გაეროს კლიმატის სამიტმა მშვიდობით ჩაიარა. პრეზიდენტი თავის ადგილას დარჩა და ჩვენი დელეგაციაც ღირსეულად წარმოჩნდა, თუმცა ამ სამიტს გაუგებრობებიც ახლდა. მაგალითად, ვერავინ გაიგო, პრემიერი თითქმის მთელი მინისტრთა კაბინეტით რატომ იყო იქ წასული? ასევე ვერავინ მიხვდა, რაზე ისაუბრა ღარიბაშვილმა და როგორ უნდა შეამციროს ნახშირორჟანგი? პრემიერის გამოსვლამ ბევრ ჩვენგანს, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ მიხელ სააკაშვილის გამოსვლა გაახსენა, პოლარული დათვების გადარჩენაზე რომ ისაუბრა… სოსო ცინცაძის აზრით, კლიმატის სამიტზე საქართველოს არაფერი ესაქმება და ამ საკითხებზე მხოლოდ ზესახელმწიფოები მსჯელობენ.
_ ბატონო სოსო, საქართველოს მოსახლეობა ახლახან დიდი დავისა და კამათის მომსწრე გახდა საკითხზე, თუ ვინ უნდა წასულიყო გაეროს კლიმატის სამიტზე დასასწრებად _ პრეზიდენტი თუ პრემიერი. ნიუ იორკში ღარიბაშვილი გაემგზავრა. მისი გამოსვლა, ალბათ, მოისმინეთ… მნიშვნელოვანი იყო კლიმატის სამიტზე ქვეყნის პირველი პირის ან პირების დასწრება და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ სამიტს ჩვენი ქვეყნისთვის?
_ კლიმატის სამიტზე საქართველოს არაფერი ესაქმება. ეს სამიტი ეხება გამონაბოლქვისა და მავნე გაზების შემცირების საკითხს, რომელთაც ზემძლავრ ეკონომიკასთანაა დაკავშირებული. ტოკიოს პროტოკოლს, რომელიც გამონაბოლქვის რაოდენობის შეზღუდვას ეხება, ამერიკა ხელს არ აწერს, არ ცნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეკონომიკას საფრთხე დაემუქრება. ეს არის ზესახელმწიფოების გადასაწყვეტი საკითხი. საქართველოსთვის ასეთ შეხვედრას ის მნიშვნელობა აქვს, რომ პერსონიფიცირებულია _ პირველი პირები და მისი თანმხლებნი კოლეგებთან პირად კონტაქტებს აყარებენ.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი ღატაკი ქვეყნისთვის, თანაც საკმაოდ იმიჯშელახულისთვის, სამიტზე გამგზავრება პირველი პირების დაპირისპირებად ღირდა? კახა იმნაძე, ჩვენი ელჩი გაეროში, თავს ვერ გაართმევდა?
_ გაართმევდა, მაგრამ ახალ მთავრობას სამიტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების გაცნობა უნდოდა. პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების მიზეზი კი სულ სხვაა, სამიტი არაფერ შუაშია. დემოკრატიული ქვეყნის იმიჯის შექმნა თუ გვინდა, გარემოცვამ მათი დაპირისპირება უნდა გაანეიტრალოს.
დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას: რა მნიშვნელობა ჰქონდა კლიმატის სამიტს საქართველოსთვის? _ არანაირი. ჩვენს ხმას იქ ფასი არ აქვს. რომელთაც სიტყვა ეთქმით, ის ქვეყნები ამ სამიტს საერთოდ არ ცნობენ. ჩინეთი გამონაბოლქვს ერთი პროცენტითაც არ ამცირებს, ასევე იქცევა ამერიკაც.
_ ბატონო სოსო, თუ ამ სამიტს არაფრის მოტანა არ შეეძლო ქვეყნისთვის, პრემიერი მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით რატომ წავიდა იქ? თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ მთავრობა დიდძალ ფულს ხარჯავს ვიზიტებზე.
_ კი, მართალი ხართ, თითქმის მთელი მთავრობა იქ იმყოფებოდა, დიდი დელეგაცია წავიდა. ეს კი, როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა მძვინვარებს და ბიუჯეტის შესავსებად ლუდის დალევისთვის ადამიანს აჯარიმებ, თანაც საკმაოდ სოლიდური თანხით, ყოვლად უღირსი საქციელია.
