«წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1 სექტემბრიდან აიკრძალა გარკვეული მედიკამენტების გაცემა ურეცეპტოდ. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა შინაური ცხოველების შემთხვევაში.
ვინაიდან ვეტერინარს ფორმა #3 რეცეპტის გაცემის უფლება არ აქვს, მხოლოდ ლიცენზირებულ ვეტერინარულ კლინიკაშია შესაძლებელი საკუთარ ცხოველს დახმარება აღმოუჩინო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რაიონებსა და სოფლებში, სადაც შინაურ ცხოველებს ადგილობრივი ვეტერინარები მკურნალობდნენ და ლიცენზირებული ვეტერინარული კლინიკები იქ ან ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის. ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შინაური ცხოველების სიკვდილიანობის ზრდასა და მედიკამენტებზე ფასების მომატებას გამოიწვევს.
ვეტერინარებისთვის რეცეპტის გამოწერის უფლების მინიჭების მიზნით, ცხოველების უფლებების დამცველებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს და შემდგომი რეაგირებისთვის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს გაუგზავნეს, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. შევეცადეთ, გაგვერკვია, გეგმავს თუ არა ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებებს და რა ბედი ელით შინაურ ცხოველებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თამარ ბოდოკიას განცხადებით, ცხოველების პატრონებს პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან ყველაფერი უკვე მოგვარებულია. «შემუშავებულია რეგულაციები და ვეტექიმები ჩვეულებრივ შეიძენენ მედიკამენტებს. ამ მხრივ მათ პრობლემები არ ექნებათ,» _ ამბობს თამარ ბოდოკია, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ცხოველთა უფლებების დამცველები.
ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე:
_ რაიონებსა და სოფლებში ცხოველები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვინაიდან რაიონებში ძალიან ცოტაა ან საერთოდ არ არის ლიცენზირებული ვეტერინარული კლინიკები. ყველამ ვიცით, როგორც ხდებოდა: თითქმის ყველა სოფელში იყო დარჩენილი მოხუცი ვეტერინარი, რომელიც მკურნალობდა ცხოველებს. ახლა არ ვიცი, ამ ცხოველებს რა ეშველებათ. აღნიშნული საკითხის მოგვარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა და სწორედ მას უნდა ეზრუნა ამ ყველაფერზე, მაგრამ მათ ამ პრობლემის შესახებ არც იცოდნენ. მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ შეიქმნა კომისია და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვეს კომპრომისული ვარიანტი, რომ იმ ვეტერინარს, რომელსაც აქვს რეგისტრირებული ვეტერინარული კლინიკა, ექნება უფლება, ბაზებიდან გამოიტანოს მედიკამენტები და შემდეგ დანიშნულებასთან ერთად გასცეს. ერთხელ ვიყავით ვეტერინარულ დეპარტამენტში, მაგრამ, როგორც ჩანს, ცხოველების დამცველები ამ ქვეყანაში არაფრად მიაჩნიათ, არც შეგვხმიანებიან. ჩემი აზრით, ძალიან არაპროფესიონალურ მიდგომას ვაწყდებით ამ საკითხისადმი. ყველა ვეტერინარს თავისი უფლება უნდა შეატყობინო. აქ მხოლოდ ცხოველების უფლებებზე არ არის საუბარი, ადამიანებისა და ცხოველების უფლებები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ წამალი აფთიაქში, თუმცა ვინ განსაზღვრავს და დაადგენს, ნამდვილად სჭირდება თუ არა ცხოველს ესა თუ ის მედიკამენტი, უცნობია. წესით, კონტროლის მექანიზმიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ვეტერინარულმა დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავონ. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ეს პროცესები უფრო გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს.
_ გაზრდის თუ არა ეს ცვლილება შინაური ცხოველების სიკვდილიანობას?
_ ვფიქრობ, აუცილებლად გაზრდის, ვინაიდან, თუ ვერ უმკურნალე და წამალი ვერ უყიდე ცხოველს, ბუნებრივია, მოკვდება. ამას გარდა, ზოგიერთ ცხოველს აქვს ქრონიკული დაავადება, რომელიც მუდმივ მკურნალობას საჭიროებს და არ ვიცი, ეს საკითხიც როგორ მოგვარდება. ქვეყანაში ცხოველების მიმართ პასუხისმგებლობა ძალიან დაბალია, ბევრი მეპატრონე ისედაც აგდებდა ავადმყოფ ცხოველს ქუჩაში და ახლა, როცა ამ ცხოველებს ვერ უმკურნალებენ, ქუჩაში გაგდებული ავადმყოფი ცხოველების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ვფიქრობ, ეს რეგულაცია გაზრდის კორუფციასაც: ან ნაცნობთან მივლენ აფთიაქში, ან უბნის ექიმს მიართმევენ «ბანბანერკას» და სთხოვენ წამლის გამოწერას და ა.შ. ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა _ შეიძლება ამ ყველაფერმა მედიკამენტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს.
ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროს მცხოვრები ირინე ნეფარიძე:
_ სოფელში არ გვყავს ვეტერინარი, ზესტაფონში ვეტერინარული აფთიაქებია, რომლებშიც ვყიდულობდით ცხოველებისთვის საჭირო მედიკამენტებს, მაგრამ ისინი რეცეპტს არ ითხოვდნენ. თუ ჰქონდათ საჭირო წამალი, გვაძლევდნენ; ახლა ეს რეგულაცია პრობლემას შექმნის. თუ ვეტერინარიც ვერ მოგვცემს რეცეპტს, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. თუ წამლის ყიდვას ვერ შევძლებთ, ბუნებრივია, მოგვიკვდება ცხოველი, ეს კი ხალხში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
თბილისის მცხოვრები ნინო ბაქრაძე:
_ ჩემმა ძაღლმა ახლახან რთული ოპერაცია გადაიტანა. საჭირო მედიკამენტები წინასწარ შევიძინე, თუმცა, მომავალში როგორ მოვახერხებ წამლების შეძენას, არ ვიცი.
