Home რუბრიკები პოლიტიკა მარგველაშვილი, პროკურატურა, სისულელე და ღალატი

მარგველაშვილი, პროკურატურა, სისულელე და ღალატი

603

ავლაბრის რეზიდენცია, როგორც ჩანს, მართლა აგიჟებს ადამიანებს, ხოლო მარგველაშვილი სააკაშვილის გზას მიუყვება. სულ უფრო მეტი სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს, დაუმტკიცოს გარშემო მყოფებს, რომ ის გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე მათ ჰგონიათ.


მთლიანობაში, ეს გამოიყურება, როგორც სასაცილო სცენა, რომელიც რესტორნებში არაერთგზის გვინახავს, როდესაც უკიდურესად მთვრალი კლიენტი გაცვეთილ კოსტიუმში ეჩხუბება ოფიციანტებს და უმტკიცებს, რომ ომამდე ტანკისტი (აკადემიკოსი, მინისტრი და . .) იყო. გამორიცხული არაა, რომ საბრალო ფილოსოფოსი, წინამორბედის მსგავსად, განდიდების მანიამ (გამოცემა მეორე, ადაპტირებული) შეიპყრო ან სხვა, მსგავსი ტიპის პრობლემები შეექმნა. ამდენი ხანია, ვამბობ _ ან ავლიპი უნდა გავაცოცხლოთ, ან პრეზიდენტის პოსტი გავაუქმოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ მისმენს.

მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა არაფრად ჩააგდო უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მარგველაშვილმა მოიწვია, ფიგურანტი, როგორც ჩანს, ძლიერ დაიბოღმა და საპასუხო ნაბიჯისთვის მზადება დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ყოველივე, რაც შემდეგ მოხდა, მარგველაშვილის აფექტურ მდგომარეობას დავუკავშიროთ, ვიდრე კარგად გააზრებულ ღალატს. პირდაპირი დაჯახება ღარიბაშვილთან არ გამოდიოდა, რადგან მარგველაშვილს, უბრალოდ, კიდევ ერთხელ აუწევდნენ ყურს (და ის ატირდებოდა ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული… ეს მელოდრამატული ისტორია, პრინციპში, მოითხოვს მსგავს ჩანართებს) და ის თავს პროკურატურას დაესხა.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორჯერ, ამა წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს, გაუგზავნა წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მოითხოვა საიდუმლო გრიფის მოხსნა დოკუმენტებისთვის, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამოძიებას ეხება. პროკურატურის მტკიცებით, თავის დროზე გრიფი ამ დოკუმენტებს უკანონოდ მიანიჭეს. მარგველაშვილმა ამ მიმართვას დუმილით უპასუხა. პასუხი მისგან პროკურატურის ხელმძღვანელობამ ვერც 8 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. იმავე დღეს, საღამოს მარგველაშვილმა დოკუმენტებს გრიფი მოხსნა (ძნელი სათქმელია, ხელისუფლების პირველი პირების ჩარევის თუ სიტუაციის დამოუკიდებელად გაანალიზების შემდეგ). მარგველაშვილის პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, რომ პროკურატურამ ადმინისტრაციაში გაგზავნილ წერილებსაც დაადო გრიფი «საიდუმლო», შემდეგ კი მასმედიას (შესაბამისად, საზოგადოებას) მათი გაგზავნის შესახებ ამცნო, რითაც თითქოსდა «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ» კანონის მოთხოვნა დაარღვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პროკურატურამ და შსს-მ საკმაოდ ნერვული განცხადებები გაცვალეს. იურისტების აზრი ორად გაიყო: ნაწილი მიიჩნევს, რომ ფორმალურ დარღვევას ადგილი მართლაც ჰქონდა, ნაწილი კი თვლის, რომ ყველაფერი რიგზეა. მათი აკადემიური დისკუსია ამ საკითხზე უდავოდ საინტერესოა, მაგრამ აქ, ალბათ, ორი მარტივი კითხვა უნდა დავსვათ, რომელიც, შესაძლოა, ამ ისტორიის ქვეტექსტთან მიგვაახლოებს.

კითხვა: ვის აძლევს ხელს ყველაზე მეტად სახელმწიფო დაცვის სამსახურის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული გამოძიების გაჭიანურება?

პასუხი: მიხეილ სააკაშვილსა და «ნაციონალურ მოძრაობას».

კითხვა: ვის აძლევს ხელს ყველაზე მეტად პროკურატურის დისკრედიტაცია და მისი დადანაშაულება უკანონო მოქმედებებში უშუალოდ მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილს და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა?

პასუხი: მიხეილ სააკაშვილსა და «ნაციონალურ მოძრობას».

