1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის შესახებ ბევრი დაიწერა, იწერება და მომავალშიც დაიწერება. იგი ამოუწურავი თემაა, მაგრამ ამ წერილში სულ სხვა საკითხს გვინდა მივაპყროთ საზოგადოებისა და მთავრობის ყურადღება. საქმე ეხება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისადმი მთავრობების დამოკიდებულებას, ვეტერანებისადმი, რომელთა მხრებზეც გადაიარა ომის მთელმა სიმძიმემ და რომლებიც ღვთის წყალობით დღეს ცოცხლები არიან.
ომში ხომ ყველა არ იღუპება? ომის დროს საქართველოდან სამშობლოს დასაცავად ჯარში გაწვეული იმ 700 ათასი ადამიანიდან თითქმის ნახევარი დაიღუპა. დღეისათვის ცოცხალი მხოლოდ 2 ათას კაცამდეა, მათგან ქ. თბილისში 600 ვეტერანი შემორჩა. იმ ომის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე დღეს 89 წლისაა, დანარჩენები კი 90 წელს გადაცილებულნი არიან. ერთ-ერთი მათგანი, გადამდგარი პოლკოვნიკი მოსე მდინარაძე, რომელიც ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კავშირს შესანიშნავად თავკაცობს, 97 წლისაა.
როგორია სამშობლოს წინაშე დამსახურებული და ვალმოხდილი ასაკოვანი ადამიანებისადმი ქვეყნის მთავრობების მხრივ გამოჩენილი ყურადღება? პირდაპირ ვიტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არც ერთ ქვეყანაში ომის ვეტერანები ისე უყურადღებოდ მიტოვებულნი და შეურაცხყოფილნი არ არიან, როგორც საქართველოში.
90-იან წლების მიწურულს მთავრობამ დაიწყო მის მიერ მიღებული შეღავათების გაუქმება. დაიწყო იგი ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათის გაუქმებით. აქედან დაიწყო ომის ვეტერანების ტანჯვა-წამება სამართლის ძიებაში, სასამართლოებში ხეტიალი (კარგად მოგეხსენებათ იმდროინდელი სასამართლოების საქმიანობის მანკიერი სტილი), საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდეც მივიდა და როგორც იქნა, 2,5 წლის ბრძოლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის გადაწყვეტილება ომის ვეტერანებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის გაუქმების თაობაზე ბათილად ცნო. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს განჩინება სრულად მაინც არ შეასრულა და ვეტერანებს შუქზე შეღავათი დიდი შეზღუდვით აღუდგინეს.
შევარდნაძის შემდეგ ხელისუფლებაში ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, პარანოიკი სააკაშვილის მოსვლის შედეგად ომის ვეტერანებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად გაუარესდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომის ვეტერანებს თითქმის ყველა შეღავათი გაუუქმა.
«ნაციონალების» ფაშისტური მთავრობა 2012 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად «ქართული ოცნების» მთავრობამ შეცვალა, რომლის დიდი იმედი ჰქონდათ ვეტერანებს, მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! «ოცნების» მთავრობამ ომის ვეტერანებთან დამოკიდებულებაში «ნაციონალების» დაწყებული საქმე პირდაპირ გააგრძელა მეტიც, დიდი სამამულო ომის მონაწილე რიგით მებრძოლებს და უმცროს მეთაურთა შემადგენლობას ომში მონაწილეობის პენსია მოუხსნა და დღეს იმ საშინელი ომის მონაწილეთ პენსია ჩვეულებრივ 150 ლარი აქვთ.
«ნაციონალების» მთავრობის ხრიკებით დაიწყო ამ ხანდაზმული ომის ვეტერანების სასამართლოებზე ხეტიალი. ვეტერანთაგან ვინც შეძლო სასამართლო მარათონის გაძლება, მათ ომის მონაწილეობის პენსია დაენიშნათ, ხოლო ვეტერანთა ძალიან დიდი ნაწილი პენსიის გარეშე დარჩა და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სისხლით მოპოვებულ კანონიერ პენსიას ვერ ეღირსა. აი, ასე სადისტურად მოექცნენ წინა და დღევანდელი მთავრობები ომის ვეტერანებს პენსიების დანიშვნისა და სხვა საკითხებში. სამწუხაროდ, პენსიასთან დაკავშირებით ეს «ჩეხარდა» დღემდე გრძელდება.
ომის ვეტერანებისადმი არაადამიანური მოპყრობისა და აბუჩად აგდების ნიმუშია ე.წ. ვეტერანთა საავადმყოფო, რომელშიც ომგადახდილი ასაკოვანი ავადმყოფები ყოვლად დაუშვებელ პირობებში გადიან მკურნალობის კურსს.
მეორე მთავარი საკითხი, რომლითაც დიდი სამამულო ომის მონაწილეებს უდიდესი შეურაცხყოფა და მოუშუშებელი გულისტკივილი მოგვაყენეს მსოფლიო ცივილიზაციისა და ჩვენი ქვეყნის ფაშისტური გერმანიის მონობისგან გადამრჩენის, დიდი სტალინის ლანძღვა–გინებაში გამოიხატება, მისი ძეგლებისა და სამამულო ომის მონაწილეთა მემორიალების ნგრევაში.
ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ომს ჰყავდა თავისი მხედართმთავარი, რომელიც წარმატებით თუ წარუმატებლად წარმართავდა საომარ ოპერაციას, წყვეტდა ომის ბედს. ამდენად, ომში წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე მსჯელობენ მის მხედართმთავართან ერთად. არ შეიძლება არ ახსენო ალექსანდრე მაკედონელი, მის მიერ გადახდილ ომებზე საუბრისას. ასევე, არ შეიძლება ისაუბრო ნაპოლეონის გარეშე მის მიერ წარმოებულ საომარ ოპერაციებზე; ანდა შეიძლება ვისაუბროთ 1812 წლის რუსეთის პირველ სამამულო ომზე და არ ვახსენოთ კუტუზოვი? ზუსტად ასევე არ შეიძლება ვისაუბროთ ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომზე და ამ ომში გამარჯვებაზე ისე, რომ არ ვახსენოთ ამ გამარჯვების სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი, გენერალისიმუსი დიდი სტალინი. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ ამ ომმა, დიდი სტალინის ხელმძღვანელობით, სამყარო გადაარჩინა გერმანული ფაშიზმის მონობას, განადგურებიდან იხსნა მსოფლიო ცივილიზაცია და ა. შ. განა ნონსენსი არ არის, როდესაც გამარჯვების დღეს ჩვენთან _ საქართველოში დიდი სტალინის სახელს არ ახსენებენ, რომელმაც შეძლო მსოფლიოში უძლიერესი ფაშისტური გერმანიის დაუმარცხებელი არმიის მისივე ტერიტორიაზე სასტიკად განადგურება?! მკრეხელობა და სასაცილო არ არის, როდესაც ისეთ გენიოს ადამიანს, როგორიც დიდი სტალინი იყო, ვიღაც კაცუნები სააკაშვილი და მისი ამქრები _ ბარამიძეები, ბოკერიები, ბერძენიშვილები, წიკლაურები, ჩერგოლეიშვილები, თორთლაძეები, ვაშაძეები და მათი მსგავსნი აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ? დასაგმობია ის ამბავი, რომ დიდ სამამულო ომზე და სტალინზე ინსინუაციები და ათასგვარი ჭორები ვრცელდება მაშინ, როდესაც იმ ომის უშუალო მონაწილეები ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. თუ ამათი ბოგინი ამ ქვეყანაზე კიდევ გაგრძელდა და არ აილაგმნენ, წარმოიდგინეთ, რა იქნება მაშინ, როცა ჩვენ, იმ ისტორიის უშუალო მონაწილენი, ამქვეყნად არ ვიქნებით. ეს შეუგნებელი ადამიანები არ უკვირდებიან იმას, რომ, როცა სტალინის პიროვნებას ლანძღავენ, ამით შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოდან იმ ომში წარგზავნილ და გმირულ ბრძოლებში დაღუპულ ასიათასობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. ამასთანავე, შეურაცხგვყოფენ ჩვენ, იმ ომის უშუალო მონაწილეებს, და, რაც ყურადსაღებია, ამით გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ მომავალი თაობის სამშობლოს სიყვარულით და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეს. სტალინის პიროვნება ამ უგნური ადამიანების რა შესაფასებელია, როცა მისი როლი მსოფლიო ცივილიზაციის გადარჩენაში ბრწყინვალედ შეაფასეს მსოფლიოს გამოჩენილმა ადამიანებმა, მათ შორის მისმა მტრებმაც კი.
დღეს, როდესაც «ნაციონალების» მიერ ისედაც დანგრეული ქვეყანა თავზე გვენგრევა, ადამიანების უმრავლესობა გაუსაძლის სიღატაკეში ცხოვრობს, საქართველოს პარლამენტმა, თითქოს სხვა საქმე არაფერი ჰქონდეს, სამსჯელოდ გახადა სტალინის ძეგლების აღდგენა-არაღდგენის საკითხი, გულის ამრევი იყო ზოგიერთი პარლამენტარის მიერ სტალინის მიმართ ზიზღითა და სიძულვილით გაჯერებული ლანძღვა-გინების გადმონთხევა და ყოველივე ამის ყურება. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც არც განათლება და კულტურა გააჩნიათ, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო არაფერი შეუქმნიათ და მხოლოდ მომხმარებლები და პარაზიტები არიან.
მომავალი დაადასტურებს, რომ დიდი სტალინის პიროვნების ლანძღვა–გინება, სამამულო ომის გმირი მებრძოლების შეუფასებლობა და შეურაცხყოფა არამარტო დიდი შეცდომაა, არამედ დიდი ცოდვაც, რომელსაც მომავალი თაობები არ გვაპატიებს.
დასასრულ, ერთი ფაქტის შესახებ: 1945 წლის მაისში გერმანიის ქალაქ ბუნცალაუს აღების შემდეგ ერთ-ერთი ჩვენგანი მოხვდა იმ ოთახში, სადაც 1812 წელს რუსეთის არმიის მთავარსარდალი კუტუზოვი ავადმყოფი იწვა და მკურნალობდა. გიდის გადმოცემით, კუტუზოვი სწორედ იმ პატარა ოთახში მოინახულა რუსეთის მეფემ ალექსანდრე პირველმა, რომელმაც გამომშვიდობებისას კუტუზოვს პატიება სთხოვა. კუტუზოვმა თურმე უპასუხა: _ მე რომ გაპატიო, რუსეთი გაპატიებს? ეს წერილი მეფე ალექსანდრე პირველისადმი კუტუზოვის პასუხის პერიფრაზით გვინდა დავამთავროთ: ყველა ის გულისტკივილი, რომლებიც იმ ომის მონაწილე ვეტერანებს მოგვაყენეთ, ჩვენ რომ გაპატიოთ, ღმერთი გაპატიებთ?
შოთა ბუაძე,
დიდი სამამულო ომის ვეტერანი, პროფესორი;
მოსე მდინარაძე,
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა
თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარე,
დიდი სამამულო ომის ვეტერანი, გადამდგარი პოლკოვნიკი,
ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე.