Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათი განეიტრალების გზები

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათი განეიტრალების გზები

1306

13 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” სასტუმრო “ვერე-პალასში” უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გამართა. რა საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? რა გამოწვევების წინაშეა საქართველო და, საზოგადოდ, ჩვენი რეგიონი? _ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა დამსწრე საზოგადოება. სამხედრო ექსპერტებმა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და ჩვენი რეგიონის მიმართ მსოფლიოში მიმდინარე საფრთხეების ანალიზი წარმოადგინეს.


არასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი ამბობს, რომ დღეს რეგიონის და ზოგადად, მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების გაანალიზების გარეშე, საქართველოს წინაშე მდგარი საფრთხეების ანალიზი არაფრის მომცემია: “როგორც წესი, ჩვენი ექსპერტები და პოლიტიკოსები მხოლოდ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე მსჯელობენ ხოლმე, რაც არასწორია. საქართველო მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გვინდა თუ არა, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ამას გარდა, მოწინააღმდეგეს კარგად უნდა იცნობდე. ლოზუნგებითა და ყოველდღიურიტვინის გამორეცხვით”, რომ ხვალ ნატოში შევალთ და ავშენდებით, პრობლემები არ მოგვარდება.

აქედან გამომდინარე, დავით თევზაძის მოხსენება რუსული ისტებლიშმენტის თვალით დანახულ საფრთხეებს და ამ კონტექსტში საქართველოს შეეხებოდა. ვახტანგ მაისაიას მოხსენება, ძირითადად, სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდებოდა, თამაზ იმნაიშვილმა სცადა, გლობალურ ჭრილში და ლოკალურადაც ეჩვენებინა, რა გამოწვევებია დღეს საქართველოს წინაშე და როგორ შეიძლება, მათ გავუმკლავდეთ. სიმონ კილაძემ კი წარმოადგინა, თუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი მედიასა და სოციალურ ქსელებში. ჩვენთან ძალიან ხშირად ინტერნეტიდან აიღებენ ვიღაცის სენსაციურ ნათქვამს, კონტექსტიდან ამოგლეჯილს, და ეს ჰგონიათ რუსული სახელმწიფოს თვალსაზრისი.   

დავით თევზაძე, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი:

_ კონფერენცია მიზნად ისახავდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე იმ საფრთხეების გამოკვეთას, რომლებსაც შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი საქართველოსთვის, ასევე ამიერკავკასიისთვის და, როგორც ახლა იკვეთება, აღმოსავლეთ ევროპისთვისაც არის რუსეთი. ამიტომ შევეცადე, ამ ყველაფრისთვის რუსეთის სამხედრო სტრატეგიული მიდგომებიდან გამომდინარე შემეხედა და მეპოვა პასუხი კითხვაზე _ რატომ იქცევა რუსეთი ასე და არა სხვაგვარად? როდესაც ჩვენ რუსულ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ვლაპარაკობთ იმპერიაზე, იმპერიალიზმზე, მტერზე და ა. შ. რაც არ ხსნის მოქმედების იმ ლოგიკას, რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, საერთოდ, ყველა საფრთხის განეიტრალება შესაძლებელია. სწორედ ეს არის პოლიტიკა, თუმცა გააჩნია, როგორ შეხედავს ამას პოლიტიკური ელიტა, რომელიც დღეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მართავს.

რაც შეეხება რუსეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს, უნდა ითქვას, რომ რეალურად დღეს პირველი რიგის საფრთხე რუსეთისთვის სტრატეგულ და ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩინეთია. 30-50 წლის შემდეგ ჩინეთს შეუძლია, რუსეთს პრობლემები შეუქმნას. ამისთვის კი რუსეთს საზღვრები მყარად უნდა ჰქონდეს დაცული. არსებობს დაუცველი საზღვარი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის. ამიტომ, ბუნებრივია, ამ ფონზე რუსეთისთვის რამდენიმე სტრატეგიული ამოცანა იკვეთება: შეაკავოს დეზინტეგრაციის საფრთხე, რაც ნიშნავს კავკასიის ამოგდებას ამ საფრთხეთა ნუსხიდან; შეაკავოს ცენტრალური აზიიდან მომდინარე საფრთხე და რეგიონი ერთ ეკონომიურ სივრცედ შეკრას, რაც მას საშუალებას მისცემს, მომავალი 20-50 წლის განმავლობაში შექმნას ჩინეთის შემაკავებელი პოტენციალი. ეს ამოცანები 2008 წელსაც ნათლად იკითხებოდა. აქედან გამომდინარე, თუ არ გინდა, რუსეთი ისე მოიქცეს, როგორც იქცევა, არც შენ უნდა მისცე ამის საბაბი. ეს ძალიან მარტივია, ეს არის სქემა, როგორ უნდა მოაგვარო დიპლომატიური ურთიერთობები. ევროკავშირი მაინც ეკონომიკური სივრცეა და ამაზე რუსები არ გვედავებიან, მაგრამ ნატო სამხედრო სივრცეა და საქართველოს ნატოში გაწევრებას ისინი არ დაუშვებენ.

თამაზ იმნაიშვილი, საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი:

_ თანამედროვე დიდ სტრატეგიაში უკვე შემუშავებულია ახალი სამეცნიერო მიმართულება, რომელსაც “ჩრდილის თეორია” ჰქვია. ევრაზიის კონტინენტზე, საქართველოს სიახლოვეს, დღეს სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, ყოველი ასეთი პროცესის ჩრდილი ჩვენს ქვეყანაზე აისახება. ამჟამად საქართველოს გარშემო 4 სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს.

პირველი _ ეს არის აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, მოკლევადიან რეჟიმში ეს ყველაზე დიდი საფრთხის მქონეა საქართველოსთვის.

მეორე კონფლიქტი, რომლის ჩრდილიც საქართველოს ეცემა და დიდი რისკის მქონეა, არის სირიასა და ერაყში ისლამური ხალიფატის შექმნის პროცესი და საომარი მოქმედებები. თავისთავად მას აქვს საყრდენი საქართველოში, პანკისის ხეობასა და აჭარაში. არაბების გაერთიანება დიდ კატაკლიზმებს გამოიწვევს და მსოფლიო სამხედრო და გეოპოლიტიკურ კრიზისებამდე მივა.

მესამე ჩრდილი _ ეს არის დიდი თურანის პროექტი, რომელიც თურქული მოდგმის ხალხების, რელიგიურ, კულტურულ, სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკური სივრცეში გაერთიანებას გულისხმობს და თავის მხრივ, სამ ეტაპს მოიცავს. უნდა ითქვას, რომ პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ეს არის თურქეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის გაერთიანება, მათ აქვთ საკუთარი დროშა, ჰიმნი და ხელშეკრულებები გაფორმებული ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანების თაობაზე. ამ სივრცეში საქართველო არათურქული მოდგმის ერთგვარი ლაქაა. ერდოღანის იდეაა, საერთო მუსლიმანური ნატოს შექმნა. სააკაშვილისა და ერდოღანის თანამშრომლობის შედეგად კი ის მივიღეთ, რომ თურქეთის 65 ათასი მოქალაქე საქართველოს მოქალაქეცაა, ხოლო 2009 წლის შემდეგ დაიწყო სერიოზული რელიგიური ექსპანსია. ის, რაც ხდება საქართველოში, უპირველესად, საქართველოს ხელისუფლების დანაშაულია. საქართველოში დღეს რელიგიური და კულტურული ექსპანსია მიმდინარეობს. ყოველ არხზე ყოველდღე თურქული სერიალები გადის და დარწმუნებული ვარ, ეს თურქული სერიალები “25-ე კადრის” პრინციპითაა აგებული. წელს ასეთი შემთხვევა მოხდა: ლანჩხუთის რაიონში, ეკლესიაში, ქალბატონი აღსარებას ამბობდა და მან მამაოს უთხრა, _ ალაჰმა დაგლოცოს, მამაოო. აი, აქამდე მივედით.

  მეოთხე _ ეს არის ყარაბაღის კონფლიქტი, რომლის ჩრდილიც ეცემა საქართველოს. ეს კონფლიქტი ვულკანივით იღვიძებს და, თუ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, უპირველესი საფრთხე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, იქიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილის საქართველოში შემოსვლა იქნება. ამას გარდა, ეს, დიდი ალბათობით, იქნება რეგიონული ომი და შეიძლება, კავკასიასაც გასცდეს.

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

 _ ჩემს მოხსენებაში ყურადღება გავამახვილე სამხრეთიდან მომდინარე ისლამური ხალიფატის რთულ და ვერაგ საფრთხეზე, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება საქართველოს. ამის წინაპირობად შეიძლება განვიხილოთ ბოლო ხანს მომხდარი ის რელიგიური ტიპის ინციდენტები, რომლებიც ამ საფრთხეს კიდევ უფრო აჩქარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენი შეხვედრის დღევანდელი პათოსიც ეს იყო _ როგორ არ უნდა გავაღიზიანოთ სავარაუდო მოწინააღმდეგე. ამ შემთხვევაში საუბარი ეხებოდა რუსეთს თუმცა, აუცილებელია, გავაანალიზოთ, როგორ არ უნდა გავაღიზიანოთ ის ძალა, რომლის უკანაც რადიკალური ისლამი დგას. ვიტყოდი, რომ მთლიანობაში ორივე საფრთხე, ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც მომდინარე, არის გეოპოლიტიკურად მწვავე და ამ ყველაფერმა, შესაძლოა, საფრთხე უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნას.

სიმონ კილაძე, ქართულამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი:

_ უცხოურ მედისაშუალებებში საკმაოდ აქტიურად შუქდება ის მუქარები და გამოწვევები, რომლებიც საქართველოს შეიძლება საგარეო და სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით ჰქონდეს. განსაკუთრებით აქტიურობს რუსეთის მასმედია. ამას წინათ რუსულ პოპულარულ საიტზე გამოქვეყნდა მიხეილ ჩერნოვის სტატია სათაურით  “რუსეთი სომხეთის საზღვრებთან გავა”. ჩერნოვი წერს: “რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებებს აფორმებს, რომლის მიხედვით, იქმნება საერთო სამხედრო, სამართლებრივი და საბაჟო სივრცე. ამასთანავე, რუსეთი დაინტერესებულია ტრანსკავკასიური საავტომობილო მაგისტალის განვითარებით, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის საშუალებით აერთიანებს. მოსკოვი ასევე განიხილავს ალაგირი-ცხინვალის 160-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოეთკავკასიურ სარკინიგზო მაგისტრალს ტრანსკავკასიურ მაგისტრალთან დააკავშირებს. აღნიშნული “დასავლური” მარშრუტი სომხეთში, გორის რაიონის, თრიალეთის, ოსეთისა და სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის გავლით გადის. ხელისუფლების ძალისმიერი გადაყენების ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში, შესაძლოა, უკრაინული სცენარი განვითარდეს, ასეთ პირობებში კი რუსეთი არამხოლოდ დაიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ იძულებული იქნება, უზრუნველყოს მოსახლეობის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სილვია შტოიბერის სტატია, “პოლიტიკური ნოემბერი საქართველოში. დგას თუ არა საქართველოს დასავლური ორიენტაცია კითხვის ქვეშ”. ავტორი წერს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე შიგნიდან ემუქრება. ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მმართველმა კოალიციამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა დაპირებები, რომლებიც მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს. ეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით საფრთხის მომასწავებელია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში. ანალოგიური სიტუაციაა პანკისის ხეობაში, რის გამოც ახალგაზრდები მუსლიმანურ რეგიონებში მიდიან და ტერორისტებად ყალიბდებიან. საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით უნდა ახორციელებდეს ამ ყველაფრის მონიტორინგს და დროულ რეაგირებას ახდენდეს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here