აქ, პრინციპში, შეიძლება მესამე კითხვაც დაისვას, რომელიც 1916-ში პავლე მილიუკოვმა უკვდავყო: «რა არის ეს: სისულელე თუ ღალატი?».

საინტერესოა, რა ურჩევნია მარგველაშვილს _ საზოგადოებამ განიხილოს ეს ეპიზოდი, როგორც მისი «მანია გრანდიოზას» ანარეკლი და მოვლენების შემთხვევითი თანხვედრა (ანუ სისულელე), თუ როგორც მიზანმიმართული, კარგად გააზრებული საბოტაჟის აქტი (ანუ ღალატი). ან რატომ გააჭიანურა გრიფის მოხსნა, ან რატომ მოაწყო საჯარო სკანდალი იქ, სადაც ფორმალური ხასიათის პრობლემის მოგვარება სამუშაო რეჟიმში შეიძლებოდა? რატომ დაარტყა პროკურატურას სწორედ მაშინ, როდესაც ის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება?

უცნაურ ლტოლვას სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელების და მათი მემკვიდრეობის მიმართნაცოფილია» ან «სააკოფილია», რომელიც ცხონებულ ფროიდს, სამწუხაროდ, არ შეუსწავლია) პრეზიდენტი მარგველაშვილი პირველად როდი ავლენს. «ქართული ოცნების» უამრავმა ამომრჩეველმა (და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმაც) თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როდესაც მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა, უფრო სწორად _ შეიპარა. შემდეგ კი თავის ადმინისტრაციაში ძველი რეჟიმის მსახურთათვის «საკადრო თავშესაფარი» მოაწყო. ახლა დაუპირისპირდა პროკურატურას სწორედ იმ საბუთებთან დაკავშირებით, რომლებიც სააკაშვილის შესაძლო დანაშაულის გამოძიებას ეხება. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ მარგველაშვილმა არ იცოდა, რომ მისი ადმინისტრაცია აჭიანურებს პასუხის გაცემას პროკურატურის მიმართვაზე და მანიპულატორებმა ის კონფლიქტში ბოლო სტადიაზე ჩართეს, თანაც ურჩიეს: «მიდი, დაამტკიცე, რომ ნამდვილი პრეზიდენტი ხარ!». ვინ გააკეთა ეს? ძველი რომაელები მსგავს სიტუაციებში, უპირველეს ყოვლისა, ეძებდნენ იმას, «ვისაც ხელს აძლევს», ფრანგები კი ამბობდნენ «შერშე ლა ფამ». თუმცა ვინაიდან საქართველოში ასეთ საკითხებში ჩაღრმავება მიღებული არ არის, უმჯობესია, შემოვიფარგლოთ ფორმულით «შერშე ლა ნაც». რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩამოთვლილი კანონდარღვევას არ წარმოადგენს და მარგველაშვილს ჰქონდა ფორმალური უფლება, ასე მოქცეულიყო. მაგრამ იმედია, ის აცნობიერებს, რომ სხვებსაც აქვთ უფლება, სავსებით ლეგიტიმური მეთოდების გამოყენებით მიიყვანონ ის ისეთ მდგომარეობამდე, რომ მალევე, ბორის ელცინის მსგავსად, გამოჩნდეს ტელეეკრანებზე რეპლიკით: «მე დავიღალე, მე მივდივარ».

არადა, მარგველაშვილი, როგორც ჩანს, მართლაც დაიღალა, ყოველ შემთხვევაში კოგნიტური პაკეტები აშკარად დასავარცხნი აქვს. თვალი გადავავლოთ მის გამოსვლას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე (10 აგვისტო): «ჩვენი უაღრესად წარმატებული მისიები როგორც ავღანეთში, ისე აფრიკაში, არის წინაპირობა, რომ ჩვენ ომს მოვიგებთ ბრძოლის გარეშე». ან კიდევ: «თქვენი თავდადება, რომელიც ჩანს თქვენს სახეებზე, ყოველთვის შეაშინებს ნებისმიერი ქვეყნის მტერს» (ინტერპრესნიუსი). ძველად, ასეთ სიტუაციებში ამბობდნენ: «ახლა გადათარგმნე!». მსგავსი «მარგალიტები» მრავლადაა მიმოფენილი მარგველაშვილის გამოსვლებში, არადა, ადრე აზრს გაცილებით მწყობრად გადმოსცემდა. ეს კაცი აშკარად იცვლება ან, როგორც მინიმუმ, იღლება.

