ურეკის საზოგადოებრივი სარგებლობის პლაჟის დამლაგებელი ნათელა ამყოლაძე საჩხერელია. ქობულეთში ქმარს გამოჰყოლია. დაქვრივებულა. ერთი ბიჭი დაოჯახებული ჰყავს, მეორე უკვე 38-ის გამხდარა და ცოლის მოყვანას არ ჩქარობს. თურქეთშია, გემზე მუშაობს. _ მეზღვაურია? _ არა, რემონტიორია. ქალიშვილი მასთანაა, სახლში, და ისიც პლაჟის დამლაგებლად მუშაობს. «ოჯახური ტრადიცია». _ თავიდან მოჰყვებიან, _ მეუბნება ნათელა ამყოლაძე და პლაჟის გაყოლებით დაგებულ ბეტონის ფართე ბილიკზე მიმითითებს, რომელსაც, რაც აქ ვარ, პირველად ხვეტავენ: _ ვიღაცა ჩამოდის…
ხამი კაცის თვალით დანახული
26 აგვისტო აქაურ უფროსობას ნაგავთან გენერალური ბრძოლის დამკვრელურ დღედ გამოუცხადებია…
ზაურ ბოლქვაძეს, შესანიშნავ პოეტს, გამორჩეული იუმორი ჰქონდა. პოეტურ ფორმაში მოაქცევდა საქილიკოდ სათქმელს. სტუდენტობისას სამხედრო ნაწილში ერთთვიან შეკრებაზე რომ წაიყვანეს, ყაზარმაში ჯარისკაცის პერსონალური საწოლი რომ მიუჩინეს და იქაური თეთრეული რომ ნახა, უცებ გამოაცხო ექსპრომტი, პოეტური სტრიქონების «ფასტ ფუდის» ანცი სტრიქონები:
«და თუ ეს თეთრეულია, მაშ, შავეული რა არის?!»
მთელი პოემაა, მაგრამ მე მაინც და მაინც ეს სტრიქონები გამახსენდა, როცა ურეკის საგანგებოდ «დასუფთავებულ» პლაჟზე გავედი და იქაურ მაგნიტურ ქვიშიან სანაპიროზე დასაჯდომი ადგილის ძებნას შევუდექი: თუ იმას, რასაც «სეზონური ნაგვისგან გათავისუფლებული» პლაჟი ჰქვია, მაშ ნაგავსაყრელი რა არის?!
_ რა არის, ჩემო ბატონო, და _ წარმოუდგენელი სიბინძურე! შარშან 12 ადამიანი ვალაგებდით აქაურობას, წელს 8 დაგვტოვეს. ამათგან ოთხი სიბინძურემ მოწამლა, ავად არიან და ახლა, ჩემო ბატონო, შინ წვანან.
აქაურობა სანაგვედაა ქცეული. გამყიდველები თავიანთ გაფუჭებულ პროდუქტს აქ ყრიან, აქვე ისაქმებენ. ტუალეტად აქციეს. იმას ვერ მოგიყვებით, რაც აქ ხდება, _ წუხს დამლაგებელი.
მეჩაიე ქალივით წელში მოხრილი ჩაუყვება ყოველ დილით ნათელა ამყოლაძე ურეკის პლაჟს, კრეფს და კრეფს ნაგავს და ვერაფერს შველის ანტისანიტარიას, დამსვენებელთა კოლექტიური ძალისხმევით დაბინძურებულ გარემოს: ერთ დიდ პარკში აგროვებს ცელოფნის ნაგლეჯებს, გახეულ «სამაშველო რგოლებს», დაგლეჯილ ფლოსტებს, ბავშვების ცალ-ცალ ფეხსაცმელს, ბოლომდე მოწეული სიგარეტის ნამწვავებს, რომელთა ციფრობრივ ეკვივალენტში აღქმა ისევე შეუძლებელია, როგორც «ზღვაში ქვიშის ან ზეცაზე ვარსკვლავების დათვლა».
ხოლო სიმინდის ნაქურჩელა აქაც და ამის იქითაც ისეა მიმობნეული, როგორც საპოვნელა გაზაფხულზე იმერეთის მინდორ-ველზე, რადგან მოხარშული ჭყინტი სიმინდი შავი ზღვის მთელ ქართულ სანაპიროზე ყველაზე «მოთხოვნადი» პროდუქტია.
_ სიმინდი, ცხელი სიმინდი! _ დილიდანვე.
_ სიმინდი, დილამდე აღარ იქნება! _ საღამოს შებინდულზე.
_ ბანანი, ბანანიი! _ პირველ ჩამოვლაზე.
_ ბანანი, თორემ გამიფუჭდება… _ წარუმატებელი ვაჭრობის სლოგანი.
_ გორიაჩიე პეროჟკი! _ ცუმთან ჩარიგებული კომბოსტოიანი ღვეზელების გამყიდველების შემოთავაზება გაყინულ მოსკოვში. ასე იყო, ახლა არის თუ არა, არ ვიცი.
_ ცივი ყავა, ლობიანი! _ უცნაური შეთავსებადობა ეკზოტიკის მოყვარული მეშჩანებისთვის.
იყიდება ჩურჩხელა, ბურბუშელა, კიდევ ბევრი რამ სასუსნავი და… გოზინაყი.
_ ახალი წელი მოვიდა? _ ვითომ იუმორისტული რეპლიკა.
_ გინდა? იყიდი? _ პრაგმატული რეაქცია.
_ არა.
ნაწყენი მიბრუნდება და წავა შავებში გამოწყობილი (როგორც პლაჟის ყველა ინდმეწარმე) ქალბატონი.
იყიდება «სამაშველო რგოლების» პლასტმასური იმიტაცია, ცურვის უცოდინართათვის (ასეთები კი აქ სრული ასი პროცენტია), ზღვის ზედაპირზე სატივტივო განცხრომის ნაღდი საშუალება.
ამ «საშუალების» გორა, ბანჯგვლიან ფეხებზე შემდგარი, მიჰყვება სანაპირო ზოლს. ოცი მაინც იქნება «კამერების» რაოდენობა, თოკზე მძივად აცმული.
_ გეყიდება საქონელი, მეგობარო? _ ვეკითხები ბანჯგვლიან ფეხებს, რადგან ადამიანის დანარჩენი სხეული ამ გაბერილი ნაირფერობის ზედახორაში არ ჩანს.
«ბუბლიკის რომელიღაც ნახვრეტიდან» გამომხედავს გაუპარსავი სახე, რომლის ინერტულ გამომეტყველებას უცაბედი ცნობისმოყვარეობის ელფერი გადაუვლის: ვინ დაინტერესდაო მისი აღებ-მიცემობის ეფექტიანობით?!
_ ყიდულობენ!
_ სეზონი რომ მთავრდება?
_ ახლები მოდიან და ყიდულობენ, _ უფრო საკუთარი საქმიანობის პრესტიჟის დასაცავად, ვიდრე არსებული ვითარების რეალისტურად შესაფასებლად მიპასუხებს «კამერების» სიმრგვალეში დაკარგული კაცი.
უწყინარი სიცრუეა.
ნათელა ამყოლაძის კვალზე მოფრინდებიან ნაცრისფერი მტრედები და გულმოდგინედ აკენკავენ ნამცეცებს, რომლებსაც ვერანაირი დამლაგებელი ვერ მოერევა, ხელფასად თვეში 200 ლარიც რომ ჰქონდეს დანიშნული.
კიდევ _ ქუჩებში დადის ერთ დროს ნარინჯისფერი სანაგვე მანქანა _ მექანიზებული ანტისანიტარია.
დანარჩენი «ყველაფერი კარგადაა, მშვენიერო მარკიზა!»
…ბეტონის ბილიკი ნახევრად დახვეტეს და მიატოვეს. სანიტარული სამსახურის მშრომელებმა შეიტყვეს, რომ რევიზორი ხლესტაკოვი ურეკში ჩამოსვლას არც აპირებდა…
აკვატორიის პერიმეტრზე დგას «თეთრი ხომალდი» _ სასაზღვრო კატარღა, ხოლო აქედან ახალგორამდე შორია.
