Home რუბრიკები საზოგადოება მერაბ შათირიშვილი: დღეს რეალურად უმრავლესობაში «ნაციონალები» არიან

მერაბ შათირიშვილი: დღეს რეალურად უმრავლესობაში «ნაციონალები» არიან

1582

გასულ კვირას «ქართული ოცნება» მისმა ერთ-ერთმა წევრმა და დამფუძნებელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა დატოვა. თუ  რა გახდა კონკრეტულად  კოალიციიდან მისი წამოსვლის მიზეზი და საფუძველი, ამის თაობაზე თავად გვესაუბრება.


_ ბატონო მერაბ, რამდენიმე დღის წინათ ბრიფინგზე განაცხადეთ, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ხელისუფლების უნიათობას ნიშნავს. ასევე, კრიტიკულად შეაფასეთ საარჩევნო გარემო და უკმაყოფილება გამოთქვით იმის გამო, რომ კოაბიტაციის პროცესი კვლავინდებურად გრძელდება. ეს იყო თქვენი კოალიციიდან წამოსვლის მიზეზი?

_ პირველ რიგში, არჩევნებზე ვიტყვი: ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობაზე ტერორი არ ხდებოდა; ის, რომ ხელისუფლება წინამორბედივით კარდაკარ არ დადიოდა და ამომრჩეველს არ აშანტაჟებდა, აღსანიშნავ ფაქტად ნამდვილად არ მიმაჩნია. უკვე 25 წელია, ქართველი ხალხი ქუჩაშია და ახლა ნამდვილად მივაღწიეთ იმას, რომ, აბა, დედიშენის შვილი ხარ, არ ჩაატარო დემოკრატიული არჩევნები. თუ არ ატარებდნენ «ნაციონალები», კაი ჩიტიც დაიჭირეს. ასე რომ, საამაყო და სატრაბახო აქ არაფერია, თავი რომ წაგვჭამეს ზოგიერთებმა

რაც შეეხება დაბალ აქტივობას არჩევნებზე, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს: ნდობაა ჩვენ მიმართ დიდი და ამომრჩევლები იმიტომ არ მოვიდნენო. კარგი რა, შენი ჭირიმე, თავს იტყუებ თუ ვინმეს ატყუებ! ნდობა კი არაა, ხელის ჩაქნევაა და ნიჰილიზმი. წარმოიდგინეთ, სულ 43 პროცენტი მივიდა ხმის მისაცემად და აქედან სამმა პროცენტმა გადახაზა ბიულეტენი. და რომ ნახოთ, რა წარწერებია იმ გაუქმებულ ბიულეტენებზე, გაგიჟდებით, ტუალეტში რომ ვერ იპოვით ისეთი. აი, ასეთი განწყობაა საზოგადოებაში და ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ხალხთან ახლოს მისვლას, მასთან დალაპარაკებას და კონტაქტს ცდილობდეს, სირაქლემის პოზაშია. მე ამაზე მუდმივად ვსაუბრობდი, მაგრამ ამ გუნდმა რეალურად ვერაფერი შეცვალა, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა «ოცნება» და ვფიქრობ, ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება.

_ რა კონკრეტული შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?

_ პირადად ჩემთვის  უკანასკნელი წვეთი  ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო. ახლა ზოგიერთი იურისტი გამოდის და გვარწმუნებს, მასში ისეთი არაფერი წერიაო. ისემც რა გითხრა! არაფერი კი არა, ეს არის შეურაცხყოფა ერისა და ქვეყნის. ყველაფერს თავი დავანებოთ, სულ ცოტა, პოპულარიზაცია მაინც ხომ გაკეთდა ამ კანონით მამათმავლობის?! სახეზეა უკვე შედეგიც, ნახეთ, შოუფართებზე რა ამბები ხდება, ავტობუსებშირად უნდოდა ამას პოპულარიზაცია და ვინ დაგავალა, ვინ გაიძულა?!

_ ევროკავშირის დირექტივა იყოო.

