ჩვენ განსაკუთრებული არაფერი გვინდა, გვინდა ის, რაც ყველას სურს მსოფლიოში _ მშვიდობა და ნორმალური, ადამიანური ცხოვრება. თუმცა, ჩვენ, ისევე, როგორც მცირე ერების უმეტესობას, თავსატეხიც გვაქვს _ ფიზიკური გადარჩენა და ეროვნული სახის შენარჩუნება, დამატებით _ თითქმის გადაუჭრელი პრობლემაც გვაქვს _ წართმეული მიწების დაბრუნება.
ცხადია, “ცარიელ მშვიდობას” რა თავში ვიხლით, ისეთი მშვიდობა გვინდა, რომელიც ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას შეუწყობს ხელს და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს ჩვენს შვილებს მაინც; ისეთი, რომელიც ჩვენი ისტორიისთვის უცხო და გაუგონარი მასშტაბის ემიგრაციას დაუდებს ბოლოს და დემოგრაფიულ კატასტროფას შეაჩერებს. ადრე (მე-19 და მე-20 საუკუნეებში) თუ ქართველი კაცი განათლების მისაღებად რუსეთსა და ევროპაში მიდიოდა, და საქართველოდან იღებდა დახმარებას სწავლის გასაგრძელებლად, ახლა საკუთარი თავისა და ოჯახების გამოსაკვებად მიდის უცხოეთში და საქართველოში აგზავნის დახმარებას ოჯახის წევრების ფიზიკურად გადასარჩენად. უცხოეთში გადახვეწილთა უმრავლესობა შრომისუნარიანი ასაკის ქალ–ვაჟები არიან, რომელთა 90% სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსთვის. არა, ისინი კიდევ დაუბრუნდებიან მშობლიურ მხარეს (მიწას მისაბარებლად მხოლოდ), მაგრამ მათი შთამომავლობა – თან წაყვანილი თუ იქ შეძენილი შვილები, უცხო გარემოში აღზრდილნი და განათლებამიღებულნი, იქ დაოჯახებულნი, მაღალ ხელფასებს შეჩვეულნი და, რაც მთავარია, გაუცხოებულნი(!), საქართველოს არ დაუბრუნდებიან; იშვიათი გამონაკლისები, ხელმოცარული თუ წარმატებული ადამიანების კანტიკუნტად დაბრუნება, ვერაფერი შეღავათი იქნება გაღატაკებული და გადაშენების პირას მყოფი ქვეყნისთვის.
ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ _ გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს ნეიტრალიტეტი გამორიცხულია. მხოლოდ კარის მეზობლები კი არა, სხვა ნახევარსფეროში მდებარე სახელმწიფოც არ დაგვანებებს თავს. ჩვენს ნეიტრალიტეტზე კი, ეს ჩასაფრებული სახელმწიფოები, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არა მგონია, ერთმანეთში მორიგდნენ. ამიტომ მფარველი სახელმწიფო აუცილებლად გვჭირდება, მაგრამ, ბუნებრივია, ისეთი მფარველი გვინდა, რომელიც მშვიდობის მოტანასთან ერთად პატივისცემით მოეპყრობა ჩვენს ტრადიციებს და კულტურას, შეგვინარჩუნებს მართლმადიდებლობას; შეეძლება, თავიდან აგვაცილოს ფრიად საშიში მოსალოდნელი გართულებები სამცხე–ჯავახეთში, მარნეულის რეგიონსა და აჭარაშიც (და აქ, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურადაც დაუპირისპირდეს თურქეთს) და, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის, შეეძლება, უმტკივნეულოდ, სისხლისღვრის გარეშე გადაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
ერთი რამ უტყუარია: ვერც ამერიკა, ვერც ევროკავშირი, ვერც ნატო და, საერთოდ, ვერავინ ამ პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს. ბევრჯერ თქმულა, მაგრამ ამერიკის მოიმედე პოლიტიკოსების თუ პოლიტოლოგების გასაგონად უნდა გავიმეორო: ჩვენ გამო რუსეთს არავინ შეებმება! ნატოს წევრ პოლონეთს ნატომ გადაჭრით უთხრა კარგა ხნის წინათ: ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თვითონვე უნდა დაიცვათ თავიო; ჩვენც ხომ 2008-ში ჯერ თავი გაგვაყოფინეს შარში და შემდეგ წყლით “დაგვეხმარნენ”! დღეს უკრაინაც, რომელიც ჩვენი “ნაცების” ტყუპისცალივით მსგავსმა არალეგიტიმურმა ხუნტამ (ასევე ამერიკის მიერ დანიშნულმა) სამოქალაქო ომში გახვია, რუსეთს გადაამტერა და ტერიტორიები დააკარგვინა, ფაქტობრივად, ხანგრძლივი ომისთვის გაწირა დასავლეთმა.
ერთადერთი, რაც დასავლეთს აინტერესებს, არის არა ვინმეს (თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულის) ეკონომიკური დახმარება და მისი პრობლემების მოგვარება, არამედ ისეთი პროვოკაციული სიტუაციების შექმნა და მოქმედება, რომელთაც შედეგად ყოველთვის მოჰყვება რუსეთის მიმართ მტრული განწყობა მოსახლეობაში. და ამგვარი მტრობა თუ გაგრძელდა ორი თაობის სიცოცხლის განმავლობაში, მერე ძველი, კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ეს კარგად მოეხსენებათ რუსეთის მტრებს, ანუ მათ, ვისაც რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეებზე უჭირავთ თვალი და ვისაც მსოფლიოზე კონტროლი აქვთ დასახული მიზნად. აი, ამისთვის ისინი არავითარ ხარჯს არ ერიდებიან, უკვე სკოლის ასაკიდან, ჯერ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდებიდან არჩევენ შესაფერის კანდიდატურებს თავიანთ ქვეყანაში თავიანთ ჭკუაზე გამოსაზრდელად, ხოლო შემდეგ უკანვე დასაბრუნებლად და მათ მიერვე უხვად დაფინანსებელ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებში დასასაქმებლად, შემდგომში სახელმწიფო სტრუქტურებში გეგმაზომიერი გამწესებით.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინმეს მფარველობის ქვეშ ყოფნა არც ძველად ყოფილა საძრახისი და, მით უფრო, ახლაც არ უნდა იყოს, როცა აშშ, მეორე მსოფლიო ომამდე სანიმუშო ქვეყანა დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მსოფლიო ჟანდარმად იქცა და ეს “საპატიო” ტიტული მეფისდროინდელ რუსეთს ჩამოართვა.
ჩვენთვის აუცილებელია მფარველი! მთავარია, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორად შევარჩიოთ. ისეთი, ვის ხელშიც ფიზიკურად გადავრჩებით და არ გადავშენდებით, ეროვნულ თვითმყოფადობას შევინარჩუნებთ და არ გადავჯიშდებით: ისეთი, ვინც წინაპრების თავდადებით დღემდე მოტანილ მართლმადიდებლობაზე უარის თქმას არ გვაიძულებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება
ყველა ამ პირობას ერთადერთი სახელმწიფო აკმაყოფილებს _ რუსეთი. მას ხელეწიფება ამ, ჩვენთვის სასიცოცხლო მიზნების რეალობად ქცევა და ეს საქმითაც აქვს დამტკიცებული ერთად ყოფნის 200 წლის განმავლობაში. ერეკლე მეფის ბრძნული გადაწყვეტილება და რუსეთის “კოლონიად” ყოფნა რომ არა, ჩვენი სახსენებელიც არ იქნებოდა დღეს. არათუ ის კულტურული აღმავლობა, რომელსაც მივაღწიეთ რუსეთის, განსაკუთრებით _ საბჭოთა რუსეთის “უღელქვეშ”, არამედ ქართული ენა, ტრადიციები და სარწმუნოება დაახლოებით ისეთივე დღეში იქნებოდა, როგორშიც არის ირანში გადასახლებულ თუ თურქეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ მიწებზე მცხოვრებ ქართველებში.
