Home რუბრიკები საზოგადოება სიტყვაგაუტეხელები

სიტყვაგაუტეხელები

633

18 დეკემბრის ღამესაც გამოუდვია თავი იქაურ ნორდ-ოსტს (თუ რომელიღაც სხვა მიმართულებისას), ისე უმუშავია, რომ თბილისიდან წამოყოლილი გაფრთხილება, _ უღელტეხილი დაკეტილიაო, სიმართლედ უქცევია. დროებით მაინც. ყოველ შემთხვევაში, იმ ერთადერთი მანქანისთვის, რომლითაც “საქართველო და მსოფლიოს” კორესპონდენტი მარაბდა-კარწახის ტრანსერნოვნული მაგისტრალის მშენებლობის ხელმძღვანელს ოლეგ ბიჭიაშვილსა და მის მოადგილეს კოტე ნინიძეს მიჰყვებოდა საინსპექციო მივლინებაში.


დროებითიო, რომ ვთქვი, ერთ საათს გაგრძელდა უძრაობის დრო-ჟამის ეს მონაკვეთი; გაგრძელდა და გაიჭიმა იმიტომ, რომ თოვლწაფენილ გზაზე ავად თუ კარგად მიმავალებს გზის გასაწმენდად გამოსულმა ტექნიკამ _ სკრეპერმა და გრეიდერმა _ თოვლის ისეთი გროვა მოგვაყარა, რომელსაც, იაპონური “ტოიოტა” კი არა, რუსული ტანკი _ “ტ-78”-ც ვერ გადალახავდა.

მოგვაყარა და განაგრძო გზა უღელტეხილის მეორე ბოლოსკენ.

ვაი-ვიში რას უშველიდა.

დაველოდეთ.

მაინც იმათი გამოსაყვანი გავხდით თოვლისგან თავისუფლებააღკვეთილები.

მოკლედ, ზამთარია სამცხე-ჯავახეთის ზეგანზე, ყინვა _ 2-დან 4 გრადუსამდე და ცივი, ძალიან ცივი ქარი, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს.

სოფლები მიძინებულია, როგორც დათვი ზამთრის თვეებში. გზები _ სისხლისგან დაცლილი ვენები სიცოცხლე წართმეული სხეულის.

რკინიგზის მშენებლები კი თავგამოდებით მუშაობენ.

_ ავრალია, ბატონო ოლეგ?

_ ავრალების დრო წავიდა… უნდა დავასრულოთ ის სამუშაო, რომელიც წლეულსვე გვქონდა მოსამთავრებელი. ეს ერთი. მეორე _ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს 2014 წლის ბოლოს მშენებარე რკინიგზის ჩვენს მონაკვეთზე _ თბილისიდან კარწახამდე, რომელიც თურქეთთან საზღვრისპირა სადგურია, გაგვეტარებინა სატესტო მატარებელი. ეს წინადადება მივიღეთ, როგორც დავალება, ვთქვით, რომ წლევანდელ ეტაპს ამით დავასრულებდით. ახლა ვმუშაობთ, რათა სიტყვა არ გავტეხოთ.

_ “სატესტო მატარებელირას ნიშნავს, ბატონო ოლეგ?

_ “სატესტო მატარებლის”, იგივე “მუშა მატარებლის” გავლა ნიშნავს, რომ რკინიგზის ლიანდაგის დაგება დამთავრებულია. ცხადია, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რკინიგზის ჩვენი მონაკვეთი საექსპლუატაციოდ მზად არის. ამას დრო სჭირდება. ეს დრო მთელი 2015 წელიწადია.

“საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს გავახსენებ, რომ ახალქალაქიდან კარწახამდე 27 კილომეტრის მანძილზე ლიანდაგი ევროპული სტანდარტის, ანუ ვიწროგანივისაა, რაც 1435 მილიმეტრს უდრის. ახალქალაქამდე ჩვენი ლიანდაგის სიგანე 1520 მილიმეტრია. ასეთი განსხვავება გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა, მაგრამ დღეისთვის ყველაფერი დავძლიეთ და, როგორც ვვარაუდობთ, 25 დეკემბრის შემდეგ შევძლებთ სატესტო მატარებლის კარწახში მიღებას.

_ თქვენი სტუმრები მატარებლით იმგზავრებენ?

