Home რუბრიკები პოლიტიკა გია მეფარიშვილი: ომი მოხდა, დავკარგეთ ტერიტორია, ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ...

გია მეფარიშვილი: ომი მოხდა, დავკარგეთ ტერიტორია, ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკური კურსი წარმატებული იყო?

544

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენებსა და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი გვესაუბრება.


_ ბატონო გია, როგორ შეაფასებთ 2014 წელს განვითარებულ სამართლებრივპოლიტიკურ პროცესებს? ეს წელიწადი ახალი ხელისუფლებისთვის მმართველობის მეორე წელი იყო და შეიძლება ერთგვარად შევაჯამოთ კიდეც მისი საქმიანობა. ხელისუფლების შეცვლასთან ერთად როგორ შეიცვალა ვითარება _ გამართლდა საზოგადოების მოლოდინი?

_ 2014 წელი ურთულესი წელიწადი იყო საქართველოს ისტორიაში და მან საკმაოდ პესიმისტური კვალი დატოვა. საქართველოსთვის ყველაზე მთავარი და მტკივნეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მიმართულებით წელს პოზიტიური არაფერი მომხდარა, პირიქით _ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მდგომარეობა არ გამოსწორებულა _ ლტოლვილები მშობლიურ კერაზე არ დაბრუნებულან და, რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგენილა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: 2014 წელს მთავრობას არ შეეძლო ამ ურთულესი პრობლემის მოგვარება, მაგრამ გარკვეული შედეგები, თუნდაც მოლაპარაკებების დონეზე, მაინც უნდა  ყოფილიყო. სამწუხაროდ, სიტუაცია გაყინულია. ვერ მოხერხდა დიალოგი რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის, არადა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გასაღები რუსეთშია. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კარგია, მაგრამ, თუ საქართველომ ვერ შეძლო დიალოგის წარმართვა მეზობელთან, რუსეთის ფედერაციასთან, არაფერი გამოვა.

ახალი ხელისუფლების საქმიანობაში აღსანიშნავია დადებითი მომენტებიც: დაიწყო ქართული სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი; ზრუნვა _ აგრარულ საკითხებსა და ქართულ სოფელზე; დეპოლიტიზაციის პროცესი _ სამართალდამცველ ორგანოებში, თუმცა იქ სიტუაციის შეცვლას მუხლჩაუხრელი შრომა და დიდი დრო დასჭირდება. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომლებსაც ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა. რაც მთავარია, სამართლიანობა არ აღდგენილა, ადამიანებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება არ დაუბრუნებიათ, კვლავ მძიმეა სოციალური ფონი… სამართლიანობის აღდგენის იგნორირება ხელისუფლების დიდი მარცხია.

წელს აქტუალური იყო სატელეფონო საუბრების მოსმენის საკითხი. განსაკუთრებით აქტიურობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ პოლიციას არ უნდა ჰქონოდა სატელეფონო საუბრების მოსმენაზე წვდომა. საქართველოს მთავრობა კი პირიქით _ ამტკიცებდა, აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადო. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა შექმნილიყო სპეციალური პროკურორის თანამდებობა, რომელიც კანონის შესრულებაზე განახორციელებდა ზედამხედველობას. მერწმუნეთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ან რომელიმე კომისია ამას თავს ვერ გაართმევს. დღეს სამართალდამცველებს ამა თუ იმ  მობილურ კომპანიაში შესვლა საერთოდ არ სჭირდებათ, ისე შეუძლიათ სატელეფონო საუბარი მოისმინონ, ამის საშუალებას იძლევა სპეციალური აპარატურა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს.

  რაც შეეხება ამაჟამინდელ ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მან თავისი რესურსი პრაქტიკულად ამოწურა და ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესები კიდევ უფრო გაღრმავდება, ვინაიდან კრიზისი ნათლად ჩანს.

მიმდინარე წელს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებებსა და დამატებებზე მუშაობს, თუმცა აღვნიშნავ, რომ საკმაოდ უხერხული მდგომარეობაა _ კონსტიტუციაში უკვე სამოცამდე ცვლილებაა განხორციელებული, მხედველობაში მაქვს 1995 წლის კონსტიტუცია, და ახლა კვლავ მზადდება ცვლილებების პაკეტი. როგორც ჩანს, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გადასწორდება. სამწუხაროდ, ეს არც პირველი იქნება და არც ბოლო…

_ იურისტების განცხადებით, კონსტიტუციაში ცვლილების ხშირად შეტანა გაუმართლებელია.

_ კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, სტაბილური კონსტიტუცია კი _ ქვეყნის სტაბილური განვითარების საფუძველი. თუმცა, რეალურად ჩვენ არც სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს და არც _ ეკონომიკური. კანონშემოქმედებით საქმიანობა კი პოლიტიკური პროცესების სარკეა. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია რამდენჯერმე გადაასწორეს, განსაკუთრებით _ 2003-2011 წლებში, მოარგეს ცალკეულ პიროვნებებს. არ მინდა დავიჯერო, რომ ანალოგიური რამ მოხდება ახლაც. იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც დაახლოებით 2015 წლის მაისისთვის უნდა განხორციელდეს, დიდი ოპტიმიზმით განწყობილი არ ვარ.

_ თუ ითვალისწინებს ხელისუფლება საზოგადოების, იურისტების მოსაზრებებს?

_ საზოგადოება შუაზეა გახლეჩილი. უფროსი და უმცროსი თაობები ერთმანეთთან ჰარმონიულ თანამშრომლობას ვერ ახერხებენ. დააკვირდით, სახელმწიფო სამსახურებში ისევ სულ ახალგაზრდები არიან. ეს ძალიან კარგია, მაგრამ პოზიტივს ვერ შექმნის, თუ თაობებს შორის თანამშრომლობა არ შედგა. იურისტები, რომლებიც ახლა კანონშემოქმედებითი საქმიანობით არიან დაკავებულნი, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და შედეგიც შესაბამისია.

_ პრემიერმა ღარიბაშვილმა პროკურატურაში რეფორმების დაწყებასა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა

_ სერიოზულად ვარ შეშფოთებული პროკურატურის გამო. ვერ გეტყვით, როგორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, ვინ იქნებიან მისი წევრები, მაგრამ მათ მიმართ, ვინც ემზადებიან ამ ჯგუფში სამუშაოდ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. მე, როგორც ერთერთჩარეცხილპროფესორს, მერჩივნა, ჯგუფში ყოფილიყვნენ იმ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ სტრუქტურასთან და პროფესიონალურად იმუშავებდნენ ამ საკითხებზე, მაგრამ საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე წყდება.

_ რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ თუნდაც ვანო მერაბიშვილის ან ბაჩო ახალაიას გახმაურებულ საქმეებზე მყარი არგუმენტების წარმოდგენა?

_ ეს რთული თემაა. ყველაფრის დაბრალება პროკურატურისთვის არ იქნება მართებული. მას თავისი შეცდომებიც ეყოფა. პროკურატურას არ ჰქონდა ბერკეტები ამ პროცესების წარმატებით დასაძლევად. იყო უხეში საკადრო შეცდომები, პოლიტიკური ზეწოლა, გაუაზრებელი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან მაფიქრებს, განსაკუთრებით _ კანონი პროკურატურის შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ პირობებში დეპოლიტიზებული პროკურატურის შექმნა ურთულესი ამოცანაა. 

_ საქართველოს პრემიერი დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას დიალოგის დაწყებაზე, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. შესაძლებლად მიგაჩნიათ ამ შეხვედრის გამართვა  და რას უნდა ველოდოთ?

_ მგონია, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართება, რადგან ვერ ვხედავ რეალურ პირობებს. ჩემი პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია, მაგრამ ამის საფუძველს მაძლევს ის კონკრეტული გარემოებები, რომლებიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობს. დიახ, ქართველი და რუსი საზოგადოებები ითხოვენ, ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესი უკვე ძალიან დაგვიანებულია. თუმცა მხარდაჭერას გამოვუცხადებდი საქართველოს ლიდერებს, თუ ასეთი შეხვედრები და მოლაპარაკებები დაიწყებოდა, რადგან, როდესაც შენს უკან ხალხი და ქვეყანა დგას, ბუტიაობა გამოსავალი არ არის. პუტინმა განაცხადა, დიალოგი დაიწყეთ აფხაზებთან და ოსებთანო, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუ რუსეთმა საშუამავლო ფუნქცია არ დაიკისრა, ეს მოლაპარაკებები არ გაიმართება. რუსეთი კი ამას არ გააკეთებს, რადგან ამ რეგიონების დამოუკიდებლობა უკვე აღიარა. მოთხოვნა კი, უკან წაიღოს თავისი სიტყვები, არარეალური იქნება. ჩნდება კითხვა _ რა პირობებით უნდა გაიმართოს ეს შეხვედრა, როცა სრულიად იგნორირებულია რუსეთთან ურთიერთობის საკითხები?  სამწუხაროდ, ქართული დიპლომატია სათანადო დონეზე არ დგას.

_ თუმცა წინა ხელისუფლება საკმაოდ აქტიურად მუშაობდა საგარეო პოლიტიკური მიმართულებით

_ “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო პოლიტიკა რუსეთის მიმართ სრული კატასტროფა იყო, რაც 2008 წელმა დაადასტურა. ასე რომ, ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ექსპერტისა და პოლიტოლოგის მოსაზრებას, თითქოს “ნაციონალები” ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად ინტენსიურად მუშაობდნენ. ომი მოხდა, დავკარგეთ ტერიტორია, ამის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური კურსი წარმატებული იყო?

რაც შეეხება ხელისუფლებაში “ნაციონალების” დაბრუნებას, 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” ქართველმა ხალხმა ერთხმად უთხრა _ არა! მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სუსტია, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან. ვიღაცის მიერ გარედან თავსმოხვეული პოლიტიკური ძალა, თუ მას მოსახლეობამაც არ დაუჭირა მხარი, ხელისუფლების სათავეში ვერ მოვა. ხალხი კი “ნაციონალებს” მხარს აღარ უჭერს. ნაციონალური მოძრაობა”, გარკვეული ტრანსფორმაციის შემდეგ, შესაძლოა, ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინოს.

_ “ნაციონალებიხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან უფრო მკვეთრი პოზიცია არ გამოხატა უკრაინის მოვლენების მიმართ. კანონიერი იყო მათი მოწოდება ქართველი ჯარისკაცებისადმი, იმსახურონ უკრაინის ჯარში?

_ ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც ვეთანხმები ხელისუფლებას, უკრაინის საკითხია. უკრაინა ჩვენი მოძმე ქვეყანაა და მხარში უნდა ამოვუდგეთ, დავეხმაროთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში, მაგრამ, როდესაც სამხედრო მხარდაჭერაზეა საუბარი, სიფრთხილეა საჭირო. საქართველო სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ან რა სამხედრო დახმარების პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას? ეს ჩვენი საქმე არ არის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here