Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: ფილმში “სიკეთე მაინც მოდის” შეთხზული ამბები არ არის

ჯუმბერ პატიაშვილი: ფილმში “სიკეთე მაინც მოდის” შეთხზული ამბები არ არის

1236

2014 წლის 15 დეკემბერს ტელეკომპანია “ქართული ტელევიზიის” ოფისში გაიმართა პირველი სერიის პრემიერა დოკუმენტური მრავალსერიანი მხატვრული ფილმისა “სიკეთე მაინც მოდის”. ეს ფილმი ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის (“23 წლის შემდეგ”) მიხედვით არის გადაღებული.


წიგნი “23 წლის შემდეგჯუმბერ პატიაშვილის მიერ განვლილ წლებსა და მისი მოღვაწეობის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. წიგნის შინაარსი  ფაქტებსა და დოკუმენტებზეა აგებული, ნათლად არის ასახული, რა მოხდა წარსულში, როგორი საფუძველი უნდა ჩაეყაროს მომავალს. 2015 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან კი ამ ფილმსქართული ტელევიზიისეთერში აჩვენებენ. რაც მთავარია, მაყურებელს საშუალება აქვს, დასვას ნებისმიერი შეკითხვა, მათ შორის, ჯუმბერ პატიაშვილის მიმართ.

“სამწუხაროდ, 20-30 წლის ახალგაზრდებმა არ იციან საქართველოს ნამდვილი წარსული, ანუ იმ პერიოდისა, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობდით. ამ ახალგაზრდებს მწირი ინფორმაცია აქვთ ამ ყველაფრის შესახებ და არასწორ შეფასებებსაც ამიტომ აკეთებენ, რითაც ბევრს ვკარგავთ. როცა საუბარია დამოუკიდებლობაზე, თუ საქართველო მართლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, მითხრას ვინმემ, რომელი სფერო გვაქვს დამოუკიდებელი? ერთი მაინც დამისახელონ! სამწუხაროდ, მთელი საქართველო დამოკიდებულია დასავლეთზე, ამერიკაზე,” _ ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი.

ფილმის გადაღების ინიციატორია “ქართული ტელევიზიის” დამფუძნებელი, სახელგანთქმული ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე. ის კონსულტაციას უწევს ზალიკო ნემსაძეს, რომელსაც რეჟისორის საპასუხისმგებლო საქმე დაეკისრა.

ბატონ ჯუმბერს “ქართული ტელევიზია” ძალიან მოსწონს, ამიტომ სიხარულით შეხვდა იდეას, რომ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ასახავს, სწორედ ამ ტელევიზის ეთერში აჩვენებენ. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ამ ტელეარხზე მხოლოდ საქართველოს შესახებ გავა გადაცემები, დოკუმენტური ფილმები და ისტორიული მასალები… 9 აპრილის ტრაგედია, შემდეგ _ თბილისის ნგრევა, ქართველი ქართველს რომ კლავდა, აფხაზეთში ომი დავიწყეთ და დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ და ამ ყველაფერზე შეფასება არავის გაუკეთებია. სწორედ ამ პროცესების შეუფასებლობამ მოგვცა შედეგი, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ, ფილმში ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ასახული,” _ ამბობს ბატონი ჯუმბერი.

_ უკვე ერთი კვირაა, ფილმის “სიკეთე მაინც მოდის” პირველი და მეორე სერია “ქართული ტელევიზიის” ეთერში გადის. გამოხმაურებაც მაშინვე მოჰყვა და, როგორც ამბობენ, ძალიან დამაჯერებელია ფაქტები, რომლებიც ფილმშია ასახული. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩემი განვლილი გზაა… ფილმში ნაჩვენებია ის საგამოფენო დარბაზი, რომელიც მცხეთაში გავაკეთე და დეტალურად არის აღწერილი ყველა ფოტოს ისტორია. ასევე კარგად არის აღწერილი, 1980-იანი წლები როგორი წარმატებული იყო, როგორ ვაფასებდით წარსულს და რა როლი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა, როგორ დიდ პატივს ვცემდით კულტურის სფეროში მოღვაწე, დამსახურებულ ადამიანებს და კიდევ უამრავი რამ, რითაც დღემდე მოვედით.

_ კმაყოფილი ხართ ფილმით?

_ მთავარია, რომ ფილმში შეთხზული ამბები არ არის, მხოლოდ დოკუმენტური და ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციაა. გამოყენებულია საარქივო მასალები. სამწუხაროდ, სრულად ვერ მოვიძიეთ ყველა მასალა, მაგრამ, რაც ფილმის ავტორებმა მოიპოვეს, გამოყენებულია. მოგეხსენებათ, იმხანად ტელევიზიების ბუმი არ იყო, ამიტომ ყველა დეტალი აღბეჭდილი არ არის, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, ძირითადი მასალები მოგვეპოვებინა, ზოგი ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. ასე რომ, მაყურებელი ძალიან ბევრ, ახალ და საინტერესო ინფორმაციას გაიგებს.

_ ბატონო ჯუმბერ, რას ეტყვით მაყურებელს, რატომ უნდა უყურონ ფილმს  “სიკეთე მაინც მოდის”?

_ აუცილებლად უნდა უყურონ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია. ფილმის გადაღების ინიციატივა თვითონ ტელევიზიამ გამოიჩინა, ჩათვალეს, რომ გასული საუკუნის 80-90-იანი წლები საქართველოსთვის ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში მოხდა 9 აპრილი და შეიცვალა წყობა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ ახალგაზრდებმა ბევრი არაფერი იციან და, თუ იციან, _ დამახინჯებულად. ფილმში ნაჩვენებია ის პროცესები, თუ როგორ უცრუვდებოდათ ადამიანებს იმედები, როგორ ყალბდებოდა არჩევნები და ეს გამყალბებლები კვლავ ხელისუფლებაში არიან, არ დასჯილან; არადა, ბევრი მათგანის დანაშაული სისხლის სამართლის დანაშაულის ტოლფასია.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here