Home რუბრიკები პოლიტიკა 7 «სამურაი» და ორი სათაური

7 «სამურაი» და ორი სათაური

705

ზაფხულის ხვატში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა პრემიერმინიტრის განცხადება მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურისა და დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან ორმა სავარძელი შეიცვალა: სოზარ სუბარი დევნილებს მიხედავს, ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი _ გარემოს.


ეს ჩვენი მოხსნილ-ჩახსნილი მინისტრები ისევე ჰგვანან მიშას ნამინისტრალებს, როგორც ამერიკელების მიერ ადაპტირებული «შესანიშნავი შვიდეული» _ აკირა კუროსავას ფილოსოფიურ დრამას «7 სამურაი». მიშამ ისე დაატრიალა თავის დროზე სამთავრობო კარუსელი, რომ იგი დღესაც ბზრიალებს. ეგ არის, ინერცია შენელდა და მასზე ახტომა ან ჩამოხტომა ისეთი მტკივნეული აღარ არის. ცოტა ხანში ამ მინისტრების გვარებს ძნელად თუ გაიხსენებს ვინმე. არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც არაფერი დაუშავებიათ. არც ქუჩებში დაუხოცავთ ვინმე და არც სხვისი ცოლები გადმოუყრიათ ჯიპებიდან. სამაგიეროდ, რისთვისაც ხალხმა დაუჭირა მხარი ახალ მთავრობას, ანუ წართმეულის დაბრუნება თავშიც არ მოსვლიათ! მოკლედ, იყვნენ თუ არ იყვნენ, მხოლოდ მათმა საოჯახო ბიუჯეტმა იცის. ორ-ორი ხელფასის აღებით დაამახსოვრეს ხალხს თავი და ამ შვიდეულის ხსენებაზეც ორი სათაური თუ გაგახსენდება.

ღარიბაშვილს ჰკითხეს, ხადური რატომ არ მოხსენიო და უპასუხა: _ მაგის გაცილების სუფრა ძალიან ძვირი დამიჯდებოდაო! დარჩენა ჩვენ გვიჯდება ძვირი. იუსტიციის მინისტრს მოხსნილი კოლეგების შურს _ აგვისტოში შვებულებაში წავლენო! რა ვიცი, წულუკიანმა მინისტრობის დროსაც მშვენივრად მოახერხა ევროპაში დასვენება და რა შურს, გაუგებარია. მით უფრო, რომ მოხსნილ მინისტრს შვებულება არ ეკუთვნის! ისე, თავადაც რომ წავიდეს «შვებულებაში», არც ამაზე დაითხრის თვალებს ნაძალადევისა და სრულიად საქართველოს ამომრჩეველი!

ერთ დროს ბიძინას ეგონა, რომ «შესანიშნავი გუნდი» დაგვიტოვა. მერე და მერე აღარც თვითონ მოეწონა 63-პროცენტიანი პრეზიდენტი და მრავალათასიანი პრემიების ამღები მინისტრები, მაგრამ პასუხი არავის უგია, არც თვითონ ბიძინა ივანიშვილს! «ზა ბაზარ კტო ოტვეტიტ»? თუმცა ახლა ევროპასთან ვართ ასოცირებული და იტალიელი ნათლიმამის სიტყვები უფრო შეგვეფერება: «თავდებში ჩაუდგები»? თუ ჩაუდექი, პასუხიც შენ უნდა აგო, ძმაო!

ვიცი, ახლა სიტყვა «ძმაოზე» გამომეკიდებით, როგორც არც ისე დიდი ხნის წინ წერა-კითხვის უცოდინარმა განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ იუკადრისა სიტყვა «გენაცვალე». ამიტომ აქვე ავხსნი: «ძმაო» და «გენაცვალე» სალანძღავი სიტყვები არ არის, პირიქით!

როცა მინისტრებს და ნამინისტრალებს ეტყვიან «თქვენ გენაცვალეთო», ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიამოვნებით ჩაანაცვლებდნენ მათ, ანუ მათ ნაცვლად, თუნდაც დროებით, დაიკავებდნენ თბილ სავარძელს. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელიწადში საშუალოდ ასი ათასი ლარის პრემია აქვთ აღებული, ასეთ «გენაცვალეზე» საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ იტყოდა უარს.

ბიძინამ «ევროპისთვის გასაოცარი დემოკრატია» დააანონსა და მართლაც გაგვაოცა. ახლა კიდევ ერთი ნოვაცია უნდა დანერგოს, რომელიც ყველასთვის უჩინო მოქალაქეებს მორიგეობით დანიშნავს მინისტრებად; ასი თუ არა, ათი ათასი ლარიც რომ შეხვდეთ, ყველა კმაყოფილი დარჩება! ვიღაცამ იანგარიშა, რომ ათიოდე წელიწადში ამ გზით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთხელ მაინც აღმოჩნდება მაღალ თანამდებობაზე და, ქვეყანას თუ არა, საკუთარ ოჯახს მაინც მიხედავს! არ მითხრათ ახლა, რომ ჩვენმა ძველმა და ახალმა მინისტრებმა, საკუთარი ოჯახების გარდა, ქვეყანასაც მიხედეს!

სამი დღით ადრე პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხილვა მიმდინარეობდა, სიტყვით გამოვიდა. არაფერი მოასწავებდა მთავრობის შვიდი წევრის მოხსნას. პრემიერი ბედნიერი და ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა: «მინდა, დღეს,  ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები, ვინც ერთგულებს ევროპულ დემოკრატიულ იდეალებს და საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ _ ევროპისაკენ, მტკიცე დემოკრატიისაკენ და ეს პროცესი ახლა უკვე შეუქცევადი გახდა».

როგორც ჩანს, ამ «შეუქცევად» პროცესს სწორედ იმ შვიდმა (ან ხუთმა) მინისტრმა შეუშალა ხელი, რაკი სამიოდე დღეში ღარიბაშვილი მათ დაემშვიდობა. მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ  «კორექტულობას ყოველთვის იცავს» (აბა, ერთი თინა ხიდაშელსაც ჰკითხეთ!) და ეს გადაწყვეტილება კოალიციის პოლიტსაბჭოსთან შეათანხმა: «გუშინ გვქონდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ამ ცვლილებების თაობაზე ვისაუბრეთ. მე პოლიტსაბჭოს წევრებს გავაცანი ჩემი ხედვები და დასაბუთება, თუ რატომ მიმაჩნია სწორად ზოგიერთ სამინისტროში ცვლილებების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ კოალიციის პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო და ჩემი გადაწყვეტილება მოწონებული იქნა. რაც შეეხება უშუალოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, მათ პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და  ნორმალურად მიიღეს».

მარტო მათ კი არა, სრულიად საქართველომაც ნორმალურად მიიღო ეს ამბავი. არაფერი ხდებოდა და რაღაც სიახლე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში! ეგ არის, ყველაზე გაურკვეველი კულტურის მინისტრის ამბავი აღმოჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველა სხვა საკითხი მოგვარებულია და მხოლოდ კულტურის პოლიტიკაზე ვკამათობთ ქართველები!

აბა, იმაზე ხომ არ ვიკამათებთ, ევროკავშირთან ასოცირება კარგია თუ ცუდი? «2014 წლის 27 ივნისი ხომ ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ახალ დიდ თარიღად ჩაიწერა (პრემიერის ციტატაა _ თ. დ.)! ამ დღეს ყველა დროის ყველა ქართველის ისტორიული ოცნება ახდა; ამ დღემ, როგორც არასდროს, ისე დაგვაახლოვა ევროპას _ ჩვენთვის ყველაზე ახლობელ და ბუნებრივ სივრცეს, სივრცეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი და რომელთან გაერთიანების იდეაც ქართველთა არა ერთმა თაობამ ჩვენამდე მოიტანა».

ერთი სიტყვით, ყველა ოცნება უკვე ახდა და არ გავიგონო აქ ლაპარაკი შეუსრულებელ დაპირებებზე! შარშან ბიძინამაც ასე დაგვამუნათა: «აბა, ერთი შეუსრულებელი დაპირება დამისახელეთ»! ოღონდ მაშინ ევროპასთან ასე ახლოს არ ვიყავით, ახლა კი სულ სხვაა!

«ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღურბლთან ვდგავართ (ამ ზღურბლზე და ღია კარის წინ დგომამ ლამის წელკავი დამართოს ქართულ სახელმწიფოს _ თ. დ.). ჩვენ ევროპაში უნდა შევაბიჯოთ, როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის მრავალფეროვან კულტურაში. ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე, ნათესაობა საუკუნეებს ითვლის. ეს დროში გამოცდილი კავშირია, რომელსაც ვერაფერი დააკლო ისტორიულმა ქარტეხილებმა».

ღარიბაშვილს, როგორც ჩანსდაუმალეს ევროპისა და ამერიკის ლიდერების ფრთიანი გამონათქვამები, როგორიცაა: «არ მაინტერესებს თქვენი კულტურა (აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი), «ორი ათასი წლის წინათ შეთხზული ზღაპარი იესო ქრისტეს შესახებ უნდა დამთავრდეს» (ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი), «ცნებები ხალხი და ერი ისტორიის სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ!» (ევროკავშირის პრეზიდენტი ხერმან ვან რომპუი). არა უშავს, თუ დაუმალეს, პირადი შეხვედრისას აუხსნიან, როგორ ითვლის საუკუნეებს «ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე და ნათესაობა»!  რაც შეეხება  «დროში გამოცდილ კავშირს, რომელსაც ვერაფერი დააკლო ისტორიულმა ქარტეხილებმა», მარტო იმის გახსენებაც კმარა, როგორ შეატოვა ევროპამ საქართველო ბოლშევიკებს ასი წლის წინათ.

ასი წელი რა ბედენააო, იტყვის მკითხველი _ ასი წლით კიდევ უფრო ადრე მომხდარზე ილია ჭავჭავაძე წერდა და რუსეთს საქართველოს მხსნელს უწოდებდა. ილია ჭავჭავაძე წმინდანია, ჩვენი მოხსნილი და დარჩენილი მინისტრები _ ჩვენსავით ცოდვილები. ეშლებოდათ ან სულაც არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ მთავარი მოქმედი პირები _ დასავლეთისკენ სახით და ქართველი ხალხისკენ ზურგით მოტრიალებული «მეოცნებეები» _ კვლავაც პარლამენტსა და მთავრობაში რჩებიან და ღარიბაშვილს, როგორც კი მიეცემათ საშუალება, ფეხს დაუდებენ. თან ისე «დემოკრატიულად», რომ ძველი და ახალი პრემიერმინისტრები მართლაც გაოცებულნი დარჩებიან!

ერთი სიტყვით, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავია! მაინც რა საჭიროა ეს ორი სათაური? ჩვენი მინისტრები (მოხსნილი, გადანაცვლებული თუ დარჩენილი) არც სამურაები არიან და არც კოვბოები. მათ სოფელი ყაჩაღებისგან ვერ დაიცვეს _ ცოტა გადააჩოჩეს და თვითკმაყოფილებას მიეცნენ. ახლა სოფლელებს (ანუ ჩვენ) ყაჩაღების შენახვაც გვიწევს და კოვბოებისაც! დიდხანს ამას სოფელი არ მოითმენს და, ნამდვილი ცვლილებების მაგივრად, მინისტრების გადანაცვლებას ვერ დაყაბულდება.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სამურაებს ან კოვბოებს «კოჰაბიტაცია» დაეწყოთ ყაჩაღებთან _ ნაძარცვიც შეერჩინათ და ხელიც არ ეხლოთ. რა დარჩებოდა სამართლიანობის აღდგენის ამ ორი ისტორიიდან?

არაფერი – დღევანდელ საქართველოს მივიღებდით.

მივიღეთ კიდეც!

ყაჩაღებს მიხედეთ, ბატონო პრემიერო, თორემ გადაჭამეს სოფელი!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here