Home რუბრიკები პოლიტიკა არა შეჯდა მწყერი ხესა, ანუ მარგველაშვილის კაზუსი

არა შეჯდა მწყერი ხესა, ანუ მარგველაშვილის კაზუსი

753

პრეზიდენტ მარგველაშვილის ისტორია თანდათან უფრო სევდიანი ხდება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა თავისი რჩეული, რომელიც «ქართული ოცნების» მხარდამჭერებს ლამის ხელების გადაგრეხვით აარჩევინა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს უიღბლო ფილოსოფოსის დამცირებაში და თითქმის დაუფარავად დასცინიან მას. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მარგველაშვილი სამართლიანად ისჯება იმისთვის, რომ დათანხმდა უმაღლესი პოსტის დაკავებას შესაბამისი თვისებების არქონის მიუხედავად, მაგრამ, ალბათ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ამ შემთხვევაში დიდი ზიანი ადგება არა მხოლოდ და, შესაძლოა, არა იმდენად მარგველაშვილს, რამდენადაც პრეზიდენტის ინსტიტუტს, შესაბამისად, ქართულ სახელმწიფოს. რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია და როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი?


საკონსტიტუციო აჯაფსანდალი

მივა თუ არა მარგველაშვილი პარლამენტში? «დაეტევა» თუ არა დარბაზში? მოაწერს თუ არა ხელს ამა თუ იმ დოკუმენტს და გაემგზავრება თუ არა შესაბამის სამიტზე? ეს კითხვები ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში არაპროპორციულად დიდ ადგილს იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მარგველაშვილი, მის ხელთ დარჩენილი უფლებებიდან გამომდინარე, დღესდღეობით, ფაქტობრივად, «საპატიო ნოტარიუსია». თითქმის წარმოუდგენელია, მან ამბიციური, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს, მაგრამ თუ ამის გაკეთებას გაბედავს, პოსტს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დაატოვებინებენ. სახლში რომ ჩაიკეტოს და ვადის დასრულებამდე გარეთ არ გამოვიდეს, ამით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნება, უხეშად რომ ვთქვათ, ქვეყანა ამას ვერ შეამჩნევს. მით უფრო უცნაურად გამოიყურება ის თამაში, რომელშიც ის მთავარი სამიზნის როლს ასრულებს.

უპირველესად, ალბათ, პრობლემის იურიდიულ ასპექტს უნდა შევეხოთ. კონსტიტუციაში და ზოგიერთ კანონში კვლავინდებურად რჩება რამდენიმე ნორმა, რომლებიც ორაზროვანი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას ტოვებს. რაოდენ პარადოქსულად უნდა გაიჟღეროს, «ევროასოცირების» ხელშეკრულების ხელმოწერაზე კამათის დროს ორივე მხარე თავისებურად მართალი იყო და სავსებით ლეგიტიმურ არგუმენტებს აფრიალებდა. საბოლოოდ, მარგველაშვილმა ვერ გაუძლო ზეწოლას და უკან დაიხია, მაგრამ, თუ მის ადგილას შედარებით ამბიციური და ჯიუტი პიროვნება იქნებოდა, კონსტიტუციონალისტების დავა, სავარაუდოდ, უსასრულობამდე გაგრძელდებოდა. სხვათა შორის, ვენეციის კომისია ჯერ კიდევ 2010-ში, საკონსტიტუციო ცვილებების განხილვის დროს, მიუთითებდა, რომ საგარეო პოლიტიკის სფეროში «კონფლიქტების რისკი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს». თუმცა, ალბათ, გაცილებით მნიშვნელოვანია კომისიის კიდევ ერთი შენიშვნა შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით: «მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო _ 5 წელიწადში ერთხელ».