უარყოფითიც ბევრი გვახსოვს რუსეთის ხელში, მაგრამ დადებითს, რომელიც აშკარად გადაწონის უარყოფითს, რატომ ვივიწყებთ, უმადურობა ხომ სიმდაბლეა და არა სიქველე?! როდესაც რუსეთის უარყოფით მხარეებზე და რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს კოლონიად ყოფნაზე ვლაპარაკობთ, ობიექტურობა მოითხოვს, ერთმანეთს შევადაროთ რუსეთისა და სხვა იმპერიები, რომლებსაც კოლონიებში მართლაც დამონებული ჰყავდათ ხალხები და ვიკითხოთ: კულტურული, განათლებული და დემოკრატი (რუსეთთან შედარებით მაინც) დიდი ბრიტანეთის უღელქვეშ განვითარდა და აყვავდა ინდოეთი, საფრანგეთ–ესპანეთ–პორტუგალიის ხელში _ აფრიკა–ამერიკის ხალხები, და თავისუფალი ინდიელები _ ამერიკელების ხელში თუ საქართველო _ რუსეთის ხელში?! ამ მართლაც კოლონიებისა და საქართველოს კოლონიურობის ერთმანეთთან შედარება არც კი შეიძლება. იქ მილიონობით ადამიანი ამოწყვიტეს, ჩვენ კი, პირიქით, ვმრავლდებოდით; იქ წერა-კითხვა არ იცოდა 99,9 პროცენტმა, ჩვენთან კი კულტურულ-საგანმანათლებლო ბუმი იყო და ცხოვრების დონით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, დამპყრობელ “კოლონიზატორებზე” მაღლაც კი ვიდექით. მსგავსი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება. თუ რუსეთი იყო ყველა ჩვენი უბედურების მიზეზი და ამერიკა მხსნელად მოგვევლინა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მაშინ აგერ 25 წელი ხდება რუსეთიდან თავის დაღწევისა და ამერიკასთან დაძმობილებიდან და “ნაც-ქოცებიდან” არავინ ამბობს იმას, რას “მივაღწიეთ” ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში _ სიმართლის თქმას ყველა გაურბის. არადა, ყველაფერი ხელის გულზე დევს: გამრავლების ნაცვლად, საქართველოს მოსახლეობა ერთი მესამედით შემცირდა; ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა; უმუშევრობამ კატასტროფულად იმატა და ხალხი ქვეყნიდან გარბის; განათლება, განსაკუთრებით _ მეცნიერება დაინგრა; კინო და თეატრი შავ დღეშია; პატრიარქსა და ეკლესიაზე დაუფარავი და შეურაცხმყოფელი შეტევა მიდის; ტერიტორიის მეხუთედი ამერიკელი “მრჩეველებისა” და მათ მიერ შერჩეული “დემოკრატიის შუქურის” წყალობით დაკარგულია, ანუ ყველაფერი, რაც “კოლონიად” ყოფნის პერიოდში გვქონდა, ერთი ხელის მოსმით მოვსპეთ მტარვალი რუსეთის კლანჭებიდან თავდაღწეულებმა და მეგობარი ამერიკის კალთას თავშეფარებულებმა. მოვსპეთ სწორედ ამერიკის მიერ მოცემული “კეთილი” რჩევების და “დემოკრატიული” რეფორმების წყალობით. ამ რეფორმებისა და ძია სემის ნება-სურვილის გამტარებლები ჩვენი წიაღიდან შობილი შობელძაღლები, კარგად მომზადებული (ამერიკაში, ცხადია!) მანქურთები რომ იყვნენ, ამას 2003 წლის ნოემბერში თუ ვერა, 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული მაინც ხომ ყველა ვხვდებით (გონებაშეზღუდულების გარდა). ჩვენ კი ვხვდებით, მაგრამ ეს არ შველის საქმეს _ სამწუხაროდ, “ნაცების” მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ და საქართველოს დამღუპველ საგარეო კურსს ხელისუფლება არ ცვლის.