_ რომელი ევროკავშირის, ეს ხომ აბსურდია. ვინ მაიძულებს მე ამის გაკეთებას და ვინ დამელაპარაკება დისკრედიტაციაზე _ საფრანგეთი? გერმანია? მაშინ მე იქით ვკითხავ: რატომაა დისკრედიტებული რვა მილიონი თურქი გერმანიაში? რატომ არ აქვთ სალოცავები? ან რატომ ვერ ლოცულობენ საფრანგეთში არაბები თავისუფლად, რატომ არ უშენებენ მათ მეჩეთებს? ჩამობრძანდნენ ჩვენთან და ჩავიდნენ ქვემო ქართლში, ნახონ სომხური ეკლესიები, ნახონ  სინაგოგა. ვის რა ეკრძალება აქ, რა დისკრედიტაციაზეა საუბარი?! ეს ხომ ტყუილია, ეს იყო, უბრალოდ, ამათი კეკლუცობის ბრალი, ამათი უვიცობისა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების…

_ თქვენი აზრით, ამ კანონის მიღება იყო ერთერთი მიზეზი, რის გამოც საზოგადოება არჩევნებზე არ მივიდა?

_ ცხადია, ხალხის განწყობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა ამ კანონმა. საზოგადოებამ უკვე ისწავლა შავისა და თეთრის გარჩევა. ესენი რომ მოდიან, ხბოს თვალებით გიყურებენ, არჩევნების დროს ისე შეგციცინებენ, მოწყალება ჩანს მათ თვალებში; მისცემ ხმას და მერე აღარაფერი ახსოვთ. გამოდის ვიღაც რესპუბლიკელი და აცხადებს, ჩვენთვის ეკლესიას არ მოუცია ხმაო. კი, მაგრამ ის ამომრჩეველი ვინაა, მრევლი არ არის? ანდა რომ იძახი, ჩვენ ეკლესიას ფულს ვაძლევთო, შენ ვინ ხარ საერთოდ, შენ რას აძლევ?! სახელმწიფო შენ კი არა ხარ, ხალხია. ეკლესია ამათ კედელი ჰგონიათ, აგური და ბეტონი, ამ უვიცებსაი, ეს კანონი რომ მიიღეს და კიდევ მსგავსი სხვა არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, ამის შედეგია ის, რომ «ქართული ოცნება», როგორც პარტია, ვერ შედგა. მთელი მათი საქმიანობა ჩამოეკიდა ერთი ადამიანის ავტორიტეტს, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის.

_ ხელისუფლებას თუ დავუჯერებთ, ამ არჩევნებით დემოკრატიის ტესტი ჩავაბარეთ.

_ არანაირი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შედეგი ეს არ არის, ეს არის უვიცობის, არაკომპეტენტურობის, არაპრინციპულობისა და არასახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგი. ამას ვამბობდი მაშინაც, როცა ვიყავი «ქართულ ოცნებაში» და ვიტყვი მომავალშიც, როცა საჭიროდ ჩავთვლი.

_ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაითვალოს?

_ იცით, რა ხდება რაიონებში? საკრებულოები გაივსო მედროვე «ნაციონალებით». რეალურად ისინი არიან უმრავლესობაში. ახლა მე თქვენ გეკითხებით: შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს ის არჩევნები, რომლითაც ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მოვლენ სათავეში? მერე რა, რომ ისინი ყოფილი «ნაციონალები» არიან, ხვალ და ზეგ რომ დასჭირდეთ, ეჭვი გეპარებათ, რომ ისევ დაუბრუნდებიან თავიანთ ადგილებს? ანუ მე რის თქმა მინდა: კი, ხელისუფლება არ ატერორებდა ამომრჩეველს, არ იყო ზეწოლა და შანტაჟი, რომელსაც სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი ყოველ არჩევნებზე აკეთებდა, მაგრამ იყო სხვა სახის ზემოქმედება. ამ ზემოქმედებაში მე ვგულისხმობ იმედგაცრუებას და ხალხის აზრის უგულებელყოფას, რომელმაც ამომრჩეველს ხელი ჩააქნევინა ყველაფერზე. რომ არა ეს ნიჰილიზმი, მერწმუნეთ, «ნაცმოძრაობა» 10 პროცენტსაც ვერ მიიღებდა და სააკაშვილის ხროვა ახლა დიდი ხნის გასტუმრებული იქნებოდა პოლიტიკურ საიქიოში.

_ «ქართულ ოცნებას» ხშირად ადანაშაულებენ ნეპოტიზმში, საარჩევნო შტაბების მისამართითაც ისმოდა ხოლმე ბრალდებები, მაღალჩინოსნებმა ნათესავებით გაავსესო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ კუთხით?