როდესაც პოლიტიკურ არენაზე ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებს, ამ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ოდესმე სიტუაცია შეიცვლება, ხოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, ამ იურიდიული ბუნდოვანების ნიადაგზე, დიდი ალბათობით, დაიწყება «კანონების ომი», შემდგომ კი _ სამოქალაქო დაპირისპირება. ერთი შეხედვით, აშკარაა, რომ ყველა ორაზროვანი საკანონმდებლო ნორმა რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ხელისუფლება ამის გაკეთებას არ ჩქარობს. უფლებების გამიჯვნას თავი დავანებოთ, ამ ხალხს ამდენი ხნის განმავლობაში კონსტიტუციიდან არარსებული ქალაქის, ლაზიკის განსაკუთრებული სტატუსი ვერ ამოუგდია (მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი). რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ან რაში ვუხდით ხელფასს?

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რამდენად ნორმალურია უუფლებო «საპატიო ნოტარიუსის» არჩევა მთელი ერის მიერ. გამორიცხული ნამდვილად არაა, მოსახლეობამ მომავალში კიდევ ერთი, სააკაშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო დემაგოგი აირჩიოს, რომელიც, ამომრჩეველთა ნდობის მანდატზე დაყდნობით, დაიწყებს გააფთრებულ ბრძოლას შეზღუდული უფლებების გაფართოებისთვის. ეს ნაკლებად საშიშია, როდესაც მმართველი კოალიცია მონოლითურია და სიტუაციას თითქმის სრულად აკონტროლებს, მაგრამ ვითარება რაღაც მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ, ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგვიწევს: ან პრეზიდენტის უფლებების გაზრდა, ან მისი არჩევის წესის შეცვლა. თუმცა ამჯერად, ალბათ, აჯობებს, ისევ მოქმედი პრეზიდენტის სევდიან ფიგურას დავუბრუნდეთ.

მთელი ეს, მარგველაშვილის სახელობის ვოდევილი, ალბათ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც საგანგაშო სიგნალი და მომავალი (ნამდვილი და არა წარმოსახვითი) კრიზისის ერთგვარი წინასახე, რომელმაც, სხვა მოქმედი პირების მონაწილეობით შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ იფეთქოს. საინტერესოა, შეეცდება თუ არა საზოგადოების აქტიური, პასუხისმგებლობის მქონე ნაწილი, ვითარება შეცვალოს თუ, ტრადიციისამებრ, ურემის გადაბრუნებას დაელოდება?

წაქცეულს არ ურტყამენ

სოციალური ქსელების გაკეთებული კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამომრჩევლებს მარგველაშვილის მიმართ უამრავი კითხვა დაუგროვდთა. ზოგი მიიჩნევს, რომ მან ადმინისტრაციაში სააკაშვილის რეჟიმის მსახურების «საკადრო თავშესაფარი» შექმნა და ამის გამო გაღიზიანებულია, ზოგი მისი განცხადებებს ნაკლებად ადეკვატურად მიიჩნევს და ა. შ. თუმცა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში პრეზიდენტის დამცირების მასშტაბური კამპანია ამომრჩევლების წუხილის საფუძველზე როდი დაიწყო, მას სტარტი ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელად მკაცრმა გამოსვლამ მისცა, როდესაც მან მარგველაშვილის ისედაც ფერკმრთალი იმიჯი და ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა. 

ზოგადად, სუსტის ცემა ვერაფერი ვაჟკაცობაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას თავს ჯგუფურად ესხმიან. მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არის რაღაც ძალიან არაჯანსაღი, სადისტური და, ასე ვთქვათ, ჯოგური. «დაეტევა-არ დაეტევა» იქით იყოს, პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები მიზანმიმართულად ავრცელებენ ხმებს იმის თაობაზე, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ორგიები ეწყობა, ხოლო მისი აღმატებულება, იმის ნაცვლად, რომ მარკუს ავრელიუსს მიბაძოს და ფილოსოფიური ტრაქტატები წეროს, მუდმივად მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ბოლო დროს «ჭორების მანქანა» საერთოდ არ ჩერდება. ამას ემატება პრეზიდენტის სისტემატური, დემონსტრაციული დამცირება პროცედურულ ნიუანსებთან დაკავშირებით და, ყოველივე ეს, სულ უფრო მეტად ემსგავსება ბანალურ ჩაქოლვას. გასაგებია, რომ მარგველაშვილი სუსტია და მკვეთრი პასუხის გაცემა არ შეუძლია, მაგრამ, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ, რამდენად ნორმალურია სახელმწიფოს მეთაურის და მთავარსარდლის მიმართ (თუნდაც მხოლოდ სიმბოლური უფლებები ჰქონდეს) ასეთი დამოკიდებულების დამკვიდრება.