ზემოთ მოყვანილი ისტორიული ფაქტებიდან დასკვნის გამოტანა ადვილია: ჩვენი გადარჩენა და წარსული დიდების დაბრუნება ერთადერთი სახელმწიფოს, ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობითაა შესაძლებელი! თუ საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, და არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის მომავალზე, მაშინ ისევ დიდი ერეკლეს გზას უნდა დავადგეთ, თანაც დროზე, თორემ მერე, როცა საბოლოოდ გადავჯიშდებით, გვიანი იქნება!
ეს, ასე ვთქვათ, ზოგადად თქმული. კონკრეტულად კი არსებითად არაფერი შეიცვლება:
*სანამ განვითარებადი ქვეყნების სიაში დავრჩებით და დასავლეთის მიერ გაწერილი გვექნება, რისი უფლება გვაქვს და რისი _ არა (როგორი განათლების, რომელი დარგის სპეციალისტების მომზადებისა და ეკონომიკის რომელი სფეროების განვითარების).
*სანამ მხოლოდ ამერიკაზე, როგორც ჩვენს მხსნელზე, ვიქნებით მიშტერებული;
*სანამ არასაპარლამენტო ოპოზიცია ამერიკაში ივლის რეგულარულად, ვითომ მხოლოდ ინფორმაციის მისაწოდებლად (თითქოს, ამერიკელებმა არ იცოდნენ, ჩვენთან რა ხდებოდა გუშინ ან რაც ხდება დღეს; აბუ გრეიბისა და გუანტანამოს ციხეების შემქმნელებს და წყლით წამების დამკანონებლებს ჩვენი ციხეების კადრებით გავაკვირვებთ თუ გულს ავუჩუყებთ?!);
*სანამ პირი ურწმუნო, უეროვნებო, დედ–მამისა და ბუნებით განსაზღვრული სქესის უარმყოფელი სახელმწიფოებისკენ გვექნება მიქცეული;
*სანამ ხელისუფლება ნატოს, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტის და ტერიტორიული პრობლემების მომგვარებელის, იმედით გვასაზრდოებს;
*სანამ სოროსის ფონდში, ენ-დი-აიში, თავისუფლების ინსტიტუტსა და სხვა მსგავს, ამერიკიდან (დასავლეთიდან) დაფინანსებულ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებში დაფრთიანებული ხალხი იქნება ხელისუფლებაში და ოპოზიციაში (ამომრჩევლის თვალის ასახვევად და ერთიმეორის ჩასანაცვლებლად), ძალოვან უწყებებში, პრესა-ტელევიზიაში, ექსპერტებად და მრჩევლებადაც;
*სანამ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და საქმიანობაზე კონტროლი არ დაწესდება;
*სანამ არაპატრიოტი და ამერიკის შერჩეული ადამიანები დაინიშნებიან სახელმწიფოს მმართველებად (მინისტრებად, მოსამართლეებად და სხვ.);
*სანამ რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებს არ შევეშვებით;
*სანამ პროკურატურა, სასამართლო, პოლიცია და ჯარი “ნაცებისგან” არ გაიწმინდება;
*სანამ “ნაცმოძრაობა” არ გასამართლდება, დამნაშავე “ნაცები” არ დაისჯებიან და მათი ქონების კონფისკაცია არ მოხდება;
*სანამ ხელისუფლება ქართულ კულტურას, ისტორიულ ძეგლებს, დედაბუნებას დედინაცვალივით მოეპყრობა და ანტიეროვნულ, ანტიქისტიანულ კანონებს მიიღებს;
*სანამ განათლება ფასიანი იქნება;
*სანამ ხელისუფლება თვალს დახუჭავს რუსეთის პრეზიდენტის გაუგონარ საჯარო შეურაცხყოფაზე და ზომებს არ მიიღებს ყოვლად გაუგონარი შინაარსის პლაკატების (FUჩK PUთIN, Ïუიმნ Õუღორ და სხვ.) ხელში დამჭერთა და ლოზუნგების გამხმოვანებელთა მიმართ (რაც საქართველოს სირცხვილია და არა _ სიტყვის თავისუფლების გამოხატულება);