ვითხოვთ, ვეტერინარებს მიეცეთ რეცეპტის გამოწერის უფლება, რათა ცხოველების პატრონებმა შევძლოთ აფთიაქებში მედიკამენტების შეძენა. ასევე სასურველია, ძველი ფასით შევძლოთ ამ წამლების ყიდვა და არა მომატებული ფასით. ვინაიდან, ვეტერინარს თუ მისცეს უფლება (ესეც არ არის ჯერ გადაწყვეტილი), მან ნებისმიერ მედიკამენტზე ფასის ნამატი უნდა გააკეთოს. ეს კი თავისთავად ფასების გაზრდას გამოიწვევს. ამას გარდა, თუ ცხოველი არ წაიყვანე ვეტერინარულ კლინიკაში, მედიკამენტს ვერ იყიდი. ხშირად ცხოველთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია, ეს კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის. შესაძლებელია, იმ კლინიკაში იმ დროს საჭირო წამალი არც ჰქონდეთ, ვინაიდან ვეტერინარი ყველა მედიკამენტს წინასწარ ვერ შეიძენს. და ვიდრე პრობლემა გადაიჭრება, დრო გავა, ეს კი ნებისმიერი ცხოველისთვის სახიფათოა.
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი:
_ ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების რეგულაცია და რეალიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაა. თუმცა, გარდა ვეტერინარული პრეპარატებისა, არის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ადამიანისთვისაც გამოიყენება და ცხოველებისთვისაც, მათ ჩვეულებრივ იძენენ აფთიაქებში. კანონმდებლობა არ ზღუდავს ვეტერინარულ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ უფლება აქვთ, გააფორმონ ხელშეკრულება ფარმაცევტულ დაწესებულებასთან, ბითუმად შეიძინონ სამკურნალო საშუალებები და გამოიყენონ ცხოველების სამკურნალოდ.
კონსულტაციები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, მთავარია, ვეტერინარული კლინიკები არ დარჩნენ სამკურნალო საშუალებების გარეშე და ეს ასეც იქნება. მათ შეუძლიათ ეს მედიკამენტები ბითუმად შეიძინონ ფარმაცევტული დაწესებულებებიდან და შემდეგ უკვე საჭიროებისამებრ გამოიყენონ.
_ კონსულტაციების შემდეგ თუ აპირებთ, ვეტერინარებისთვის რეცეპტის გამოწერის უფლების მინიჭებას?
_ ვეტერინარი რეცეპტს ვერ გამოწერს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მაგრამ შეუძლია დაწეროს დანიშნულება და თავისივე კლინიკიდან გასცეს ესა თუ ის სამკურნალო საშუალება. ვეტერინარულ კლინიკას ბითუმად გააქვს ეს მედიკამენტები აფთიაქებიდან და მის შემდგომ მიმოქცევაზე უკვე ის არის პასუხსმგებელი _ კლინიკაში გამოიყენებს თუ თავისივე რეცეპტის საფუძველზე გაატანს ცხოველის პატრონს, მასზეა დამოკიდებული.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია «ჰუმანიმალის» ხელმძღვანელი სოფო ჯიბუტი:
_ ცხოველთა უფლებების დამცველებს ბევრი პრობლემა გვაქვს, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს კანონი, რომელიც ცხოველებს დაიცავს. რაც შეეხება რეცეპტებს, ვეტერინარული დეპარტამენტი, როგორც ჩანს, აქამდეც სრულიად უმოქმედო იყო, ვინაიდან ლიცენზირებული და რეგისტრირებული ვეტერინარული კლინიკების სიები ახლა დგინდება და რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს, არავინ იცის. დღეს ცხოველი ცუდად რომ გაუხდეს ვინმეს, მისთვის მედიკამენტს, უბრალოდ, ვერ შეიძენს. ზოგიერთმა ვეტერინარმა მოიფიქრა და მოიმარაგა წამლები, მაგრამ ეს მარაგი დიდხანს არ ეყოფა. თანაც, მოგეხსენებათ, ყველა მედიკამენტს თავისი შენახვის ვადა აქვს.
_ სახელმწიფოს პოზიცია ასეთია: მხოლოდ ვეტერინარულ კლინიკებს ექნებათ მედიკამენტების გაცემის უფლება. ეს რა პრობლემებს შეუქმნის ცხოველების მეპატრონეებს?
_ ამ ცვლილებამ შეიძლება მომსახურებისა და მედიკამენტის ფასები გაზარდოს. ეს საბაზრო ეკონომიკის ამბავია _ ბაზიდან აღებულ წამალს ვეტერინარული კლინიკა ფასს მოუმატებს.
_ ის ვეტერინარები, რომლებსაც საკუთარი კლინიკები არ აქვთ, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დარჩებიან?
_ ვეტერინარები, რომლებსაც არ აქვთ კლინიკა და ლიცენზია, თავისთავად უფუნცქიოდ დარჩებიან. რეგიონებში საშინელი ვითარებაა. ბევრგან საერთოდ არ არის ვეტერინარი და, თუ არის, მხოლოდ ცხოველის აცრა იცის.
ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მაინც გაითვალისწინებს ცხოველთა უფლებების დამცველებისა და მოსახლეობის თხოვნას და შინაურ ცხოველებს სასიკვდილოდ არ გაწირავს.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა
P.S. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება გაითვალისწინებს ცხოველთა უფლებების დამცველებისა და მოსახლეობის თხოვნას და შინაურ ცხოველებს სასიკვდილოდ არ გაწირავს.