ისე, ხვალ ომი რომ დაიწყოს, ალბათ, დაახლოებით 3-4 დღეს  მოანდომებენ იმის გარკვევას, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი მობილიზაციის ბრძანებას. იქნებ, იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ მოწინააღმდეგე გაჩერდება და თავაზიანად დაელოდება, თუ როდის გადალახავს საქართველოს ხელისუფლება ამ წინაღობას?

«ნაციონალები», სავარაუდოდ, შეეცდებიან, გამოიყენონ მარგველაშვილის პრობლემები და მას იმპულსური ნაბიჯისკენ უბიძგონ, რადგან თუნდაც ლოკალური მასშტაბის კრიზისს შექმნის. მათი პროპაგანდისტული მანქანა შეძლებისდაგვარად ცდილობს, პრეზიდენტის თავმოყვარეობაზე ითამაშოს და დაპირისპირების გაღრმავებისკენ უბიძგოს. პარალელურად, ისინი, სავარაუდოდ, მუშაობენ კონფლიქტების გამწვავებაზე «ოცნებისტების» სხვადასხვა ჯგუფს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სკამებისთვის გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა. აგრეთვე, ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებმა დართეს ნება თავის მხარდამჭერ (ან კომპრომატით «დაბმულ») ჩინოვნიკებს, როგორც თბილისის მერიაში, ისე რეგიონულ სტრუქტურებში, მმართველი კოალიციის რიგებში გადაინაცვლონ და, საჭიროების შემთხვევაში, «ნაცმოძრაობა» მწვავედ გააკრიტიკონ. ეს ინფორმაცია შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ საქმე ერთგვარი «სარეზერვო კორპუსის» შექმნას ეხება, რომლის გამოკვება ბიუჯეტის ხარჯზე მოხდება (შესაბამისად, «ნაცმოძრაობას» ეს ტვირთი ნაწილობრივ მაინც მოეხსნება) და რომელიც მომავალში, კრიტიკულ მომენტში, «მეხუთე კოლონის» როლს შეასრულებს. «ქართული ოცნების» საკადრო პოლიტიკის პრინციპები (უფრო სწორად მათი არარსებობა) მსგავსი ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.  

გიორგი მარგველაშვილი, ყველა მინუსის მიუხედავად, არ არის უგუნური ადამიანი, რომელიც პრიმიტიულ პროვოკაციას წამოეგება. მაგრამ რაღაც მომენტში, ნერვული დაძაბულობისა და ამალის არაკომპეტენტური რჩევების გადამკიდე, მან შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას. თუ აღწერილი პროცესი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება, პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, ჩამოყალიბდება კლასიკურ «სუსტ რგოლად», რომელიც საფრთხეს მთელი სისტემის სტაბილურობას შეუქმნის.

ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ მარგველაშვილმა და მისმა ოპონენტებმა რეალური პოლიტიკის სამყაროდან რაღაც პარალელურ, ილუზორულ რეალობაში გადაინაცვლეს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამბიციებს, ქვეცნობიერ მოტივებსა და ისეთ საკითხებს, რომელთაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ყველაზე საგანგაშო კი, ალბათ, ისაა, რომ ზოგიერთი კომენტატორი ცდილობს, ეს გარჩევები მარიონეტების თეატრში  პოლიტიკად წარმოაჩინოს. ეს ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებამ პრინციპული საკითხების ნაცვლად ამ ბალაგანზე იმსჯელოს. საინტერესოა, ყველაზე მეტად ეს ვის აძლევს ხელს?

«ამან იმას ეს რა უთხრა…»

«ქართული ოცნებისთვის», ალბათ, სასურველია, ხელი შეუწყოს მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დასრულებას; თუ მან დააშავა (ბიძინა ივანიშვილის კოორდინატთა სისტემაში), ამისთვის უკვე საკმარისად დაისაჯა. თუ ახლა ხელს გაუწოდებენ, ის მომავალში, სავარაუდოდ, გაცილებით წინდახედულად მოიქცევა, ვიდრე, მაგალითად, ვანო მაჭავარიანის ეპიზოდში (ამისთვის ივანიშვილმა განსაკუთრებით მწვავედ გააკრიტიკა). მაგრამ, თუ მარგველაშვილის დისკრედიტაციის კამპანია არ შეწყდება, პარალელურად მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაც. ის, ვისაც სურს, გიორგი მარგველაშვილი კლოუნად გადააქციოს, ალბათ, უნდა დაფიქრდეს ნეგატიურ შედეგებზე, როგორც ხელისუფლების ავტორიტეტისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მარგველაშვილი უარესის ღირსია, რადგან დათანხმდა უმაღლესი პოსტის დაკავებას პოლიტიკური გამოცდილების და, რაც მთავარია, ნებისყოფის აშკარა უკმარისობის მიუხედავად. მაგრამ, ალბათ, არავინ უარყოფს იმას, რომ ის, რაც დღეს მის თავს ხდება, ჯანსაღ პროცესად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

ნეგატიური გამოცდილების გადაქცევა პოზიტიურ რესურსად სავსებით შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება აღიქვამს ამ «ქარიშხალს ჭიქაში», როგორც სიგნალს, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებს, რომ არამხოლოდ კონსტიტუციაში, არამედ  პოლიტიკის მიმართ ჩვენ დამოკიდებულებაში რაღაც აშკარად შესაცვლელია. ძალზე სასურველია, რომ მარგველაშვილის ვადის დასრულებამდე (ან გადადგომამდე, რაც შექმნილ სიტუაციაში ნამდილად არ უნდა გამოვრიცხოთ), პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს იმ მრავალწლიან პერიოდს, როდესაც პრეზიდენტი, თავისი უფლებებით, კრიზისების წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებდა. ყველაფერი ბუნდოვანი და ორაზროვანი კანონმდებლობიდან უნდა ამოიშანთოს. ამასთანავე, ეს, ალბათ, ძალიან კარგი მომენტია იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოების მიერ პოლიტიკის აღქმის პრობლემებზე ვიმსჯელოთ. კერძოდ იმაზე, თუ რატომ უთმობს ის ამდენ ყურადღებას გამოგონილ პრობლემებს თუ ცრუ დილემებს (საბოლოო ჯამში _ სიცარიელეს), მაშინ, როდესაც იქვე, ორიდე ნაბიჯში რეალური ცხოვრება გრძელდება; ან ამდენს რატომ ნიშნავს  ჩვენთვის პოლიტიკის თეატრალური შემადგენელი?

თავის დროზე, ე. წ. ახალგაზრდა რეფორმატორებმა, სავსებით პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყვეს იმას, რომ მოსახლეობას პოლიტიკაში ყურადღება, უპირველესად, გარეგნული მხარისთვის მიექცია _ სიტყვისთვის და ჟესტისთვის, უმნიშვნელო ნიუანსებისთვის თუ წარმოსახვითი კონფლიქტებისთვის, მოკლედ, იმისთვის, რაც ერთ-ერთ სიმღერაში ასე აღიწერება: «ამან იმას ეს რა უთხრა!». შესაბამისი მიდგომა ფართოდ გავრცელდა და, ვიდრე ამ კუთხით არაფერი შეიცვლება, ქვეყანა, სავარაუდოდ, წინ ვერ წავა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათავეში ახალი დავით აღმაშენებელი ჩაუდგება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here