თუ აკვირდებით, საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად ამბობენ ჟურნალისტები, ამა თუ იმ მაღალჩინოსანს ვერაფრით ვუკავშირდებითო. ეს იმიტომ, რომ უცხოეთში იმყოფებიან. ამას წინათ სამჯერ მოვისმინე, რომ შალვა შავგულიძეს ეძებენ, ის კი ამერიკაშია თვის ბოლომდე. რა საქმე უნდა ჰქონდეს მთელი თვე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამერიკაში?! თუმცა შავგულიძე გამონაკლისი არ არის.
უნდა ჩატარდეს მონიტორინგი, რომელიც გამოიკვლევს, რამდენი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა უცხოეთში. დარწმუნებული ვარ, ასობით იქნება. ამის შემდეგ კი უნდა გავარკვიოთ, ამ ადამიანების ვიზიტებმა რა სიკეთე მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.
თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში “მივლინებით” ჩამოდიან, ისიც იმიტომ, რომ თბილი ქვეყნიდან ცივ ქვეყანაში გადადიან და გარდერობს აახლებენ. მათი ასეთი სიარულის მარგი კოეფიციენტი კი რა არის? ამას მხოლოდ ამ მთავრობასა და ამ მინისტრებზე არ ვამბობ, წინა მთავრობის დროსაც ასე იყო. უცხოეთში ასეთი ინტენსიური სიარულის შედეგად ჩვენ ვერც ნატოში შევედით და ვერც ევროკავშირში, ქვეყანა კი გაღატაკდა. ჩამოდიან და გვეუბნებიან,_ “ოქროს სიგელი” მოგვცეს, მაპზე უკეთესიო, ბოდიში და, ერთ ადგილას მიიკრან!
_ “ოქროს სიგელი” მართლა არსებობს ნატოს ტერმინოლოგიაში?
_ იცით, ალექსი პეტრიაშვილს, მაგ საწყალს, ჰგონია, რომ მხოლოდ მას ესმის საკითხი, მაგრამ ეგრე არ არის, ჩვენც გვესმის რაღაცები. არსებობს მაგდაგვარი სტატუსი, ოღონდ სხვანაირად ჰქვია და მხოლოდ ორ ქვეყანას ეხება _ იაპონიასა და ისრაელს, ანუ ეს არის ის ორი ქვეყანა, რომელთათვისაც ამერიკა იომებს, თანაც ამას ნატოსთან არაფერი აკავშირებს. ამდენს რომ დადიან, საკითხში მაინც გაერკვნენ და ამერიკას ასეთი ხელშეკრულება მაინც დაადებინონ. სისულელეებს ლაპარაკობენ, _ სტრატეგიული ქარტიაო. გადახედეთ ნებისმიერ დიპლომატიურ ლექსიკონს, მსგავს ტერმინს თუ იპოვით.
არსებობს სტრატეგიული მოკავშირე, რომლისთვისაც სახელმწიფო ომობს, თორემ მასე, ჩვენი მოკავშირეა ყველა, რუსეთის გარდა, დაწყებული სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ნოვეგიითა და მაკედონიით დამთავრებული, აღარ ვლაპარაკობ ამერიკაზე. სტრატეგიული მოკავშირის ცნების ასეთი დევალვაცია ჩვენი საზოგადოების პრიმიტიულობაზე მეტყველებს. სტრატეგიულმა მოკავშირემ შენი გულისთვის უნდა იომოს.
2008 წელს ჩვენ ვიყავით დამნაშავე თუ რუსეთი, ამას ამ წუთში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, მაინტერესებს, ვინ დაგვეხმარა. ამერიკამ გემი გამოუშვა სასმელი წყლითა და პამპერსებით სავსე…
_ ბატონო სოსო, მინდა, მოსახლეობის გასაგონად თქვათ, იმ ვიზიტებზე, რომლებშიც მხოლოდ ფული იხარჯება და სარგებელი არ არის.
_ იცით, ნორმალური და მისაღები იქნებოდა, თუ წელიწადში 4-5-ჯერ სერიოზულ, აზრიან და მნიშვნელოვან ვიზიტს განახორციელებდა საგარეო საქმეთა მინისტრი… რამდენიმე დღის წინათ გადავწყვიტე, ჯონ კერისა და მაია ფანჯიკიძის ვიზიტების რაოდენობა შემედარებინა; აღმოჩნდა, რომ ფანჯიკიძეს ჯონ კერიზე 6-ჯერ მეტი გასვლა ჰქონდა (ამას ოფიციალურ ვიზიტებს გეუბნებით, სასეირნოდ რამდენჯერ წავიდა, არ ვითვლი). ყველა ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგალითად, ბილიარდის ასოციაციის კონფერენციას, არც ბანქოს ასოციაციის შეკრებას… უცხოეთში ასეთი შეკრებები ყოველდღიურად იმართება, ისინი ამით ფულ შოულობენ. თანაც, ფანჯიკიძე მარტო არ დადის, ყავას “ზაბეგალოვკაში” არ დალევს, სასტუმროც ძვირად ღირებული აქვს დაჯავშნული და საქართველოს ფული იმ ქვეყანაში ილექება. ამდენი უნდა ესმოდეთ.
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ ლისაბონის სამიტზე რა მოხდა? საქართველოს დელეგაციას მთელი სასტუმრო ჰქონდა დაქირავებული, ერთ პატარა ნაწილში კი სარკოზი ცხოვრობდა და ქართველებმა ისეთი ღრეობა გამართეს, კაცი გამოუვარდა და ყვიროდა, დამაძინეთო. ჩვენები ქალებთან ერთად იყვნენ.
ჩინეთმა, რომელიც ოქროს მარაგით პირველ ადგილზე გავიდა, 2014 წლის ეკონომიკური მაჩვენებლებით ამერიკას პირველობა ჩამოართვა. და ასეთმა ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლითაც სასტიკად აუკრძალა მაღალჩინოსნებს უცხოეთში უაზროდ სიარული; შეადგინა სია, თუ ვის აქვს წასვლის უფლება; ასევე, აკრძალა მანქანების ყიდვა.
ღატაკი ქვეყანა, რომელიც ქმნის ისეთ სახეს, რომ თითქოს მდიდარია, მახსენებს მე-16 საუკუნის პოლონელ არისტოკრატებს, რომლენსაც ფული არ ჰქონდათ, რომ ნიფხავ–პერანგი ჩაეცვათ და ტიტველ ტანზე სიასამურის ქურქები ჰქონდათ მოსხმული (იმიტომ, რომ სიასამური ტყეში დარბოდა).
ქვეყანაში შიმშილია და ჩვენი მინისტრები ასიათასობით ლარის პრემიებს იწერენ, შემდეგ ამბობენ, რომ დაიმსახურეს, მაგრამ რით, არავინ გვიხსნის.
_ რაკი დამსახურებაზე ვსაუბრობთ, იქნებ მაინც მოვუძებნოთ მინისტრების ვიზიტებს დადებითი მხარე, რადგან კლიმატის სამიტზე წასულმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ინვესტიციების მოსაზიდად ჩავედიო…
_ იცით, ყველაფრის გამართლება შეიძლება. ორი წელია, უკვე ეს გვესმის. გახსოვთ, ივანიშვილი დავოსში რომ ჩავიდა და იქ რუს მილიარდერებს შეხვდა, რამხელა აჟიოტაჟი ატყდა, ინვესტიციების ზღვა წამოვაო. ამ წერილის დაბეჭდვის შემდეგ გამოვა კვირიკაშვილი და სტატისტიკით დაიწყებს თავის მართლებას, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს ჩერჩილის სიტყვები _ არსებობს უბოროტო ტყუილი, არსებობს ჩვეულებრივი ტყუილი, არსებობს საშინელი ტყუილი და არსებობს სტატისტიკა. ვინც ამ სტატისტიკას ენდობა, ბრიყვია. კლიმატის სამიტზე კვირიკაშვილმა თუ ინვესტორი მოძებნა, ჩათვალეთ, რომ მონტე-კრისტო უპოვია.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი