქართულებისთვის, მაგრამ უკეთესი შედარება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქალბატონ ვიქტორია ნულანდის მიერ კიევის მაიდანზე აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად ღვეზელების დარიგებამ და ბატონ რიჩარდ ნორლანდის საქართველოში მოქმედი სამი არასამთავრო ორგანიზაციის ხელმძღვანელების აშშ-ის საელჩოს “მნიშვნელოვან პარტნიორებად” გამოცხადებამ მაინცდამაინც ასეთი ასოციაცია გამოიწვია ჩემში, როგორც ერთ, ცალკე აღებულ, მოქალაქეში.


მათ შორის _ კავშირის პარალელური ქვეტექსტების გამო.

თუმცა რაღა ქვეტექსტები, როცა ბატონმა ელჩმა ქართველ ჟურნალისტებს სასტუმრო “რადისონში” პირდაპირ განუცხადა (მეორედ ვუხდი ბოდიშს “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს ოკრობოკრო ციტატის მოხმობის გამო, რაც, გამორიცხული არ არის, უხეირო თარგმანის ბრალიც იყოს):

“მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც გახლავთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს კი მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მნიშვნელოვანი პროცესისათვის. ამ შემთხვევაში მედია და არასამთავრობო სექტორი კრიტიკულ როლს თამაშობენ ამავე პროცესში. ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები _ საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “სამართლიანი არჩევნები” მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი” (“ინტერპრესნიუსი”, 2015 წლის 29 იანვარი).

რა თქვა ისეთი მნიშვნელოვანი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (“მოქალაქის”) ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა, რამაც აიძულა ბატონი ნორლანდი, დიპლომატიური კალთა გადაეფარებინა აშშ-ის საელჩოს “მნიშვნელოვანი პარტნიორებისთვის” _ კოჟორიძისთვის, გიგაურისა და ლომჯარიასთვის?

ბევრი არაფერი:

“აი, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, უფრო სწორად, პიროვნებები _ ლომჯარია, კოჟორიძე და გიგაური. ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. თვითონ მათთან გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა” (ციტატა კომპანია “იმედთან” საუბრიდან).

მათთანო, პიროვნებებთან და არა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ (ლომჯარია, გიგაური) ან წარმოადგენდა (კოჟორიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა თავის მრჩევლად მიიწვია). მაშასადამე, არასამთავრობო სექტორის მნიშვნელობისთვის ხაზგასმა ბატონი ელჩის მიერ დიპლომატიის ჩარჩოებში ჩასმულ გაღმა შედავებას ჰგავს.

რას ფიქრობს ამ ყველაფერზე სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე?

_ საინტერესო, რატომ მიმართეს აშშ-ის ელჩს ჩვენმა ჟურნალისტებმა. რატომ მაინცდამაინც მისი პოზიცია არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელმაც გაოცება ან, უფრო რბილად რომ ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს კარგად მოეხსენებათ, როგორი უმძიმესი იყო საქართველოსთვის 90-იანი წლების დასაწყისი: ქაოსი სახელმწიფოში, ეკონომიკის კოლაფსი და მოსახლეობის სრული სოციალური დაუცველობა. დიდ გაჭირვებაში იყო ხალხი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მაშინ მივეკედლეთ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. არ დამავიწყდება, 200 ათასი ტონა ხორბალი რომ გამოგვიგზავნეს და ათასი სხვა დახმარება რომ გაგვიწიეს. ამისთვის მადლიერების გრძნობა ყველას უნდა გვქონდეს. ზოგს ავიწყდება, მე _ არა. საქართველოში უმადურობა სამარცხვინო მოვლენად ითვლება! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის აზრი ყოველთვის უკრიტიკოდ უნდა მივიღოთ, ყოველთვის და ყველაფერში დავეთანხმოთ. მთავარი ის არის, რომ “ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს”, როგორც ილიამ ბრძანა.

შე მამაცხონებულო, შენი უსიტყვოდ მორჩილი სააკაშვილი რომ შეაგულიანე და ომი დააწყებინე ცხინვალში რუსეთთან და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი დააკარგვინე, ხომ ფაქტია! ასე მოხდა იმიტომ, რომ ყველაფრით და ყველაფერში, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში დამოკიდებული ვართ შტატებზე.