საქმეში ჩახედული კაცის კომენტარი
ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც სასტუმრო «ტყუპების» კაფეში გავიცანი, ილაპარაკებს აქაურ პრობლემებზე, ოღონდ ინკოგნიტოდ დარჩენის პირობით.
ეტყობა, აქ ისეთი სიტუაციაა, რომელიც პერსონიფიცირებული გულახდილობისთვის არ განაწყობს ადამიანს.
ამბობს, რომ სხვა ძალა, «ოცნების» გარდა, სააკაშვილის დამმარცხებელი არ არსებობდა. ხალხმაც ამიტომ დაუჭირა მას მხარი, თორემ «ოცნებაზე» ჯვარი არავის ჰქონდაო დაწერილი.
_ ფიქრობთ, რომ კოალიციამ ამოწურა ნდობის ვოტუმი?
_ ხალხმა დაინახა, რომ ისე ვერ კეთდება ყველაფერი, როგორც დაჰპირდნენ ან როგორც საჭიროა, ამიტომ ზოგი ალაპარაკდა, ზოგმა უკმაყოფილება გამოთქვა, ზოგმა კრიტიკულად შეაფასა. ეს არც საწყენია ვინმესთვის, არც ღალატია. ეს არის ელემენტარული რეაქცია.
მიშა რომ წავიდა, საქმისთვის უნდა მოეკიდათ ხელი, მაგრამ მარტო სურვილი არ კმარა. ეტყობა, გამოცდილება არ ჰყოფნით, სხვა რამეც.
_ ცოდნა?
_ მაგასაც ნუ გამოვრიცხავთ. საკადრო პოლიტიკა შეიძლება სხვანაირად იყო ასაწყობი. კადრებს გაზრდა უნდა, ამას კი დრო სჭირდება. ელემენტარულია. ჩვენ გვინდა დღეს მოხდეს ყველაფერი. ასე არ ხდება. მაგრამ ის მარტივი საკითხები, რომელთა გადაჭრას დიდი პროფესიონალიზმი არ სჭირდება, დიდი ტვინი არ უნდა, შეიძლება უპრობლემოდ გადაწყდეს.
მაგალითად, საგზაო ფირნიშის დაყენებას ურეკის გადასახვევთან წარწერით «ურეკი» შვიდი-რვა თვე მოანდომეს.
_ იქნება თუ არა ასეთი წარწერა, ვითომ ასე მნიშვნელოვანია?
_ ეს ისეთი სპეციფიკური გადასახვევია, რომ, თუ არ იცი ადამიანმა, შეიძლება ვერც მიაგნო კურორტს.
ასეთი მარტივი მაგალითებიდან შედგება ცხოვრება. კარგია სამედიცინო დაზღვევაც, ბევრი სხვა რამეც, რაც გაკეთდა, მაგრამ, სანამ ამ დაზღვევამდე მივალ, აქ არ უნდა მომეშალოს ნერვები, რომ ნევროპათოლოგთან მკურნალობა არ დამჭირდეს.
მიაქცევენ ერთი შეხედვით წვრილმანებს ესენი ყურადღებას, ხომ კარგი, თუ არადა, «ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა», კაცო.
_ ურეკში ხედავთ ასეთ «წვრილმან» საკითხებს?
_ მტვერში იხრჩობა ურეკი. ერთი სახანძრო მანქანა ვერ მოიძებნა, რომელიც ჩამოივლიდა და გადარეცხავდა ერთადერთ მთავარ ქუჩას.
გამოიარა ჩვენმა პრეზიდენტმა, მანქანიდან ხელს გვიქნევდა… ვერ მოვასწარი, მეკითხა, არ გაწუხებთ, ბატონო პრეზიდენტო, აქაური მტვერი?
_ მარგველაშვილზე ლაპარაკობთ?
_ კი, ბატონო. სხვებიც მოდიან. ისე ჩაივლიან, თითქოს ვერ ხედავენ ამ მტვერს. თუ ხედავენ, მოსწონთ ეს სიტუაცია?! ჩორტ ეგო ზნაეტ! კაცია და ხასიათი.
_ პლაჟი რომ ნაგავსაყრელად არის ქცეული?
