Home რუბრიკები საზოგადოება ჩაენაცვლება თუ არა გორული ვაშლი პოლონურს?

ჩაენაცვლება თუ არა გორული ვაშლი პოლონურს?

606

მსოფლიო პერიოდიკის ყურადღების ცენტრში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პრობლემასთან ერთად პუტინის მიერ განხორციელებული კონტრზომები მოექცა. ამ დაპირისპირების შედეგად გამოთავისუფლდა გარკვეული ნიშები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სფეროში. გამოიყენებს თუ არა საქართველო ამ უნიკალურ შანსს თავისი პროდუქციის გატანის არეალის გასაფართოებლად?


მომენტის გამოყენება შესაძლებელია

საუბარი ნაპოლეონ ქარქაშაძესთან, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსთან, რომელიც ავტორია მონოგრაფიისა მსოფლიოს სოფლის მეურნეობის შესახებ, ასეთი შეკითხვით დავიწყეთ:

_ საქართველოში წარმოებული სასოფლოსამეურნეო პროდუქცია უპასუხებს მსოფლიო ბაზრის სტანდარტებს?

_ მსოფლიო ბაზარი შეფარდებითი ცნებაა. ჩვენ ახლაც გაგვაქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილი საზღვარგარეთის ქვეყნებში გასაყიდად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე გავედით მსოფლიო ბაზარზე… პარადოქსია არა? მსოფლიოს ბაზარზე გასვლა და დამკვიდრება ხანგრძლივი პროცესია. როცა ოფიციალურად შეგვაქვს პროდუქტი ამა თუ იმ ქვეყანაში, ეს არის პირველი ეტაპი იმისა, რომ ამ ქვეყნის ათვისების პროცესი დაიწყო. მეორე ეტაპია პროდუქციის ისეთი რაოდენობით რეალიზაცია, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს გაძლევს. მნიშვნელოვანია ფასებიც და ა. შ. ნუ დაგვავიწყდება, რომ პროდუქციის შეტანას არალეგალურადაც ახერხებენ. მაგალითად, საქართველოს ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის ნახევარზე მეტი არალეგალურია!

_ პირდაპირ მიპასუხეთ: შევძლებთ, გამოვიყენოთ შანსი იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის პროდუქციის თავის ბაზარზე შეტანა აკრძალა?

_ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოს აძლევდა საშუალებას, ჩვენი პროდუქცია უპრობლემოდ შეგვეტანა რუსეთის ბაზარზე. ქვეყანა ამ შანსს ავად თუ კარგად იყენებდა, თუმცა არ არსებობდა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და არც ორგანო, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებდა. დღემდე გაურკვეველია, რატომ გაუქმდა საგარეო ვაჭრობის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო და აქტუალურია დღესაც. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და არც ჩვენი სავაჭრო წარმომადგენლობაა ფედერაციაში. ერთიც და მეორეც აუცილებელია, რათა დაცული იქნას ექსპორტიორთა და საერთოდ ქვეყნის სავაჭრო (და არა მარტო) ინტერესები.

რაც შეეხება რუსეთის გადაწყვეტილებას, აქ მარტო თავმოყვარეობასა და პრესტიჟზე არაა საუბარი. პარტნიორობა, პირველ რიგში, ურთიერთსარგებლიანობას გულისხმობს. ურთიერთსარგებლიანობა ვერ იქნება ურთიერთპატივისცემის გარეშე. ევროკავშირის ქვეყნებმა ეს ბალანსი დაარღვიეს, ამიტომ რუსეთმაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე ზარალდება, ამიტომ იგი დიდხანს ვერ იმუშავებს, მალე დადგება დრო, როცა ორივე მხარე გადახედავს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ხინჯი, რომელიც უკვე გაჩნდა, დიდხანს დარჩება.

ჩვენ მოგვეცა სერიოზული შანსი, ფეხი მოვიკიდოთ რუსეთის ბაზარზე და ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია და მის ბაზარს ქართველი მწარმოებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთის მომხმარებელი კარგად იცნობს ქართულ პროდუქციას და ერთგვარი ნოსტალგიაც კი აქვს ჩვენს ნაწარმზე. რუსეთში დიდია ქართული დიასპორა, რომელიც იქაურ ბაზარზე დამკვიდრებაში სერიოზულად შეგვიწყობს ხელს. ქართველებმა კარგად ვიცით, თუ რა პროდუქციაზეა მოთხოვნილება რუსეთში და ა. შ. ფაქტორი ბევრია, მათ შორის, წვრილმანიც, რომლებიც ასევე გასათვალისწინებელია.

_ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ შევაღწიოთ რუსულ ბაზარზე, რა ბერკეტები არსებობს?

_ საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთი მოაქციეს იზოლაციაში და ცდილობენ სხვა ქვეყნების აყოლიებას. ვთვლი, რომ რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ჩვენი პრემიერმინისტრის მოზომილი ტონი, რომელიც ბევრს აღიზიანებს, დღევანდელი საქართველოსთვის მისაღებია. იმედია, ამას შესაბამისი მოქმედებაც მოჰყვება.

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ გამოთქვა სერიოზული პროტესტი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით _ მათი ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დაზარალდა. პერსპექტივა უარესია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის რამდენიმე ქვეყანა კვლავ განაახლებს ვაჭრობას რუსეთთან, ფინეთმა უკვე უარყო ევროკავშირის წინადადება, სხვებიც მიბაძავენ.

პირდაპირ გეტყვით, რომ სწორედ ეს მოკლე პერიოდია ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი, იგი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ჯერ ფეხზე უნდა დავდგეთ

იმავე პრობლემაზე ვესაუბრებით ცნობილ ეკონომისტს, პროფესორ დავით იაკობიძეს.

_ დაუპირისპირდება თუ არა პოლიტიკურ კონიუნქტურას ეკონომიკური მიზანშეწონილობა?

_ უწინარეს ყოვლისა, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა. მოხდა კი ის, რომ სამხედრო ესკალაციამ, იარაღის ჟღარუნმა მსოფლიო გადაიყვანა ცივი ომის მდგომარეობაში. დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა ეკონომიკური სანქციები.

რუსეთს უნდა დაენახვებინა მსოფლიოსთვის და, უპირველესად, თავისი ხალხისთვის, რომ მასაც შესწევს ძალა ქადილისა და განახორციელა კონტრსანქციები _ შეზღუდა სასურსათო პროდუქციის შემოტანა მის საკუთარ ბაზარზე ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან; განსაკუთრებით, ნორვეგიიდან, ფინეთიდან, პოლონეთიდან…

ფინეთში წარმოებული თხევადი ყველის 20 პროცენტი იყიდებოდა რუსეთში. ამ ბაზრის დაკარგვა ფინელებმა მაინცდამაინც არ განიცადეს. ნორვეგიელების პრობლემა კი უფრო სერიოზულია, რადგან აქედან რუსეთში ძალიან დიდი რაოდენობით შემოდიოდა ნორვეგიული ორაგული _ «წითელი თევზი». პოლონეთის სოფლის მეურნეობამ, კერძოდ მებაღეობამ, დიდი დარტყმა განიცადა, რადგან რუსეთმა პოლონური ვაშლის შეტანა აკრძალა, ამიტომ მათმა დარგობრივმა მინისტრმა დამატებით ორასი მილიონი ევროს კომპენსაცია მოითხოვა ევროკავშირისგან. საეჭვოა, დაუკმაყოფილონ ეს მოთხოვნა.

საქონლის ხორცით რუსეთს არგენტინა მოამარაგებს, ღორის ხორცით  ბრაზილია ჩაენაცვლება ევროპულ სამყაროს და ამით არაფერი დაშავდება.

_ ამ ვითარებაში საქართველომ რა უნდა გააკეთოს?

_ საქართველო, რაც შეუძლია, იმას აკეთებს. ჩვენთვის ემბარგო არავის გამოუცხადებია. დაწესდა საბაჟო ზედამხედველობა იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენგან შედის. თუ რამე გვაქვს, რუსი მეწარმეები დაიწყებენ ამ ყველაფრის ჩვენგან შეძენას. ჩვენ არ გვიმუშავია იმ დამატებით პროდუქციაზე, რომელზეც რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებს ემბარგოს თუ დაუწესებს, ჩვენ შევიტანდით და ხელს მოვითბობთ.

ასე რომ, პოლიტიკური ასპექტი ამ პრობლემას არ აქვს. ჩვეულებრივი საბაზრო ასპექტით ხასიათდება _ თუ გვექნება კარგი პომიდორი, გაიტანენ, გვექნება ჭარბი კომბოსტო, გაიტანენ.

_ ვაშლი?

_ გვაქვს კი, რომ გავიტანოთ? ვაშლი ჩვენი მოხმარებისთვის სომხეთიდან შემოგვაქვს… და საერთოდ, ქვეყნის სავარგულები დახნულია 350 ათასი ჰექტრის ოდენობით, რაც საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

_ რამდენი უნდა დაიხნას?

_ კომუნისტები 800 ათას ჰექტარზე მეტს ხნავდნენ. შევარდნაძის დროს 600 ათასი, 700 ათასამდე ჰექტარი იხვნებოდა, ასე იყო 1997 წელს. მიშას პერიოდში 250 ათასს არ ასცილებია, ახალმა ხელისუფლებამ 350 ათასი ჰექტარის მოხვნა შეძლო.

რა მოსავალი უნდა მივიღოთ ამ სავარგულებიდან ისეთი, რომ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ხალხის მოთხოვნა სოფლის დოვლათით?! ვთქვათ, შემოვიდა რუსი კომერსანტი საქართველოში და გასატანი პროდუქციის შეგროვება დაიწყო. მაშინვე დაგვიდგება ადგილობრივი ბაზრის დაცარიელების პრობლემა.

_ ესე იგი, თუ გვინდა მოვლენების განვითარებით შექმნილი შანსი გამოვიყენოთ, გავაფართოოთ ჩვენი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის გასაღების არეალი, ჯერ მოსავლის ოდენობისა და ხარისხის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ?

_ დიახ. ახლავე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს ბაზარს არ მოუვიდეს კოლაფსი.

მაშასადამე, ჯერ ფეხზე უნდა დადგე, მსოფლიო ბაზრის რომელიმე გარემოში უნდა იყო ინტეგრირებული და შემდეგ იფიქრო რეალური მიზნების განხორციელებაზე.

ახლა ვის ვეჯიბრებით? აზერბაიჯანს, რომელიც მთელი სამხრეთ კავკასიის პროდუქციის 70 პროცენტს აწარმოებს?! (ჩვენი და სომხეთის წილი 30 პროცენტია). ან სომხეთთან შეგვიძლია პაექრობა, როცა სოფლის მეურნეობის 15 დასახელების პროდუქტი: გარგარი, სტაფილო, წითელი ჭარხალი, ნიორი, ვაშლი, ატამი საგვიანო და ა. შ. საქართველოში შემოაქვს? ვიღაცებს ეს მეათეხარისხოვანი მნიშვნელობისა ჰგონია. მაგრამ ამის უკან დგას ხალხის დასაქმება, ფული, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა.

ამიტომ სიტუაციით სარგებლობა ამ წუთას არ შეგვიძლია და მას სახელმწიფო მნიშვნელობას ჯერჯერობით ვერ მივანიჭებთ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here