Home რუბრიკები საზოგადოება «იცით, რომ სკოლებში მათემატიკისა და ფიზიკის სპეციალისტების დეფიციტია?»

«იცით, რომ სკოლებში მათემატიკისა და ფიზიკის სპეციალისტების დეფიციტია?»

861

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში «ოცნება» მოვიდა, გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» გამუდმებით წერს გასხვისებულ სამეცნიერო ინსტიტუტებზე, მათი დიდი ნაწილი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ბენდუქიძემ გაასხვისა ან თავად შეისყიდა, ნაწილი გიული ალასანიამ, ნაწილი ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ და ა. შ.


საუბარი იმაზე, თუ როგორ ინგრეოდა ან ვინ ანგრევდა განათლების სისტემას, შორს წაგვიყვანს და თან ახალსაც ვერაფერს ვიტყვით. ამ თემის გარშემო თუკი რამე იყო სათქმელი, უკვე ითქვა, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი მათგანის ბედი სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ერთერთი უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც «ნაცებმა» 2012 წლის საპარლამეტო არჩვენების წინ სასწრაფოდ გაყიდეს, იყო გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელობა თანამშრომლებთან ერთად ამ დრომდე ამაოდ იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ კვარაცხელია მაშინ განათლების მინისტრს, ახლა კი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ ინსტიტუტის საქმე მოგვარდებოდა, პრობლემა დღესაც გადაუჭრელია. 26 ივლისამდე თანამშრომლები შენობაში შესვლას ახერხებდნენ, ვიდრე დაცვის სამსახურმა არ დაიკავა შენობა და იქ ვინმეს შეშვება არ აკრძალა.

2013 წლის 4 დეკემბერს მოსამართლე მაია სვიანაძემ ინსტიტუტის ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შენობის მეპატრონეს ინსტიტუტის თანამშრომლების გამოსახლების პროცესი შეაჩერა, დღეს ეს განაჩენი იგნორირებულია. «ჩემი საბუთების გამოტანის უფლებაც არ მაქვს, _ გვითხრა ინსტიტუტის დირექტორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, რომელიც რედაქციაში პირდაპირ მიტინგიდან მოვიდა, _ ყველაფერს მოგიყვებით».

2012 წლის 5 სექტემბერს გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი სასწრაფოდ გაიყიდა. მისი გაყიდვის ინიციატორი გახლდათ მაშინლელი ეკონომიკის მინისტრის _ ვერა ქობალიას მოადგილე დავით გიორგაძე. შენობით დაინტერესებული იყო და გამუდმებით ქუჩაში დატოვებით გვემუქრებოდა ვინმე გიორგი ზაქაიძე. ეს ის ზაქაიძეა, რომელმაც ვაკის პარკი გაჩეხა და იქ სასტუმროს აშენება სურდა, მისი ფირმის სახელწოდებაა «ტიფლის დეველოფმენტი».

გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი 1956 წელს ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით დაარსდა, ეს შენობა კი 1960 წელს აშენდა. ეს იყო უნიკალური სამეცნიერო ინსტიტუტი  მთელს საბჭოთა კავშირში, მისი გაუქმება არაფრით არ შეიძლება, ქართველებს მათემატიკისა და ფიზიკის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. ის ქვეყანა, სადაც მეცნიერება განვითარებული არ არის, მის კულტურაზე საუბარი ზედმეტია. საზღვარგარეთ როცა მივდიოდი, ვამაყობდი, რომ საქართველოდან ვიყავი. ახლა რას დაემსავსა ჩვენი ქვეყანა?

_ ბატონო ვახტანგ, რა ფასად გაიყიდა შენობა და რა ტერიტორია უჭირავს?

_ ეს არის სამსართულიანი შენობა 7 500 კვ. მეტრი ფართობის და ამდენივე ფართის ეზოთი. ეზოში არის სპორტული მოედანი და პატარ-პატარა  ნაგებობები. და ეს ყველაფერი 1 მილიონ 770 ათას დოლარად გაიყიდა.

რაც შეეხება შენობის შეფასებას, ეს მთლად ასე მარტივად არ მომხდარა. «ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ დავით გიორგაძემ თბილისში ვერ მოძებნა აუდიტის სამსახური, რომელიც შენობას მათთვის სასურველ ფასს დაადებდა, და გორში ჩავიდნენ. ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ სასაცილოცაა და კითხვის ნიშნებიც ჩნდება. გორის აუდიტმა გორის მუნიციპალიტეტის დადგენილებით იხელმძღვანელა და შეაფასა ჩვენი ქონება _ ერთი კვადრატული მეტრის ფასი გორში არსებული ფასით დადგინდა. და ასე, გორის სტანდარტებით გაყიდეს საბურთალოს ცენტრში არსებული შენობა…»

_ ბატონო ვახტანგ, ინსტიტუტის გაყიდვიდან  რამდენიმე დღეში ხელისუფლება შეიცვალა, რა მოხდა ამის შედეგ?

_ ძალიან ბევრი რამ მეც მიკვირს. ჩემთვის გასაგები იყო, რას სჩადიოდა ის მთავრობა, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის _ ვერა ქობალიას მოდგილემ დავით გიორგაძემ ერთპიროვნულად რომ მიიღო მათემატიკის ინსტიტუტის გაყიდვის გადაწყვეტილება,  ამაში ყველა დარწმუნებულია. პარლამენტარი ვანო კიღურაძე საქმის კურსშია და ცდილობს, დაგვეხმაროს. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. უამრავი წერილი დავწერეთ ჯერ არჩილ კბილაშვილის სახელზე, მერე მის შემცვლელებსაც მივმართეთ, მაგრამ ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს. ახლა წერილი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის _ არჩილ ფრანგიშვილის სახელით შინაგან საქმეთა მინისტრს _ ლექსო ჭიკაიძესაც მივწერეთ. ვნახოთ, რა გამოგვივა.