_ ეს უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ სხვაგვარი მიდგომა სჭირდება. ეს პლაჟი ნაკვეთებად, პატარ-პატარა უჯრედებად სასტუმროებზე არენდით არის გაცემული. დალაგება ევალება მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს. მაგრამ ფაქტობრივად, ვისზეც იჯარითაა გაცემული, იმათგან რაღაც მიზერულ გადასახადს იღებენ და ამით დამთავრდა მათი მოვალეობა. მაგრამ, თუ არენდით არის გაცემული, არენდატორებს უნდა მოსთხოვონ სანიტარული ნორმების დაცვა ან რომელიმე კერძო სტრუქტურას გადასცენ ეს საქმე. შეხვალ სასტუმროში, დაწკრიალებულია ყველაფერი. გარეთ გამოხვალ და, ხომ ხედავთ, რა სიტუაციაც არის.
მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა ურეკში კანალიზაცია არ არსებობს?! ყარს აქაურობა.
_ განსაკუთრებით ღამ–ღამობით, როცა მთებიდან დაუბერავს ნიავი და ტალღებად მოაქვს ყროლის სუნი.
_ ასეთი ჰაერით სუნთქვა და ამაში ფულის გადაყრა, დამერწმუნეთ, არავის სიამოვნებს. არც ისაა სასიამოვნო, როცა ეს უნიკალური კურორტი ერთ ბაზრობად არის გადაქცეული. ქუჩაში ვერც მანქანით, ვერც ფეხით ნორმალურად ვერ გაივლი.
პლაჟზე ძროხა ადამიანის გვერდით წევს. კიდევ კარგი, ღორი ჭირმა გაწყვიტა, თორემ მაშინ უნდა გენახათ…
არ მივხედავთ ამას და დამსვენებელიც გამოგვეცლება, ტურისტიც.
_ გამოსავალს როგორს ხედავთ?
_ თუ კერძო სექტორს არ შეუძლია საქმის მიხედვა, სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ ხელში.
ადგილობრივ მთავრობას უფლებები როგორც არ ჰქონდა, ისევე არ აქვს. მონდომებული კია, მაგრამ, რამდენიც გინდა, ირბინე, პასუხი ერთია: შენ რომ გინდა, სხვასაც უნდა, მაგრამ არ ჰყოფნის ყველას.
ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი არის ის, რომ ურეკს მიენიჭოს ქალაქის სტატუსი, გამოეყოს ოზურგეთის რაიონს, რომელშიც ერთი პატარა სოფლის უფლებებით სარგებლობს, უფრო სწორად, არავითარი უფლებით.
მოსახლეობას ამისი სურვილი არა ერთხელ გამოუხატავს. თუ ანაკლია გადაიქცა ქალაქად, ურეკმა რა დააშავა?
მართლაც რა დააშავა ურეკმა ისეთი, რომ, როგორც ინკოგნიტო რესპონდენტმა თქვა, ურეკისნაირად მოუვლელი სოფელი მთელ გურიაში არ არსებობს?!
სამაგიეროდ ურეკში, მის ცენტრში, გამოფენილია ქალაქებიდან პროვინციაში გადაბარგებული ატრაქციონები, ერთი ხელის გულის დადება ადგილზე ისეთი ჯაგი-ჯუგი და მეორედ მოსვლაა, აგრიალებული მძიმე როკის ისეთი შემოტევაა (ყველა ატრაქციონი «თავის» მუსიკას მეზობლის ჯინაზე აგრუხუნებს), უგემოვნობისა და მოდიდან გასულობის ისეთი ნაგავია, როგორიც პლაჟზე ანტისანიტარიის დღესასწაული.
დუგ-დუგ, დუგ-დუგ! ისე გიბრახუნებს თავში ეს ჰიროსიმა და ნაგასაკი, რომ, ვინმეს რამე რომ გააგებინო, ინგა გრიგოლიას რეგისტრში იწყებ ლაპარაკს.
ვაი, რომ ამაოდ, რადგან გეეჭვება, რომ ამ პუბლიკაციაში გამოთქმულ შენიშვნებს გააგონებ ხალხზე მზრუნველ ჩვენ ხელისუფლებას.
არმაზ სანებლიძე, ურეკი. აგვისტო