რატომ დავიტეხეთ თავზე ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ აშშ სურდა რუსეთის კომპრომეტაცია საქართველოს მეშვეობით. იგივე ხდება დღეს უკრაინაში: მსოფლიოს თვალში რუსეთი ჩანს ისეთ აგრესორად, რომელიც თავის მოძმე ქვეყანას, მართლმადიდებელ მორწმუნე ხალხს დაუნდობლად ხოცავს.

იგივე ხდებოდა საქართველოში და ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მე, ანზორ მაისურაძეს, ვინც 44 წლის განმავლობაში ერთგულად ვემსახურებოდი საბჭოთა კავშირს, დამიგროვდა შინაგანი პროტესტი რუსეთის მიმართ.

ვის ეომები, შე დალოცვილო, პატარა საქართველოს?! რისთვის, რის გამო?!

ხომ ყველამ იცის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა საუკუნეების გამმავლობაში განსაკუთრებული იყო. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ 1812 წლის სამამულო ომში 40 ქართველი გენერალი იბრძოდა რუსეთის არმიაში, 1941-1945 წლების ომზე აღარაფერს ვამბობ.

ასეთი ერის, ასეთი ხალხის წინააღმდეგ ომი არ უნდა დაიწყო! არ უნდა გაიმეტო!

ახლა _ ამერიკის შესახებ. ერთი ანდაზის არ იყოს, შტატებზე ისე ვართ დამოკიდებული, თბილისში რომ დააცემინო, ვაშინგტონში,_ იცოცხლეო,_ გეტყვიან; ან _ ეშმაკსაც წაუღიხარო! ყველა ინფორმაცია ყველა ფაქტზე, რომელიც კი საქართველოში მოხდება, ელვის უსწრაფესად მიდის ვაშინგტონში. ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იციან და უკეთ აქვთ გაანალიზებული.

ბატონი ბიძინას ინტერვიუც ყოველმხრივ აქვთ შესწავლილი (მეც ვუსმინე გულდასმით და ცუდი და მიუღებელი ვერაფერი ვნახე). შე მამაცხონებულო, არასამთავრობო ორგანიზაცია რომ ხარ, ფინანსდები საზღვარგარეთიდან და აკეთებ იმას, რასაც გიკარნახებენ იქიდან, ეს არაფერს ნიშნავს?! აშშის ელჩი რომ აცხადებს,  _ ისინი ჩვენიმნიშვნელოვანი პარტნიორებიარიანო, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა, აღიარება, რომ, პირველი, ისინი აშშის სპეცსამსახურების მიერ ფინანსდებიან; მეორე _ ამ სპეცსამსახურების აგენტები არიან და მათ დავალებებს ასრულებენ. ბატონი ნორლანდის განცხადება შეიძლება ასე გაიშიფროს.

საქართველოს საშინაო საქმეებში არავინ არ უნდა ჩაერიოს, თანაც ასე თავხედურად!

სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან სულაც არ ნიშნავს, რომ თავზე გადაგვიარონ. ერის ასეთი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია.

თუ არ ვმალავთ აღშფოთებას საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის საომარი გამოლაშქრების გამო, რატომ უნდა გავუჩუმდეთ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში აშშის ჩარევის მცდელობას?

_ მიუხედავად ჩვენი დიდი მადლიერებისა, რაზეც უკვე ილაპარაკეთ

_ დიახ. ცოდნით, განათლებით, ისტორიით, კულტურით ჩვენ გაცილებით მაღლა ვდგავართ ბევრ სხვა ერზე, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ ვერ მოგვატყუებენ; დღეს იძულებული ვართ, ბევრ საკითხში დავეთანხმოთ, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მაგრამ _ არამც და არამც საკუთარი ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

_ რაც ბატონმა ნორლანდმა თქვა, მსგავსი რამ საბჭოთა კავშირში აშშის ელჩს რომ განეცხადებინა, რა მოხდებოდა, ბატონო ანზორ?