წელიწად-ნახევრის წინ გამომძიებელმა დამირეკა,  ძალიან დაუჩაგრიხართო, მითხრა. თქვენს საქმეს აღარ ვიძიებ, რადგან სხვაგან გადამიყვანეს,  მაგრამ დაგაკვალიანებთ, რაც უნდა გააკეთოთო. იმ პერიოდში თბილისიდან ვიყავი გასული, მისი ნახვა მაშინვე ვერ შევძელი… მას შემდეგ კი, აღარავის დაურეკავს.

სასამართლო პროცესებზე, რომელიც სულ რამდენჯერმე ჩატარადა, ეკონომიკის სამინისტროს, «ტიფლისი დეველოფმენტისა» და რეესტრის წარმომადგენლები ერთად სხედან, ჩვენს ადვოკატს ოპონირებას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი უწევს.

_ თქვენ ვის უჩივით?

_ ეკონომიკის სამინისტროს, რეესტრს და ბუნებრივია, «ტიფლისი დეველოპმენტს». შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

_ განათლების სამინისტროს როგორი პოზიცია აქვს? ჩვენი გაზეთი ზოოვეტერინალური უნივერსტეტის გასხვისების საქმეზე წერდა და მაშინ განათლების მინისტრმა თქვა, რომ ეს მისი საქმე არ არის, ზოოვეტერინარია სოფლის მეურნეობას ეკუთვნის

_ განათლების სამინისტროს შენობისა და ქონების განკარგვის უფლება არ აქვს, თავად მინისტრმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვა, ძალიან შეწუხებულია და მხარსაც გვიჭერს.

_ ბატონო ვახტანგ, თქვენი მონაყოლიდან ნათლად ჩანს, რომ «ტიფლისი დეველოპმენტის» დამფუძნებელი ამ საქმეში მარტო, არც წინა ხელისუფლების დროს იყო და არც ახლა არ არის. როგორ ფიქრობთ ამ საქმეს მოიგებთ?

_ «ოცნების» აქტიური მხარდამჭერი ვიყავი, სულ ვამბობდი, რომ 5 სექტემბერს შენობის გაყიდვაგადაფორმება კი მოასწრეს, მაგრამ მოვლენ ახლა «ჩვენები» და ყველაფერი წესრიგში ჩადგება. არსებობს სასამართლო და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთმეთქი, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღება მართებს

როდესაც შენობა გაიყიდა, მათ ძალიან მალე «თელასში» განაცხადი შეიტანეს, რომ შენობა მათი საკუთრებაა, ეს იმიტომ გააკეთეს, ჩვენ დენის ფულის გადახდის საშუალება არ გვქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელფასი ძალიან მწირია, მაინც ვახერხებდით ჩვენი ინსტიტუტისთვის მიგვეხედა, ხელფასიდან ყველანი ერთად ვიხდიდით ელექტროენეგროს გადასახადს, მაგრამ ამის საშუალება ბოლოს უკვე აღარ გვქონდა, რადგან შენობა ჩვენს სახელზე აღარ იყო. გენერატორი დავდგით და ასეთ პირობებში ბოლომდე ვახერხებდით, რომ ჩვენი სტატიები და უნიკალური ნაშრომები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებულიყო.

არაფერს ისეთს არ ვითხოვთ, გვინდა, რომ სასამართლო პროცესს და სამართლებრივ გზას მივყვეთ, დაცვის პოლიციაში ვიყავი მისული, მათ ავუხსენი ჩვენი მდგომარეობა, ვთხოვე შენობაში შესვლის უფლება მოეცათ, ძალიან შეწუხდნენ, ყველაფერს გავარკვევთო, მაგრამ ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, ვერაფერით გიშველითო. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, როდესაც სამართლებრივი გზები ამომეწურება და მოსამართლე მეტყვის, რომ მტყუანი ვარ, ყველაფერს თავს დავანებებ, მანამდე იქნებ მუშაობა მაცალონ.

შენობას 50 წელი ვუვლიდი, ჩემი ხელით მაქვს მოპირკეთებული, ვიღაც ზაქაიძეს უფლება მისცეს ფული ნაწილ-ნაწილ გადაეხადა და ჩვენ იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ სასამართლოს დასრულებამდე შენობაში ვიყოთ? დაცვის სამსახური სახელწიფოს ექვემდებარება, ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ «ცუდი ადამიანები» მათ სამსახურს ბოროტად იყენებენ.

ამ ცოტა ხნის წინათ, უნგრეთში ვიყავი სამი თვე, იცით როგორი ბედნიერი ვიყავი იქ რომ ვმუშაობდი? თავს ადამიანად ვგრძნობდი… მეცნიერებასთან ასე მოქცევა არ შეიძლება. თქვენ იცით, რომ სკოლებში მატემატიკისა და ფიზიკის სპეციალისტების დეფიციტია? ასეთი ქმედებით მომავალ თაობებს ვღუპავთ, ამ შენობის ადგილას სასტუმროს აშენება რომ უნდა იმ ადამიანსაც ხომ ყავს შვილები?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here