Home რუბრიკები სამართალი სააკაშვილის კვალდაკვალ ბრალს გიგა ბოკერიასაც წაუყენებენ

სააკაშვილის კვალდაკვალ ბრალს გიგა ბოკერიასაც წაუყენებენ

553

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების ჯგუფი მოიწვია. საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორი სერ ჯეფრი ნაისი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი და ისრაელის ყოფილი სამხედრო პროკურორი მოშე ლადორი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს უძღვებოდნენ და საერთაშორისო ტრიბუნალის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.


შევეცადეთ, გაგვერკვია, სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება ამ ადამიანების ჩამოყვანა, კონკრეტულად რომელ საქმეებს გამოიძიებენ უცხოელი სპეციალისტები და როგორ აპირებს პროკურატურა სააკაშვილის დაპატიმრებას _ ამ თემაზე «საქართველო და მსოფლიო» რამდენიმე იურისტს ესაუბრა.

გრიგოლ გაგნიძე, ადვოკატი:

_ საქართველოს მთავარი პროკურატურა სერ ჯეფრი ნაისის, პოლ კაფისა და მოშე ლადორის გამოცდილებას გაიზიარებს. ისინი საერთაშორისო დონის პროკურორები არიან. სერ ჯეფრი ნაისი 1998-2006 წლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმეს; ნაისი იყო ასადის რეჟიმის დანაშაულთა გამომძიებელი; მოშე ლადორი 2013 წლის ბოლომდე ისრაელის სახელმწიფო პროკურორი გახლდათ. იგი არაერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრულ და გამოძიებულ საქმეებს ზედამხედველობდა, რომელთა შორისაც იყო ყოფილი პრემიერმინისტრის _ ეჰუდ ოლმერტისა და იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრის საქმეც. პოლ კაფი, აშშის მთავარი გამომძიებელი, იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების დირექტორი გახლავთ. თავის დროზე მუშაობდა კოსოვოს კონფლიქტში დანაშაულების გამოძიებაზე. ამ უცხოელი პროკურორების ჩამოყვანამ «ნაცმოძრაობაში» გარკვეული პანიკა გამოიწვია. ამბობენ, სააკაშვილს არ დაგაპატიმრებინებთო. სხვათა შორის, როდესაც დღის წესრიგში დგებოდა სააკაშვილის გასამართლება, მაშინ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობდა, შევარდნაძეც გასამართლდესო. შევარდნაძე გარდაიცვალა და ახლა, რა თქმა უნდა, ამას ვეღარავინ იტყვის. ამ პროკურორების ჩამოყვანა ადგილობრივ არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატის დამარცხებასა და შევარდნაძის გარდაცვალებას დაემთხვა, თითქოს ეს ძველი ეპოქა სრულდება და ახალი იწყება. დიახ, ასეთი ინერცია აქვს პოლიტიკურ ვითარებებს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ უცხოელი პროკურორების მოწვევა დადებითი ნაბიჯია. ჩვენ ვიცით, რომ კუბლაშვილი პერიოდულად ხვდება ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მოსამართლეებს. ასე რომ, ხელისუფლების ეს ნაბიჯიც არ არის გასაკვირი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროკურატურა დღეს გარდამავალ პერიოდშია და არ შეიძლება, ეს ნაბიჯი პროკურატურის სისუსტედ ჩაითვალოს. იურისპრუდენცია და მართლმსაჯულება ყოველთვის საჭიროებს განახლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ოფიციალური ინფორმაცია, რომ ეს პროკურორები ჩვენს პროკურორებს საერთაშორისო პრაქტიკას გაუზიარებენ, ლოგიკასთან ახლოს არის და ვფიქრობ, სიმართლეა. მეორე მიზეზი, რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება იყოს, რომ გახმაურებული საქმეების გამოძიებას დააკვირდებიან, რათა უცხოეთში სანდოობა შეიქმნას ამ მხრივ. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც სააკაშვილისთვის ბრალდება უნდა წაეყენებინათ, ერთი ამბავი ატყდა აშშის მხრიდან, _ არიქა, არ დააკავოთო! ამიტომ ახლა ამ უცხოელებს ჩაახედებენ იმ კონკრეტულ საქმეებში, რომლებიც პანიკას იწვევს, უფრო სწორად, რომელსაც «ნაციონალური მოძრაობა» ქმნის. ვფიქრობ, შეეცდებიან, დაარწმუნონ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, თავის მხრივ, შემდეგ ისინი დაარწმუნებენ ამაში უცხოელებს. დიახ, დაარწმუნებენ თუნდაც სააკაშვილის ლობისტებს, რომ აქ მაღალჩინოსნებს, იმავე სააკაშვილს, დანაშაულები აქვთ ჩადენილი.

_ ამაში დასარწმუნებლად მაინცდამაინც მათი ჩამოყვანა გახდა აუცილებელი? ისე, ხშირად ისმოდა, რომ პროკურატურის არგუმენტები და ბრალდებები სუსტიაო და ამის ერთერთ მიზეზად არაპროფესიონალიზმი სახელდებოდა.

_ ისინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი პროკურორების კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ არიან ჩამოსულნი, მათ უნდა დაანახვონ მსოფლიოს «ნაცმოძრაობისა» და სააკაშვილის ბრალი. რადგან ამ ადამიანთა მიმართ სანდოობა მსოფლიოში დიდია, მათი ჩამოყვანა მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. არ ვიცით, ხელისუფლება და ეს პროკურორები რაზე შეთანხმდებიან, ანუ მარტო ზეპირ ანალიზს დასჯერდებიან თუ სამართლებრივ დოკუმენტს შექმნიან, როგორიც არის იურიდიული შეფასებები, დასკვნა ამა თუ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დადებითი მოვლენაა.

_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილი დასაკითხად უკვე მეორედ დაიბარა პროკურატურამ და ბრალდებაც წაუყენასავარაუდოდ, სააკაშვილი კვლავ არ გამოცხადდება, რა ღონისძიებას მიმართავს ამ შემთხვევაში პროკურატურა?!

_ გავიხსენოთ, რა მოხდა საფრანგეთის ექსპრეზიდენტ სარკოზის შემთხვევაში. მას მოწმედ დასაკითხად იბარებდნენ და არ ცხადდებოდა, ამიტომ ბორკილები დაადეს და მართლმსაჯულებას წარუდგინეს. ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ანალოგიური რამ მოხდება.

«ნაცები» ამბობენ, სააკაშვილს არ დავაჭერინებთ, ეს პუტინის დაკვეთა და ოცნებააო. მოკლედ, ყველაფერს პუტინს აბრალებენ, მაგრამ ამ სისულელეების უკვე აღარავის სჯერა. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, უცხუელი სპეციალისტების ჩამოსვლის ერთერთი მიზანი სწორედ სააკაშვილის დაპატიმრება იყოს.

აქვე მინდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაზეც ვთქვა: ვაკვირდები რა პოლიტიკურ პროცესებს, დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ეროსი კიწმარიშვილი ნაცლიდერების დაკვეთით მოკლეს. მისი მოცილება მხოლოდ «ნაცმოძრაობის» ინტერესში შედიოდა, თუმცა არაფერს ვამტკიცებ. გავიხსენოთ გივი თარგამაძის დაპირისპირება კიწმარიშვილთან. «ნაცმოძრაობა» თავის ლიდერებსაც არ ინდობდა, თუნდაც ჟვანია გავიხსენოთ. თუმცა დაველოდოთ გამოძიებას.

ნონა ფილაური, ადვოკატი:

_ სისხლის სამართლის საერთაშორისო სპეციალისტების ჩამოყვანა, ჩემი ვარაუდით, პოლიტიკურად საკმაოდ ეფექტიანი ნაბიჯია. ყველა იმ საქმეზე, რომლებიც დაკავებულ ან დასაკავებელ ნაცმაღალჩინოსნებს ეხება და «ნაცმოძრაობა» პოლიტიკურ დევნას უწოდებს, აწი ვეღარ ისპეკულიანტებენ საერთაშორისო დონეზე.

დიახ, სწორედ ამიტომ მოხდა მათი ჩამოყვანა. ეს პოლიტიკურად გამართლებულია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ერთი რამ – როგორ უნდა ითანამშრომლონ მათ გამოძიებასთან. ჩვენ ვიცით, რომ გამოძიებას ჰყავს ბრალდებული და ადვოკატი _ ერთი მხარე; მეორე მხარე კი გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლეა. საქმეში, შეიძლება ჩართულნი იყვნენ ექსპერტები და თარჯიმნები. მოწვეული პროკურორები, როგორც ექსპერტები, ისე თუ ჩაერთვებიან საქმეში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში მათი სამართლებრივი როლი, მათი კონსულტაციები იქნება ზოგადი. თარჯიმნის მეშვეობით, ვიღაც გააცნობს სისხლის სამართლის საქმეს და აქედან გამომდინარე, გააკეთებენ ისინი კონსულტაციას, მაგრამ როგორ, ვერ გავიგე, ანუ ვერ გავიგე, რა ფორმით მოხდება მათი საქმეში ჩართვა და იმედია, მალე ამასაც გაგვაგებინებენ და იმასაც, რომელ კონკრეტულ საქმეზე იმუშავებენ და როგორ მოერგებიან ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას.

ისე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ცუდი არ არის, რადგან, რა დაამალია და, არაპროფესიონალიზმის ბუმია დღეს პროკურატურაში. მაგრამ ვფიქრობ, ამ ადამიანების ჩამოსვლა ნაცმაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირდება და არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად ექსპრეზიდენტის დაკავებასთანაც იყოს დაკავშირებული.

_ საუბარია, ბოკერიას დაკავებაზეც

_ ბოკერიასთვის ბრალის წაყენება არც ისეთი იოლია. აქ საუბარი არა მარტო ბოკერიაზეა, არამედ სააკაშვილზეც, თანაც პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი უკვე წაუყენა.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here