*სანამ მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქის შეურაცხმყოფლებს პასუხს არ მოსთხოვს ხელისუფლება;
*სანამ უცხოეთში წასულ (და იქ დაბადებულ) ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუნარჩუნდება (არ მიენიჭება) ისრაელში დამკვიდრებული წესის ანალოგიურად;
*სანამ რეალური საარსებო მინიმუმი არ დადგინდება საერთაშორისო ნორმების შესაბამისად და პენსია მას არ გაუტოლდება;
*სანამ მინიმალური ხელფასი არ დაკანონდება და საჯარო სამსახურებში მინიმალურ და მაქსიმალურ ხელფასებს შორის (პრემია–დანამატების ჩათვლით) დასაშვები მაქსიმალური სხვაობა არ განისაზღვრება;
*სანამ დეპუტატების გამოწვევის წესი არ გამარტივდება;
*სანამ სამხედრო–პოლიტიკურ თუ სავაჭრო ბლოკებსა და კავშირებში (ნატოსა და ევროკავშირში) გაწევრების საკითხი ხალხის ნების, ქვეყნის ინტერესებისა და მოსალოდნელი საფრთხეების გაუთვალისწინებლად გადაწყდება;
*სანამ სხვის ომებში მონაწილეობას საქართველოს დაცვად გაასაღებს ხელისუფლება;
*სანამ ხელისუფლება ქართველი მეცნიერების აზრს არად ჩაააგდებს და ყველა სამინისტრო–უწყებაში “ეკონომიკურ მკვლელებად” წოდებულ დასავლელ მრჩეველებს იყოლიებს და მათი რეკომენდაციებით გაყიდის მიწას, წყალს, წიაღისეულს, სტრატეგიულ ობიექტებს და კატასტროფული შედეგების მომტან გიგანტურ ჰესებსაც ააშენებს;
*სანამ ერთი პატიოსანი, გამოცდილი, გამბედავი, დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული და სამშობლოსთვის თავგადადებული ქართველი კაცი, ანუ დიდი სახელმწიფო რეჟისორი არ გამოჩნდება სამ მილიონ ქართველში და არ მოვა ქვეყნის სათავეში (არჩევნებით ან, თუნდაც, ძალით), რომელიც ყველას თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს.
დიახ, თუ ეს ყველაფერი ასე დარჩა, არსებითად არაფერი შეიცვლება _ რამდენიმე პროცენტი ძველებურად უზრუნველად იცხოვრებს, ცოტა მეტი, ასე თუ ისე, ნორმალურად იარსებებს, დანარჩენს კი (დაახლოებით 80%-ს) ყოველდღიურად ლუკმაპურზე მოუწევს ფიქრი და მათხოვრობა; კიდევ უფრო დაიცლება საქართველო ქართველებისგან და გაივსება გადამთიელებით, ისევ დაკარგული გვექნება ტერიტორიები და ისევ გაგრძელდება ყველაფრის გადაბრალება ერთმანეთზე და რუსეთზე!
კიდევ ბევრი “სანამ”-ის ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ დადებითი ძვრებისთვის ჩამოთვლილის გამოსწორებაც იკმარებს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლით თუ მივაღწევთ მხოლოდ. ხელისუფლება კი უნდა ვცვალოთ მანამ, სანამ ქვეყნის ბედზე მოფიქრალი ხალხის უმრავლესობას არ მივიღებთ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ პარლამენტში. “ვაცალოთ, ვაცალოთ” უნდა დამთავრდეს. ერთი წელი საკმარისი დროა, რომ ნათელი გახდეს, ამართლებს ახალი ხელისუფლება ხალხის ნდობას თუ ვერა; და თუ ვერა, რიგგარეშე არჩევნებიც უნდა დაინიშნოს. ხალხის განწყობის ობიექტურად გამოვლენის საუკეთესო გზა კი რეფერენდუმია და არა პრემიერის ან პრეზიდენტის მოსაზრება!
იაკობ ლეჟავა