_ მაშინ სხვა დრო იყო _ ორი ზესახელმწიფო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ასეთი რამ მოსკოვში რომ ეთქვა ამერიკის ელჩს, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდნენ და მეორე დღესვე გააგდებდნენ ქვეყნიდან, მაგრამ არც ის ელჩი გაბედავდა ამის თქმას, არც _ საბჭოთა ელჩი ამერიკაში.

ერთსაც ვიტყვი: ძმობასა და თანადგომას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის სამოქალაქო ომში მონაწილეობას ამერიკაც მხარს რომ უჭერს, ჩემი აზრით, არაფრით არის გამართლებული. საქართველოდან გაქცეულინაციონალიდამნაშავეების გამართლება სურთ ამერიკელებს, მათი, ვისაც უკრაინის ხელისუფლებამ სამთავრობო სტრუქტურებში დააწყებინა მუშაობა დიდ თანამდებობებზე. სურთ, მსოფლიოს  დაანახვონ, რომ ამერიკელები კი არ შემცდარან ამათ ხელდასმაში, არამედ საქართველოს ახალი ხელისუფლება ეწევა მათ კომპრომენტაციასშერჩევითი სამართლისსაფუძველზე. იგივე განაცხადა ვერშბოუმ, ნატოს გენმდივნის მოადგილემ, თბილისში ყოფნისას: “შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღქმაც კი აცილებული უნდა იქნას თავიდან”. ეს, ჩემი აზრით, ბრალდებაა და არა კეთილი სურვილი.

აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ, რასაც “ნაციონალები” საქართველოში სჩადიოდნენ და რასაც დღეს აკეთებენ, ამერიკის ნაკარნახევი იყო და არის(!).

თუ სხვაგვარადაა, ერთხელ მაინც თქვან ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა, რომ  “ნაციონალები” უვარგისები იყვნენ.

_ ისევ მილიარდერმა სოროსმა, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ სააკაშვილი მისი პროექტი იყო, ორიოდე დღის წინათ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ხელდასმულმა პრეზიდენტმა აღმოფხვრა საქართველოში კორუფცია, რომელიც შემდეგ ხელისუფლების მონოპოლიად აქცია.

_ სოროსმა კი თქვა, მაგრამ სხვები ეფერებიან. ცდილობენ, გაამართლონ რეჟიმი, რომელმაც უსამართლობის საკეპ მანქანაში გაატარა თავისი ქვეყნის 350 ათასი მოქალაქე.

მე ასე ვფიქრობ: ყველა კარგია, ვინც ჩვენთან მეგობრობს, მაგრამ, ვინც ზღვარს გადასცილდება, ელჩი იქნება თუ მისი უფროსი, “მეგობრობა” მასთან,  მტრობაზე უარესია.

_ თქვენ, ბატონო ანზორ, აგენტები ახსენეთ. იქნებ, განუმარტოთ ჩვენს მკითხველებს, რას ნიშნავს ტერმინიაგენტიპროფესიულ ენაზე?

_ გეტყვით. არსებობს აგენტი დამდგენელი (установщик), აგენტი გადმომბირებელი, აგენტი მიმთითებელი (наводчик), გავლენის აგენტი, კონსპირაციული ბინის მფლობელი აგენტი, აგენტი რეზიდენტი.

გავლენის აგენტები შეიძლება იყვნენ ის გადმობირებული პირები, რომლებიც საზოგადოებაში გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობენ, რომელთა სიტყვასაც ფასი აქვს, რომელთა ნაწერსაც კითხულობენ და ა. შ.

აგენტი მიმთითებელი არის ის, ვინც სპეცსამსახურს ეხმარება საჭირო კაცის მოძებნაში; შეუძლია, შეარჩიოს ისეთი ადამიანი, რომელიც გარკვეულ დავალებებს შეასრულებს, ითანამშრომლებს დაზვერვასთან.

აგენტი გადმომბირებელი მაშინ ერთვება საქმეში, როცა სპეცსამსახურის თანამშრომელს არ შეუძლია საინტერესო პიროვნებასთან კონტაქტის დამყარება, რადგან უთვალთვალებენ. ამ შემთხვევისთვის მას (თანამშრომელს) ჰყავს აგენტი, რომელიც იმ საინტერესო პიროვნების გადმობირებას შეეცდება.

_ რეზიდენტი?