_ არა, რადგან ჩვენ არ გვაქვს ვიწრო ლიანდაგის, ანუ ევროსტანდარტის სამგზავრო ვაგონები. ამ რიტუალს მომავალი წლის ბოლოსთვის გადავდებთ, იმ პერიოდისთვის, როცა ხაზი საექსპლუატაციოდ ჩაბარდება.

* * *

შრომობენ მშენებლები ამ ყინვასა და ქარაშოტში ტრიალ, უკაცრიელ მინდორში, სადაც დღევანდელი ცივილიზაციის ნიშანი სწორედ რკინიგზის ლიანდაგია. სხვა _ არაფერი. აქაური ზამთრის სითეთრეში მაინც. რელსებს აწყობენ ბეტონის შპალებზე _ გიგანტური როიალის ჰორიზონტამდე გაჭიმულ კლავიშებზე, რომლებზეც მატარებლის ბორბლები მარადიულ და უცვლელ მელოდიას დაუკრავენ, დღეს თუ არა, ხვალ. სულ მალე. _ დაგ-დაგ, დაგ-დაგ! _ და ამ სიმარტივეში ჩადებული იქნება შრომის დიდებულებისა და კაცური ღირსების ჰიმნი _ მარტივი და გასაგები, როგორც თვით ჭეშმარიტება.

ახლა კი იმ კლავიშებზე ტონა-ნახევრიან რელსებს დებენ თავიანთი საქმის პროფესიონალები _ ამწის მემანქანე და ის მუშები, რომლებიც ბურლაკებივით წელში მოხრილები (შორეული ასოციაცია სეროვის ტილოსთან “ბურლაკები ვოლგაზე”), ძლიერი მკლავებით ზუსტ მიმართულებას აძლევენ რელსების “წნელებს” შპალებისკენ.

მშენებლობის უფროსის გამოცდილი თვალი მაინც ამჩნევს მილიმეტრებით გადახრას და უსწორებს მუშებს ლარსა და ხაზს:

_ ცოტა უფრო მარჯვნივ! ცოტაც! საკმარისია.

_ რა სამუშაოები ტარდება ამ დასკვნით ეტაპზე, ბატონო ოლეგ?

_ ამ ეტაპზე ლიანდაგის პირაპირების შეერთება ხდება, შეგვაქვს ღორღი, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები და ა. შ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასეთ რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. წელიწადის განმავლობაში 6 თვე აქ ასეთი მძიმე პირობებია.

* * *

აქ რომ ლიანდაგს აგებენ, მოშორებით _ იქ, სადაც ტყის კორომია, ხიდის ბურჯის დაბეტონებას ამთავრებენ, რკინიგზაზე გადასატარებელი ხიდისას. კოცონი დაუნთიათ პატარა. უფრო მორალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, თორემ იმ ფიჩხისა და ფიცრების ნარჩენების ცეცხლით გამთბარი ადამიანი ჯერ არავის უნახავს.

გაბოლილი _ კი.

_ დამთავრდება მშენებლობა და დადგება პრობლემა რკინიგზის ექსპლუატაციის. მზად ვიქნებით პროფესიონალი კადრებით მისი დაკომპლექტებისთვის?

_ მას შემდეგ, რაც საექსპლუატაციოდ გადაეცემა ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთი, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება კადრებით დაკომპლექტების პრობლემის გადაწყვეტა.

ეკონომიკის სამინისტროს სწორად აქვს აღქმული შექმნილი ვითარება. პირადად მინისტრიც გვეხმარება. მის წინაშე დავაყენეთ საკითხი საქართველოს რკინიგზასთან არსებული კოლეჯის შექმნის თაობაზე, რომელსაც დააფინანსებს სახელმწიფო. ასეთი გადაწყვეტილება, სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგების გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო, მაგრამ გვაბრკოლებს შესაბამისი ბაზის უქონლობა.

საქართველოს რკინიგზას ასეთი ბაზის გამოყოფის საშუალება ჰქონდა, მაგრამ ყოფილი ხელისუფლების დროს დავით აღმაშენებლის პროსპექტზე მდებარე შენობა, რომელიც 1937 წელს იყო აგებული და რკინიგზის ბალანსზე ირიცხებოდა, სახელმწიფომ ჩამოართვა. 4 წელიწადია, ის შენობა უფუნქციოდ არის დატოვებული, სწავლების არავითარი პროცესი იქ არ მიმდინარეობს, არადა, სწორედ ამისთვის ააგეს თავის დროზე _ რკინიგზელთა სწავლებისა და პროფესიული გადამზადებისთვის. აუდიტორიების პრინციპით დაგეგმარებული და აგებული ეს შენობა, არა მგონია, რაიმე სხვა ფუნქციური დატვირთვისთვის გამოდგეს. მის ეზოში საქართველოს რკინიგზამ ააშენა ოთხსართულიანი საერთო საცხოვრებელი მოსწავლეთათვის და ამით შეიკრა ციკლი ჩვენი რკინიგზისთვის კადრების მოსამზადებლად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ახალგაზრდების მოსაზიდად.

დღეს კადრები ქუჩიდან აგვყავს. მათ დაოსტატებაზე უკვე სამუშაო პროცესში იხარჯება წლები, რადგან რკინიგზელის პროფესია უაღრესად რთულია და მოკლე დროში მისი ათვისება კი _ პრაქტიკულად შეუძლებელი.

ბატონმა ოლეგმა პოპულარულად ახსნა, რომ მშენებარე უბანი დამატებითი სპეციფიკურობით არის გამორჩეული თავისი აღმართ-დაღმართებით, მოსახვევებით და ა.შ. რომ, თუ მოლითი-წიფას გადასარბენზე აღმართი 28 მეათასედიანია, აქ, სამცხე-ჯავახეთზე გამავალ რკინიგზაზე შვიდი 35 მეათასედიანი “უღელტეხილია” გასავლელი. ამ სირთულეების მქონე უბანს რომ განსაკუთრებულად მომზადებული პროფესიონალების მომსახურება სჭირდება, ეჭვგარეშეა.

მაგრამ ასეთი პროფესიონალების მომზადება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ სპეციალურ ბაზაზეა შესაძლებელი. მარაბდა-კარწახის უბანზე 1600-მა ადამიანმა უნდა იმუშაოს. მათი მომზადება ახლავე თუ არ დაიწყეს, ხვალ გვიან იქნება.

საქართველოს რკინიგზას კადრების გადამზადებაც უჭირს, მიზეზი იგივეა _ ბაზის უქონლობა.

_ ჩემი მონაცემებით, _ ამბობს ბატონი ოლეგი, _ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს რკინიგზაზე არც ერთი თანამშრომელი არ გადამზადებულა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩამორჩენილები ვართ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასდარგში მეცნიერების უახლოეს მიღწევებს.

არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ახლავე უნდა მიხედვა. როგორც გითხარით, რკინიგზის ჩვენს უბანს მომავალი წლის ბოლოს გადავცემთ საექსპლუატაციოდ, მაგრამ ჩვენი პარტნიორები თურქეთში, სულ ცოტა, ერთი წლით ჩამოგვრჩებიან და სამუშაოების დამთავრებას დადგენილ ვადაში ვერ ასწრებენ. მათი განცხადებით, 2015 წლის ბოლოსთვის მხოლოდ მიწის ვაკისს ააშენებენ და ლიანდაგის ზედნაშენს განათავსებენ. ელექტრიფიკაციის სამუშაოების დასრულებას არც გვპირდებიან.

არმაზ სანებლიძე

P.S. დასასრულ _ ერთი რამ, რასაც რკინიგზის მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

თიგმანტაჟის უღელტეხილზე თოვლში რომ ჩავრჩით და ირგვლივ სულიერი რომ არ ჭაჭანებდა, მიწაზე გართხმული თეთრი ღრუბლიდან მოულოდნელად იშვა შავი სილუეტი _ გამოფრინდა აქაური ციური სივრცის რომელიღაც მბრძანებელი  _ არწივი? ქორი? _ ვერ გეტყვით. ნელა, დინჯად, ფრთების არაბუნებრივად მძიმე მოძრაობით ისე გადაგვიფრინა, რომ ლამის შეეხო მანქანას.

ბედისწერის გარდაუვალობით თავს გადაგვევლო და ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორადაც იშვა.

რისი ნიშანია?

საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?

უხილავია ყოველი ცოცხალი თვალისთვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის” (იობი, 28,20-21).

 

1 COMMENT

  1. ძლივს არ წავიკითხერაღაც,რაც გულს ესიამოვნა?გილოცავ ახალ წელს ჩემო ლამაზო სამშობლოვ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here