კიდევ ერთხელ _ მარგველაშვილის გადაქცევა ქვეყნის #1 მასხარად და მისი გადაყენება ტექნოლოგიური თვალსაზრისით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ახლა უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი. განდიდების მანია გამრავლებული ბავშვობისდროინდელ კომპლექსებზე ზოგადეროვნული პრობლემაა, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ამისთვის არ სჯიან. ცივი შხაპი და თერაპიული შინაარსის საუბრები (სასურველია, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან), დიდი ალბათობით, სასურველ შედეგს გამოიღებს. რეალური პრობლემა, ალბათ, გარემოცვასა და ადმინისტრაციაშია, კერძოდ კი იმ კადრებში, რომლებიც თანამშრომლობდნენ სააკაშვილთან და, ასე ვთქვათ, შექმნეს სააკაშვილი. ნებისმიერი ახალი ხელმძღვანელისგან ისინი გამოძერწავენ ახალ სააკაშვილს, რადგან სხვაგვარად, უბრალოდ, არ ძალუძთ.

აძლევს ხელს ასე რომ, ძველი პარტმუშაკები რომ იტყოდნენ: «ამხანაგს დახმარება სჭირდება».

აუცილებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მისი გარემოცვის დაკვირვება, კერძოდ კი იმ კადრების, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან (და ამის გამო მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ, თუმცა ეს, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანია). გამორიცხული არაა, რომ იქ მოქმედებს ორგანიზებული ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა მარგველაშვილის გადაქცევა «ნაციონალების» მარიონეტად. პროკურატურასთან დაკავშირებული ინციდენტი, ალბათ, უნდა განვიხილოთ, როგორც ძალიან საგანგაშო სიგნალი და არა შემთხვევითობა. არცთუ დიდი ხნის წინათ ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია ვანო მაჭავარიანის გადაყენებას მარგველაშვილის მრჩეველის პოსტიდან, მაგრამ, როგორც ჩანს, მაჭავარიანის ამ პოზიციაზე ყოფნა-არყოფნით განხილული პრობლემა არ შემოიფარგლება.

მარგველაშვილისთვის სასურველია, დაარწმუნოს «ქართული ოცნების» ამომრჩევლები იმაში, რომ სააკაშვილის რეჟიმის რეაბილიტაციას არ ცდილობს და მასთან, როგორც პოლიტიკურ, ისე სიმბოლურ კავშირს წყვეტს. ურიგო არ იქნებოდა, თუ პირველ ეტაპზე, ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობება ავლაბრის რეზიდენციას და მასში ჩასახლების სურვილს. ეს დემონსტრაციული ჟესტი დროებით დაამშვიდებს მმართველი კოალიციის იმ მხარდამჭერებს, რომელნიც დღეს მარგველაშვილს ლამის ღალატში ადანაშაულებენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ალბათ, უნდა მისცეს მარგველაშვილს დრო, იმისთვის, რომ დაშვებული შეცდომები გამოასწოროს. პოლიტიკოსის სიძლიერე და სიმწიფე სუსტი მოწინააღმდეგის ჩაწიხლვაში როდი გამოიხატება, ეს სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული მანიაკალური მიდგომაა. გაცილებით სასარგებლოა მოწინააღმდეგის გადაქცევა ერთგულ მოკავშირედ, რაზეც სავსებით სამართლიანად მიუთითებდა სუნ ძი (ან ლაო ძი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, კუნ ძი, მოკლედ, იყო ასეთი დაო დე ძინი).

რაც შეეხება, წარსულთან სიმბოლური კავშირის გაწყვეტას, ამ მხრივ, ალბათ, დავით ნარმანიაც უნდა გააქტიურდეს. არ არის საჭირო ზედმეტი ორჭოფობა სააკაშვილის რეჟიმის არქიტექტორული მემკვიდრეობის ლიკვიდაციასთან ან საფუძვლიან რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. თავი დავანებოთ ამ ნაგებობების კოშმარულ ესთეტიურ შემადგენელს; მთავარია, რომ ეს საზოგადოებაზე ტოტალიტარული დომინირების არქიტექტურაა, რომლის მეშვეობით სააკაშვილი ე. წ. მენტალური რევოლუციის (რეალურად კი საქართველოს დამონების) დაჩქარებას ცდილობდა. სააკაშვილი მოითხოვდა თავისი არქიტექტორებისგან ზუსტად ისეთი ფსიქოლოგიური ეფექტის მიღწევას, როგორსაც ადოლფ ჰიტლერი ალბერტ შპეერისგან (ანუ «დიად საზოგადოებრივ შენობებს, რომელთა მიმართ მოქალაქეთა სახლები დაქვემდებარებულ მნიშვნელობას შეიძენდა», _ ბოდიში «მაინ კამფის» ციტირებისთვის). ასე რომ, სასურველია, თბილისის მერი ამ მიმართულებით გაცილებით აქტიურად ამოქმედდეს, რადგან ეს, არქიტექტურა კი არა, ჩვეულებრივი ფაშიზმია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here