_ მაგალითად ავიღოთ ოზურგეთი, იქ «ქართული ოცნების» შტაბმა მერობის კანდიდატად დააყენა ვინმე ბეგი სიორიძე, რომელიც არის თხილის მაგნატი და რომელიც თხილის ფასს აგდებდა მაშინ, როცა სკოლის პერიოდი იწყებოდა. ეს ბეგი სიორიძე არის კახა კალაძის კომპანიის ბუღალტრის, ვინმე ილია კეჭაყმაძის ქვისლი, რომლის ნებასურვილზეც აიგო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გუბერნატორის აპარატში დანიშვნები. ამ ბეგი სიორიძის სახით, ვირს პიტნა ეზარებოდა და ცხვირში ჩრიდნენო, ისე გაუკეთეს ოზურგეთელ ამომრჩეველს. ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, არის თუ არა ეს ნეპოტიზმი და არის თუ არა ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

_ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნაში ადანაშაულებს. ხშირად ისმის ხოლმე ბრალდებები, კოალიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა «ნაცმოძრაობა» მთავარ ოპოზიციურ ძალად წარმოჩენილიყოო. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ეს ბრალდება?

_ ეს ბრალდება კი არაა, რეალობაა და ამას ყველა ვხედავთ. «ოცნება» და «ნაციონალები» დღეს მოკავშირეები გამოდიან, უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება. რაც შეეხება ისევ იმ ე. წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს, არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ვიდრე პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს კანონი გაუქმდეს. არ გააკეთებს ამას დღევანდელი პარლამენტი? გააკეთებს მომავალი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხალხი გადაწყვეტს.

_ ასოცირების ხელშეკრულებაზე რა აზრის ხართ? დოკუმენტის ხელმოწერამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება.

_ მე ერთი რამ ვერ გავიგე: ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გაიძახიან, ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოსო, სად აშენებენ ევროპულ სახელმწიფოს, საქართველოში? მაშინ არიან ევრაზიული კავშირის მიმდევრებიც და ვიღაც იტყვის: მე მინდა ავაშენო ევრაზიული სახელმწიფოო. სად არის ახლა აქ ლოგიკა, სადაა ჭეშმარიტება? მოდი, ქართული სახელმწიფო ააშენე! ამას არავინ გიშლის, მაგრამ შენ რა უფლებით მახვევ თავს ამ რაღაც უაზრო იდეოლოგიას? სად აშენებ ან ვის უშენებ ევროპულ სახელმწიფოს, ჩვენ რა, კოლონია ვართ?! ამასაც თავი დავანებოთ, უკვე შევეგუეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას? თუ გვგონია,  ევროპაში რომ რაღაც ქაღალდი ფორმდება ახლა, ის დაგვიბრუნებს ტერიტორიებს?! იქნებ იმას ველოდებით, რუსეთი როდის დაიშლება?..

_ დღეს პოლიტიკური სივრცე, ფაქტობრივად, ორ ძალას _ «ოცნებას» და «ნაციონალებს» აქვთ მონოპოლიზებული. სხვა სუბიექტები კი დიდწილად შეზღუდულები არიან. რა გეგმები გაქვთ მომავალში და, როცა ამბობთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმავე ანტიდისკრიმინაციული კანონის გასაუქმებლად, რა სტრატეგიით, როგორ აპირებთ მოქმედებას?

_ მართალია, კოალიციიდან წამოვედი, მაგრამ სხვა პარტიაში არ გადავსულვარ. მე ახლა ვაყალიბებ საზოგადოებრივ მოძრაობას «ქართული სინამდვილე», სექტემბრის დასაწყისისთვის ვაპირებ, ერის კაცთა სათათბირო მოვიწვიო. უკვე გამოჩნდნენ ამ საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველები.

_ საპროტესტო გამოსვლებსაც ხომ არ აპირებთ?

_ მოდი, წინასწარ ამაზე ნუ ვისაუბრებთ. მე, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება, მათ შორის ის ხალხიც, რომელიც განაწყენებულია «ოცნებაზე». ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვაპირებთ ბრძოლას და, რომ არ დაგიმალოთ, ეს ბრძოლა მიმართული იქნება ერთი უმთავრესი მიზნისკენ _ როგორმე «ნაციონალური მოძრაობა» ჩამოვაცილოთ ქართულ პოლიტიკურ არეალს და გზა გავუხსნათ ჯანსაღ ძალებს, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ჩრდილში არიან.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here