_ აგენტი რეზიდენტი ხელმძღვანელობს აგენტურის 5-10-კაციან ჯგუფს, ხოლო ოფიციალური რეზიდენტი მუშაობს საელჩოში, დიპლომატიის საფარქვეშ და ხელმძღვანელობს იმავე საელჩოს თანამშრომელ-მზვერავებს, რომლებიც ასევე დიპლომატიურ თანამდებობაზე არიან გაფორმებული. შეიძლება სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომლებიც იყვნენ ან იმ ქვეყანაში აკრედიტებული ჟურნალისტები და ა. შ.

ყველა მოპოვებული ინფორმაცია თავს იყრის რეზიდენტთან და იგზავნება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ცენტრში. აშშ-ში, მაგალითად, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბბინა ლენგლიში მდებარეობს.

_ ორიოდე სიტყვა, თუ შეიძლება, აგენტების გადმოსაბირებლად მატერიალური დაინტერესების პრინციპის გამოყენების შესახებ.

_ საბჭოთა პერიოდში ძირითადი მოტივი გადმობირებისა იდეოლოგიური გახლდათ. თუ რწმენის გამო გადმობირება შეუძლებელი იყო, მაშინ მაკომპრომენტებელი მასალებით ვახერხებდით. მაგრამ ეს ყოველთვის არ ამართლებდა, რადგან კომპრომასალების საფუძველზე გადმობირებული კაცი ყოველთვის ცდილობდა, გამოსულიყო ჩვენი გავლენიდან, თავი აერიდებინა დავალების შესრულებისთვის, იდეური აგენტი კი მყარად იდგა შენ გვერდით. კომპრომასალებით გადმობირებული ზოგჯერ იდეოლოგიური თანამოაზრე გამხდარა, ზოგჯერ კი გაჭირვებული ადამიანი, რომელიც ფულით გვყავდა გადმობირებული,  გამდიდრებულა…

_ თქვენი ფულით?

_ ჩვენი ფულითაც და თავისი აწყობილი ბიზნესის მეშვეობითაც. შემდეგ ჩვენ დაგვხმარებია (იცინის).

_ ასე იყო თქვენ დროს. ახლა როგორ ხდება?

_ ახლა _ არ ვიცი. ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ: პრინციპი არ იცვლება და ახალი ველოსიპედი არავის გამოუგონებია. არცაა საჭირო. დაზვერვა ძალიან ძვირი ჯდება. თუ სახელმწიფო მზად არ არის, ასეთი ხარჯი გაიღოს, ხელისუფლებას ქვეყნის მართვა გაუჭირდება: არ ეცოდინება, რა ხდება ქვეყანაში და მის გარშემო. გარკვეული არ იქნება იმ საიდუმლო, წყალქვეშა დინებებში, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში მიმდინარეობს. ამ ყველაფრის არცოდნა მცდარი გადაწყვეტილებების, მათ შორის, არასწორი განცხადებების, გაკეთების საფუძველი ხდება, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებასაც ახასიათებს.

_ სტალინს, როგორც ცნობილია, ზუსტ, სანდო და დროულ ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენისა თუ ფაქტის თაობაზე, ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, აწვდიდა პირადი სტრატეგიული დაზვერვა.

_ დიახ, ასე იყო. ამ ადამიანს არ ეზარებოდა შეხვედროდა იმ პიროვნებებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდებოდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ “ატომური ბომბის მამა”, დიდი ამერიკელი მეცნიერი რობერტ ოპენჰეიმერი ერთი თვე მოსკოვის მახლობლად ბერიას აგარაკზე ცხოვრობდა, რომ შეხვდა სტალინს, ისაუბრეს და ამას შედეგად მოჰყვა ამერიკაში პირველი ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე, უაღრესად გასაიდუმლოებული ცენტრიდან “მანჰეტენის” პროექტის მასალების მოსკოვში, ბერიას უწყებაში გადმოდინება, საიდანაც ამ მასალების კოროლიოვის “შარაშკას” აწვდიდნენ _ #2 ლაბორატორიაში მომუშავე საბჭოთა მეცნიერ-ფიზიკოსებს.

_ . . აგენტები იყვნენ და არიან?

_ დიახ, და იქნებიან კიდეც.

_ მაგრამ, კერძოდ, ვინ არის აგენტი, ვერავინ ვერავის დაუმტკიცებს, თქვენგან მსმენია.

_ ახლაც გავიმეორებ: მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურმა შეიძლება იცოდეს მათი ვინაობა. როგორაა, იცით? როგორც ერთუცნობიანი განტოლება: ორს მივუმატოთ იქსი, უდრის ოთხს. რას უდრის იქსი? იქსი უდრის ოთხს გამოვაკლოთ ორი, მივიღებთ ორს. როცა აშკარად ჩანს, ვინ როგორ მოქმედებს, რას აკეთებს, საიდან ფინანსდება, პასუხიც ძნელი მისახვედრი არ იქნება, ზედაპირზე დევს.

_ ბატონო ანზორ, ესესაა გავრცელდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუს საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საქართველოსა და ნატოს ერთობლივისაწვრთნელი და შეფასების ცენტრისჩვენთან დაარსება იქნებაყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ნატოს ყოფნისა საქართველოში”. თქვენც ასე ფიქრობთ?

_ დიახ, ასე ვფიქრობ! ვერშბოუ პირდაპირ ამბობს, რომ ნატო იქნება საქართველოში, და არა ნატოში იქნება საქართველო. მადლობა უნდა ვუთხრათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი თანამდებობის ამ მოხელეს ასეთი გულახდილობისთვის. მან გვაცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამოგზავნიან ნატოს მრჩეველთაძირითად გუნდს”.

მიამიტები ვიქნებით, თუ დავიჯერებთ, რომ “ძირითადი გუნდი” მხოლოდ რჩევებითა და რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. ეს ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურას, როგორიც თავდაცვის სამინისტროა, ამერიკელი (ნატოელი) მრჩეველები უხელმძღვანელებენ. რასაც ვამბობ, ეჭვი და ვარაუდი კი არა, ათეული წლების განმავლობაში აშშისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ სატელიტ ქვეყნებში დანერგილი პრაქტიკაა. ეს ერთი.

მეორე და უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც უდიდესი საფრთხის შემცველია, ასეთია: თბილისიდან ორმოციოდე კილომეტრში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები დგანან. თუ “ნატოს ყოფნა საქართველოში” (დისლოცირების ადგილიც კი შეურჩიეს ვაზიანში) რეალობად იქცა, მაშინ რუსეთისა და ნატოს დაპირისპირების წინა ხაზი თბილისზე გაივლის.

რას ნიშნავს ეს ფეთქებადსაშიში სიტუაცია, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, და ბატონ ვერშბოუს მცდელობა, დაგვამშვიდოს, რომნატოს მრჩევლების ყოფნა საზოგადოებისთვის თვალშისაცემი არ იქნება”, ჩვენთვის თვალში ნაცრის შეყრაა”, ხოლო განცხადება, რომჩვენ (ნატო) არ განვიხილავთ პოტენციურ სცენარებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა”, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა, სხვა არაფერი.

ნატოს ცენტრის გახსნა საქართველოში რუსეთისთვის წითელი ქსოვილის თვალწინ აფრიალებაა. მართალია, ვერშბოუ არ განიხილავს “პოტენციურ სცენარებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა”, მაგრამ ერთ მშვენიერ დილას რომ გამოგვეღვიძება, შეიძლება, თბილისის ქუჩებში რუსული ტანკები დაგვხვდეს. ასეთი იქნება იმავე ვერშბოუს განცხადების _ “ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ წინ წავიდეთ” _ ჩვენთვის დამღუპველი შედეგი.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. საუბრის ბოლოს ბატონმა ანზორ მაისურაძემ განაცხადა:

_ საქართველოში 400 წელი ბატონობდნენ არაბები. ვერ გადაგვაგვარეს. 200 წელი ბატონობდნენ მონღოლები და ვერ გაგვამონღოლეს. 200 წელიწადი რუსეთის გუბერნია ვიყავით და ეროვნულობა მაინ შევინარჩუნეთ. ამერიკელები ამ ოციოდე წლის განმავლობაში ამაოდ ირჯებიან. ქართველების გაამერიკელებაზეჩაციკლვა”  განათლების დეფიციტურობიდან მოდის.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here